ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თაკო წულაია.
ჟანრი: პოეზია
6 ოქტომბერი, 2019


მემწვანილე

ნისლში ლამპიონები ვარსკვლავებს ჰგვანან. შეიძლება მეჩვენება, მაგრამ ზუსტად ისეთი ფორმა აქვთ, როგორიც იმ მრავალკუთხა მნათობებს, დაწყებით კლასებში რომ ვხატავდი. იმ წლების სიმშვიდესაც მახსენებენ. არც ისე შორეულობის მიუხედავად, მაინც ძალიან მიუწვდომელსა და სანატრელს. ახლა, როცა პატარა გორაკზე ვდგავარ და ერთი ხელის გაწვდენაზეა ყველა ბუნდოვანი შუქი, ხოლო ნისლი ფართოვდება და მიახლოვდება, ვიცი, რომ ერთადერთი რასაც შეიძლება მოეჭიდო წარსულის ნათებაა. ხელს ვერ შეახებ, ვერ დაეყრდნობი, მაგრამ მზერას ჩაავლებ.
ამ ღამეს, ამ ბნელ და დაღლილ ღამეს, არაფერი აქვს საერთო ჩემი ბავშვობის უფიქრო ღამეებთან. არც ახლანდელი ძილია ისეთი ხანგრძლივი, როგორიც მაშინ.
მოხუცი მემწვანილე ჯერ ისევ ქუჩაში დგას, გზის რომელიღაც მხარეს და მისი თვალებიც ანათებენ ამ უკუნეთში.
ეს გორაკი რომ ჩავირბინო, მასთან მივიდე აქოშინებული და ყველაფერი ვიყიდო, რაც კი დახლზე უწყვია, ნეტავ რომელს უფრო გაგვიხარდება? მე თუ მას?
დაგვიანებული ან ძალიან ადრე გამოჩენილი მგზავრები ისე უვლიან გვერდით, როგორც უჩინარს. ვინ შეამჩნევს იმ მოხუცს ასე ფართო სამყაროში? ის მგზავრებიც ხომ არიან ვიღაცისთვის შეუმჩნევლები, ისინიც ხომ მიდიან ვიღაცასთან - ვიღაცისგან. ისინიც ხომ უარყოფილები არიან, ხომ არის შანსი, რომ როგორმე ისინიც გავახარო, გავაღიმო, როცა ასეთი ბნელი ღამეა და ნისლში მკრთალად ციმციმებენ ლამპიონები.
შემიძლია ვუყურო და ჩავიფიქრო სურვილები, დილით აუცილებლად ჩაქრებიან და სხვა გზა არ ექნებათ, ამისრულებენ.
შემიძლია დავიძახო რომელიმე ნაცნობი სახელი. რას იფიქრებს იგი, ვის სახელსაც შემთხვევით გამოვიცნობ? ვისზე იფიქრებს? ვინ შეიძლება დაგიძახოს გვიან ღამით? ვისი ხმა შეიძლება იყოს ამდენად უცნობი? ვინ დგას ხოლმე პატარა გორაკზე გვიან ღამით?
იქნებ არავინ...
სურვილს შეუძლია, რომ გამოძერწოს ხმა, შეთხზას სასურველი ძახილი. სურვილს შეუძლია ისე დაგაჯეროს შენივე გამონაგონი, რომ დიალოგი გაუბა არარსებულ ხმას, ცარიელი, უადამიანო გორაკიდან გაგონილს.
მე წავალ სადმე და ყოველი წასვლა დაბრუნება იქნება საკუთარ თავთან, რომელიც ყველა კუთხეშია ჩასაფრებული და ეჭვიც არ ეპარება, როცა უეცრად შემეფეთება, ძლიერ დამაფრთხობს.
მე მაქვს უფლება დავიკარგო, გაქცევის უფლებაც მაქვს, მაგრამ მას ვინ მისცა დევნის უფლება? მით უმეტეს კი ჩემი პოვნის...
ნისლი სქელდება და თითქმის აღარაფერი ჩანს. ეგოიზმთან ახლოს დგას ფიქრი იმაზე, რომ ერთადერთი გადარჩენილი სულიერი ვარ და თუ გავცდები ამ ადგილს, სადმე შიშველი ადამი ან ევა გადამეყრება. ისინი მიცნობენ, მე ხომ მათი შვილი ვარ. მე კი ვერ ვიცნობ, ვინაიდან სხვები არიან ჩემი მშობლები.
მხოლოდ გუმანი მიმანიშნებს, რომ ოდესღაც ასე დაიწყო. რომ ყველანი ასე ვიწყებით და სამარცხვინო სიშიშვლის დასაფარავად ვუმჯობესდებით, მოდასა და ტენდენციებს ვქმნით და ვიფუთებით, სასაჩუქრე ყუთებს ვემსგავსებით. მოვა ვიღაც, გაგვხსნის და ალბათ, სიცარიელე დახვდება და მეტი არაფერი.
მე ხომ აქ ვდგავარ და არ ჩავრბივარ მოხუცი მემწვანილის გასახარებლად. ფინანსები რომ არ მეყოფა, ეს აშკარაა, მაგრამ არც სურვილი მეყოს იქნებ? ეს ბევრად უფრო საშინელია. არ შეიძლება ნატვრა გამოიმუშავო, ბანკში შეინახო, ისესხო, ან პირიქით.
ნისლში ვიძირები მეც. როდი ვარ ისეთი მკვეთრი, რომ ჩემზე შეყვარებულმა თვალებმა შემნიშნონ. იქნებ, არც მოიძებნება ჩემზე შეყვარებული თვალები არსად. წარმოიდგინეთ, რომ არსებობთ, რაღაცებს წვალობთ, ჯახირობთ და არ უყვარხართ არავის თვალებს. ტრაგედიაა, მე თუ მკითხავთ.
ზუსტად იმდენადვე, რამდენადაც ამ გორაკზე დგომა, ასე გვიან ღამით. მზერის გაწვდენაც კი შეუძლებელია, ისე დამშორდნენ ვარსკვლავებად ქცეული ლამპიონები. რა შემიძლია ჩავიფიქრო ისეთი, რომ ახდენას იმსახურებდეს?
იქნებ გაღვიძება ჩავიფიქრო. როგორც ამბობენ, მე დიდი ხანია მღვიძავს. მხოლოდ ხანდახან ვახელ თვალებს და მაშინაც ისეთ რაღაცებს ვხედავ, რომ მაშინვე ძილის შებრუნება მინდება და მძინავს კიდეც ჩემს წებოვან მარტოობაში, ჩემს ბლანტ სიჩუმეში და ობობის ქსელივით ახლართულ სიფხიზლეს თვალს არ ვუსწორებ.
ყველაფერი კარგადაა, როცა არ იცი. საერთოდ არაფრის ცოდნას ვერ მოახერხებ, ასე ძალიან თავს ვერ გაუფრთხილდები. უბრალოდ, უნდა სცადო და ყველაზე უბრალო რამეები დაიმახსოვრო. მაგალითად, სხვისი დაბადების თარიღები, შენი მეგობრების სახელები და თუ სხვა გზა არა გაქვს, საკუთარი ვინაობაც. სხვა ცოდნის მიღებას არ გირჩევთ. ბევრს ვიცნობ, ვინც შეცდა და დღეს ვერაფერზე ახერხებს კონცენტრირებას.
რაც უფრო მეტი რამე იცი ცხოვრებაზე, მით უფრო რთული ხდება, რომ იცხოვრო.
ნეტავ, მარადიული იყოს ეს ნისლი. დაფარავდა ყველა ლაქას, ყველა ხარვეზს და იდეალურ, რძისფერ სივრცეში აღარავინ გამოჩნდებოდა.
კიდევ კარგი, ამ კრიალა ცას, არ შეუძლია ამირეკლოს. თორემ ხომ ვნახავდი ჩემს ფერმკრთალ სახეს, გაყინულ ხელებს და თუ უკეთ დავაკვირდებოდი, ერთ-ორ სევდასაც ხომ შევნიშნავდი ქუჩისკენ მიმართულ თვალებში.
ნისლი ისეთი გაუხედავია, ისეთი რთულადგასავალი, რომ წავბორძიკდი. რამდენჯერმე წავბორძიკდი, მაგრამ არ წავქცეულვარ. ჰეი, სამყაროვ, ცრუ განგაშია! მუხლებიც სულ ტყუილად ამიკანკალდა, კალამიც სულ ტყუილად გაუვარდა მოირას ხელიდან. ყველაფერი ისევ ისეა, როგორც ჩემს სავარაუდო წაქცევამდე იყო. შემიძლოა დავდო პირობა, რომ არც არასოდეს არ შეიცვლება.
მემწვანილემ აალაგა დახლზე დარჩენილი, დამჭკნარი მწვანილები და მიატოვა თავისი ნავსაყუდელი. მისი მწვანილით შეუკმაზავი კერძები, უგემურად გადადიან აქაურების ხახაში, ხორხში... მემწვანილეს კი მხოლოდ მწვანილები აქვს და არაფერი შესაკმაზავი.
ჩარბენაგადაფიქრებული ვბრუნდები სახლში. ამ გორაკიდან ისე ახლოსაა, როგორც სურვილი რაღაც კარგის გაკეთების. სურვილი და არა აუცილებლობა.
გორაკზე და ქუჩის რომელიღავ მხარეს კვლავ რჩება ღამე, ნისლი და უფორმო შუქებიც, მაგრამ სადღაა ამ ღამის ორი მარტოსული პერსონაჟი, ორი დაკარგული სული, რომლის სხეულებიც არასოდეს დაიკარგებიან და ყოველთვის ზუსტ დროს მივლენ სახლში, ბოლო გაჩერებასთან...
სადღაა ღამის იდუმალება?!
კარის სახელურს არ შერჩენია ჩემი თითის ანაბეჭდები. სამაგიეროდ, ჩემი ხელები უფრო გამძლეა და შეუძლიათ ის სიცარიელე დაიმახსოვრონ, რომელსაც გამუდმებით განიცდიან.
ხელებს არ გავიწვდენ. ძველ სახატავ რვეულებში ჩარჩენილი უფორმო ვარსკვლავები აღარ ციმციმებენ, დიდი ხანია.
მწვანილიც დაჭკნა და მემწვანილეც, დიდი ხანია.
სამაგიეროდ, სულ ახლახან დაცარიელდა ქუჩა.
ორი მარტოსული პერსონაჟი დაბრუნდა სახლში და მათი გზები არასოდეს, უფრო სწორად, აღარასოდეს გადაიკვეთება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები