ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
23 ოქტომბერი, 2019


იქ, სადაც მიწა შვილმა გათხოვა...

ძელზე აკრავენ მავთულხლართებით
მიწას, შენს თვალწინ, როგორც მაცხოვარს!
ქართლის გარეშე რჩები ქართველი
იქ, სადაც მიწა შვილმა გათხოვა...
აცადე, სანამ წამოიზრდება,
ეგება, შენზე უკეთ პატრონობს.
ვაშლის ბაღებიც იქცნენ ხიზნებად,
დარდი ფესვებში მოიმარტოვეს...
სასოწარკვეთა მდგარი ძელებთან
ამბად იქცევა ღამის ქრონიკის.
დგანან მუხები ქართლის მცველებად,
თუმც, იხლართება დარდი მორიგი...
საგუშაგო აქვთ ჩიტებს მავთულზე,
ამბებს გზავნიან, არეს ზვერავენ.
ჯერ წაურთმევი მიწის, ქართულის
მცველი ვერ მოჩანს ისევ ვერავინ!..
სხოვნა მომდგარა გორის ციხესთან,
ეგებ, მან შეძლოს შველა მარჩენლის.
წუხს ერთი მკლავი, მავთულს იქეთა,
ამ მეორე მკლავს, აქეთ დარჩენილს...
ქართლს დააფარეს კალთა სიზმრებმა,
მხოლოდ ძილია, მას რომ პატრონობს.
ცა კი სიმაღლეს შეეხიზნება,
თავს რომ უშველოს, ჩემო ბატონო!
19.10.19

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები