ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
16 ოქტომბერი, 2019


უდაბნო, ხალხით დასახლებული

ნინო დარბაისელი

უდაბნო, ხალხით დასახლებული

- - - - - - -
მშობლების სიბრძნე არ ისმინება.
რომც მოისმინო,
ნეტა ვის რაში გამოსდგომია.
ბაბო-პაპასი -
სხვა ამბავია.
ჯეელობაში იქნებ ვერაფრად მოიხმარო,
მაგრამ გაივლის ცხოვრება და
როცა წრიულად ბავშვობაში ჩატრიალდები,
გაცოცხლდებიან დავიწყებული ძველი კადრები,
დღე - მაგალითად,
როცა ბაბოჩემს ხახვის დაჭრაში
ვეხმარებოდი თვალცრემლიანი:
თავიდან - პირში ჩაის კოვზი ჩამადებინა,
მერე მირჩია,
თუ გინდა, თვალი არ დაგეწვას,
ჭრისას მალ-მალე იმეორე:
,, სხვა გვარისა ვარ,
სხვა გვარისა ვარ!”
კარგი  ჭრა აქვსო.

და
როცა
მართლა
სხვა გვარისა ვარ,
ხოლო ხახვს დაჭრილს -
ალყა-ალყას,
ნახევარმთვარულს,
ნარდისკოჭულს  (ანუ ,, დაისდ”)
თუ
გატარებულს,
პარკით ვყიდულობ
და ეს  - ტირილი როგორ უნდა,
სულ დამავიწყდა,
ამომშრალ თვალებს
დღეში სამჯერ აფთიაქში შეძენილი
ხელოვნური ცრემლით ვინედლებ,
(რა ვქნათ, ბევრსა გვჭირს, გაჯეტებში ძრომიალის, თურმე, ბრალია).
ის მაგონდება, რაც ცრურწმენას თან მოაყოლა:

ეს რა ცრემლია!
ცრემლი ისაა, უმწეობით რომ დაგდინდება.
თავისი წილი ვის ასცდენია,
მაგრამ თუ გინდა,
ცრემლდიდობები აირიდო,
დაიმახსოვრე,
ჩვენი ცხოვრება - უდაბნოა.
უდაბნო, ხალხით დასახლებული,
რაც მეტი ბუდობს, უფრო მეტად უდაბურდება.
(მან არ იცოდა, რას ეწოდება
ოქსიუმორონი)
დაბადებიდან სიკვდილამდე
შენ შენი წილი უდაბნო უნდა გადაიარო,
თუკი დაცემულს დაინახავ, ხელს შეაშველებ,
მშიერსაც ლუკმას მოუტეხავ,
ერთ ყლუპსაც  - ვინმე მაშვრალისთვის თუ გაიმეტებ,
წილ საგზალს ღმერთი არავისთვის არ დაინანებს,
მაგრამ
თუ ვინმე აიმგზავრე,
ქმარი იქნება თუ მეგობარი
ისე ნუ იზამ,
შენი მათარა,
შენი აბგაც გამოგიცალოს,
თან შენი ზურგით სათრევი იყოს
სხვისი სათრევიც - ნუ გახდებიო...

ეს ყველაფერი ნეტა ადრე გამხსენებოდა
ან კიდევ კარგი, აღარ მახსოვდა!
სხვა გვარისა ვარ.
რაკი  ვიარე და უდაბნოც გადავიარე,
ბეჭის ტკივილმაც რახანია  გადამიარა,
ვიდრე მოაწევს ჯერი ჩემი,
მზეს ვეფიცხები
და ვიდრე წილი მზეც დამელევა,
ვიხსენებ ყველას და ყველაფერს
ამ საბოლოოდ.
ვისაც რა უნდა, ისე იყოს,
ვახსოვდე ისე!

ესეც  - ლექსია საარაფრო,
საარავისე, 
დეიტონადან შორი მგზავრობა
გავიხალისე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები