ნაწარმოებები



ავტორი: გლეხიკაცი
ჟანრი: პოეზია
10 სექტემბერი, 2019


მახსოვს პირჯვრის დაწერა ერთ ღამეში მასწავლე

***
მახსოვს პირჯვრის დაწერა ერთ ღამეში მასწავლე
და ილორში სანთლები ერთად უნდა აგვენთო...
დაკარგული ბევრი მაქვს, ცრემლი -  სევდის მარცვალი,
მე ცალხელა კაცი ვარ ახლა უაფხაზეთოდ...

მე საკუთარ მიწაზე დღესაც ემიგრანტი ვარ,
ვამბობდი და თვალებში ცრემლი არ ჩამეტია,
კაცი ვარ და ჭრილობას მოვარჩენდი მარტივად,
მაგრამ ჩემთვის სოხუმი ჭრილობაზე მეტია...

ჩემი მორდუს ხმა მახსოვს - რატომ დაიგვიანე?!
და პირველი ქვემეხი, რომ გავარდა მეხივით,
როგორც ქრისტემ გოლგოთა, ისე გამოვიარეთ,
თოვლითა და ტალახით სავსე უღელტეხილი...

მერე იყო ფიქრები დაბრუნების დღე -დღეზე,
თუმცა ნელა ქრებოდა იმედი სანთელივით,
მახსოვს უცხო სიტყვათა ლექსიკონში ვეძებე,
პირველად რომ ჩამესმა მწარე სიტყვა, დევნილი...

ბევრი პალმა გახმაო, ბევრიც დგასო მოწყენით,
ალბათ რომ არ ისმენენ ახლა ქართულ საუბარს,
მოწყენილი არიან უქართველოდ ქუჩებიც,
ძმადნაფიცმა გამანდო წუხელ გიმზერ ჩაუშბამ...

მაფშალიას გალობა ისმის კვლავ ენგურიდან,
ზღვამ ნისლიან კალთაში მზე ჩაისვა ბავშვივით,
ღმერთო დილა მანახე ძიძარიას ქუჩიდან,
ნატვრა ასრულებული, სხეულიდან გამიშვი...

არაფერი დარჩება მჯერა ამ ტკივილიდან,
ილორში, რომ ქართულად მღვდელი წირვას აღავლენს,
ისევ ერთი მამალი გააღვიძებს დილიდან,
ხელისგულზე დატეულ ოდიშსა და აფხაზეთს...
               

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები