ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
27 სექტემბერი, 2019


აფხაზეთზე

მე ოთხმოციანელთა თაობის წარმომადგენელი ვარ! - იმ ოთხმოციანელთა, რომელთაც ბავშვობა წაართვეს, რომელთაც ომების მეტი არაფერი უნახავთ. ჯერ იყო ეგრეთ წოდებული „სამოქალაქო ომი“, შემდეგ აფხაზეთის ომი, შემდეგ კიდევ ერთი - აგვისტოს ომი.

დღეს 27 სექტემბერია - ჯვართამაღლება და სოხუმის დაცემის დღე... სოხუმის დაცემიდან 26 წელი გავიდა.

ძალიან მინდა დაბადების დღეები და სხვა დღესასწაულები (დაბადების დღეც დღესასწაულია) აფხაზეთშიც გადავიხადოთ...

დღეს ჩემი სოხუმი სევდისფერია... სოხუმელი არ ვარ, ფოთელი ვარ, მაგრამ სოხუმი ჩემთვის ისეთივე მშობლიურია, როგორც ფოთი.

1991 წლის გაზაფხულზე - საქართველოს დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე, სოხუმში ვისვენებდი მშობლებთან და ბაბუასთან ერთად. მაშინ ჯერ კიდევ არ იყო დაკარგული აფხაზეთი, ჯერ კიდევ ქართველები აკონტროლებდნენ სიტუაციას ადგილობრივებთან ერთად.

ახლაც თვალწინ მიდგას თვალწარმტაცი ბუნება, ზღვის პეიზაჟი, ლამაზი გოგო-ბიჭები ერთმანეთს ესიყვარულებოდნენ, გულში იკრავდნენ ერთმანეთს, ლექსებს უძღვნიდნენ აფხაზეთს, სიმღერებსა და ცეკვებს დახვეწილად ასრულებდნენ. მერე კი...

მერე ჩვენ შორის მესამე ძალა ჩადგა და გაგვთიშა, გაგვთიშა მხოლოდ დროებით. აფხაზეთის ომში იყო ისეთი მომენტებიც, როდესაც ქართველი აფხაზს იფარებდა თავის სახლში და აფხაზი ქართველს.

ქართველებმა და აფხაზებმა ერთად უნდა ვიცხოვროთ, ჩვენ ერთმანეთის გარეშე მერმისი (მომავალი) არ გვაქვს. დარწმუნებული ვარ, აუცილებლად დადგება ის დღე, როდესაც ჩვენს გულებში სიყვარული დაბრუნდება.

აფხაზეთის სიყვარულმა ლექსების მთელი ციკლი შემაქმნევინა აფხაზეთზე, გთავაზობთ ერთ-ერთ მათგანს:

ძმაო ქართველო, დაო აფხაზო...

,,ვარადას“ ვუსმენ სულგანაბული,
ამ მიწის ცრემლმა არსად გამიშვა...
და მახსენდება: ჩემი მამული
როგორ იბრძოდა ცხუმთან, ტამიშთან.

აღარ ტარდება ისინდი ჩვენში,
მესამე ძალამ ისე გაგვთიშა;
ნაღდ ქართველთა და აფხაზთა ხელში
სხვა პეწი ჰქონდა სოხუმს, სხვა ნიშა.

თუმც გაგვიფრინდა მშვიდობის მტრედი,
დროებითია ჩვენი გათიშვა,
ვარ მადლობელი ყველა იმ დედის,
რომელმაც გმირი ჯარისკაცი შვა.

მე ფსოუს წყალი კიდევ მწყურია,
ოცნების წყარო თუ არ დამიშრა,
მჯერა: ვიხილავ დიოსკურიას,
ფოტოც დამრჩება ალბომს სანიშნად.

ძმაო ქართველო, დაო აფხაზო,
ხელი ჩამჭიდეთ, არსად გამიშვათ,
რომ სათანადოდ მეც დავაფასო
ის, ვინც იბრძოდა ცხუმთან, ტამიშთან.

ოთარ რურუა

.................................................................................................................................................................................

აფხაზეთის ომში, რომელიც 1992 წლის 14 აგვისტოდან - 1993 წლის 27 სექტემბრამდე მიმდინარეობდა, ქართველი ბიჭები პოეტ არჩილ სულაკაურისა და კომპოზიტორ გოგი (გიორგი) ცაბაძის ლექს - სიმღერას - ,,ჟღალ მიმინოს“ მღეროდნენ.

უამრავი ქართველი შეეწირა აფხაზეთის ომს, მათ შორის იყვნენ მსახიობები: საშკა იოსელიანი, ლევან აბაშიძე, მწერალ ჭაბუა ამირეჯიბის შვილი - ირაკლი და მწერალ რევაზ მიშველაძის შვილი - არჩილი.

ჩემმა ფოლკლორისტმა მეგობარმა - გიორგი ჯმუხაძემ 20 წლის ბიძა დაკარგა აფხაზეთის ომში, მამუკა ჯმუხაძე.

2012 წელს აფხაზეთის ომის გმირებზე ლექსი დავწერე, გიორგი ჯმუხაძემ ჩემს ამ ლექსზე სულისშემძვრელი სიმღერა დაწერა, რომელიც ბიძამისის ხსოვნას მიუძღვნა.

ისევ ისე გელოდებათ აფხაზეთი

ისევ ისე გელოდებათ აფხაზეთი,
რომ ერის ხმამ ძველებურად იჭექოს...
რომ გვიყვარდეს უფრო მეტად ერთმანეთი -
აფხაზეთში ნაომარო ბიჭებო.

ისევ ისე გელოდებათ აფხაზეთი,
მზე უთქვენოდ სოხუმშიაც არ მზეობს!
საქართველოვ! არასოდეს დამთავრდები,
ღმერთი იცავს ქართველების სამზეოს!

ვიდრე ჩვენში ,,ჟღალ მიმინოს“ გულიც მღერის,
არ ჩაქრები წინაპართა სანთელო!
გაუმარჯოს მამუკას და სხვა ბიჭების
აფხაზეთში ნაომარ საქართველოს!

ოთარ რურუა

მუსიკის ავტორი: გიორგი ჯმუხაძე (თვითონ ასრულებს)

https://www.youtube.com/watch?v=SogAJ6imvfg

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები