| ავტორი: ჯავშანიძე ჟანრი: პროზა 1 ნოემბერი, 2019 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
ცხოვრებაში ფეხბურთმა მხოლოდ ვირტუალურად დამაინტერესა.
2010 წელს ჩემი გუნდი შევქმენი და რომელიღაცა ლიგაში საკმაოდ კარგადაც ვთამაშობდი. ადვილი რეჟიმით დავიწყე და როგორც კი ფეხი მოვიკიდე, მაშინვე რთულზე გადავედი.
ხელოვნური ინტელექტი საკმაო მეტოქეობას მიწევდა. თამაშები 2:1, 1:0 მთავრდებოდა ხოლმე ჩემს სასარგებლოდ, ანდაც საერთოდ ყაიმი (ზუსტად არ ვიცი, ამ სიტყვას ისევ თუ ვხმარობთ ქართულში). ხანდახან ვაგებდი კიდეც და თამაშს პროცესებიდან ვთიშავდი, რომ ხელახლა მეთამაშა და წაგება არ დაემახსოვრებინა სისტემას.
როგორც კი სეზონი გაიხსნა, და ფეხბურთში რაღაც სეზონი იხსნება ხოლმე როცა მოთამაშეებს ყიდულობენ და ყიდიან (ტრეფიკინგი - ჰეჰე), გადავწყვიტე ქართველი ფეხბურთელები მომეძებნა და ამეყვანა ჩემს გუნდში. ჩემპიონი ვიყავი, ფული ბლომად მქონდა. სულ ოთხიოდე ქართველი მოთამაშე ვიპოვე, საკმაოდ დაბალი მონაცემებით და ისე იაფად შევისყიდე ოთხივე, ფაქტიურად ნაჩუქარი იყო. ან ნაგავი მომასაღეს.
პირველი, რა თქმა უნდა, კალაძე გამახსენდა და მასაც მივუგზავნე აგენტები. უარით გამოისტუმრა ყველა. ვერაფერი გავაწყეთო. თანხა მაინც რა მოითხოვა-მეთქი? არა, რა თანხა, არც კი გვალაპარაკა მაგ თემაზეო.
შემდეგ სეზონზე ისევ გავგზავნე აგენტები, ისევ უარით დაბრუნდნენ. წლის ბოლოს ბიუჯეტის დაგეგმვისას აგენტების დაფინანსება გავაორმაგე, რამდენიმე მილიონს ვაძლევდი ამ უნიჭოებს რომ კარგი ფეხბურთელები ეპოვათ ჩემთვის და დაეთანხმებინათ გარიგებაზე. მაგრამ სეზონები მიდიოდა და კალაძე უარზე იდგა.
ვაჰ.
მჭედლიძე მაინც გამოდგა კარგი თავდამსხმელი.
2017 წელი დადგა. თბილისს ახალი მერი უნდა აერჩია. სეზონიც გაიხსნა. აგენტები დარაზმული მყავდა, ფული ბლომად დაგროვილი, არცერთი ფეხბურთელი არ მაინტერესებდა, კალაძე უნდა ჩამეგდო ხელში.
ჩავიგდე კიდეც! 5 მილიონად 2 წლიან კონტრაქტზე მომიწერა ხელი.
ახლა, საქმე ამგვარად იყო. ფლანგებზე ისედაც კარგი მცველები მყავდა, ამიტომ კალაძეს კიდევ ორი მილიონი დავახარჯე, სპეციალური მწვრთნელი ავუყვანე, რომ ნახევარმცველის პოზიცია ესწავლა და იქ დამდგარიყო ფლანგზე.
მაგრამ დავგოიმდი. კალაძე უკვე მაშინ ვიყიდე, როცა ასაკში შესულიყო. მე რომ ორ წლიან კონტრაქტზე მომიწერა ხელი, ბურთი კი არა ფეხებს ძლივს დაალასლასებდა. მოედანზე რომ გავიყვანე თხუთმეტ წუთში გული აუჩქარდა, სუნთქვა შეეკვრა და ქანცი გასძვრა.
დავსვი სათადარიგოზე.
მერე წვრთნისას ფეხი წამოკრა რაღაცას, წაიქცა და ტრამვა მიიღო. ვეღარც წვრთნაზე დადიოდა, ვეღარც მოედანზე გამყავდა, ვეღარც ნახევარმცველობა ისწავლა. სანამ კონტრაქტს ვადა გაუვიდოდა, ჩემით გავათავისუფლე გუნდიდან... ადგილს იკავებდა და სხვა მოთამაშის აყვანა მინდოდა.
გავიხედე და თბილისის მერი გამხდარა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. სად მთავრდება ვირტუალობა და სად იწყება რეალობა- ვერ მივხვდი :)
მგონი, ავტორსაც ეს უნდოდა :)
სად მთავრდება ვირტუალობა და სად იწყება რეალობა- ვერ მივხვდი :)
მგონი, ავტორსაც ეს უნდოდა :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|