ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პოეზია
7 ოქტომბერი, 2019


ფხიზელ პოეტებს

ჩვეული რიტმით გაგიხსენებ. რომ შენზე წერა
პატივი იყო, იქნება და თუ ახლაც არის,
იქნებ გამოჩნდე, რადგან თითქოს კუბოში ვწევარ,
უნდა შემმოსონ. ქსოვილები და სახაზავი
ყრია ოთახში და მელანი დახატვას ცდილობს.
ჩვენ ვიწყებით და არ ვმთავრდებით. ჩვენშივე ვრჩებით
ზამთრის ღამეებს რომ გავუძლოთ.
დასვრილი ტილო
ნახატად რახან ვერ იქცევა და ნახატებიც
თავის მხრივ
რახან აღგვაგზნებენ, ვარჩევთ, რომ ოთახს
ატკბობდეს მონე, რენუაღი, თუნდაც პიკასო...
ერთად თუ არა, ცალ-ცალკე რომ ბედი გვქონოდა,
ჩვენც პოეტები ვიქნებოდით. ნუ დავიფასებთ
იდიოტ თავებს, ნერვებს, სიზმრებს; მაინც გვამხელენ.
ჩაივლის წყალი. ისევ მოვა. ისევ ჩაივლის.
მიუხედავად სიმახინჯის, ჩვენ თვალებს ვახელთ
და ბოლო სიზმარს საუზმისას ვაწებთ ჩაიში.

ჰო, ძირითადად ნაგავია ჩვენი ყოფნები,
და რომანტიკა ზოგიერთებს ხატვას გვასწავლის.
მე უცებ მივხვდი, ერთ დღესაც რომ არ მეყოფოდი,
თვითონ ვიყიდე ქსოვილები და სახაზავი,
რომ მომეხაზა ჩემი ფორმა სადმე ასფალტზე.
ჰორისონტალურ ყოფაშია ახსნა. იმედიც.
და მახსენდება, ხეზე ასვლაც თვითონ გასწავლე,
ელიოზივით ნატვრის თვალს თუ მაპოვნინებდი,
ერთი ლამაზი პეიზაჟით ეს შემოდგომა
ჩაყვითლდებოდა, მოვიდოდა თოვლი ულევი.
თვითონ შევქმენი ყველაფერი, გარშემო რომ არ
მქონოდა მკაცრი სინამდვილე, როგორ უღელი
და გავიქეცი უმადური ხარივით გლეხის,
რადგან არ მსურდა, ეს სიზმრები წყლამდე მეთრია.
და გავიქეცი, ვერაფერი თუმცა კი ვერ ვთქვი.

ღამე მორჩება. ეს ქარებიც უცებ ჩაივლის.
ღმერთი ჩემსავით ვერ გაძვრება თავის უღლიდან.
არ გაგიკვირდეს, აწი ჩემზე რაც რამ გაიგო.
მე ის ვარ, ვისაც არაფერი აღარ უკვირდა.
.
მორიგი კვირა შემოდგომის ფოთლებს გადაყვა.
შენ არ ხარ. ვფიქრობ - მეც აღარ ვარ. ან სხვას გზას ვუთმობ.
და რა ხანია, ვეღარაფერს ვეღარ ვწერ ახალს,
ლექსებს კი არა, წერილებსაც ვეღარ ვპასუხობ.
იღვენთებიან აისები. ოქტომბრის სპექტრი.
ოთახი ისევ ცარიელი
სავსე ოთახებს
თავის ნოველებს წაუკითხავს.
ვერაფერს ვეტყვი,
აზრი აღარ აქვს მოლოდინებს, ავცდით მოსახდენს.
ზის სინამდვილე თითქმის დაცლილ კინო-დარბაზში.
ზის სინამდვილე და დრამატულ სიზმრებს ტაშს უკრავს.
ჩემს მარტოობას მე ვერავის ვერ დავაბრალებ.
ჩემს მარტოობას საკუთარ თავს - ასე სანუკვარ
ნატვრებთან ერთად დავუტოვებ.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები