ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ქეით გრინი
ჟანრი: პროზა
7 ოქტომბერი, 2019


გეტა (ნაწილი XII; დასასრული)

***
გეტა საკუთარ მესთან, როგორც მწერალთან, დღითი-დღე უცხოვდებოდა. მოგონებები კი დაღუპული გემივით კიდევ უფრო ითრევდნენ ფსკერისკენ.
ერთ დღეს, ფოთში მოისურვა წასვლა. ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ, ქოშინით მიადგა ზღვასთან ახლოს მდებარე შუქურას და მასთან ახლოს ჩამოჯდა. მთელი ღამე იქ გაატარა. თვალს არ აცილებდა ორმოციოდე მეტრ სიმაღლის, გაჩახჩახებულ, საინტერესო არქიტექტურულ კომპოზიციას, რომელსაც არაერთი გემისთვის გაენათებინა გზა სწორი მიმართულების დასადგენად. შუქურა მედიდურად დასცქეროდა საცოდავად მომზირალ ქალს, რომელსაც ბევრი გულისნადები ჰქონდა ამოსათქმელი. დიდხანს იყო ხმაამოუღებლად და ტკივილამდე მონატრებულ სიყვარულზე ფიქრობდა. ბოლოს მოწოლილმა ნაღველმა დამნაშავესავით თავდახრილი, მისდა უნებურად აამეტყველა:
-მაპატიე, რომ პირობა ვერ შევასრულე, არ ვივარგე შენს შუქურად და გზა დაგიბნელე. შეცდომის გამოსწორება რომც მინდოდეს, აზრი აღარ აქვს, შენი გეტაც სწორედ ისეა მიტოვებული და ჩამქრალი, როგორც აწ უკვე მიუღწეველი და უმოქმედო ბიჭვინთის შუქურა. რამხელა ტკივილი ყოფილა სიმარტოვე. უშენობამ ცოდვილი და ამაზრზენი პიროვნება გამხადა.
სიტყვა ცოდვილმა ის ავბედითი დღე გაახსენა, როდესაც ზაზასთან ერთად სახლში მყოფმა მოულოდნელად გამოჩენილ სტუმარს კარი გაუღო და მრავალწლიანი განშორების შემდეგ რუსეთიდან ახლად ჩამოსული რომა ტამოევი შერჩა ხელთ.

-გაგიკვირდა არა, კახპავ?! არ მელოდი?- ირონიული ღიმილით ჰკითხა.
გეტას ენა ჩაუვარდა. თვალებს არ უჯერებდა, როდესაც მის წინაშე მხრებში გაშლილ, ოდნავ შეჭაღარავებულ და კვლავ ადრინდელივით სიმპათიურ, მკაცრი იერის მამაკაცს უყურებდა. რომამ ხელით გასწია და ყოველგვარი მორიდების გარეშე, თავისუფლად შეაჭრა ზაზა მიროტაძის ბინაში. თავად ზაზა მისაღებ ოთახში იყო და ჭაღს ნათურას უცვლიდა.
-ოჰ, როგორი ოჯახური იდილიაა, პირდაპირ ჩავიფერფლე,- დამცინავად ჩაილაპარაკა რომამ.
-ამას აქ რა უნდა? -კუშტი სახით ჰკითხა გეტას მეუღლემ.
-გეფიცები, არაფერი ვიცი,- განცვიფრებული იყურებოდა ქალი.
-ახლავე აქედან აუდე! აქ არავის დაუპატიჟებიხარ!- კბილები გააკრაჭუნა მიროტაძემ.
-მომისმინე, ბიჭო, რომა ტამოევი თავად წყვეტს სად მივიდეს და როდის წავიდეს.
-შენ თავი ხომ არაფერს მიარტყი? რატომ მოხვედი?
-ო, ეგ უკვე სხვა თემაა,-ჩაეცინა რომას,- შენთან ძველი ანგარიში მაქვს გასასწორებელი, ღრმად პატივცემულო.
-რა ანგარიში? ხომ არ გამოსირ*დი?
-შე მართლა სირ*ო, აზრზე მოდი ვის ელაპარაკები!- წყობიდან გამოვიდა რომა და სახეში მუშტი უთავაზა.
ზაზა კედელს მიენარცხა და ცხვირიდან სისხლი წასკდა.
-შენი დედაც!- მდგომარეობიდან გამოვიდა მიროტაძე და რომას მთელი ძალით დაეტაკა, მაგრამ მეტოქეს მისი მოგერიება არ გასჭირვებია, ზურგზე დააგდო და წიხლი ჩაარტყა.
გეტამ ყვირილი ატეხა:
-რას აკეთებთ? მთლად გამოშტერდით?! წადი აქედან, რომა და თავი დაგვანებე!
არცერთი უსმენდა, ორივე ხელჩართულ ბრძოლაში იყო და ერთმანეთს არ ინდობდა.
-ჩემ ქალს ხელი როგორ დაადე, შე ბ*ოზო?-გაცეცხლებული რომა ყბებში ურტყამდა ზაზას.
-გეტას შენ აღარ უყვარდი. არ დაუბრუნდებოდა შენნაირ ავაზაკს,-ხრიალებდა ყბებდალეწილი მიროტაძე და ჩამტვრეულ კბილებთან ერთად, სისხლს აფურთხებდა.
-ჩემი რომც არ ყოფილიყო, აი, ეგრე, მარტოობაში უნდა დაბერებულიყო და ჩაძაღლებულიყო.
-ეგოისტი და ნაბი*ჭვარი ხარ!
-გაჩერდით!- თავში წაიშინა ხელები გეტამ.
-ფუ, შენი!- ბოლოჯერაც დაარტყა რომამ ძირს დავარდნილს, წამოდგა და ნახევრად გათიშულს თითის აწევით მიაძახა: -ეს კიდევ ცოტა იყო, მადლობა მითხარი, რომ ლეშად არ გაქციე!- მერე გეტას მიუბრუნდა და ატირებულს მხარზე ხელი დაჰკრა:- ბოდიში, რომ ცხვირსახოცი არ მაქვს შენი მძორი ქმრის გალახვისთვის წამოსული ცრემლები მოგწმინდო,- ეს თქვა და კარი ისე გაიხურა, სახლმა ზანზარი დაიწყო.

***
ამ ამბის გახსენებას გონებაში მორიგი, საბედისწერო დღე წამოუტივტივა, როდესაც შეატყობინეს, საკუთარ სახლში რომა ტამოევისგან დამცირებული მეუღლე თურმე მის კვალს დასდგომოდა, ქუჩაში ჩასაფრებოდა და უკნიდან ფარული მიპარვით, თავში კასტეტი ჩაერტყა. მთასავით კაცმა დაცემისგან თავი ისე დაარტყა, ინსულტი განუვითარდა. ამ ამბით შეძრული გეტა საავადმყოფოში რომ მივიდა, რომა რამდენიმე წუთის გარდაცვლილი დახვდა. აბალაკის იქ დანახვაზე ტამოევის დები ღრიალით მივარდნენ და რაც მაშინ სიტყვები უთხრეს, მას შემდეგ სამუდამოდ ჩარჩა გულში ყველაზე შავ და ამოურეცხავ ლაქებად:
-აქ რას მოეთრეოდი? ეს გინდოდათ შენ და შენ თავკერძა მშობლებს, რომ ჩემი ძმა მიწაში ჩაგეწვინათ და გალაღებულიყავით?! აჰა, მიიღეთ და გაიხარეთ! ხომ დალია სული შენი სიყვარულისთვის? არ აპატიეთ, რომ იეზიდმა ქართველი გულწრფელად შეიყვარა. წყეულიმც იყოს ის დღე, გეტა აბალაკო, როცა პირველად დაგინახა და გაგიცნო. ვერ გაიხარებთ ჩვენი ოჯახის ცოდვით!- ცრემლები ახრჩობდა უფროს დას.
-ღმერთო, არა! დაუჯერებელია! ის არ მომკვდარა, არ მომკვდარა, გესმით? ჩემი რომა არ მიმატოვებდა,- მთრთოლვარე ხმით აღმოხდა გეტას.
-მოკვდა! -შენმა სანაქებო ქმარმა მუხანათურად და არაკაცურად გამოასალმა სიცოცხლეს!
-ჯანდაბა! რაღაცას იგონებთ, ცოცხალია და სადღაც მალავთ.
-არ გესმის, რაც გითხარით?! ყურები გამოიქექე!
-მაჩვენეთ, ჩემი რომა, გთხოვთ.
-სასტიკად გიკრძალავთ მისი სახელის ხსენებას! სწორედ შენი დამსახურებაა, რაც დღეს მოხდა! არ გაბედო ფეხის გადმოდგმა ჩვენკენ! აქედან გაგვეცალე! - თვალები დაუჭყიტა უმცროსმა დამ და ზიზღისგან სახე დამანჭა.
აღარ ახსოვს როგორ წამოვიდა თავზარდაცემული საავადმყოფოდან. არც ის ახსოვს, როგორ მიაღწია სახლამდე. მხოლოდ კუთვნილი ნივთები წამოიღო, რასაც ვერ შეელეოდა და მეუღლის ბინა სამუდამოდ დატოვა.


***
გეტა შუქურის კედელს ჩაეხუტა, მაღლა განათებულ წვერს თვალი ძლივს მიაწვდინა და აღნავნებულმა განაგრძო:
-ჩემო არასრულყოფილებავ, სრულყოფილებას ისე სჭირდები, როგორც არასდროს! გეძებ და ვერსად გპოულობ. ვეღარ ვივსები, ვეღარავინ მაძლევს სითბოს და მთლად გავიყინე. აღარ შემრჩა შენი სიყვარულით მოქსოვილი სამოსი, გაიცვითა და თავისით შემომეძარცვა. შემცივდა და გეხვეწები, მომეცი ხელი, ლამის არის ყინულის ლოდად გადავიქცე. გულიც გათეთრდა, სულ ჩამოიწურა სისხლისგან. არ დაბრუნდები? შენ ხომ არასოდეს მტოვებდი მარტოდ? ყველგან გრგძნობდი და ახლა რა დაგემართა? ნუთუ ერთი წუთით მაინც აღარ ვარ შენი ყურადღების ღირსი? - ქალმა კედელს ხელები გაუშვა და აქეთ-იქით იყურებოდა, რომ მის წინ გამეფებულ წყვდიადში თავის სინათლე დაენახა.
არაფერმა მისცა ვაების სიმსუბუქე, ვერავინ უშველა... ირგვლივ სიბნელე თავისი სიდინჯით კვლავ ჩუმად დაიარებოდა...
როგორც კი ირიჟრიჟა, გაზაფხულის ღამისგან გვარიანად შეციებული და მშიერი ქალი თბილისის გზას დაჩაჩანაკებული დაადგა. დედაქალაქში ჩასული რამდენიმე კვირის განმავლობაში სახლიდან გარეთ აღარ გასულა. აიკვიატა, რომ სახეს ჰკარგავდა და ეშინოდა, ხალხს მისი არ შეშინებოდა.
აღარც საავადმყოფოდან ახლადგამოსულ ტეროს შეხვდა. არ სურდა, მისი უხასიათობით დაემძიმებინა და მათი ახლადდაბადებული მეგობრობა მომაბეზრებელ ურთიერთობაში გადასულიყო. მასთან ერთად გატარებული წუთები ხომ ბოლო დროს გამოჩენილ შვების ნაპერწკალს ჰგავდა, რომელიც უკანასკნელი გაელვების მსგავსი იყო?..
იჯდა მოწყენილი დედამისი და გასაჭირში მყოფ შვილს ჩუმად უმზერდა ხოლმე:
-კიდევ კარგი, საცოდავი მამაშენი ამ დღეებს არ მოესწრო,- გულში ფიქრობდა და დროდადრო ოხრავდა.

***
ბოლო დროს, გეტა სარკესთან ხშირ დგომას მიეჩვია. გრძელი თითებით სახის კანს ეხებოდა და ალაგ-ალაგ გაჩენილ ნაოჭებს ათვალიერებდა.
-ისტორიის ხაზები,- ამოიხვნეშებდა და მთელ გულს ამოატანდა.
მაინც ლამაზი იყო, ასაკი და ავადმყოფობა ვერაფერს აკლებდა მის ნატიფ სახეს. კვლავინდებურად მოკრძალებული და ალალი გრძნობებით მოქარგული ღიმილი ჰქონდა.
ერთ საღამოს, როდესაც ოთახში დაღვრემილი სახით იჯდა და მზერა იატაკზე გადაეტანა, უცაბედად, ქეთი გამოჩნდა.
-შეიძლება? -იკითხა კოხტად გამოწყობილმა ქალმა.
-შემოდი, ქეთი,- თავი დაუკრა დეიდამისმა.
-როგორ ხარ?
-როგორ ვარ? არც კი ვიცი, რა გიპასუხო. უკვე მერამდენე დღეა, საშინელ ხასიათზე ვარ.
-კი, მაგრამ, რატომ?
-მხოლოდ ღმერთმა უწყის რას ვწერ.
-წამაკითხე რა. ნუ გახადე ქრისტეს პერანგი.
-ჯერ კიდევ დასასრულებელია. გული მიგრძნობს, ეს ჩემი ბოლო ნაწარმოებია.
-ასე ნუ ლაპარაკობ. დროებითია შენი შემოქმედებითი კრიზისი.
-ეჰ, სამწუხაროდ, ადრინდელივით აღარ მეფეთებიან ჩემი მუზები. ერთ დროს, ხორბლის მარცვლებივით გაღვივებული აზრები სანთლებივით ჩამოიღვენთნენ და სადღაც გაუჩინარდნენ. იცი რაში დავრწმუნდი? ეს შემოქმედებითი კრიზისი არ არის, ეჭვის ნატამალიც აღარ დამრჩა. მიუხედავად ჩემი ბრძოლისა, ძველმა და ახლანდელმა თვითმყოფადობამ, ზედმეტად მკაცრმა განსაცდელებმა და გაუთავებელმა ბედთან ჭიდილმა საბოლოოდ ამოარწყია ადრინდელი გეტა აბალაკი. ამიტომ მიჭირს წიგნზე მუშაობა.
-მაშ, რა უნდა ქნა? შუა გზაში ხომ ვერ მიატოვებ ნამუშევარს?
გეტა სავარძლიდან წამოდგა და წინ და უკან ნერვიულ სიარულს მოჰყვა:
-ვეცდები, მწერლის ნარჩენები მოვაგროვო და ვიდრე ისინიც სამუდამოდ არ გამქრალან... -წინადადება გაწყვიტა და გაოგნებულმა შეხედა ცარიელ სკამს, სადაც რამდენიმე წამის წინ ქეთი იჯდა.
ოთახიდან გავიდა და დედამისს ჰკითხა:
-სად არის?
-რა სად არის?
-ქეთი.
-ვინ ქეთი?
-შენი შვილიშვილი, დედა. ჩემს ოთახში იყო, მელაპარაკებოდა და მოულოდნელად გაქრა.
-თინიკოს გოგო?
-სხვა შვილიშვილი იმავე სახელით გყავს ვინმე?
-დაგავიწყდა, რომ მეოთხე წელია, ბელგიაში ცხოვრობს? რამდენი ხანია, დატვირთული სამუშაო რეჟიმის გადამკიდე, საქართველოში არ ჩამოსულა.
-ცოტა ხნის წინ აქ იყო, ველაპარაკებოდი.
ქალს თვალებში ცრემლები ჩაუდგა. შვილს რომ არ დაენახა, ზურგით შებრუნდა და მისი თვალის ასახვევად ავეჯს დაუწყო წმენდა. გეტამ ყველა ოთახი მოიარა და ქეთი რომ ვერსად ნახა, დაბნეული შევიდა თავის ოთახში. გაურკვევლობამ მალევე გადაუარა და კიდევ ერთხელ, მთელი მონდომებით შეუდგა მეთხუთმეტე თავზე მუშაობას.
თავი 15 
ანდროს და თეკლას ურთიერთობა ნამდვილ სასიყვარულო კავშირში გადაიზარდა. ზოგჯერ ავიწყდებოდათ და ზედმეტად თამამ ურთიერთობას ფარდას ვეღარ აფარებდნენ. ბევრჯერ შეამჩნიეს მეგობრებმაც ბიძაშვილების უჩვეულოდ თბილი დამოკიდებულება, მაგრამ ჯერ-ჯერობით, მათი ეჭვები მხოლოდ ეჭვებად რჩებოდა და გონებაში ვერაფრით უშვებდნენ წარმოუდგენელ რეალობას.
ერთ საღამოს, ბიძაშვილები პატარა, მყუდრო ბარში ისხდნენ და საერთო მეგობრის მუსიკალურ საღამოს ადევნებდნენ თვალ-ყურს. ნახევრად დაბნელებულ ბარს სცენიდან მომავალი შუქი ანათებდა. ირგვლივ როკის მოყვარულები შეკრებილიყვნენ და პუბლიკის წინაშე პირველად გამომსვლელ სოლისტს გამამხნევებელ შეძახილებს არ იშურებდნენ.
-კარგად მღერის და უკრავს. უდავოდ ნიჭიერია!-აღნიშნა ანდრომ და ყველასგან მალულად, მაგიდის ქვეშ თეკლასკენ წაიღო ხელი. მისი თითები თავისაში ახლართა და მზრუნველი მზერით გადახედა.
გოგონამ ანდროს საქციელი ბუნებრივად მიიღო, არც შეეწინააღმდეგა, თუმცა ბარში მყოფებს გადახედა და როცა შეატყო, ყველას სცენისკენ ჰქონდა ყურადღება გადატანილი, თითქოს ზურგით საზიდი ტვირთი მოეხსნა და შვებით ამოისუნთქა. ჰაერში ნოტები იფრქვეოდნენ და თავისებური სიგიჟით იმორჩილებდნენ მსმენელებს.
-აბა, როგორ მოგწონთ საღამო?- შესვენების დროს წყვილს მაგიდასთან ჩამოუჯდა ჯგუფის სოლისტი.
-მშვენიერი საღამოა, ვატო, - ცერა თითი აუწია ანდრომ.
-შეგატყე, თავიდან ცოტას ნერვიულობდი, მაგრამ ორი სიმღერის მერე, ყველაფერი იდეალურად იყო,- დასძინა თეკლამ.
-მიხარია,- ესიამოვნა მეგობარს და ჯიბიდან გადმოვარდნილ მობილურს დასწვდა ასაღებად.
უეცრად, ანდროს და თეკლას ჩაჭიდულ ხელებს მოჰკრა თვალი და ცოტა ეუცნაურა. წყვილმა მაშინვე შეამჩნია მეგობარს დაბნეულობა, სასწრაფოდ გაუშვეს ერთმანეთს ხელები და ცივწყალგადასხმულებივით დაფრთხნენ. შემკრთალ ბიძაშვილებს ხასიათი წაუხდათ და დროზე ადრე დატოვეს იქაურობა. გარეთ გასულები სევდისფერ თვალებს არ აცილებდნენ ქვაფენილიან გზას და დარდისგან დამძიმებულნი მიუყვებოდნენ ქუჩებს.
-ასე ვეღარ გაგრძელდება, ყველა მხრიდან ჩიხში ვექცევით,-მძიმედ სუნთქავდა ანდრო.
-არაფრით არ დაგთმობ, მჭირდები!- სახე აერია თეკლას და თვალებში შიში ჩაუდგა.
-ადრე თუ გვიან, ყველა შეგვატყობს, რომ ერთმანეთი შეგვიყვარდა.
-შეგვატყონ, ყველაფრისთვის მზად ვარ.
-ეს ახლა ამბობ ასე, ადამიანების სასაკლაო მოედანზე გაყვანილივით რომ იგრძნობ თავს, მერე სხვანაირად იფიქრებ და ილაპარაკებ.
-და გამოსავალი რა გვაქვს? ჩვენი ბრალია, რომ ისეთ ქვეყანაში არ გავჩნდით, სადაც ბიძაშვილების სიყვარული და ოჯახის შექმნა დასაშვებია?
-არც კი ვიცი რა გითხრა, მაგრამ ერთი რამ დაიმახსოვრე! რაც არ უნდა მოხდეს, შენთან ვარ. ერთად მოგვიხდება ყველა უბედურების გადატანა, - ანდრომ ხელი მოჰკიდა და ოდნავ მოუჭირა - აგრძნობინა, რომ მის გვერდზე მხნედ უნდა ყოფილიყო.
სახლთან ახლოს, ნაცნობ მეზობელ ქალს გადააწყდნენ. თეკლამ ცივად გაუშვა ბიძაშვილს ხელი და თავი დახარა. ანდრომ ქალს შეხედა. მას კვლავაც თავისებური, პირქუში გამოხედვა ჰქონდა. წამით შედგა და ბრალდებულებივით შეათვალიერა. ბიჭს ტანში გასცრა, მაგრამ არაფერი შეიმჩნია. თეკლას მხარზე ხელი მოჰკიდა და გვერდი აუქციეს.
-კუდიანი!- წყრომით წაიბურდღუნა გოგონამ და ფეხს აუჩქარა.
მეზობელი ქალი ადგილიდან არ იძვროდა, წყვილს უყურებდა და გულმოსული თავს აქეთ-იქით აქნევდა.

***
-რა საინტერესოა საკუთარი თავის შექმნა, მერე ნაწარმოებში მისი შეყვანა და თამაში. დიდი განცხრომაა,- კმაყოფილებით ჩაეცინა აბალაკს და სიგარეტის კვამლში გაეხვია. იმ დღეს დამამთავრებელი თავისთვის ერთი სიტყვაც აღარ მიუმატებია. უნდოდა, ცოტა მეტი ეფიქრა ბოლო წინადადებებზე. როგორც სჩვეოდა, ლეპტოპი მუხლებზე დაედო, თვალები დაეხუჭა და მდუმარე ოთახში, რომელსაც მხოლოდ ჟამთასვლის საზომის წიკწიკი არღვევდა, მოსალოდნელ ეპიზოდებს გნიასი აეტეხათ.
მომდევნო დღეებში თავს ცუდად გრძნობდა, საწოლიდან არ დგებოდა და საჭმლის მიღებაზეც უარს ამბობდა.
-მე გეტა ვარ. მწერალი მიდის... - გამუდმებით იმეორებდა და გულდაწყვეტილი უყურებდა ჭერს,- მტოვებს, მის ფეხის ქუსლს ვხედავ. ამასაც აითრევს ჩემგან და სამუდამოდ დამტოვებს ნამდვილ მესთან. მეშინია, არ მინდა. ყველაფერი იმ საზიზღარი, ტვინისმჭამელი კაცუნების ბრალია, - ჩურჩულებდა და ნელ-ნელა საბნის ქვეშ იმალებოდა.
***
დედის დაჟინებული თხოვნით მიღებულმა წამლებმა მომდევნო დღეებში გეტას ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოუსწორეს და თვითდაჯერება შეჰმატეს. ნაწარმოების დასრულებისთვისაც სათანადოდ მოემზადა და კვლავ ლეპტოპს მიუჯდა:

საუბარი რომ აღარ გაეგრძელებინათ, ხასიათწამხდარმა თეკლამ თავის ტკივილი მოიმიზეზა, და დასაძინებლად წავიდა. ანდრო ოთახში აღარ შეჰყოლია, სამზარეულოში ჩამოჯდა. რაღაც არ ასვენებდა, გონება და ფიქრები სულ მთლად არეოდა. თვალებზე ხელებს იფარებდა და თითებით მთელი ძალით ისრესდა. ეშინოდა აწმყოსიც და მომავლისაც. გული უგრძნობდა, რომ სულ მალე, გამგელებული და მათი ხორცების გასაძიძგნად გამზადებული ადამიანთა რისხვა დაატყდებოდა თავს. ცხადად ხედავდა ქართული საზოგადოების მიერ დაწერილ წიგნს, რომელიც სავსე იყო აკრძალულ ჯებირებამდე მისული ცხოვრების კანონებით, მაგრამ რატომღაც თავის სახელმძღვანელოდ არ გაეხადა და საკუთარ საქციელს იმ ჯებირებიდან გადაბობღებულ, დაუმორჩილებელ პირად მიიჩნევდა, რომელიც იმავე წიგნში დაწერილი კანონების თანახმად, აუცილებლად სასტიკად უნდა გასამართლებულიყო. თავს ეშაფოტზე ასულივით გრძნობდა, რომელიც  დამნაშავესავით გაწოლილიყო და მძიმე გილიოტინის გრიალით წამოსვლას ელოდებოდა. ხან აციებდა, ხან აცხელებდა. სიმწრისგან ღმუოდა.
ანაზდად, მთელი ოთახი ღრიალით წარმოთქმულმა სიტყვებმა მოიცვეს: -გაანადგურე ის, რაც განადგურებს!
დაფეთებული ანდრო ადგილიდან წამოხტა. იქაურობა შავმა ნისლმა დაფარა, ყველაფერი გამუქდა.
-გაანადგურე ის, რაც განადგურებს, თორემ ხვალ-ზეგ შენ გაგანადგურებენ! - კვლავ მოესმა იგივე ხმა.
-ეს სიკვდილის ხმაა. ჰო, ეგ არის,- აღმოხდა საბრალოს.
დიდხანს იფიქრა, ბევრჯერ აწონ-დაწონა, ვიდრე ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა. დილის ხუთის ნახევარი იყო, როდესაც ჩაძინებულ თეკლას ფეხაკრეფით მიუახლოვდა. კარგად ჰქონდა გააზრებული, რასაც აკეთებდა:
-მაპატიე, მაგრამ აქ ვერ დაგტოვებ. ვერ გიმეტებ იმ შემზარავი რეალობისთვის, რაც გელოდება. შენ მათ შეურაცხყოფას, ფურთხს და დამცირებას ვერ გადაიტან. არც ვფიქრობ, რომ ამის ღირსი ხარ,- ლუღლუღებდა ცოცხალმკვდარი ბიჭი.
რამდენიმე წუთი კიდევ იფიქრა, გამბედაობას იკრეფდა. მერე ხელის კანკალით დასწვდა ბალიშს და საყვარელ ქალს სახეზე დააფარა. სუნთქვაშეკრულმა თეკლამ გაიღვიძა და ფართხალი დაიწყო. რაც ძალი და ღონე ჰქონდა, უძალიანდებოდა, მაგრამ ანდროს ძალა ვერ დაჯაბნა. ნელ-ნელა იკლო წინააღმდეგობის გაწევისგან დაქანცულმა სხეულმა მოძრაობა და საბოლოოდ, გაჩერდა.
ანდრომ გულის არეში წვა და ტკივილი იგრძნო. უცნაურად დაიკლაკნა და ქშენა აუტყდა. რის ვაი-ვაგლახით მიაღწია წინასწარ მომზადებულ სახრჩობელასთან. სკამზე ავიდა, თავი ყულფში გაუყარა და...

***
რამდენიმე დღეში სესიაშვილების ნაქირავებ ბინაში ცოდვის ტირილი იყო. მძიმე სურათის მომსწრე თვითმხილველნი გაოგნებულები იდგნენ და ვერაფერი გაეგოთ. არავინ იცოდა, რა მოხდა სინამდვილეში, ან მხოლოდ თვითონ სთვლიდნენ ასე...  მათ შორის, ნამდვილად არსებობდა ერთი, რომელმაც საზარელი სიკვდილის მიზეზი იცოდა.

დასასრული
გეტა აბალაკი
2018 წელი

***
ნაწარმოების დასრულებამ გეტას შვება არ მოჰგვარა, თითქოს შიგნიდან რაღაც ჩასწყდა. წყვილის ცხოვრებას გვერდიდან შეხედა და ორივეს თანაუგრძნო. ადრე ამრიგად არასოდეს განიცდიდა რომანების ფატალურად დასრულებას, მაგრამ ახლა, მასში ისევ ადრინდელი გეტა თავისი გრძნობებითურთ აღდგა და შესაბამისად, თეკლას და ანდროს ამბავიც სხვაგვარად განიცადა. მოულოდნელად, მისმა ემოციებმა თავადვე შეაკრთეს. სახეზე ხელების ფათური დაიწყო და ადგილიდან შეცბუნებული წამოხტა:
-ეს გეტაა, მე აღარ ვარ. სად წაიღო ჩემი ნიღბები? ნუთუ ყველა ერთად ჩამომხსნა და ერთიც აღარ დამიტოვა? სად არიან ჩემი პერსონაჟები? როგორ მრცხვენია, კოსტუმებიც გადამიყარა და სულ მთლად შიშველი აღმოვჩნდი. ასე ვის დავენახვო? სცენაზეც დაბნელდა, მაყურებლებიც არსად არიან, ისინიც წასულან. ფარდაც ეშვება. არა! ოღონდ ეს არა!-დაიკივლა სასოწარკვეთილმა.
იატაკზე დაენარცხა და თვალები დახუჭა. ძლივსღა სუნთქავდა ბეჩავი:
-ნუთუ აღარ გავცოცხლდები? ნეტავ, რამდენჯერ კვდებიან და ცოცხლდებიან ადამიანები? რომელია აქედან ნამდვილი სიკვდილი და სიცოცხლე? სად წავიდა მწერალი? გეტამ მოკლა? დაბრუნდა სიყვარული უსიყვარულოდ... -გამშრალ ტუჩებს ენის წვერით ისველებდა და კვლავ აგრძელებდა:- ვერ უკუვაგდე მარტოობის დაძლევის და სიყვარულის თანაზიარების სურვილი. მომაკვდავი მტრედივით ვგდივარ და ფრთებსაც უიმედოდ ვაფართხუნებ. ისევ მენატრები, ისევ გეძახი... ვცოტავდები, ვქრები... სად ხარ? გნატრობ. შენს თბილ, მზრუნველ ხელებს და თვალებს ვეძებ. ზოგჯერ სიტყვებს ბოლომდე არ შეუძლიათ გადმოსცენ, თუ რას გრძნობს ადამიანი. ძალიან უბადრუკნი არიან. მოდი, ისევ განვმეორდეთ. ჩვენი ცხოვრების ათვლის წერტილი ვიპოვოთ და მარადიული გრძნობით კვლავ დავბრუნდეთ დედამიწაზე. გპირდები, აღარ გაწყენინებ, მოგიფრთხილდები... იქნებ, თავისუფალი ჩიტები ვიყოთ? გავშალოთ ფრთები და გავჭრათ ჰაერი. იქნებ ერთ ტოტზე წამოზრდილ, მოშრიალე ფოთლებად ვიქცეთ, ანდა, მზის სხივებში მოცეკვავე წვიმის წვეთებად, ან იქნებ, მოფარფატე ფიფქებად? იქნებ... იქნებ...

***
იმ ღამეს, გეტას ძილი არ მიჰკარებია. მთელი ღამე ბოდვაში გაატარა. დილით ემოციურად გაცამტვერებული წამოდგა იატაკიდან. ტანსაცმელი გამოიცვალა, ნაწარმოებს უცბად მიაწერა სახელწოდება „შეპყრობილნი“, რედაქტორს მეილზე გადაუგზავნა და გარეთ გავიდა. მიდიოდა და სახეზე სიცოცხლის ყოველგვარი ნიშანწყალი გაჰქრობოდა. ყვავილების გამყიდველს რომ მიუახლოვდა, შეჩერდა და იასამნებს დააცქერდა:
-ჩვენი სეზონი დამდგარა, - ჩაილაპარაკა და ღიმილმაც არ დააყოვნა.
ორ დიდ თაიგულს დასწვდა, სწრაფად მიაჩეჩა გამყიდველს ფული და ხურდას აღარც დალოდებია, სახლისკენ დაიძრა. მიდიოდა და თან მიჰქონდა საუცხოო სურნელით გაჟღენთილი ყვავილები. დროდადრო დააცქერდებოდა და მათი სილამაზით ტკბებოდა. სახლში რომ მივიდა, მაშინვე ოთახში შევიდა, ყვავილები საწოლზე მიმოფანტა და ზედ გაერთხა. რამდენიმე წუთი იფიქრა, მხოლოდ რამდენიმე... მერე, ერთიანად მოავლო ხელი იასამნის ტოტებს და გულზე მიიკრა. ბოლოჯერ დახედა, ღრმად შეისუნთქა ყვავილების გამაბრუებელი სურნელი და გონებაამღვრეულმა სათუთად დაუწყო თითებით ფერება. ღია ფანჯარასთან მივიდა, რაფაზე ავიდა და ათასგზის წარმოთქმული, გაზეპირებული სიტყვების ბუტბუტი დაიწყო:

იასამნის სურნელში აყვავებულ ბაღებში
თმებს გიმკობდა ლილისფრად გადაშლილი ყვავილი,
ჩიტებს ჩვენთან ეძინათ, სიყვარულის ფერებში,
ჩვენს სამყაროს დარაჯად დასდგომოდნენ გრძნობები.

ძნელი არის უშენოდ, აღარ განმეორდები?
სიყვარულის ღრუბლებში, დიდხანს დაგელოდები,
უსასრულო სივრცეში როცა ჩავიკარგები,
არ გაწელო წამები, ნუღარ დაგვიანდები...

როგორც კი ლექსის თქმა დაამთავრა, მაღლა აიხედა და ცის თაღს შესცინა, მერე თვალები დახუჭა და ყვავილებთან ერთად ჰაერში გაიფანტა...

***
...და, სამუდამოდ გაქრნენ გულისგამაწვრილებელი, თეთრი, გამჭვირვალე კაცუნებიც...


დ ა ს ა ს რ უ ლ ი

ავტორის შენიშვნა: ნაწარმოები აგებულია ნამდვილ ფაქტებზე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები