ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნიკო ლეჟავა
ჟანრი: დრამატურგია
2 ნოემბერი, 2019


ტელევიზიის სარდაფში (სატელევიზიო სპექტაკლი) სერია 18

სერია # 18

                  მოქმედი პირები:
ოსტატი  - ავეჯის ლოთი, თვითმარქვია რესტავრატორი;
შეგირდი - ოსტატის შეგირდი, შრომისმოყვარე;
პავალი  - წითელარმიელი;
კანტროლკა - შუასაუკუნეების დროინდელი ჯალათი;
და სხვები.




იმის ფიქრში - ყავის მომდუღებელმა მარგომ მისვლა არ დამასწროსო, ოსტატი ადრიანად გამოცხადდა სტუდიაში. მაგრამ იმ დღეს, მისვლა, არა თუ მარგომ, თავისმა გუნდის წევრებმაც გასაკვირად დააგვიანეს - პაველმა, კანტროლკამ და მიშკა-შეგირდმა. გაურკვევლობაში ჩავარდნილი სტუდიაში ბოლთის ცემას მოჰყვა. ბოლოს, როგორც იქნა, კულისებიდან ხმაური მოისმა და შემოცვივდნენ აფორიაქებული პაველი და კანტროლკა; მალე, მათ მიშკა-შეგირდიც მოჰყვა.
- შეფ, ომი დაიწყო - ტყვიამფრქვევი უნდა გამოვაგორო! შენ, ცული ალესე! - ასისთავივით პაველმა მითითებების გაცემა იწყო და დეკორაციისგან ბარიკადის აგება.
- ვინ გვეომება?! - შეშფოთდა ოსტატი.
- პარლამენტარი გვეომება!
- რომელი პარლამენტარი?
- ანარქისტი პარლამენტარი! არმია შეკრიბა, ჩვენი ტელევიზიის დასარბევად მოდის!
- რატომ, რისთვის?!
- ხომ გახსოვს, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში სასამართლო პროცესს რომ დაესწარი - იქ „მოსამართლემ“ ვიღაც „ქუჩის ბიჭს“ „ბრალდება“ წაუყენა იმის გამო, რომ ის საკუთარ დედას აგინებს!
- ხო, იყო ასეთი შემთხვევა...
- ჰოდა, ეს პარლამენტარი იმ „ქუჩის ბიჭს“ გამოესარჩლა!
- მერედა, ჩვენ რა შუაში ვართ?!
- იმ შუაში ხართო, რომ - ტელევიზიას არ ჰქონდა უფლება მაგ ტიპისა და დედამისის „პირადი ურთიერთობა“ გაგესაჯაროებინათო! მარტო ჩვენ კი არა, იმუქრება - იმ ფსიქიატრიულ საავადმყოფოსაც მიწასთან გავასწორებ, სადაც მას ბრალდება წაუყენესო!
- გიჟია, გადარეული?!
- გიჟი არაა, პარლამენტარია, ანარქისტი პარლამენტარი! გვარი დამავიწყდა... - სტუდიაში ტყვიამფრქვევი შემოაგორა. - შეფ, არმია მოჰყავს; ბევრნი არიან... მარტო მე და კანტროლკა ტყვიამფრქვევით და ცულით ვერას გავხდებით, შენ და შენი შეგირდი უნდა დაგვეხმაროთ მათ მოგერიებაში!
- ჩვენ რა უნდა ვქნათ?
- სტუდიაში შემოჭრილებს, „მოლოტოვის კოქტეილები“ დაუშინეთ!
- „მოლოტოვის კოქტეილი“ რა ჯანდაბაა?
- „მოლოტოვის კოქტეილი“ ცეცხლწაკიდებული ბენზინიანი ბოთლია; ესვრი, ბოთლი იმსხვრევა და მტერი იწვის! მაგიდის ქვეშ ქვეყნის ცარიელი ბოთლი გილაგია... ყველა ბენზინით აავსე!
- ბენზინი საიდან მოვიტანო, სტუდიაში?!
- თუ ბენზინი არ გაქვს, სავსე ბოთლები ესროლეთ - არაყიც იწვის...
ოსტატი შეყოყმანდა.
- ვერა, ძმაო, სტუდიაში ხანძარს ვერ გავაჩენ - ტელევიზიის სახანძრო-უსაფრთხოების უფროსი ისედაც აღრენილია ჩვენზე...
- კარგი, თუ სავსე ბოთლები არ გემეტება, ცარიელით დაუტეხეთ თავები!
- ცარიელები ვესროლოთ?
- ხო, ცარიელები ესროლეთ!
- ეგ შეიძლება...
მაგიდის ქვემოდან ცარიელი ბოთლების გამოლაგება იწყეს.
- ოსტატო, მე ამას ვესვრი... - მიშკა-შეგირდმა ოცლიტრიანი შტოფი გამოაჩოჩა; დაცლილი, რაღა ღქმა უნდა. _ უბრალო ბოთლების ფონზე, ეს „ატომური ბომბია“!
- მეცოდება შტოფი...
- მტერი შემოგვესია!
- კარგი, იმ შემთხვევაში ესროლე, თუ მათი მოგერიება უკიდურესად გაძნელდება!
- მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ვესვრი; იქ ერთი სავსე შტოფიც დგას...
- მაგას არავითარ შემთხვევაში არ ახლო ხელი!
- გასაგებია...

მალე, კულისების მხრიდან, პირველი „უცხო“ გამოჩნდა, მაგრამ როგორც გაირკვა, ის „მტერი“ არ იყო; შორიდანვე გამოსძახა - არ მესროლოთ, თქვენიანი ვარო! თან, ჯოხზე წამოცმული თეთრი „ბაირაღი“ ააფრიალა.
- რომელი ხარ? - გასძახა ოსტატმა „ბარიკადიდან“.
- თქვენიანი ვარ, ცოტნე მქვია, პროფესიით - ისტორიკოსი!
- შეფ, გვატყუებს, უნდა გავჩხრიკოთ! - თქვა პაველმა.
- არ გვატყუებს, იერზე ეტყობა, ჩამოყალიბებული ინტელიგენტია - პროფესორი! - ბარიკადიდან გამოეგება. - მობრძანდით, ბატონო!
- ჩემთვის პატივია თქვენს რაზმში შერწყმა, როგორცა უთქვავმთ - „მეც თქვენებრ, ძმებო, მიღრინავს გული...“ მიუხედავად, რომ სამოცდაათს მივუკაკუნე!
- ბატონო ცოტნე, გაშლილი სუფრით უნდა გეგებებოდეთ, მაგრამ ხომ ხედავთ, „საომარ რეჟიმში“ გადაგვიყვანეს...
- ნუ შფოთავთ, სტუდიაში მტერი ვერ შემოაღწევს - თქვენ პოლიცია გიცავთ!
- პოლიციის იმედი არ მოგვეშალოს... მაგრამ ხომ ხედავთ, დრო შეიცვალა - პოლიციას აყარეს პატივი! საპარლამენტო რესპუბლიკაში ვცხოვრობთ... ახლა, პარლამენტარია პოლიციაც და პროკურორიც!
- მაგ პარლამენტარს, რომელმაც თქვენზე გამოიწია, კარგად ვიცნობ; მე თუ მკითხავთ, ის პარლამენტარი კი არა, სისხლის სამართლის დამნაშავეა - ფსევდო-დემოკრატიული კანონ-წესების დანერგვის გზით ცდილობს ქვეყანა ქაოსში ჩაძიროს! ახალგაზრდობას ფუქსავატობისკენ უბიძგებს!
- მეც ეგ ვთქვი - ანარქისტია, ეგ დასაწვავი! - წამოიყვირა პაველმა. - შეფ, მაგ ერთს მაინც ესროლე ბენზინიანი ბოთლი!
- ჩუ, გაჩუმდი! - გააჩუმა პაველი; სტუმარს მიუბრუნდა. - ვინ აირჩია ის დეპუტადად?!
- დეპუტატად ვინ აირჩია? ეჰ, ჩემო კარგო, უბედურება იმაშია, რომ არჩევნებზე ბრძენს და იდიოტს თანაბარი ხმა გააჩნია! აქედან გამომდინარე, ქვეყანაში რაც მეტი „იდიოტია“, მით უფრო სავალალო ხდება არჩევნების შედეგი. ფაბრიკა შექმნეს „იდიოტთა შტამპვის“; ტვინს ურეცხავენ ათასი ხრიკით... წარმოიდგინეთ - კაცს სამარცხვიდოდ აცვია... მას არ ამხელენ ამაში, პირიქით, იერსახეს მოუწონებენ, რომ მისი კეთილგანწყობა მოინადირონ! ხოლო, წამლად, თუ ვინმე გამოჩნდა ისეთი, ვინც ასეთს ამხელს, ციხეში ჩააყუდებენ - შენ მისი პირადი ცხოვრება განიკითხეო! – „მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო...“ - დააპატიმრონ ილია ჭავჭავაძე, გამოაცხადონ ის საზოგადოების მტრად! როგორ არ უნდა განიკითხო ასორმოცდაათკილოიანი „მურტუკი“, რომელსაც უკანალის დაბანჯგვლულ ჭრილს ნიფხავი ვერ უფარავს, რადგან „მოდას“ აყოლილმა, ის უკიდურესად დაბალწელიანი ჩაიცვა! როდესაც ლამაზ ქალს აცვია ანალოგიური ტიპის სამოსი, ამაში არის გარკვეული ხიბლი... - აქ, ბატონმა ცოტნემ მსუბუქად ჩაახველა.
- ხო, ლამაზ ქალს უხდება „მოდა“... უნდა მეთქვა - მოდაზე ჩაცმა! - დასძინა ოსტატმა.
- შეფ, „ჩაცმა“, თუ „გახდა“? - ჰკითხა პაველმა.
- მოდას ჭკუას ვერ ასწავლი...
ცოტნემ განაგრძო:
- ახლა, იმავე „მუტრუკის“ ეგრეთ წოდებული „საინფორმაციო ღრუ“ გამოვიკვლიოთ, თუ რას წამოისვრის პირიდან? რას და, ლამის ყოველ მეორე სიტყვაში საკუთარ დედას აგინებს - „ჩემ დედას ასე ვუქენი...“, „მეძავის შვილი ვიყო...“ - ფიქრობს, რომ ამას ჰაერზე, ყოველგვარი აზრობრივი დატვირთვის გარეშე აკეთებს. ნურას უკაცრავად - სიტყვას განუზომელი ძალა გააჩნია! ჯადო, რომლისაც გვეშინია, სიტყვით იწყობა! სამყარო სიტყვით შეიქმნა! სიტყვით მოუკლავთ და სიტყვითვე გაუცოცხლებიათ კაცი! ახლა, თვითონ ეს „ჭირი-სიტყვა“ გავშიფროთ, საიდან მოდის, რისგან აიწყო? ის არც მეტი, არც ნაკლები, ფიცის დეგრადირებული ფორმაა; წინათ იტყოდნენ - „დედა მომიკვდეს, თუ ვიტყუები!“ შემდეგ, „მუტრუკმა“ ჩათვალა, რომ სიტყვა - „დედა მომიკვდეს“, ზედმეტად მიამიტურად ჟღერს, ბავშვურია და ფიცი „დამაჯერებლობით“ გაჟღინთა - მეძავის გაზდილი ვიყო, თუ ვიტყუებიო... ჩემი დედა მეხმაროს, თუ ვიტყუებიო... - ხალხო, კაცს როგორ უნდა გაგვიხდეს საფიცრად დედის სინდისი?! ნუთუ ამ ქვეყნად საფიცარი გამოილია?! მაგრამ ამით რომ დამთავრებულიყო საქმე, რაღა გვიშავდა... „გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის“ - და „მუტრუკმა“ ფიცის ეს გრძელი ფორმა თავისი ნიჭიერების მიხედვით შეკვეცა - „მეძავის გაზრდილი ვიყო...“, „დედა ვიხმარე...“ და მალე ის გადაავიწყდა, რომ ამ „ჭირს“ ფუძედ ფიცი ედო. მშობლის შეურაცხმყოფა სიტყვის მასალად აქცია, როგორც სიმღერას მისამღერის სახით სდევს უშინაარსო სიტყვები - ლალე-ლალე, დივლი-დალა-ლალე... ჰარი-ჰარალე, ჰარი-ჰარალე...
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი?
დიდი გულისტკივილით აზრი უნდა დავაჯამო იმით, რითიც საუბარი დავიწყეთ _ ვინ აირჩია ის დეპუტატად?! ვინ და, `მუტრუკმა~ აირჩია ის დეპუტატად, მუტრუკმა, რომელსაც სისტემა დასტობით ბეჭდავს!
- მიშკა, მტრის სტუდიაში შემოჭრის შემთხვევაში, სავსე შტოფიც ესროლე, ცეცხლწაკიდებული! - და ოსტატმა მაგიდის ქვემოდან არყით სავსე ბოთლების გამოლაგება დაიწყო.
- ბრავო, მაესტრო, ბრავო! - პაველმა, კანტროლკამ, მიშკა-შეგირდმა და ბატონმა ცოტნემ ოსტატი აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს.
- შეფ, ეს რა არის, სულ - ჭაჭა, ჭაჭა... ერთი ბოთლი კონიაკიც გამოგერია!
- ხო აბა, ბაბუაშენმა კონიაკით გაგზარდა...

P.შ.  სერიის უკანასკნელი კადრი, რომელშიც გამოსახულება აღარ ჩანს, მხოლოდ საუბარი ისმის და სიმღერა - გარეკახური საცეკვავო.

„ჰარალალო ვარისლალო ბანებო
ვარისლალო ბანებო და ანგელოზო ქალებო
ჰარალალო შენი ჭირიმე ძმა ხარო
შენი ჭირიმე ძმა ხარო მთავარ ანგელოზს გავხარო
ქუდი გვერდზე დაგიხურავს
ქუდი გვერდზე დაგიხურავს ამპარტავანსა ჰგევხარო
ჰარალალო ვარისლალო ტაში ტაში
ჰარალალო და აქედან გორი შორია - თვალმარგალიტი ბროლია
თქვენ სანახავად მოვსულვარ - სხვა საქმე არა მქონია
ალალმე დილის ნიავო
ალალმე დილის ნიავო - მე შენთვის მიტირნიავო
შენ ჩემთვის რა გატირებდა
მე შენთვის არ მირგიავო
ჰარალალო ვალისლალო ბანებო
ვარისლალო ბანებო და გოგოებო ქალებო
ჰარალალო ვარისლალო ბიჭებო“

(წერტილ-მძიმე თავ-თავის ადგილას სუფრის წევრებმა თითქმის უშეცდომოდ დაუსვეს )

და კიდევ:
- ბატონი ცოტნე ალავერდს შენთან კი არა, ჩემთან გადმოვიდა! მაცადე ორი სიტყვის თქმა...
- ბრძანე ბატონო...

სულ ბოლოს, დაშლის წინ, „ჩაკრულო“ დასჭექეს. არაუშავს გამოუვიდათ...

მეთვრამეტე სერიის დასასრული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები