ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: გიო ზედვაკელი
ჟანრი: პოეზია
6 ნოემბერი, 2019


პასტორალები

მთაში მინახავს თოვლი მაისს შემორჩენილი,
მატლიანი,ყვითელი თოვლი.
ამ თოვლს არ მოაქვს აღტაცება,არც სიხარული.
ვფიქრობ ჩემთვის და
ახალგაზრდა მინდა წავიდე.
ასე უეცრად შემეპარა სიბერის შიში,
როცა ხელები დამიჭკნება,
არ შემიძულონ!
....................
ახლა  კატისცხვირს ივნისის მზე  ფეხებს მიაჭერს,
იწყება დნობა,თოვლის დნობა
და ნაბარევა
მოდის შავი და ქაფიანი- გადარევაზე.
ნაბარევაზე
მე მინახავს თეთრი ნიმფები,
როგორ იცვლიან საცვლებს ,მერე სადრაც ქრებიან .
როცა ვენერა გადმოივლის იმ ხიდს ,მორებით
შეკრულს,მისტიურს ,ნაწვიმარზე ძალიან საშიშს,
ხვდება ბაბუა, დილა არის , ტანის ზმორებით
და მერე  თუთუნს  ეწევიან (როგორც ჩვენ ჰაშიშს)
ბიძაშვილები .
გამოჩნდება კოჭლი იროდაც,
მაისის თოვლით ამღვრეული სანაპიროდან !
.............................................
საქმე არ არის.
სიმინდი  ხომ წამოიწვერა,
კოხინჯრობაა.
საფრთხე  არის,  სეტყვა მოვიდეს!
ოდნავ ქარია,ვაშლის ტოტი ნაზად ირწევა.
.................................................................
წრიალებს ბაბუ: ,,დაილოცე ბიჭო ,იროდი.
მახსოვს, შარშანდელ ცოლიკოურს როგორ ტიროდი,,.
,,იროდა ,ბიჭო,დაგვიბერდა  ,ვეღარ  ერევა
სასმელს,,  და ჩიბუხს ამოარტყამს ნაფაზს ვენერა.
..........................................................................................
საკომ კი პირი წაატანა კეცის ხაჭაპურს,
შვილი არა ყავს იროდას და ძაღლი თან ახლავს
მუდამ და  ვფიქრობ,თუ არ დაჯდა საკო კარებთან,
ნედლი თხილისგან გაჩორკნილი ჯოხით გალახავს.
....................................................................................................
გუშინ ნოხტაში ჩამოვიდა თეთრი გოგონა,
და გადაწყვიტა  რომ დაენთო ჭიაკოკონა
ამ ჩემს ჭყინტ გულში...და ჩემს გულში ახლა ბუღია.
ჯგილასათიბში  ბღავის სერგოს  შავი ბუღია.
ვუყურებ მკერდს და მის მზესავით თბილ და  ჩაუმქრალ
თვალებს .
(მთელი დღე გრილ სუნამოს ტანზე ვისხამდი).
ანას არ უჩანს ძუძუები,ალბათ გაუქრა,
ბებიმისის მოტანილი ქრისტესისხლათი.
........................
მთაში მინახავს თოვლი მაისს შემორჩენილი.
ამ თოვლს არ მოაქვს აღტაცება,არც სიხარული.
ვფიქრობ ჩემთვის და
ახალგაზრდა მინდა წავიდე.
ასე უეცრად შემეპარა სიბერის შიში,
როცა ხელები დამიჭკნება,
შემიძულებენ?!.






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები