1
კლდეს მომწყდარი კენჭივით იყო ჩემი ცხოვრება, ცას თავშალი ავახიე ღამის სათევად, სახლი სახლად არ მივარგოდა, ჭერი სამყოფად,იატაკი ლოგინად, შემიძლია ცოდვაც გავამხილო და ვთქვა, თუ რამდენად ლამაზი იყო მეტყევე ქალის ხავსიანი ხელები, რამდენად მახვილი იყო ბავშვების თვალი, ნატყვიარ კედლებს რომ ისარივით თითი მიადეს, არც აღარავის გაახსენდება, ჩემი დაღლილი ცოლი, თვალებიდან წვიმას რომ იმშრალებდა და აწ გადაბმულ ყველა ძველ და მომავალ მკვდრებზე, შუა ზაფხულში, კოპიტის ძირას-პიოლამეფთან, გარდაცვლილს რომ თავზე ვედექი. ვერც მიწას ვკარი ხელი, სადაც ის მოკვდა, ვერც ჩრდილს დავამღერე. ხე დავტოვე ჩემს ეზოში, ერთი ლოდიც მუზეუმივით, თვითონ კი სადღაც გადავიხვეწე.
თქვა კაცმა ,-დამხრჩვალ ფიცრულს შეკედლებულმა, თქვა და ერთი ბატკანი ლოდთან მიაბა, ქსოვა და კილმინაციით-მარყუჟი კისერზე, ანუ მომსვლელ-წამსვლელი აღარავინ ჰყავს, კარი რომ აჭრიალდება, ქარია, ქარი. ფეხზე კი ტყუილად ნუღარ ადგები, არავინ გსტუმრობს. ან რომ გდომოდა, განა იქვე არ დარჩებოდი? განა მკვდარი ახლოს არ იყო? ათი მზის ეტლიც გამოგიგზავნონ, განა აუხვალ?
შუაღამისას, საფლავები როცა ყმუიან, ყურს უგდებდა მიწის ტკივილებს, განმარტოებულია კაცი და დამარხული სევდის წითელი მდინარე რომ წამოუვიდეს, დამალვას ჰგავს ეს, სიყვარულისას. სხვებთან კი ალბათ თბილი ზამთარია. ქუჩები კი ისეთი, არც ბებერი მუხები ღონდებიან, არც იასამნებს უხარიათ.
სამჯერ იყო ბატკანის ხმა, სამჯერ უარა ფიცრულს კაცმა, მეოთხეჯერ კი პატარა ბიჭი, სინდისის ქენჯნას რომ წააგავდა, გადაეღობა.
-ჩემო ძმობილო, ჩემს თავს დიდხანს ვინახავდი, მარილი მეტი მომივიდა, კუზიდან გაჩენილი ბავშვების .მთას რომ შეეკედლე, სიყვარულს განა აქ გააცოცხლებ? თუ კი არ დაგრჩა, სულიერიდან? სახე რომ ბამბის ქსოვილად გიქცევია, წვერი კი,პირქუშ ქვიშას მივიგავს, ქვიშას სეტყვისებრს, იქნებ ის სჯობდეს, უშნო ნამგლით შეილამაზო. -რა ხისტია მარტოობის ტილო და რა ლამაზი, ღმერთის მუცლიდან ამოდის ასე, მდინარე კი ამოსავალს, ხომ არასოდეს დაუბრუნდება. ამ ფიცრულში კი, სატრფიალო ლირიკა მიცოცხლდება, ჩემს ეზოსთან ვერ შევძლებდი ჭის გაკარებას, არ იქნებოდა წყალი კამკამა. ამოიკვნესა და განავრცო,გულით, გულით-ნახევრით:უკანასკნელად მომეჩვენა ტრფობის ის ჟამი.ამ ფიცრულში კი, მკრთალ აჩრდილად კი არ ვქცეულვარ, მთელი საიდუმლო შევინახე და აქვე ვამხელ, მე მოვერიე დავიწყებას, აქ ჩავირაზე და სასჯელი კი იმ ორთვალა ურემს წააგავს, რვავე ცხენი რომ, ნეკნის თოკით მასზე მივაბით, თოკს სასიკვდილოს. ღამე ა ისეთი, მძიმე უღელს დაგადგამს თავზე, გვირგვინს მივიწყებულს. -ღელეში რომ კაცი ქვებზე გადაირბენს, აქაოდა შარვლის ტოტი წყალში არ ჩავყოო და კოჭლი ქალი, ალბათ ოთხოცს მიტანებული, დატოვებული გაღმა ნაპირას, ქვას ჯოხს უმიზნებს. კაცი გაღმა მხარეს, არყის მსმელი კაცებისკენ მიიჩქარის, ქალი წვალობს, წვალობს, მეგობრის საფლავს სარეველა შეეჩვიაო, მიდის და კვდება. ნეტავ რამდენს აღარ ახსოვს თაფლის სიმწარე? ის სიყვარული, კაშკაშა მზეში რომ ეძებდა და პერსეფონეს შავ მიწაში რომ ვერ იპოვა? რამდენ რძეს უსხამდნენ ამ ესთეტიზმს და რიგში დგომა ვის გაუგია,გარდა პურისა, სანთლისა,ტალახისა.
ბატკანს თვალი შეავლო და ნატკენი ხორცი გაუჩინარდა.ბავშვს გააჩნია სინდისის ქენჯნა, თუნდაც ვერმოსულს. იჯდა კაცი დიდ ლოდზე, მთების ქედებზე მილურსმნული, დაჭრილ ირაოს მიმსგავსებული, რომელსაც არსად აღარ მიჰყავხარ. თვალი შეავლო მკაცრ მთებსა და მთისავით ცრემლი თვალებიდან ამოუყვავდა.
-დადიან სოფლად, მეზობლები, ამვლელნ-ჩამვლელნი, ვერც სიყვარული დაიტირა, ვერც თავს მიხედა-ამბობენ და საფლავის ქვას ერიდებიან.
-ჩამოიარა სოფლის სულელმა,- ეჰ, მეზობელო, კარგო ქალოვ, შენი მჭადები ისე ცხვებოდა,კალთით ფქვილი ქმარს რომ მოჰქონდა, ნამათხოვარი,დედაჩემისგან. თქვა და მიწას ხელი შეახო, ხის ტოტებში გაიშალა და ამოიკვნესა, სადა ხარ, ბიჭო. ცოლიც გიყვარდა, ამა სოფლად ერთი სულელიც.
ბატკანს სამჯერ ხმა აღმოხდა, სამჯერ თქვა-მოვკვდი.
2 (მეწისქვილე)
საღამო იყო, სეტყვას კი არა, სიზმრის ახდენას დაიჯერებდა კაცი. სიზმარიც ახდა, სეტყვაც ფეხთან გადაგვიგორდა, რომ შევიკრიბეთ, აქ შეკრება სახმამაღალოა,ორნი ვიყავით, ვაწესრიგებდით ძვლებზე ხორცის კომპოზიციას და როცა ხალხი, ხეებივით იდგა ქუჩაში, მწვანე თვალებით , უინტერესონი, როგორც კოდექსი.
ჩვენ კი, მომლოდინე და მზის სხივების წყურვილს მონატრებული ტყემლის ბაღებივით შევრჩით ერთმანეთს, იმ ბაღებივით, ყინვამ რომ მოუსწრო და ასე უხეშად ვაშლის წარსული მუცლიდან რომ ამოგვიხტა. არა და როგორ იყო? ჩემი მობიბინე მინდორი, შენს ფეხებთან რომ წყდებოდა, მეჩხერ ტყეებს ემსგავსებოდა, ქ ქარის ქროლვა რომ რკალად ვერ აქცევდა.
რაც მთავარია,საქსოვ ძაფებს, ჩვენი ხელი, არც არასოდეს არ მოწყვეტილან, ვერ უგემიათ ის სიმწარე, უხეში ხელი მუშტად რომ აქცევს, მრგვალად დაახვევს,მტვრიან თაროში წრეს რომ მოხაზავს. გადავიხვეწეთ. ჩვენ,უბრალო ორნი,ერთმანეთისგან ავირიეთ, წავედით და მაინც ორნი ვართ, ოღონდ იქ არ ვართ, ჩვენი მსხალი ნაყოფს რომ ისხამს, ჩვენი ჭიდან,წყალს რომ სვამენ და მსხლის ტოტებს ნაყოფი კი არა, მარტოობა აქვთ გაბმული ტოტატ, ჭა კი იმ სიღრმეა, ვეღარ ჩასწვდები. მე კი მაინც გამოვერეკე.
ცოლი რომ მომიკვდა, წიგნში ჩასატანებელ სანიშნედაც აღარ ვვარგოდი, ვერც საკმარისად გავპარსავდი საყოველთაო და ყბადაღებულ ყოფიერებას, სისხლად იქცევი, ჭრილობა გახუნდდება, ჯვარს და მზის რიგებს როგორღა ელოდები?!
ჰო და გამოვერეკე მეთქი და ამ მთას, შორს და მიუსვლელს შევეკედლე, ჭიკჭიკი აღარ ისმის ამ სიმაღლეზე ჩიტის, მხოლოდ ქვის ტრიალი, შემოვაშენე წისქვილი და ქვა კი არა ლოდი დავუდე, წელზე სარტყელი, ვზივარ და ვისმენ. მ ომაკვდავი და ნაადრევად დასალპობი კი არა, ციხე-კოშკივით მყარია იგი. რაც მთავარია არავინ აღარ მოდის ხურჯინით სავსე, არც ხმა ისმის დაჟანგული ურმის ჭრიალის, ან და საიდან?!
გასაგები ხომ იქნებოდა ჩვენი წვალება, გასაგდებად ამორჩეული,ბასრ ნისკარტ დამიზნებული ფუტკრის წვეთი სიტკბოს გარეშე?! სიბრალული, ლირიული გადახვევები, რეისები... აქ, ამ ჯურღმულში, ყურით მოათრევენ რეალიზმს აჩრდილები, რომ მიწაში ჩავალთ და მეორე მხრიდან გამოვიხედავთ, ვიღაც დაიღალა ჟანგბადის გამოყოფით, ვიღაც ხეს სუნთქავს...
საყელოს პირდაპირ წისქვილის ქვის ხმაზე ვიკრავ, წნევასავით იზომება ჩემი კედლების გრძედი-განედი, ვერცხლის საყელოს მსგავსად ობობებმა ჭაღზე სახლი გააბეს, ამ უწყინარ პათეტიკას გვერდითი მოვლენები აქვს, შენს ფრიალა და ხორბლისფერ კაბას, სარეველაც კი შეეჩვია, აქვე კუთხეში დაკიდებულს, შენნ კი, ქარ-ცეცხლში ივარცხნი ოქროს თმებს და სიკვდილს კოცნი, სიკვდილს კაშკაშას, შუბლის ძვლებზე ღმერთის თვალები ამოგდის, მე კი ვერც მარტოხელა გავხდი, ვერც უპატრონო, მაცვია წუთისოფლის სამდურავი და ესაა ჩემი სასჯელი.
განა საქმეს ვაკეთებ ქვის ტრიალით, განა ოკეანის ზვირთებს ვეჭიდები, უმისამართოდ არეული იყო შენი ფიქრები, სხვა აბრუნებდა, სხვა ფქვავდა და სხვას ელოდი.
დაღლილ მოხუც ბებიას აედევნე იმ სიშორეზე, წითელი სიმინდი მიჰქონდა, რომ დაუცვივდა, რომ დაიჩემე მხრების აჩეჩვით, ბევრი მზე დაგვეყარაო, არწმუნებდი ბროწეულის ხე ამოვაო და ვერასდროს რომ ვერ დალაგდი, სად იკბინება მზე.
მე კი მივდივარ, ცოცხლად მმარხავენ და მოაქვთ და მოაქვთ ხორბლისფერი თმების წიგნები, ალბათ ჰგონიათ სულზე მეტი ვიცი, ან რეალიზმი- მიწას მოვისხამ. ყვირილის წრე არ შეიკრება, მხოლოდ ყვავები ისვრიან კენჭებს და ზემოდანაც დაგვაყვედრებენ, ტიტები მიწისკენ გვექაჩება და სტენდალიც გაიხსენე, აფერისტი, მშვიდი მთხრობელი.
სხვა ყველაფერი წესრიგშია, საუკუნით ადრე თუ გვიან, გულგრილი მზერა. როგორ მევლო გაფურჩქნული იასამანივით, გაზაფხულზე ჩემი სახე სად უნდა გამეტანა?!
შენს საიქიოში არაფერია, ჩემთანანაც აღარ, ღრუბლიანი ამინდივით გამოვიგონე.
ნუ დავმშვიდდებით, კოხტად მკვდარნი პირველივე სიმართლის მერე ცას ამკვეთრებენ და მაინც, ჩრდილი თუ არ მოვისხით, რომანი როგორ გამოგვივა?
წვიმიდან სველი თვალები ამოვიტანე და მიწა მიწაა, თუნდაც გვირილა ამოაგდოს, მდინარეში შესვლის არ იყოს, სიკვდილიც ხომ ერთხელ ამართლებს. დანარჩენი მხოლოდ...
ქვის ტრიალის ხმა ვაქციე თავშლის შრიალად, ლოდის სიმძიმისას ვიგრძენი ერთგულების გაჟონილი სითხეები.
შენ შეიბრალე ის ქალი, თავიდან რომ ბუჩქი ამოაჭრეს და მიუწერეს, (ბედნიერება ყველა ზამთრით დაკეტილია) მაინც როდემდე,-კლავიშებს შორის კილომეტრები. შენ შეიცოდე ის ქალი, აშარი თმებით, სადაც სამოთხე სიგლუვისაა.
საფქვავში, უკანასკნელი ერთი კაკალი წითელი სიმინდი ჩავაგდე და წითელ ოკეანედ გადავიქეცი, სისხლის,მანძილის, ვერმისულის. აჰა, ჩამისუნთქე.
3 ( რქვი)
ლამისაა, სადღაც ოცდასამი ვერსის მანძილზე, ცხენმა თავისი ლამაზი და ოქროსფერი ძუით, მეპატრონე მსხლის ბაღებში თრევით ატაროს. ლამისაა, სახლი დაიქცეს და დაიცაროს, ათი კაცისგან კეკენია ზაფხულში რომ შენდებოდა, თითო წვეთით, უძირო ოკეანეს რომ შეშურდება იმ წვეთით, მაგრამ მის ფსკერზე დაილექა, დაჭრილ და ჩაძირულ, ჭადრაკულად მიწყობილ ტრირემას და ბუერას დაემსგავსა და ლამისაა დაიშალოს და დაიცაროს და ეს კი არა, აგერ პატარა,ჩიტისგულა ბიჭი, ბიჭი გურმეჭვია, წყევლა-კრულვას დედის რძედან მიჩვეული ხალხის ჟანგიან ჭიშკარს ცარცით რომ მიაწერა, -შეღებილია, ეგონა მზე რომ მოუტანა და ქვა რომ დახვდა, წაუსვა საკუთარი თავი ჭიშკარს და მხოლოდ თრომბების ნაკრები რომ დახვდა, დახვდა და ჩიტისგულა ბიჭი მზის ჩამავალ სხივებებს რომ დაესგავსა და მზე რომ გახდა მრავალკუთხედი, ხრინწიანი, ძუნწი ბგერებით.
მაგრამ საწყენია ეს კი არა, ამაზე მეტად მარტივს და ბუნებრივს ვერ მოძებნი კაცი, ცხრა მთა და მდინარე რომ მოიარო და გაცილებით მარტივია, სადღაც მიუსვლელ ყიამეთში, მგლისეთში, გუშინწინ ამოსულ იასამანს, რომ ეფერება ქვრივი, თითქოს აქამდე უხილავი ყოფილიყო ყვავილი, თითქოს აქამდე არ ეყვავილა, მაგრამ უკანასკნელ ყვავილობას ჰგავს ეს, ზის და მოსთქვამს, განა კაცს ესმის მისი ხმა? განა ნისლივით გაიფანტება მისი ფიქრები? განა ლამაზი არ არის მისი ძაძები, -ტალახიანი? განა მფარველი ანგელოზები სიკვდილის წინ ფიცარ-ფიცარ არ დაშლიან, როგორც მაგიდას?
ზის და მოსთქვამს, იასამანს ცასავით დამხობია და მოსთქვამს, სიმღერაა მისი ჩივილი, უკმარისობაა მისი ყოფნა, ქარივითაა მისი ფიქრი, სიცოცხლე კი არა, სიკვდილის კუთხეში ვიყავიო გამომწყვდეული და ეს იყოო ჩემი თხევადი რომანტიზმი.
ცხრა სოფელი გამოვიარე, ქარით, წისქვილით, ქირომანტით, გზა და გზა ცხრა შვილი ვზარდე, პროტესტებით, გამოსვლებით, ფაფას კი არა, ეჭვის თვალებს ვაჭმევდი დილით, -საღამოს, თვითონ კი ცეცხლის ლამპას ზემოთ, ტვინამდე ვუწევდი, ჩამოვაგდებდი სინდისის სვეტს, სახმოვანებით.
ცხრავე ქმარი, ომში რომ გავუშვი, ლამანჩელ რაინდებად კი არა, ვერცხლის ჯავშანით რომ მოულამაზებიათ გული და მკერდი, ერთგული და სიმამაცით გაჟღენთილი კვერთხი კი არ სჭერიათ მათ, ომის მათხოვრებად ვაქციე ისინი.
რაც მთავარია, მეწისქვილის თეთრი ხელების ანაბეჭდები ჩემს კართან აღარ გაწმენდილა, იმ დაღლილი და წისქვილის ქვად ქცეული კაცის ხელების, კენჭებით რომ სახლის დარაბები ჩამიმტვრია. რა სუფთა ყოფილა მისი ხელები..
ისე დამარწია დედაჩემმა საქანელაზე, წინ ლოდი დამხვდა უზარმაზარი და მეც დეფისებს შორის ჩავეტიე. ბებიაჩემს ავედევნე აღმართზე, დახეული კალთითად მთელი სამყაროს ნაფიქრ-ნატკივარი გადმოუცვივდა, ვაკოწიწე, ვლამბე და გავიზარდე.
ერთხელ მაინც მომაწოდონ კიბე, ხეზე ვერ ასულს, განა მაშინ არ ვთხოვე ათი წლის მკვდარს, მიშველე-მეთქი? დაგრეხილ წურბელებს მივამსგავსე გზები, ხიდები, ქალაქები, მისვლა და მოსვლა, თეთრი კაბა მეცვა მდინარეების პირას ჩამოჯდარს, ყველა თევზის ენა მესმოდა. არც არასოდეს გამიგია, მოსახვევიდან გამომხტარი სახლების გემო.
ჰო და ქვრივი ვარ მეთქი, ქვრივი ალერგიული ქვეყნის. მამლის ყივილია ჩემი ლოცვა, კარზე თეთრი ანაბეჭდია ჩემი სასჯელი, ფესვივით მეზრდება ტანზე მთელი ოხვრა, მოჭრილ ხესავით ვიდექი მთელი მოთმინებით და ღმერთისგან დაწყევლილი, შხამად ქცეული უბედურების სიტკოება თაფლივით მომდიოდა თვალებიდან
რა წვეთი იყო ეს ყველაფერი, რამდენი დოქი გადავსებულა. ჩემი სისხლი უდგას ნამად აქაურ მინდორ-ველს, ჩემი სისხლით იმაგრებს ყვავილი მიწას.
რამდენიმე ზამთრის მერე, როცა სახელდაურქმეველი ყვავილი მტვრად იქცევა, მაშინ, როცა ლამისაა, სადღაც ოცდასამი ვერსის მანძილზე,ცხენმა თავისი ლამაზი და ოქროსფერი ძუით, მეპატრონე მსხლის ბაღებში თრევით ატაროს, როცა სახლი დაინგრეს და დაიცაროს და ბიჭი გაიხსენე, გურმეჭვია... ლამიისაა კედელთან დავდგე და არ ვიცი, რომელი კვდება, მე თუ კედელი.
მზესავითაა ჩემი ძაძები, ვერამოსული. სხვა ყველაფერი წესრიგშია.
3 (დაუწერელი)
სანამ, ათასი კაცის წინაშე, უცოდველ ყმაწვილს ტრიბუნალს გადასცემდნენ, სიტყვა აქვს სულ მცირე ორადორი, მაგრამ ვინ უსმენს. სანამ, ვერცხლის ტახტზე უშნოდ მჯდარი იმპერატორი, ჯერ კიდევ მასხრად იგდებს ხის ჯავშანში მცხოვრებ მეომარს, ურიცხვ ლაშქარს გადამტერებულს, ქარდალეულს, ალებჩაცმულს, მენდელსონის მარშივითაა მისი სიჩუმე.
შენ,ჩემო მხედარო, ნეტავ რამდენჯერ წარმოგითქვამს სახელი მკვდრების,-მოკლულის, რამდენი ვინმე დაგნანებია, ასი იყო თუ... ათასი თუ... ბოლო შენა ხარ!
ეს ხმალი კი, შენი ცრემლებით რომ დაჟანგულან, წამიკითხე მძიმე სიზმრები ,ამ ჩემს გასახმობ,მსუბუქ ხელებზე. წამიმღერე როგორ ხრავენ კედლებს მშიერნი, შაითანის ესთეტნი ოფიცრები, დაღლილნი. მწყურვალენი. ნეტარნი. -(კაცმა რომ თქვას)
თაფლგამდინარე მიწის მტკაველი გამიხსენე, დაჭრილი კაცი გამაცანი, სახლში ანტენის ჭრიალი რომ არ გაუგია და თითებით ცას რომ ითხრის, სახლს უერთგულესს. ამაყვანინე მომაკვდავი გრძელ აღმართზე, გზა-შარაზე, მუხის ძირას დავასვენო, სისხლი დავლიო. სად არ მომკვდარხარ ჩემო მხედარო.
ახლა კი დგახარ და ოინბაზობ, ვერცხლის ტახტია შენი სასჯელი, ვერც გაგიგია შენი დიდება, რადგან ასეა მოწყობილი, ჩაფიქრებული.
ეზოდან ულაყი გაიქცაო, ჩამონგრეულა ჭერი, კვირტები ვეღარ ყვავილობენ, თუ ყვავილობენ- უკანასკნელად, მგზავრს გუბეში ჩაუხედავს ,- უხილავს ღმერთი.
შენ კი, დედაბერო, შენ სხვაგვარად ვერ იცხოვრებდი. გადახვეწილხარ ჭალ-მინდვრებიდან, გზა და შარაა შენი შვილი, ჩასახლებულხარ ყველა მკვდრებში და აწ თავლაში მიერეკები. შენი ხორბალია ჩემი ცეცხლი, რძესავითაა შენი თითები, სტიქიასავითაა მოხუცის ფიქრი.
4 გამდინარე(სოფელი)
რამდენი ათეული ვერსი გაშორებს ამ დამშრალ მიწას, რამდენი ზამთარი გადაიგულე სხვა მხარეში, რამდენი ტყავი გამოიცვალე. იასამნის კვირტივით რომ წამომჯდარხარ უშნო ასფალტზე და გგონია რომ ცას გაკაწრავ ან მიწას დააჩნდები. ამასობაში მუხლები გეკვეთება და მარტივია სეზონური სევდა.
ვერ გაგიგია, რა უხეიოროდ ყვავილობს მიტოვებული ატმის ხე და ასი წლის კაცის მოცელილი ეზო-საფლავი.
ათიოდე ვერსი გახდა შენი სიცოცხლე.
რაა სოფელი? ერთი ლოდის გაგორება, ერთი ფიქრი საკვამურიდან, ერთი დარდი, ერთი ურემი, უკანასკნელად დარგული ხე, ბოლო ყვავილი. უადამიანო ჩიხი-ბილიკი.
ძირს სამოსელი დაყარა სიკვდილზე მეოცნებემ, მაგრამ სიცოცხლე ვერ გაიმეტა.
სოფელი ვარ, სულ ობოლი, კაცის კრინტს მონატრებული, რამდენი შვილი გამიზრდია, რამდენი მიწა გადაბრუნებულა ჩემს ზურგზე, რამდენი აისი ამოსულა, რამდენი იმედი გაცრუებულა ღმერთის ხელით, მოხუცის ფართო კალთა ვარ და შენი ჭერიც რომ დახეული დედაბრის წინსაფარია.
სად გაქცეულხარ ჩემში გაზრდილო, რამდენი ვერსით, რა ჩეხოვი, რა თორმეტი, უკან არც კი გამოგიხედავს.
მე სოფელი ვარ, ცარიელი აივანი. შაშვის ცრემლია სოფელს გაქცეული, უდარდელი. სიმინდივით გზა და გზა აბნეულია მისი ფიქრი. ფურცელ-ფურცელ ვარ გადაშლილი, ერთი მგზავრის მოლოდინში, განა არ გამოერევა ამღვრეულ ოკეანეს კამკამა წყარო, განა ბალახივით კაცს არ სჭირდება მორწყვა-მოცელვა?
ვდგავარ და ვჩივი შენი სოფელი, ზემოთ უყურებ ცას ფეხქვეშ გათლილს, შენი მიწა კი თავზე გემხობი.
მღვრიე მაქვს თვალი, შენ ვარსკვლავები გადაივარცხნე, აგერ, უსიცოხლო ია, იქით კაცი. აი ვერსი... მთვარეა სოფლის საბანი, დიდი ხანია გადამივარდა.
შენ კი, რამდენი ზამთარი გადაიგულე, რა ტყავი არ გამოგიცვლია.
ერთ ხეზე ჩიტმა ბინა დამიდო ხვალ არავინ მოჭრის. სოფელი, ხალხი. ან ვინ მომძახებს: “უშფაყო რებია, აბსვარა უსა”
მე სოფელი ვარ, ნაფეხურებს მონატრებული.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. მუხა-რატომ/?სსაინტერესოა... მე ხომ ვიცი,რა ვიგულისხმე,თქვენ ხომ იცით,როგორ გაიგეთ. მუხა-რატომ/?სსაინტერესოა... მე ხომ ვიცი,რა ვიგულისხმე,თქვენ ხომ იცით,როგორ გაიგეთ.
4. ძალიან კარგებია, ალბად ძველ-ქართული სიტყვებია მოტანილი. განსაკუთრებით მეწისქვილე მომეწონა. უხვადაა კარგი ხედვის ფრაზებიც, თუმცა -მოჭრილ ხესავით ვიდექი მთელი მოთმინებით და ღმერთისგან დაწყევლილი,-ეს არ მომეწონა.
ძალიან კარგებია, ალბად ძველ-ქართული სიტყვებია მოტანილი. განსაკუთრებით მეწისქვილე მომეწონა. უხვადაა კარგი ხედვის ფრაზებიც, თუმცა -მოჭრილ ხესავით ვიდექი მთელი მოთმინებით და ღმერთისგან დაწყევლილი,-ეს არ მომეწონა.
3. ჩემგან 5
ნუ შლით გამოქვეყნებულ ნაწარმოებებს, ყველას ეხება, მერე ისევ აქვეყნებთ, ზოგჯერ კიდევ ერთხელ შლით და ისევ აქვეყნებთ! კარგი ავტორები კარგ ნაწარმოებებს ნუ დაუკარგავთ ღირსებას!
ჩემგან 5
ნუ შლით გამოქვეყნებულ ნაწარმოებებს, ყველას ეხება, მერე ისევ აქვეყნებთ, ზოგჯერ კიდევ ერთხელ შლით და ისევ აქვეყნებთ! კარგი ავტორები კარგ ნაწარმოებებს ნუ დაუკარგავთ ღირსებას!
2. წაკითხული მქონდა უმრავლესობა, ხო ?
"სოფელი" მახსოვდა განსაკუთრებით.
ბევრია ერთად და სიბევრეში შეიძლება კარგი რამეები ჩაიკარგოს.
პოლიტრიფტი რა არის ?
“უშფაყო რებია, აბსვარა უსა”- ამას კი ვათარგმნინებ ვინმეს :)
წაკითხული მქონდა უმრავლესობა, ხო ?
"სოფელი" მახსოვდა განსაკუთრებით.
ბევრია ერთად და სიბევრეში შეიძლება კარგი რამეები ჩაიკარგოს.
პოლიტრიფტი რა არის ?
“უშფაყო რებია, აბსვარა უსა”- ამას კი ვათარგმნინებ ვინმეს :)
1. ასე მგონია, ვერაფერი გავიგე და ყველაფერი გავიგე. აი, ზუსტად ასე და ამ ფრაზის ყველაზე კარგი გაგებით. კითხვისას იმდენი რამის შეგროვება მინდოდა, რომ მერე აქ ჩამომეტანა და მეწერა, როგორც იწერებიან რაღაც შეფასებებს, მაგრამ ვერ გამოდის. კიდევ ბევრჯერ რომ მოვბრუნდები აქ, იქნებ მაშინ გავაზიარო ემოცია. უბრალოდ, ბევრი წერე და ბევრი გვაკითხე,რა ასე მგონია, ვერაფერი გავიგე და ყველაფერი გავიგე. აი, ზუსტად ასე და ამ ფრაზის ყველაზე კარგი გაგებით. კითხვისას იმდენი რამის შეგროვება მინდოდა, რომ მერე აქ ჩამომეტანა და მეწერა, როგორც იწერებიან რაღაც შეფასებებს, მაგრამ ვერ გამოდის. კიდევ ბევრჯერ რომ მოვბრუნდები აქ, იქნებ მაშინ გავაზიარო ემოცია. უბრალოდ, ბევრი წერე და ბევრი გვაკითხე,რა
|
|
მონაცემები არ არის |
|
|