ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: მზია თვალაბეიშვილი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
18 იანვარი, 2020


სამება /რატომ სამება?/ – /ფიქრები მარადიულზე/

                                                    სამება

                                              (რატომ სამება?)
                                        /ფიქრები მარადიულზე/


თავდაპირველად შექმნა ღმერთმა ცა და დედამიწა. დედამიწა იყო ცარიელი; და ღმერთის სული დაჰქროდა წყლებზე. /დაბადება 1:1–2/
მამა და სულიწმინდა

„თავდაპირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი“ /იოანე 1:1/ „იყო წუთისოფელში და წუთისოფელი მის მიერ შეიქმნა და წუთისოფელმა ვერ იცნო იგი.“ /იოანე 1:10/
ძე

სამება დასაბამიდან არსებობს.

რატომ სამება? რატომ გახდა საჭირო ერთარსება ღმერთის სამ პიროვნებაში განსახიერება! რატომ სამი და არა მეტი, ან ნაკლები?

უპირველეს ყოვლისა შევეცდები ვუპასუხო კითხვას: როგორ თავსთდება ერთ არსებაში სამი პიროვნება? როგორ გავიგოთ, რომ ერთი ღმერთი სამპიროვნულია? რთულია, ამას ჩავწვდეთ. მე ეს შემიძლია მხოლოდ ადამიანური თვალსაზრისით, ძალიან მარტივად წარმოვიდგინო: სხეული, სული და სამშვინველი ქმნის ერთ არსებას = ადამიანს – და იგი არის მკრთალი ასლი სამებისა.

                                                      მამა

მამა ღმერთი შეუთავსებელია ცოდვასთან, რადგან იგი თავად სიწმინდეა. სადაც ცოდვაა, იქ შეუძლებელია იყოს მამა. გავიხსენოთ ჯვარცმა: „შესძახა იესომ დიდი ხმით: „ელი, ელი! ლამა საბაქთანი?“ რაც ნიშნავს: „ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე?“ /მათე 27:46/ მართლაც კაცობრიობის ცოდვების მთელი სიმძიმე დააწვა იესოს, მან მარტომ შეასრულა თავისი მისია და თქვა: „აღსრულდა!“/იოანე 19:30/

თანაც მამა აბსოლუტური სინათლეა, ცოდვილი მას თვალს ვერ გაუსწორებს. გავიხსენოთ, ღმერთთან პირისპირ ურთიერთობის შემდეგ, სინაის მთიდან ჩამომავალი მოსე. მან არ იცის, მაგრამ სახე ისე უნათებს, უბრწყინავს ღმერთთან ურთიერობისგან, რომ ისრაელიანებს უჭირთ მისი ყურება, ვერ ბედავენ მასთან მიახლოებას. და მოსე სახეს იფარავს. /გამოსვლა 34:29/

ესე იგი დედამიწაზე ცოდვის მატებასთან ერთად, „უფსკრული“ მამასა და დედამიწის მცხოვრებთა შორის „ღრმავდებოდა“. როგორც მიწიერი მშობელი, მიწიერი მამა იბრძვის თავისი გზასაცდენილი შვილის გადასარჩენად, ასე მძაფრად სურდა ზეციურ მამასაც თავისი ქმნილებების გადარჩენა. ამისთვის საჭირო იყო მათთან დაახლოება, არადა ცოდვები წინააღმდეგობას ქმნიდნენ. თავად მამა რომ ჩამოსულიყო ცოდვილ დედამიწაზე, კაცობრიობას სრული განადგურება ელოდა /მისი ცოდვილ სამყაროსთან შეუთავსებლობის გამო/ ამიტომ თავისი წიაღიდან მან მოავლინა

                                                          ძე

„ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.“/იოანე3:16/


ძის მოვლინებას დედამიწაზე, მის ადამიანად დაბადებას და განვითარებას ზრდასრულ მამაკაცამდე, რამდენიმე მისია ჰქონდა:

1. /პირველი და მთავარი/
ა)    კაცობრიობის ცოდვებისგან გამოხსნა – მოციქული პეტრე ამბობს „მასზე ყველა წინასწარმეტყველი ამოწმებს, რომ ყოველი მისი მორწმუნე მისი სახელით მიიღებს ცოდვების მიტევებას“
და
ბ)    ხსნის გზის ჩვენება – „უთხრა იესომ: მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ვერავინ მივა, თუ არა ჩემით.“ /იოანე 14:6/

2.    ცხადეყო როგორია ღმერთი: „ვინც მე მიხილა, მამა იხილა“ /იოანე 14:9/
                                                          „მე და მამა ერთი ვართ.“ /იოანე 10:30/

3. ეჩვენებინა როგორი უნდა იყოს ადამიანი.

განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი დამოკიდებულება ცოდვილებისადმი: „მკურნალი ჯანმრთელებს კი არა, სნეულებს სჭირდებათ.“ /მათე 9:12/
მისი მოსმენისას ამბობდნენ: „არასოდეს კაცს ისე არ ულაპარაკია, როგორც ეს კაცი ლაპარაკობს.“ /იოანე 7:46/ „ვინაიდან იგი ასწავლიდა მათ, როგორც ხელმწიფების მქონე“ /მათე 7:29/

წარმოიდგინეთ, როგორი მიდგომა ჰქონდა ადამიანებთან, რომ საოცარი ცვლილებები ხდებოდა მათში.
გავიხსენოთ მებაჟე ზაქე, რომელიც ბაჟს თავის სასარგებლოდ სძალავდა მოსახლეობას. იესოსთან შეხვედრის შემდეგ ის ისე შეიცვალა, რომ ეუბნება: „აჰა უფალო, ჩემი ქონების ნახევარს ღარიბებს მივცემ და, თუ ვინმესთვის რამე გამომიძალავს, ოთხმაგად მივაგებ.“/ლუკა 19:8/

აქვე გავიხსენოთ სამარიტელი ქალი, რომელიც წყლისთვის მიდის ჭასთან, მიდის  შუადღისას, პაპანაქება სიცხეში, რადგან ჭასთან ამ დროს არავინ იქნება. ის არასასურველია. იქ მას ხვდება იესო, მიუხედავად იმისა, რომ იგი ამხელს ქალს და ეუბნება, რომ ხუთი მამაკაცი ჰყავდა და ეს მეექვსეც მისი ქმარი არ არის. ის ისე მიუდგა ქალს, რომ მან ჭურჭელიც კი მიატოვა ჭასთან, თავისი სირცხვილიც დაივიწყა, გაიქცა ქალაქში, ამცნო ყველას იმ კაცის შესახებ, რომელმაც მას ყველაფერი უთხრა და დასვა კითხვა: „იგი ხომ არაა ქრისტე?“/იოანე 4:29/. გასაოცარია, რომ მას უსმენენ, გამოდიან ქალაქიდან და მიდიან იესოსთან.

4.    თავისი მოწამეობრივი გზის გავლით მან ნათლად დაგვანახა რა არის მეგობრობა, როგორ შეიძლება ამაღლდეს ერთი ადამიანი, როგორ ხდება მეორე მოღალატე, რა არის ვერცხლისმოყვარეობა, როგორ შეიძლება აღმოჩნდე სრულიად მარტო გასაჭირში, როცა მანამდე უამრავი ხალხი გეხვეოდა გარს და მან, ვინც მუშტებს იბრაგუნებდა გულზე და გეფიცებოდა, ყველამ რომ გიღალატოს, მე არ გიღალატებო, განსაცდელის ჟამს შეშინებულმა მიგატოვოს და უარგყოს. რა არის მონანიება და პატიება, რა არის სასოწარკვეთა და სიცოცხლის ნებაყოფლობით დასრულება. გვიჩვენა, რომ ისინი, ვინც გუშინ ოსანას გიმღეროდნენ და ფიანდაზს გიფენდნენ, დღეს შენს ჯვარცმას ითხოვენ და ყვირიან, ჯვარს აცვი.

5.    თავისი აღდგომით დაადასტურა სიცოცხლის გამარჯვება.

ჩემთვის, როგორც მორწმუნისთვის, დიდი ნუგეშია ძის არსებობა, რადგან მან იცის, რა არის ადამიანად ყოფნა! ეს იესოს სიტყვებია: „სული მხნეა, ხორცი კი – უძლური“/მათე 26:41ბ/
თანაც ქრისტე ჩვენი შუამავალია მამასთან. „ვინაიდან ერთია ღმერთი და ერთია ღმერთსა და კაცთა შორის შუამავალი – კაცი ქრისტე იესო.“ 1 ტიმოთე 2:5

და აი, იესომ შეასრულა თავისი მისია, იგი მამას უბრუნდება და ამშვიდებს თავის მოწაფეებს.
„ვისაც ჩემი მცნებები აქვს და იცავს მათ, მას ვუყვარვარ მე.“ /იოანე 14:21ა/. „მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, ჩემს მშვიდობას გაძლევთ თქვენ. წუთისოფელი რომ იძლევა, ისე კი არ გაძლევთ. ნუ შეკრთება თქვენი გული და ნურც შეშინდება.“ /იოანე 14:27/
თან ჰპირდება მათ ნუგეშისმცემელს, რომელიც არის

                                                    სულიწმინდა

„მე მამას შევევედრები და ის სხვა ნუგეშისმცემელს მოგივლენთ, რათა თქვენთან იყოს საუკუნოდ.“ /იოანე 14:16/
„ხოლო ნუგეშისმცემელი კი, სულიწმიდა, რომელსაც ჩემი სახელით მოავლინებს მამა, ყველაფერს გასწავლით და ყველაფერს გაგახსენებთ, რაც თქვენთვის მითქვამს.“ /იოანე 14:26/

„როცა მოვა იგი, სული ჭეშმარიტებისა,  შეგიძღვებათ ყოველ ჭეშმარიტებაში.“ /იოანე 16:13ა/

გავიხსენოთ დაპირებული სულიწმინდის გადმოსვლა მოციქულებზე ორმოცდამეათე დღეს – სულთმოფენა – /მოციქულთა საქმენი 2:2/

ახლა სულიწმინდაა ჩვენთან. იგი გვახსენებს, გვკარნახობს, გვასწავლის. მაგრამ ვუსმენთ?

და ისევ იესოს სიტყვები: „ამიტომ გეუბნებით თქვენ: ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევებათ ადამიანებს, მაგრამ სულიწმიდის გმობა არ მიეტევებათ.“/მათე 12:31/
                                                      –––

აი, ასე ეტაპობრივად მივედით იმ დასკვნამდე, თუ რატომ მანიფესტირებს, განასახიერებს ერთარსება ღმერთი საკუთარ თავს სამ პიროვნებაში:
რათა ჩვენ არასოდეს ვიყოთ მარტო!


მოვა დრო, მარადისობა, და ყველაფერს დანამდვილებით გავიგებთ.
„ვინაიდან ჩვენ ახლა ვხედავთ როგორც ბუნდოვან სარკეში, მაშინ კი – პირისპირ. ახლა ვიცი მცირეოდენი, ხოლო მაშინ შევიცნობ ისე, როგორც მე ვარ შეცნობილი“. – წერს მოციქული პავლე. /1 კორინთელთა 13:12/
„არაფერია დაფარული, რომელიც არ გაცხადდება, და იდუმალი, რომელიც არ შეიცნობა“ /ლუკა 12:2/


მზია თვალაბეიშვილი
21 ოქტომბერი 2019

განთავსდა 2020 წლის იანვრის თვის თავფურცელზე.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები