ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯავშანიძე
ჟანრი: პროზა
14 სექტემბერი, 2019


თბილისელი ნაბიჭვრები - დებილი

დებილი

მე თბილისში დავიბადე და გავიზარდე. დებილი რომ ვარ, ეგეც აქ გავიგე.

ეს საკმაოდ გვიან მოხდა ჩემს ცხოვრებაში, ცოტა ადრე რომ გამეგო, იქნებ მეღონა რაიმე.

იყო და არა იყო რა, ჩემმა მეგობარმა მითხრა რომ აპლიკაცია შემევსო რაღაც დროებითი სამსახურისთვის, იმ კომპანიაში, სადაც თვითონ დაიბადა, ფეხი აიდგა და ალბათ, დაბერდება კიდეც სანამ გვამის სუნით არ იპოვიან თავის კაბინეტში გათიშულს.

აპლიკაცია შევავსე. გამოცდაზე დამიბარეს.

- რა სახის გამოცდა იქნება? - ვკითხე მეგობარს.
- უნარების მსგავსი, არაა რთული, დაიკიდე რა - იყო პასუხი.

გამოცდა თითქოს არ მომეჩვენა რთულად. ინტერნეტში შეიძლება შეხვედრილხართ ასეთ IQ ტესტებს; ფიგურები გარკვეული ლოგიკითაა დალაგებული და უნდა გამოიცნოთ ცარიელ ადგილას რომელი ფიგურაა ჩასასმელი. მალევე მოვრჩი.

გამოხდა ხანი. ჩემი ნაცნობი მირეკავს და მეჩხუბება, ისეთი ცუდად როგორ დაწერე, რომ ჩემი ნაცნობობითაც კი ვერაფერს გეხმარები, უსაშინლესი ქულა გაქვსო. რა უნდა მექნა... ან იმას რა უნდა ექნა... ვერც ვერაფერი.

მერე ერთხელ ერთ-ერთ ბანკში ვიყავი გამოცდაზე, რომლის სახელსაც შეგნებულად არ დავასახელებ, თუმცა პროკრედიტი ჰქვია. იქაც გვითხრეს რომ უნარების მსგავსი ტესტი იქნებაო და მსგავსი მასალები ამ [ბმულზე] შეგიძლიათ ნახოთო. მასალები კი ვნახე, მაგრამ ტესტი სულ სხვა რამ იყო. მითუმეტეს უნარებს არ ჰგავდა.

ორ დღეში დამირეკეს და მაცნობეს რომ დებილი ვარ და ზღვარი ვერ გადავლახე.

თექვსმეტი-ჩვიდმეტი წლის ასაკში, როცა ჩემი ლიტერატურული ნიჭი აღმოვაჩინე, მაშინვე მივხვდი რომ ცხოვრებაში ბევრი ფული არასოდეს მექნებოდა. მაგრამ მთლად ასეთი პროლეტარობისთვის თუ გამწირავდა ცხოვრება, ნაღდად არ მეგონა. საქართველოს ბანკის წინ ვდგავარ და ვფიქრობ შევიდე თუ არა ჩემი დაკარგული სტუდენტური ბარათის აღსადგენად. ბარათის მეშვეობით, მონამზიდით მგზავრობა ორმოცდაათის მაგივრად, ოცი თეთრი ჯდება.

თიბისი ბანკის მესიჯი მომდის. ხუთას ლარამდე სესხი უკვე დამიმტკიცეს. თიბისი ბანკში აქტიური ანგარიში არც მაქვს. მარტო ჩემი ელექტრონული წიგნი დევს საბაზე, რომლის სულ 3 ელექტრონული ასლი გაიყიდა, მაშასადამე, სამი ლარი უნდა იყოს ჩემს ანგარიშზე.
ნეტავ, რის სანაცვლოდ მაძლევენ ხუთას ლარს? ხუთასი ლარი რომ დასაბრუნებელი მქონდეს ახლა, ჩემი ტელეფონის დალომბარდება უეჭველი მომიწევდა. გამოდის რომ, თიბისი ბანკი იმ ტელეფონზე მწერს ესემესს, რომელიც უნდა რომ წამართვას.

ჩემი აზრები ლამაზმა გოგომ გაფანტა, გვერდზე რომ ჩამიარა. ბანკს თვალი შეავლო და ჩემგან მოშორებით შეჩერდა. საქართველოს ბანკის მინაში ჩაიხედა, თმაზე ჯერ აქეთ გადაისვა ხელი, მერე იქით, როგორც იქნა გაისწორა და განაგრძო გზა. მე ვიგრძენი რომ რაღაც საოცრების მომსწრე გავხდი. მაგრამ მაინც ვერ გავიაზრე. იმიტომ რომ დებილი ვარ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები