ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გოგონა დღიურით
ჟანრი: პოეზია
5 ოქტომბერი, 2019


სიჩუმე

"დაღონებული და მარად სუსტი,
სარკესთან ფიქრობ, როგორც დიანა.
დღესაც შორეულ მეგობარს უცდი,
მაგრამ მან მოსვლა დაიგვიანა."


სიჩუმის სევდას თან დაჰყვება ქარის სიმღერა,
ღამით ირევა ლამპიონთა ნათება მკრთალი.
მე ხვალ არ ვიცი, რა იქნება, რა არ იქნება,
მაგრამ არ ვჩივი.
არ განვიცდი.
ღამეა ჩუმი -
სიჩუმით მთვრალი.

თითქოს გარდატყდა ყველაფერი ამ ერთ მომენტში
და შეიცვალა დედამიწამ ბრუნვის სიჩქარე -
თუ გინდა მოსვლა, დაე, იყოს ასე, არ ვუწყი,
რადგან ფოთოლთა შრიალში მე ვიცდი
და ვიცდი,
როგორც ავდარში მტრედი ელის
ცაში გაფრენას.
როგორც შემთვრალი თოვლის მოსვლას
ელის ეული
და სიცივეში მთვარე მაინც იტყვის ჩვეულად:
ხარ კი ის ვინც ხარ,
თუ სველ ქვიშად იქცა სხეული
შენი, რომელიც მიატოვეს დროთა სხივებმა.
და ამ წამებში გაიყინა თითქოს მელანი;
მე დაგიცდიდი, თუკი ასე სურდა განგებას
და ჩაგიკრავდი, მაგრამ გრძნობა ქრება თანდათან
და სიტყვაც, ასე, კალამს მუდამ თან რომ დაჰყვება,
ილევა, როგორც მანდარინი შენს ნაზ ხელებში.

სევდას ჩავაქსოვ ნეტარებას და მონატრებას
და ჩუმი სევდით სიცივეშიც დაგელოდები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები