| ავტორი: ლ. ლორია ჟანრი: პროზა 2 ოქტომბერი, 2019 |
ათენი უპირველეს ბრძენს ასამართლებდა. ყველა, დიდი თუ პატარა, სკოლებში თუ სახლებში, ბაზრებსა თუ თეატრში, სტადიონებსა თუ ვიწრო, მტვრიან ქუჩებში მისალმებისა და ერთმანეთის მოკითხვის შემდეგ აუცილებლად სოკრატეზე ამბობდნენ რამეს. ის, ყბედი აგათონიკე, სოკრატემ რომ რიტორიკის შესწავლაზე უარი უთხრა, - ჯერ სიჩუმე უნდა ისწავლოო, - ასე მოიშორა, ქალაქის მთავარ ბაზართან გამომდგარიყო და მოქალაქეებს ხმამაღლა მოძღვრავდა: - თუ მართლა ბრძენია ის მსუქანა, თვალებდაჭყეტილი და ცხვირპაჭუა, თავს რად ვერ გადაირჩენსო. ენა ჩაიგდე შე არამზადაო, - პლატონმა, სოკრატეს ერთ-ერთმა მოწაფემ დაუძახა და საცემრადაც გაიწია. მოქალაქეებმა გააშველეს. პელოპონესის ომი ახალი დამთავრებული იყო. ცუდი დროება ედგა ათენს. ქრისტესშობამდე 399 წელს პოტიდეას, დელიუმის და ამფიპოლისის ბრძოლების გმირი, დელფოს სამისნოს ორაკულის მიერ ყველაზე ბრძენ ბერძენად შერაცხული სოკრატე ახლა სამსჯავროს წინაშე იდგა და ხუთას მსაჯულს განაჩენი უნდა გამოეტანა.
* * *
- ....კარგი, გურამ, საკმარისია! - მასწ, რა კარგად მოყვა, არადა მეგონა, ძველ ბერძნულ ქანდაკებად გადაიქცეოდა! - მასწავლებელო, გამანებოს რა, თავი! სესილი, იცი რას გეტყვი, შენ თვითონა ხარ ქანდაკება, ოღონდ ენაჭარტალა! მასწ, რას მიწერთ? - გურამ, აბა შენ თვითონ შეაფასე შენი თავი, ოღონდ ჯერ მითხარი რა ეწერა დელფოსის ტაძრის ფრონტონზე? - ,,შეაფასე თავი შენი“! - თუმცა მთლად ასე არ ეწერა, მაგრამ, იგივეა ლამის, ანუ .,,შეიცან თავი შენი“. აბა ვნახოთ როგორ შეიცანი შენი თავი და რას უწერ? - გიზო მასწ, მე რომ თქვენს ადგილას ვიყო, ალბათ რვიანს, მაგრამ ცხრიანი დამიწერეთ რა! - ჩემს ადგილას შენ რატო უნდა იყო? ყველას თავის ადგილი აქვს ცხოვრებაში, მე მაინტერესებს შენ ადგილას მყოფი, ანუ ამ შემთხვევაში მოსწავლე გურამ გაგნიძე რას დაუწერდი შენს თავს, ანუ მოსწავლე გურამ გაგნიძეს?! - ცხრა! - თავმდაბლობით ნამდვილად არ გამორჩევი, არაა რვა ცუდი ნიშანი და რატომ ცხრიანი, მაინც და მაინც? - დედაჩემმა თუ ისტორიაში ცხრას მიიღებ, შემწვარ ახალ კარტოფილს გაჭმევო კამით და ახალი ტყემლითო! - ანუ სწავლობ, რომ შემწვარი კარტოფილი ჭამო? - მასწ, ყველა ასე არ არის? - სესილი, შენც?! - ,,შენც, ბრუტუს! - შენ, კეისარო, თუ ზურაბ, შენც ასე ფიქრობ?! - მასწ, მეც მიყვარს შემწვარი კარტოფილი! - .... - გაცინებთ მე თქვენ! - მასწ, რატომ ვსწავლობთ აბა? მარტო ჭამისთვის არა, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი ხომ მაინც ეს არის? - არის, ზურაბ, ოღონდ ყველაზე ბოლო და უმნიშვნელო! - და პირველი რა არის? - პირველიც და უპირველესიც გარჩევა შეძლოთ, თეთრი და შავი განასხვავოთ... - მასწ, ეს კლასში რომ არ ვიყავი, მაშინაც ვიცოდი, სახელიც კი ვიცოდი ინგლისურად: ბლექ ენდ ვაით... - სესილი, აქ უბრალოდ ფერის გარჩევაზე არ არის საუბარი, საუბარია, როგორ განასხვავოთ სიკეთე და ბოროტება და ყველაზე უმთავრესი კი არის იპოვოთ სიმართლე - ჭეშმარიტება....
* * *
- მსაჯულნო, ზევსს გეფიცებით, მაოცებთ, თქვენ გინდათ მე თვითონ გამოვუტანო ჩემს თავს სასჯელი? ანუ რა გამოდის, გინდათ ვაღიარო, რომ დამნაშავე ვარ და თუნდაც ერთი დრაჰმა დავადო ჩემს თავს სასჯელად? არადა ამ ქალაქმა ჩემი ღვაწლისთვის სასჯელი კი არა, ჯილდო უნდა მომანიჭოს და უფასოდაც უნდა მკვებოს როგორც ოლიმპიურ ჩემპიონებს უმასპინძლდებიან. თუმცა, ალბათ, მეც დავსჯიდი საკუთარ თავს, იგივე რომ მომესმინა, რაც ჩემმა ბრალდებელმა, მელეტემ მოგახსენათ ჩემზედ, თუ არა ერთი მთავარი რამ - არცერთი სიტყვა მისი მართალი არ იყო! - ფრთხილად ათენელო მსაჯულებო, თავისი მჭევრმეტყველური სიტყვით არ შეგაცდინოთ სოკრატემ! - მელეტე, ისევ ცდები, მე მჭევრმეტყველი არ ვარ, მოქალაქენო, ხუთასო მსაჯულო, ვისაც კი ჩემთვის მოუსმენია დამეთანხმება, ჩემი სიტყვები არ ყოფილა არასდროს ტკბილი, ისე როგორც ბერძნული თაფლი. სიმწარე უფრო იყო მასში, თუმცა თაფლიც ერია და ეს იყო მწარე სიტკბო რასაც სიმართლე ჰქვია. ჩემი მეორე ბრალმდებელი, მდიდარი დიოდორე, ბრალსა მდებს თუ ჭკვიანი ვარ რად არა ვარ მდიდარი. ამის საწინააღდეგოდ ერთს გეტყვით მხოლოდ, მრავალ მდიდარს დაივიწყებს დრო, მაგრამ ყოველთვის ეხსომება ერთ-ერთი ჩემი მოწაფეთაგანი დიოგენე, რომელიც დიდხანს იცხოვრებს და მისი ერთადერთი სიმდიდრე გონება იქნება მხოლოდ, თუმცა ყველაზე მეტად მაინც მეწაღე ლიკონი მაკვირვებს, დამნაშავედ რომ გამოვყავარ... დანაშაული რაც მის წინაშე მიმიძღვის არის ის, რომ ყოველთვის ფეხშიშველი დავდიოდი, ზამთარშიც კი, ამიტომაც არ მჭირდებოდა წაღები... - ,,ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველმა არ გაიარე, რაა მამული?“ - ჩუმად გურამ, განაგრძეთ ბავშვებო! - ვფიცავ ზევსს, მრავალი მშობელი ჩივის, რომ შვილები შენ უფრო გიჯერებენ ვიდრე თვითონ მათ! - მსაჯულნო, დააკვირდით, მელეტე მაქებს, არადა, ალბათ, ფიქრობდით და მეც ასე ვფიქრობდი, რომ ბრალს მდებდა... აბა განსაჯეთ, განა ჩემმა მოსწავლემ ისევე არ უნდა დამიჯეროს მე, როგორც ავადმყოფმა ექიმს და მშობლისთვისაც ექიმის აზრი არ უნდა იყოს მთავარი? ან მშობელი განა იმიტომ არ ასწავლის მათემატიკას თავის შვილს მასწავლებელთან, რადგან ის უფრო განსწავლულად ეჩვენება და ენდობა მას? - იმაზე რაღას იტყვი, ყველას რომ ეუბნები, მე ის ვიცი, რომ არაფერი არ ვიციო! მსაჯულნო, თუ არაფერი არ იცის რა უნდა ასწავლო სხვას? - ეჰ, მელეტე, მე რამე მაინც ვიცი, შენ კი საერთოდ, იცი კი რამე?!
* * * - ალო! - დიახ, გისმენთ! - სოკრატე მასწავლებელი ბრძანდებით? - თქვენ ალბათ გიზო მასწავლებელს კითხულობთ?! - მაპატიეთ, გიზო მასწავლებელო, სახლში ბავშვი სულ თქვენზე საუბრობს - სოკრატე მასწავლებელმა ეს გვითხრაო, სოკრატე მსაწავლებელმა ის გვითხრაო და... - ეგ არაფერი! - რატომ გაწუხებთ, გიზო მასწავლებელო, სესილის დედა ვარ, ერთი თხოვნა მაქვს, უარი არ მითხრათ, გთხოვთ! - არ ვიცი, ქალბატონო, შევეცდები... ხო, რა თქმა უნდა, თხოვნას გააჩნია? - მერიდება კიდეც გითხრათ, სესილიზე უნდა გთხოვოთ, იცით ვერ ვასწავლე ყოველ დილით კბილის გამოხეხვა, არადა ლამაზი გოგოა, კბილებიც ლამაზი აქვს. სადღაც წაუკითხავს კბილის ჯაგრისი ემალს აზიანებსო... იქნებ თქვენ უთხრათ, თქვენ დაგიჯერებთ! - მე, ქალბატონო, სესილის ისტორიას ვასწავლი, ჰიგიენას არა, არ ვიცი როგორ გამომივა... ახლა ძველ საბერძნეთს გავდივართ და იმ დროს საერთოდ არ იყო კბილის ჯაგრისი... - ... - გამითიშა! რა ეწყინა? - გიზო მასწავლებელო, სესილის დედა ხომ არ იყო - ამ დილით ტელეფონი მთხოვა თქვენი? - დიახ! - მომკლა მაგ ქალმა პრეტენზიებით, ამას წინათ მეუბნებოდა, დამრიგებელმა ქალმა ის როგორ ვერ მოახერხეთ კლასს ერთი კონცერტი ფილარმონიაში ჩაგეტარებინათო! - ისევ რეკავს! სახელი გულნაზი ხო ქვია? - კი, გულნაზი! - ალო, ბატონო სოკრატ... უი, ისევ ბოდიში, გიზო მასწავლებელო, მქონდეს თქვენი იმედი? - ქალბატონო გულნაზი, ეს ისეთი დელიკატური საკითხია, მოფიქრებაა საჭირო, სესილი პატარა აღარაა... უხერხულ მგომარეობაში არ უნდა ჩავაგდოთ, მის აზროვნებაზე არ უნდა ვიძალადოთ. დაე, თვითონ მიხვდეს, რა არის კარგი! - თვითონ რომ ვერ ხვდება და თქვენი რომ სჯერა, იმიტომ გთხოვეთ დახმარება და თქვენც უარს მეუბნებით! მართალია ჩვენი მთავრობა, მოძულებული რომ ჰყავს მასწავლებელი, არ უნდა ერქვას ყველას მასწავლებელი! - დახმარებაზე უარს არ გეუბნებით, უბრალოდ ეს უნდა მივანიშნოთ დელიკატური ფორმით! - მომკლა თქვენმა დელიკატურობამ... კარგი, აბა დელიკატურად მიანიშნეთ მაშინ! - ვეცდები...
* * *
- ჩემო მეუღლევ, შენი ხასიათიდან გამომდინარე მე ყველა ადამიანს ვეგუებოდი, შენთან ურთიერთობამ უფრო ძლიერი გამხადა! მადლობა, რომ მოხვედი! ბიჭები სად არიან? - აკი დააბარე შენს მოსწავლეებს, რომ არ წამომეყვანა?! - ნუთუ ასეთ დროს მე მათი ნახვა არ მომინდებოდა! მეგონა, როგორც ყოველთვის, უკუღმა გაიგებდი ჩემს სათქმელს და მაინც მოიყვანდი! - სოკრატე, ისევ ეს შენი ირონია... ახლა მაინც იყავი ნორმალური, ისე როგორც სხვები... - ქსანტიპე, ჩემო ძვირფასო, განა შენ სხვებისნაირი გეყვარებოდი? რა საცოდავი ვარ, გუმანმა როგორ მიმტყუნა თუმცა, ახლაც მგონია ჩვენი ბიჭები სადღაც აქ არიან და გვისმენენ! ჩვენი ბიჭები... ქსანტიპე, დამპირდი რომ ჩვენი ქალაქი, საკუთარ თავზე მეტად ეყვარებათ! - ამ ქალაქმა შენ სასიკვდილო განაჩენი გამოგიტანა, სოკრატე და კიდევ მასზე ზრუნავ? - მთელ ქალაქს ბრალს ნუ სდებ იმ ბრიყვთა გამო, რომელნიც უმრავლესობაში აღმოჩნდნენ - უმრავლესობა ხშირად უგუნურია, ქსანტიპე, დაიმახსოვრე. დამპირდი, რომ ბიჭებს ამ ქალაქს არ შეაძულებ, იმიტომ რომ ამ ქვეყანაზე ყველაზე მეტად ის მიყვარს! - აქ არიან სოკრატე ჩვენი ბიჭები, კედელს არიან მოფარებულნი და ისე გისმენენ! გამოდით შვილებო... - ასეც ვიცოდი, შვილი ყოველთვის უნდა უსმენდეს მშობელს! ქსანტიპე, არც კედელს, არც კალთას არ ამოაფარო ისინი! ჩემო შვილებო, მაპატიეთ ყოველი ის დრო, რაც თქვენ მოგაკელით, ასე მეგონა ჩემს ქალაქს ვუმატებდი დროს ამით... * * * - გიზო მასწავლებელო, რა კარგი ღია გაკვეთილი გამოგივიდათ, არაჩვეულებრივი სპექტაკლი დადგით, განსაკუთრებით სესილიმ გამაოცა ქსანტიპეს როლში! - გმადლობთ, ქალბატონო თეა, რა მინდა გთხოვოთ, ინტეგრირებული გაკვეთილი ხომ არ ჩავატაროთ, ქიმია - ისტორია! - რა ვიცი, ბატონო გიზო, აქვს კი რაიმე საერთო ქიმიას და ისტორიას? - რატომ, ძალიან ბევრი აქვთ საერთო, აი თუნდაც ასეთი თემა: ,,კბილის პასტა, ჯაგრისი და ისტორია“. - არ იქნება ცუდი, თან ზუსტად ახლა ნეიტრალიზაციის რეაქციას გავდივართ! - ეს ხო ის არის, მჟავა და ფუძე რეაქცის დროს რომ წყალს და მარილს ქმნიან! - ნამდვილად ასეა. ალბათ, ისიც გახსოვთ, ჭამის დროს რომ მჟავა გარემოს ქმნის ნერწყვი, ეს მჟავა გარემო აზიანებს ემალს, ამიტომ საჭიროა კბილის პასტა, რომელიც ფუძეს შეიცავს! - მშვენიერია.! - გიზო მასწავლებელო, ჩათვალეთ ჩემთან უკვე გაქვთ ჩატარებული ინტეგრირებული გაკვეთილი, დავალება მქონდა მიცემული ბავშვებზე, მათემატიკური ამოცანა უნდა მოეფიქრებინათ, რომელიც იხსნება ორუცნობიან განტოლებათა სისტემით! - ქალბატონო ლია, არ მითხრათ ახლა ისტორია გამოიყენესო? - ზუსტად, თან სოკრატეზე! თქვენ გითქვამთ, რომ ხუთასიდან ოცდათერთმეტით მეტი თეთრი კენჭი თუ იქნებოდა სოკრატეს სასამართლო გაამართლებდაო! - კი ნამდვილად ასეა! - ხოდა ზურაბმა, წინა პირობიდან გამომდინარე, თუ მსაჯულთა რიცხვი ხუთასი იყო, საბოლოოდ რამდენმა გაამართლა სოკრატეო! - მშვენიერია! - გამომივიდა ისტორია-მათემატიკის ინტეგრირებული გაკვეთილი. მე თვითონ რამდენი რამე არ ვიცოდი სოკრატეზე, ხოდა მიყვებოდნენ... ისე მართლაც საოცარია, კენჭებმა გადაწყვიტა იმდროინდელი ყველაზე დიდი ბერძნის ბედი! თუმცა გასაკვირი რა არის, იერუსალიმში დიდებით შესული იესო ერთი კვირის შემდეგ ჯვარს აცვეს?! - ლია მასწავლებელო, ეს არის ჩვენი ცხოვრება, თეთრი კენჭი - შავი კენჭი!
* * *
- კრიტონ, როგორ ვამაყობდი შენით, საუკეთესო მოწაფედ გთვლიდი, შენ კი გინდა ისე გამაპარო ათენიდან, როგორც ქურდი? - მასწავლებელო, ჩვენ შევეცდებით დავარწმუნოთ მსაჯულები, რომ თქვენ უდანაშალო ხართ, ყოველი ბრალდება თქვენ მიმართ გამოთქმული აბსურდია და უკან დაგაბრუნოთ! - კრიტონ, კანონი კანონია, მეც ამ ქალაქთან ერთად ვქმნიდი ამ კანონებს. ვინც კანონებს იცავს მშვიდობიანობაში ბედნიერია, ომის დროს კი ძლიერი. ნუთუ საზოგადოება შეძლებს არსებობას თუ კანონებს არ ექნება არავითარი ძალა, ამიტომ იქნებ ჩემი სიკვდილი სიცოცხლეზე ძვირფასი იყოს ახლა და ეს იქნება ჩემი ბოლო გაკვეთილი! იცი, რა უნდა მოგიყვე? იმ დღეს, როცა სასამართლოში დამიბარეს, გზად მიმავალმა ძირს დაგდებულ ბეღურას ბარტყი ვნახე... - მასწავლებელო, ქალაქმა სასიკვდილოდ გაგიმეტა, ხვალ უვე განაჩენს აღასრულებენ, თქვენ უმნიშვნელო ბარტყზე საუბრობთ? - კრიტონ, არასოდეს არ თქვა ყველაზე მცირეზეც კი, რომ ის უმნიშვნელოა! - ბოდიშს გიხდით, მასწავლებელო... დრო არ ითმენს, მცველები მოსყიდულია, ამ ღამით გაგაპარებთ! - ბოდიშს ნუ მიხდი, დრო მოითმენს და თუ ვინმე დასასჯელია ის მცველები უნდა დაისაჯოს, ვინც მოისყიდე და შენ... კანონი კანონია, თუმცა მათაც გადავარჩენ და შენც... ახლა კი მისმინე: დიახ, სასამართლოში მიმავალმა ვნახე ბარტყი, რომელსაც არც ფრენა შეეძლო, არც სიარული, უსუსურად ეგდო მიწაზე და კატა ეპარებოდა... და მე, ცხარე ცრემლით დავიტირე ის ბარტყი... და როცა ვტიროდი, მახსენდებოდა დედაჩემი ფენარეტი, რომელიც ბებიაქალი იყო და მამაჩემი სოფორნისკუსი, მოქანდაკე... - მასწავლებელო, კავშირს ვერ ვხედავთ., რა შუაშია მკვდარი ბარტყი თქვენს მშობლებთან? - კრიტონ, მე არ მითქვამს მკვდარი, მე ვთქვი უსუსური. მეგონა, თვითონაც მიხვდებოდი, რომ შევძელი და კატა დავაფრთხე... რაც შეეხება მშობლებს, მე ხომ ჩემი მშობლების ორივე პროფესია ავითვისე, მე ბებიაქალიც ვიყავი, ვცდილობდი ჩემს მოსაუბრეებში, მოსწავლეებში ჭეშმარიტება დაბადებულიყო და მამაც ვიყავი, ვცდილობდი ჭეშმარიტება გამომექანდაკებინა, რათა ის კლდესავით ძლიერი გამხდარიყო. შევძელი კი? - მასწავლებელო, თქვენ ეს შეძელით! - ვერა, კრიტონ, მე ვარ ის უსუსური ბარტყი, რომელსაც გზად დავტიროდი... საკუთარ თავს დავტიროდი, გამოდის... მე, მოხუცი, თითქოს და მრავლის მნახველი შენი მასწავლებელი ის უდღეური ბარტყი ვარ, რომელმაც მაშინ გადაწყვიტა ფრენა, როცა ამის დრო არ იყო, ანუ ფრთები არ ჰქონდა... გინდათ ახლა ეს ბარტყი საკუთარ ბუდეს მოაშორო? - მასწავლებელო, რა მოუვიდა შემდეგ იმ ბარტყს? - პირველი რაც გავაკეთე, მშობლები მოვძებნე, თუმცა ამოდ, არსად ჩანდნენ ბეღურები. მერე ბუდეს მოვკარი თვალი და თუმცა არც ძალიან დიდი ვარ, შევწვდი და უკან დავუბრუნე ბუდეს ის ბარტყი. თუმცა კანონს ისე სურს ჩემთან მოიპაროს, როგორც კატა, მეც ჩემს ქალაქში, ჩემს ბუდეში დავრჩები და იმ შხამით სავსე თასსაც ბოლომდე შევსვამ, რომელიც სასამართლომ განაჩენად გამომიტანა! - თქვენ ხო სამართლიანობას გვასწავლიდით, უდიდესი უსამართლობა იქნება თქვენი სიკვდილი! - ჩემო კრიტონ, ზევსი დაიფიცე, მაშ შენ გსურდა სამართლიანად მომკვდარიყავი?!
* * *
ქრისტესშობიდან 2019 წელი იდგა. მსოფლიო უძველესი ცივილიზაციებიდან მესამე ადგილზე მყოფი პატარა, მაგრამ ამაყი ქვეყანა, რომელმაც გამოიარა აღზევებაც და დაცემაც, ოქროს ხანაც და მსოფლიოს უდიდესი იმპერიებიდან მრავალწლოვანი დაპყრობა და დაქუცმაცებაც, ახლად მოპოვებული დამოუკიდებლობის ოცდამერვე წელს ითვლიდა. რუსეთის უზარმაზარ იმპერიას, რომელსაც დედამიწის ერთი მეექვსედი ეპყრო არ ემეტებოდა თავისუფლებისთვის თითქმის ორსაუკოვანი ბატონობის შემდეგ საქართველო და მისი ორი რეიგონი კვლავ ჰქონდა ოკუპირებული. თბილისი ბობოქრობდა, მთელმა ქვეყანამ ტელევიზორში ნახა, როგორ იჯდა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ოკუპანტი ქვეყნის დუმის წევრი. მხოლოდ რამდენიმე წუთი გაგრძელდა მისი იქ ყოფნა და ცოტა ხანში თვითმფრინავში იჯდა და ტოვებდა ქვეყნის საზღვრებს, საქართველოს კი დაუტოვა არეულობა და შინააშლილობა. ქვეყნის მთავარი ქუჩა აავსეს მოქალაქეებმა. მმართველი პარტია თავს იმართლებდა, ის კაცი იქ არ უნდა მჯდარიყო, რეგლამენტი დაირღვა, სხვებსავით ტელევიზიით ვიხილეთ ეს კადრებიო. პარლამენტის თავმჯდომარე უცხოეთში იყო, ოპოზიციური პარტიები კი ხალხს მოუწოდებდნენ მაღლა აწეული ხელებით პარლამენტში შევიდეთო. პარლამენტში შეჭრა რევოლუციასთან ასოცირდებოდა საქართველოში, რომელიც ბოლო დამოუკიდებლობის მოპოვებიდან არასრულ სამ ათეულ წელიწადში უკვე ორ რევოლუციას ითვლიდა - ერთ სისხლიანს, მეორეს უსისხლოს. როგორც დრომ გამოაჩინა არც ერთ ამ რევოლუციას სიკეთე არ მოუტანია ქვეყნისთვის. მაღლა აწეულ ხელებში რამდენიმე ხანში ქვები, რკინები გაჩნდა.. პოლიცია, რომელიც პარლამენტს ორი საათი ფარებით და ხელჯოხებით იცავდა, იძულებული გახდა რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოეყენებინა...
* * *
- მოგვსდევენ, მასწ? - არ მოგვსდევენ! გურამ, ფეხში ხარ დაჭრილი? ახლა სასწრაფოც მოვა... - მასწ, თქვენც სისხლი მოგდით... - ეგ, არაფერი... - როგორ არაფერი, მასწ, პერანგი სულ სისხლში გაქვთ მოსვრილი.. - კარგი, ორივეს მოგვხედავენ... ეტყობა არ არის თავისუფალი ბრიგადა, ბევრი ხალხი გადაიყვანეს... - მასწ, თქვენც აქ იყავით? - ვიყავი, სანამ პოლიტიკოსები გამოჩნდებოდნენ! - აბა როდის დაბრუნდით, მასწ? - როდის და ტელევიზორში ვუყურებდი ხალხმა სამართალდამცავებზე ძალადობა რომ დაიწყო, აქ ახლა უბედურება დატრიალდება-მეთქი, მაშინ ვიფიქრე... მერე პოლიციელებში ზურაბი შევნიშნე, მოძალადე ხალხში, კი შენ... - არ ვიცოდი მასწ, ზურა თუ იყო... ხალხმა რომ დაიძახა მივაწვეთო მეც მივაწექი, მერე ერთი პოლიციელი ხალხში გამოვათრიეთ და ჩაფხუტი, რო მოხადეს, მაშინ ვიცანი... - ხოდა ზუსტად მაშინ მეც მოვედი... - მასწ, რა მაგრები ვართ, რომ ზურა გადავარჩინეთ და სასწრაფომდე მივაცილეთ, თორემ ხო შეიძლება ხალხს ჩაექოლა.. - არა მგონია ასე მომხდარიყო, თუმცა კარგია რომ ზუსტად იმ მომენტში ორივე იქ ვიყავით.. - იცოდით, მასწ, პოლიციაში რომ მუშაობდა? - არა, არ ვიცოდი, მე ვიცოდი, რომ ჯარშია! - არადა სულ ათოსანი იყო, სკოლა ოქროს მედლით დაამთავრა, პოლიციაში სამსახური თვითონ მოისურვა! რა ნიშნები გააფუჭა, ხო? - ვინ თქვა, რომ გააფუჭა, პირიქით - ქვეყანას ემსახურება! - მასწ, ხალხს ტყვიები ესროლეს! შენც მოგხვდა, მეც... - რეზინის! - მასწ, მეგონა ჩემკენ იყავით! - სოკრატე ხო გახსოვს? - მასწ, როგორ არ გვახსოვს, სულ სოკრატეზე გვესაუბრებოდით? - აბა ისიც გაიხსენე სოკრატე ვისკენ იყო? - ჭეშმარიტებისკენო, ასე გვასწავლიდით თქვენ! - ხოდა მეც ვცდილობ, ჭეშმარიტებისკენ ვიყო! - ჩემკენ ხომ არის მერე მასწ, ჭეშმარიტება? - ჩემი ორი მოსწავლე ერთმანეთს რომ ურტყამს სადღაც შუაშია მაშინ! - მე, რომ ვიცანი, მასწ, არ დამირტყამს! მასწ, ნახე ზურა მოდის! - ზურა, როგორ ხარ? გამოგიშვეს ექიმებმა? - უკეთ ვარ, მასწავლებელო, ეტყობა ტვინის მსუბუქი შერყევა გქონდაო, ექიმებმა მითხრეს. არ გავყევი საავადმყოფოში. მძიმედ დაჭრილი მოიყვანეს ორი მომიტინგე და ერთი პოლიციელი, თვალები ჰქონდათ დაზიანებული და ისინი გადაჰყავთ... თქვენ როგორ ხართ, მასწ? - როგორ იქნება, ტყვიები რომ დაგვახალეთ, მანამდე გეკითხათ?! ტვინის შერყევა გაქვს ნამდვილად შენ, ვისაა, რომ იცავ? ამას უწერდთ მასწ, ათიანებს? - კაცო, გურამ, წეღან არ მეუბნებოდი, რა მაგარია, ზურა რომ გადავარჩინეთო?! - კლასელია მაინც, მასწ... ბიჭო, ზურაბ, არ გეშინია პოლიციის ტანსაცმლით რომ ხარ, აქ ხალხმა რამე არ მოგწიოს, თუ ამათ ციხესიმაგრეს გინდა ჩაეშენო ზურაბივით?! - ხო, კარგი, გურამ... გიზო მასწ, მალე თავისუფალი ბრიგადა მოვა და ორივეს საავადმყოფოში გადაგიყვანთ! - ნახეთ, მე ვეუბნები, ხალხმა შეიძლება გადაგიაროს-თქო და ეს ჩვენზე ზრუნავს?! ნორმალურია ახლა ეს, მასწ?! - გიზო, მასწ... ნახეთ სასწრაფოს ბრიგადაც... - უი, სესილი, მასწ, ნახეთ სესილი? - გურამ, ზურაბ... სოკრატე მასწ... უი, მაპატიეთ გიზო მასწ... როგორ ხართ? - აი, როგორ ვიქნები ამ შუაღამით შენს ორ კლასელს ვაშველებ! შენ ექიმი გახდი? - დიახ მასწ, ერთი კვირაა რაც სასწრაფოში დავიწყე მუშაობა! ბოდიში მასწ, სოკრატეს რომ გიძახოდით სკოლაში, ხო ? - რა ბოდიში, პატივი იყო ჩემთვის! უკვე ხუთი წელია, ჰო, რაც სკოლა დაამთავრეთ? - დიახ, მასწ! - იცით, გუშინ სიზმარში გნახეთ სამივე, ისევ ისტორიის გაკვეთილი გვქონდა, თქვენ გამომცდელები იყავით, მე და სოკრატე კი მოსწავლეები და თქვენ ნიშნებს გვიწერდით! - რა სოცარია, მასწ! - მასწავლებელო, მაშინ თქვენ არ გითქვამთ, იმ ხუთასი მსაჯულიდან, რომელთაც სოკრატეს ბედი გადაწყვიტეს, შეიძლება მისი მოსწავლებიც იყვნენ! - შეიძლება, ზურაბ! - მაშინ ის თეთრი და შავი კენჭები ნიშნები გამოდის?! - კი, ასე გამოდის! - მასწ, ნახეთ, ბეღურა მოფრინდა? გახსოვთ ბეღურას ბარტყზე რომ გვიყვებოდით, სასამართლოში მიმავალმა სოკრატემ რომ ნახა? - კი მახსოვს, არადა, მეგონა ბეღურები ღამით არ დაფრინავდნენ...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. ძალიან თბილად მოთხრობილი ამბავია,სასიამოვნოდ ნარევი იუმორით .სწორი შენინშვნაც არის დანახული.
5! ძალიან თბილად მოთხრობილი ამბავია,სასიამოვნოდ ნარევი იუმორით .სწორი შენინშვნაც არის დანახული.
5!
8. და კიდევ, აღსანიშნავია იუმორი, რომელიც ძალიან ამსუბუქებს და ჰარმონიულს ხდის ნაწერს. და კიდევ, აღსანიშნავია იუმორი, რომელიც ძალიან ამსუბუქებს და ჰარმონიულს ხდის ნაწერს.
7. რა საოცარია! როგორ ჰუმანურ და დიპლომატიურ ჭრილშია გამოკვეთილი დაპირისპირებისა და ძალადობის მანკიერი მხარე. ყველა მოსწავლისა და მასწავლებლის წასაკითხია ეს.
რა საოცარია! როგორ ჰუმანურ და დიპლომატიურ ჭრილშია გამოკვეთილი დაპირისპირებისა და ძალადობის მანკიერი მხარე. ყველა მოსწავლისა და მასწავლებლის წასაკითხია ეს.
6. მადლობ ნიკი, გეთანხმები და ჩასწორებასაც გავაკეთებ... და ვაი რომ მსაჯულნი ხშირად თავადვე იმსახურებენ სასჯელს ... სოკრატეს ხუთასიდან ორასოთხმოცმა კაცმა სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა... როგორც ქრისტეფორე იტყოდა , მგალობლიშვილი -- პარადოქს... და როგორ არ იცვლება დრო... მადლობ ნიკი, გეთანხმები და ჩასწორებასაც გავაკეთებ... და ვაი რომ მსაჯულნი ხშირად თავადვე იმსახურებენ სასჯელს ... სოკრატეს ხუთასიდან ორასოთხმოცმა კაცმა სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა... როგორც ქრისტეფორე იტყოდა , მგალობლიშვილი -- პარადოქს... და როგორ არ იცვლება დრო...
5. როგორი თბილი და კარგი ადამიანიც ხარ, ისეთივე თბილი მოთხრობები გაქვს ლევან
იქაც მართალი ხარ, სადღაც შუაშია ჭეშმარიტება, მაგრამ მსაჯულს ბევრად მეტი მოეთხოვება, ამაშია საქმე სოკრატეს გამასამართლებელი სოკრატზე ორჯერ მეტი მაინც უნდა ყოფილიყო და თუ არ არის ასეთი, მაშინ სოკრატე უნდა ასამართლებდეს სხვებს
- ჩემო კრიტონ, ზევსი დაიფიცე, მაშ შენ გსურდა სამართლიანად მომკვდარიყავი?! თუ - ჩემო კრიტონ, ზევსი დაიფიცე, მაშ შენ გსურდა სამართლიანად მოვმკვდარიყავი?!
ჩემგან 5 ლევან ბატონო როგორი თბილი და კარგი ადამიანიც ხარ, ისეთივე თბილი მოთხრობები გაქვს ლევან
იქაც მართალი ხარ, სადღაც შუაშია ჭეშმარიტება, მაგრამ მსაჯულს ბევრად მეტი მოეთხოვება, ამაშია საქმე სოკრატეს გამასამართლებელი სოკრატზე ორჯერ მეტი მაინც უნდა ყოფილიყო და თუ არ არის ასეთი, მაშინ სოკრატე უნდა ასამართლებდეს სხვებს
- ჩემო კრიტონ, ზევსი დაიფიცე, მაშ შენ გსურდა სამართლიანად მომკვდარიყავი?! თუ - ჩემო კრიტონ, ზევსი დაიფიცე, მაშ შენ გსურდა სამართლიანად მოვმკვდარიყავი?!
ჩემგან 5 ლევან ბატონო
3. გმადლობთ მზია და ლაშა... ასევე, სულ გამარჯვებებს გისურვებთ! გმადლობთ მზია და ლაშა... ასევე, სულ გამარჯვებებს გისურვებთ!
2. მზიას კომენტარს შემოვყევი და ბედად წავიკითხე )) +5 რათქმაუნდა მზიას კომენტარს შემოვყევი და ბედად წავიკითხე )) +5 რათქმაუნდა
1. ლევან, სადღაც წავაწყდი ინფორმაციას, რომ თქვენ კონკურს „საუკეთესო მოთხრობა მასწავლებლისთვის“ ფინალისტი ხართ და თქვენი მოთხრობა „ბეღურები ღამით არ დაფრინავენ“ დაიბეჭდება ჟურნალ „მასწავლებელში “ და ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.ge“ –ში. გილოცავთ! სულ გამარჯვებებით გევლოთ!
ლევან, სადღაც წავაწყდი ინფორმაციას, რომ თქვენ კონკურს „საუკეთესო მოთხრობა მასწავლებლისთვის“ ფინალისტი ხართ და თქვენი მოთხრობა „ბეღურები ღამით არ დაფრინავენ“ დაიბეჭდება ჟურნალ „მასწავლებელში “ და ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.ge“ –ში. გილოცავთ! სულ გამარჯვებებით გევლოთ!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|