ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
17 სექტემბერი, 2019


წერილი დედას

ჩემი საყვარელი ლექსი ლადო ასათიანის ,,სალაღობო“-ა, ჩემებიდან კი ამას გამოვარჩევდი:

წერილი დედას

დედი, უფალთან ისე წახვედი,
არ გაგყოლია არავის წყენა,
ქვეყნად დატოვე კარგი სახელი,
ჩემი სახით კი დატოვე რწმენა.

მჯერა, სიცოცხლე კიდევ გწყურია,
მე კი ვარ ჩამქრალ კელაპტარივით,
თუმც გული სევდით დანისლულია,
ისევ ვლოცულობ დაღლილ ქალივით.

არ ვიცი საქმე როგორ წამივა,
მელის თუ არა რწმენით მერმისი,
ღმერთი თავისთან ვიდრე წამიყვანს,
შვილს ენატრება გამზრდელი მისი.

ჩემს გულისნადებს კვლავაც გაგანდობ,
თუ გადავლახე ბარიერები,
არ დავიღლები დედი, არასდროს
შენი ალბომის თვალიერებით.

შენ ხომ ქრისტესთან ისე წახვედი,
რომ გულში წყენაც არ ჩაგრჩენია,
ერს დაუტოვე კარგი სახელი,
შენი საფლავი მხოლოდ ჩვენია.

ოთარ რურუა

.........................................................................................................................................................................

,,ოთარ, შენი ლექსები დედისადმი აბსოლუტურად ცალკეა, სადღაც მაღლობზე, თითქოს დაცული წყალდიდობისა და მერეხისაგან... სულ განცალკევებით დგას ამ სივრცეში“.

ლელა მეტონიძე

..................................................................................................................................................................................................................

,,ვკითხულობ რა ოთარის პოეზიას, ყველაზე მტკივნეული და გულში ჩამწვდომი, ცრემლშეუკავებელი ჩემთვის, გარდაცვლილი დედისადმი მიძღვნილი ლექსებია“.

მედეა კაზარაშვილი - ოთარის წიგნის წინათქმის ავტორი

............................................................................................................................................................................................................


დედაჩემს სუფთა წარსული ჰქონდა

დედაჩემს სუფთა წარსული ჰქონდა,
სიყვარულივით წმინდა თვალები,
ცოცხალი იყო, ლელო გამქონდა,
აღარ არის და... მწვავენ ალები.

დედაჩემს სუფთა წარსული ჰქონდა,
ფართოდ გახსნილი გულის კარები,
ვიდრე ჩემთვისაც აწვიმ - ათოვდა,
ჩემს თავს უქებდნენ ლამაზმანები.

ახლა სიცოცხლეს მასავით ვეტრფი,
ღმერთს ვევედრები ლექსის პწკარებით,
როცა წამიყვანს თავისთან ღმერთი,
იქაც ვიხილო დედის თვალები.

მჯერა: ზეციურ საქართველოში
გამიქარწყლდება სევდა - დარდები,
შევხვდები მშობელს კეთილი შვილი
და ხელმეორედ დავიბადები.

ოთარ რურუა

2019

.....................................................................................................................................................................

ვინმეს ჩემგან რამე წყენა თუ ახსოვს, თუნდაც პატარა წყენა, ვთხოვ მომიტევოს. მე პირადად ყველაფერს ვაპატიებ ადამიანს ორი რამის გარდა: ღალატის და დედის გინების გარდა.

ღალატია ჩემგან წასვლა, ჩაშვება და ასე შემდეგ. ადამიანს, რომელსაც ვენდობი, ჩემს დარდებს ვუზიარებ, საიდუმლოს ვანდობ, არ უნდა ჩამიშვას, არ უნდა გამთქვას, გულში უნდა შეინახოს ყველაფერი, სამარეში უნდა ჩაიტანოს. მე პირადად ასეთი ვარ, ადამიანი თუ მენდობა, თავის განცდებს მიზიარებს, საიდუმლოს მანდობს, მე იმას იმედებს არ გავუცრუებ, ყოველ შემთხვევაში არ ჩავუშვებ. მოკლედ ჩამშვებები და ენატანია ხალხი შორს ჩემგან.

ღალატის და დედის გინების გარდა ყველაფერს ვაპატიებ ადამიანს.

დედაჩემის სიცოცხლეში (1958-2012) მხოლოდ ერთი ლექსის დაწერა მოვასწარი მასზე, მხოლოდ დედაჩემის გარდაცვალების მერე დამიგროვდა დედაზე ლექსები. ასეა სამწუხაროდ, როდესაც მშობელი გვერდით გყავს, ცოცხალია, ვერ ვაფასებთ, მხოლოდ მისი გარდაცვალების მერე ვხვდებით მის ფასს, მის საჭიროებას. ქართველები ხომ გარდაცვალების მერე ვაფასებთ საყვარელ ადამიანებს?!

არ არსებობს დედაზე დაწერილი ცუდი ლექსი, დედაზე დაწერილი ყველა ლექსი თავისებურად კარგია. დედაზე დაწერილი ლექსებიდან გოდერძი ჩოხელის ეს ლექსი მიყვარს განსაკუთრებით:

,,დედი,
რაღაც არ მასვენებს, ალბათ ღმერთის წამ-წერა,
დედი,
როგორ შემოგკადრო, შენზე ლექსის დაწერა?!
დედი,
დიდმა ღმერთმა იცის, რაც უნდა ვყოფილიყავ,
დედი,
ალბათ ამიტომაც, შენთან ყოფნა დამწერა.
დედი,
როგორ გიღალატო, როგორ დავრჩე ამქვეყნად,
დედი,
ღმერთს რომ შევუყვარდე, აქ რომ მთხოვოს დარჩენა,

უკვდავება რომ დაიწყოს,
ღმერთს მოსურდეს აღწერა,
არ გეწყინოს, ღმერთს ვფიცავარ,
ღმერთს დავტოვებ ნაწყენად.
ღმერთის მჯერა, ღმერთი მიყვარს,
მაგრამ ერთის არ მჯერა:
სადაც შენ არ მეგულები, იქ არ მინდა დარჩენა“.

დედაშვილურ სიყვარულზე უფრო დიდი გრძნობა არ არსებობს დედამიწაზე, ისევე როგორც არ არსებობს დედის გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილზე უფრო დიდი ტკივილი, შვილის გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილის გარდა.

ხშირად ჩაეხუტეთ დედებს

ცუდ ხასიათზე ვიყავი თუ კარგ ხასიათზე, დედას ყოველთვის ვეხუტებოდი. არა აქვს მნიშვნელობა ცუდად ხარ თუ კარგად, დედას ხშირად უნდა ჩაეხუტო (ვისაც აღარ გვყავს, ნათელში გვიმყოფოს უფალმა), ჩახუტებით სითბო გადადის. მშობლის სიყვარულიდან იწყება მოყვასის სიყვარული.

დედა სიცოცხლის ელექსირია! ბედნიერია ის ქალი, რომელსაც დედა ჰქვია, ქალისთვის დედობაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს.

არავის ეყვარები ისე, როგორც მშობელ დედას უყვარხარ, არავინ გიერთგულებს ისე, როგორც შენი დამბადებელი გიერთგულებს.

დღეს ხშირად გვესმის დედის გინება, რაც ძალიან სამწუხაროა, გინებაზე უარესი არაფერია, დედის გინება ღვთისმშობლის გინებას ნიშნავს, რადგან ღვთისმშობელი ყველას დედაა.
პოეტი ნოდარ ჯალაღონია თავის ლექსში ,,შეგინებული დედები“ ამბობს:

,,დედაზე უფრო ძვირფასი ვინა გყავთ, რა გაბადიათ?
დედა - ქართველი ვაჟკაცის სალოცავი და ხატია!“

,,კაცი რომ საკუთარ დედაზე შეიგინება, ის ერთი ჩასუნთქვის ღირსიც არ არის!“ - თქვა თავის დროზე ნოდარ დუმბაძემ.

ჩვენ – ქართველებს ბევრი კარგი სიტყვა გვაქვს დედაზე: ,,დედაენა“, ,,დედა ბოძი“, ,,დედა ისტორია“, ,,დედამიწა“ და ასე შემდეგ.

დაბოლოს:

აღსარება

ვერ ავისრულე გულის წადილი
და ვერ შევმატე მისხალს - მისხალი,
სახსოვრად დამრჩა დედის მანდილი,
ღმერთთან წავიდა სწორედ ის ქალი, -

მე რომ ვუყვარდი ალალად, წრფელად,
არც გაუვლია ღალატი გულში,
არ არსებობდა ჩვენ შორის წყენა,
გაზაფხულზე კი ჰყვაოდა ნუში.

თუმც კვლავ მივყვები დროის დინებას,
ნელ - ნელა ვხდები გულჩათხრობილი,
რა ვქნა, უფალმა ასე ინება,
ვარ ამ სევდიან ამბის მთხრობელი.

ჯანდაბას ჩემი წადილი გულის,
მე ამ სამყაროს ჯერ კიდევ ვხედავ...
და ცოცხლობს ჩემში ის სიყვარული,
რომ მიწილადა მშობელმა დედამ.

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები