| ავტორი: ჯავშანიძე ჟანრი: პროზა 17 სექტემბერი, 2019 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
ჩემი შეყვარებული საოცრად ლამაზია. როცა ვკოცნი მინდა ვუყურებდე, და როცა ვუყურებ, მინდა ვკოცნიდე. საკმაოდ სტრესულ მდგომარეობაში მაგდებს. ისეთი ლამაზია რომ მეტი არ შეიძლება. ისეთი ლამაზია რომ სხვები მეცოდება. ისეთი ლამაზია, რომ ხანდახან მრცხვენია. ისეთი ლამაზია, რომ ნერვები მეშლება.
დიდი თვალები აქვს. დიდი ძუძუები. დიდი ტრაკი. ქართველ, პოსტსაბჭოთა პროლეტარს, ამერიკელი მომხმარებლის გემოვნება მაქვს. რაც მომწონს, ყველაფერი ზომაზე ორჯერ დიდი მინდა.
მისი ხმა ძალიან განსხვავებულია. საოცრად დამამშვიდებელი და წყნარი. საყვარელ სახლში დაბრუნებასა და თბილ ხალათში გახვევას ჰგავს. ოღონდ თვითონ ასე არ მიაჩნია.
მონამზიდიდან ამოსულს, ათი წუთით დამაგვიანდა. ის კი ათი წუთის წინ აქ უნდა ყოფილიყო. არ არის. გავიდა ათი წუთი. ათი წუთის წინ მომწერა, რომ მალე მოვიდოდა. ტრაკისუფლების მეტროს წინ ცივა. გარეთ ზამთარია. მშია. შევედი გალერიში. ეს შენობა ოთხი თუ ხუთი წელი შენდებოდა, და როცა აშენდა, არაერთხელ გვაგრძნობინეს, რომ იქ პროლეტარების ადგილი არ იყო. მაგალითად, პირველ სართულზე, ერთი მაჯის საათი, ჩემი ერთი წლის სწავლის საფასური ღირს.
ლიფტში შესული, ვცდილობ ფასტფუდების სართულზე ავიდე. ჯორჯ კარლინმა თქვა, რომ ამერიკელების ორი საყვარელი საქმიანობა შოპინგი და ჭამა იყო. როგორც ვხედავ, ამაში ქართველებიც არ ჩამოვრჩებით თავისუფლებამოყვარულ ერს. თბილისის შუაგულში, უზარმაზარ სავაჭრო... არა, შოპინგ-ცენტრში, მთელი სართული მხოლოდ ჭამა-სმას მიუძღვნეს. ცალკე ადგილი არ არის. საერთო მაგიდაზე ვჯდები. ახლო აღმოსავლელი ოჯახის ბავშვი მაგიდაზე დარბის. ყვირის. იგრიხება. მაგრამ ჩემი ყურადღება მაინც ვერ მიიქცია.
ჭამას მოვრჩი. როგორც იქნა, ჩემი სატრფო მოვიდა. ისევ მშვიდი, ისევ ლამაზი, ისევ საოცარი. რა გავაკეთოთ? არ ვიცით. სად წავიდეთ? წამო ზევით ავიდეთ, კინოთეატრები სადაცაა. იქნებ რამე კინო გვენახა. ამ კინოთეატრში ბილეთების ფასი, სხვა, პროლეტარებისთვის გათვლილ კინოთეატრებზე ორჯერ მეტია. სულელური ფილმები გადის. ბოლო სართულზე ვართ. გრძელი დერეფანია და მოაჯირებთან დივნებია ჩამწკრივებული. ერთ-ერთზე ჩავესვენეთ. საოცრად რბილი და კომფორტული აღმოჩნდა. ადგომა აღარ გვინდა. ჩვენს წინ და ოდნავ მარცხნივ ეკრანია. რეკლამებს უჩვენებენ. გვეცინება მათ შინაარსზე. ცოტა ხანში, ვიღაც კაცი მოვიდა და რატომღაც, მაინცდამაინც ჩვენი დივნის გვერდით, სავარძელში ჩაესვენა. დივნები კიდევ ბევრია, სავარძლებიც. მან მაინცდამაინც აქ არჩია დაჯდომა. კიდევ ცოტა ხანი გადის. ვსხედვართ, ვმუსაიფობთ. კინოთეატრის თანამშრომელი გვიახლოვდება.
- შეიძლება თქვენი ბილეთები ვნახო? - არ გვაქვს, წეღან გამოვედით - ვპასუხობ მე.
ის რაღაცას ბურტყუნებს, სრული წინადადება არ გამიგია, მაგრამ ინტერპრეტაციაში ასე ჟღერდა: „მითხრეს, რომ უთხარი წავიდნენო და მეც გეუბნებით, აბა რა ვქნა, დიდი ბოდიში.“ ქართველ ბიზმესმენს პროლეტარიატის ყურება არ უნდა. ცარიელი დივნები კიდევ ბევრია. რისთვის დგას, თუ არავინ არ უნდა დაჯდეს?
- თუ ჩემს პროდუქტს არ ყიდულობთ მაშინ გააჯვით აქედან. - გაიფიქრა კინოთეატრის მფლობელმა, მენეჯერმა, დირექტორმა ან სამივემ ერთად. მერე უკვირთ, ამ ქვეყანაში ბიზნესს რატომ უჭირსო.
იცით, ამიტომ არ არსებობს საქართველოში ბარები. კი ეძახიან ბარიაო, მაგრამ ეგ ბარი არ არის. ბარი არის ბარი... დიდი გრძელი მაგიდა, რომლის უკანაც დგას ბარმენი. ამ მაგიდასთან ჩამწკრივებულია მაღალი სკამები. ამ სკამზე სხედან კლიენტები, რომლებმაც ერთ ან ორ ჭიქა დასალევში შეიძლება 5 დოლარი გადაიხადონ, მაგრამ ბარში უნდათ ყოფნა და ისევ აქ არიან. არავინ არ ეუბნებათ, მორჩა, წადით აქედანო.
ქართველი ბიზმესმენი ამ კონცეფციას ვერ ითავისებს. მისი შემართება ასეთია: მოეჯვი ჩემს ზავიძენიაში, იყიდე, ჭამე, დალიე, უყურე - გააჯვი. ერთადერთი ადგილი, სადაც ამგვარი დამოკიდებულება არ აქვთ, ჩემი გამოცდილებით, მაკდონალდსია. რეკლამაში ჩამითვალეთ თუ გნებავთ. მაგრამ ჩემი სტუდენტობის უდიდესი ნაწილი სწორედ მაკდონალდსში მაქვს გატარებული, რადგან „მოდი, აიღე, გააჯვი“ - ლოგიკა, უნივერსიტეტების ბიბლიოთეკებზეც კი ვრცელდება. იქ ხომ ბიბლიოთეკარი ქალები ჭორაობენ, შენ თუ არ შეუშლი ხელს შენი წიგნებითა და რვეულების ფურცვლით, მაშინ მათი ჭორაობა და კისკისი უეჭველი შეგიშლის ხელს შენ.
მაკდონალდსში შეგიძლია ერთი ჭიქა ჩაი აიღო და სამი საათი იჯდე. კაცი შვილი ხმას არ გაგცემს. შეგიძლია ლეპტოპი მოიდგა, დენში შეართო და უფასო ინტერნეტით ისარგებლო. კაციშვილი ხმას არ გაგცემს. შეიძლება ორმა ადამიანმა ერთი ნაყინი აიღოთ და ოთხი საათი ისხდეთ დებილებივით. კაციშვილი ხმას არ გაგცემთ.
მაგრამ კინოთეატრის სართულიდან გამოგვაგდეს.
მე და ჩემს შეყვარებულს, ხშირად, წასასვლელი არ გვაქვს. ამასწინათ, მეგობრებთან ერთად, კორპუსის სახურავზე ვიყავით - დანარჩენ პროლეტარ ახალგაზრდებთან ერთად. რომ ჩამოვდიოდით, ბოლო სართულის ქალი შენიშვნების ხასიათზე დადგა. ამ ქალაქში ბოლო სართულზე ყოველთვის ყლექალები რატომ ცხოვრობენ? თანაც აუცილებლად შუახნის. ერთხელ არ მახსოვს, ბოლო სართულზე მცხოვრები ახალგაზრდა გოგო, ბიჭი, ან კაცი შემხვედროდა. არა. მხოლოდ შუა ხნის ყლექალები. გოგოებთან დიდი გული მიეცა, მაგრამ ჩემს ნაჯახივით სახეზე უკან დაიწია.
- რას აკეთებდით ზემოთ? - დედათქვენის გვამს ვტყნავდით - არა, ასე არ მიპასუხია.
რაღაცა მივაგინე და წამოვედით.
ამოდი, თუ გაინტერესებს რას ვაკეთებდით. დაგველაპარაკე, კი არ გიკბენთ. ყველა ბოლოსართულის ყლექალას ეხება. იქნებ კარგი ბავშვები ვართ. იქნებ უბრალოდ სახურავზე ავდივართ, რომ თბილისს გადავხედოთ და ასე მაინც დავტკბეთ ამ ქალაქით, რომელშიც ჩვენი ადგილი არსად არაა. სხვა ყველა კარი დაკეტილია ჩვენთვის. თქვენ კიდე იქიდანაც გვაგდებთ, სადაც კარები სულაც არ აყენია. საგინებლები ხართ, აბა რა ხართ? მაგრამ ასე თუ მოიქცევით, ამოხვალთ და დაგველაპარაკებით, გამოდის რომ პასუხისმგებლობას იღებთ. პასუხისმგებლობის აღება კი რთული საქმეა, ჯობია ყანჩასავით კარიდან წაიგრძელოთ კისერი და მერე თქვენს დაქალებს მოუყვეთ, სახურავზე დადიან და ნარკომანობენ, ეს რა თაობააო. სად გვაქვს ნარკოტიკების ფული?! ძვირია ნარკოტიკები, ძვირი!
ამასწინათ ვალენტინობა იყო. ჩემი ლამაზი შეყვარებულისთვის საჩუქრის ფული არ მქონდა. უჯრა ამოვქექე. პაწია, გასაღებზე ჩამოსაკიდი რკინის დათუნია ვიპოვე. საკმაოდ საყვარელი ნაკეთობა. ვილნიუსის აეროპორტში ვიყიდე ადრე. გულზე პატარა სურათი ეკრა და ვილნიუსი ჰქონდა წაწერილი. მგონი 2 ევრო მივეცი, ოდესღაც, In the dark backward and abysm of time. დათუნია ჯიბეში ჩავიდე.
ჩემს შეყვარებულს ველოდები. კიბეზე ჩამოდის. მე კი ქუჩაში ვდგავარ. მისი პროლეტარი შეყვარებული.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. მადლობა, ჯონათან ^^
მადლობა, ჯონათან ^^
2. მადლობა, ჯონათან ^^
მადლობა, ჯონათან ^^
1. ,, სხვა ყველა კარი დაკეტილია ჩვენთვის,, ჰო, ასეა :(
თხრობის სტილი გაქვთ კარგი, თავს გაკითხებს ტექსტი :)
,, სხვა ყველა კარი დაკეტილია ჩვენთვის,, ჰო, ასეა :(
თხრობის სტილი გაქვთ კარგი, თავს გაკითხებს ტექსტი :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|