ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: შენგელია ჯანო
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
14 სექტემბერი, 2019


{ქორშუნო}



გაუხედნავი, უაღვირო, თანაც უბელო,
ცაზე ღმერთივით დაღვრემილი ფშვინავს ღრუბელი.

ქარი ძაღლივით დასაკბენად დასდევს ფანტელებს
და მერამდენედ მელანდები ღამენათენებს.

გახსოვს? დაღამდა და სარკმელთან მთვარე კიოდა,
მკვდრეთით აღმდგარი ზღვის ტალღების საიქიოდან.

მაშინ ვიხილე პოეზიის სახე ტიალი, შენს არსებაში სამუდამოდ სახეტიალოდ.

გახსოვს? დამბედე პოეტივით სულით ობლობა ,
და ყველა ღამე ძაძიანი კართან გლოვობდა.

წყლის ნაპირებთან თეთრი მგლები მთვარეს რომ სვამდნენ,
ვერას აკლებდნენ შუბის ტარზე მზის ამოსვლამდე.

გახსოვს? დაღლილი ქურანივით გვიმზრდა ზეცა
და იალაღზე მაღალ ხეებს ოცნება ესხათ.

ჩითის კაბაში გეტეოდა იანვრის სუნთქვა,
ქუჩაზე სადაც შემიყვარდი, ან როგოც უთქვამთ.

და ეს ფიფქები თითქოს შლიან შენს ნაფეხურებს
და მენატრები როგორც სითბო ზამთრის ბეღურებს.

გაუხედნავი, უაღვირო, თანაც უბელო,
ცაზე ღმერთივით დაღვრემილი ფშვინავს ღრუბელი.

ქარი ძაღლივით დასაკბენად დასდევს ფანტელებს
და მერამდენედ მელანდები ღამენათენებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები