ნაწარმოებები


დაფინანსება!!!     * * *     დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: თინა ნიკოლ
ჟანრი: პროზა
12 დეკემბერი, 2019


გაუგზავნელი წერილები

***
პირველი წერილის დაწერა ყველაზე რთული აღმოჩნდა. მარწმუნებდი მიეჩვევიო და მეც მოთმინებით დაველოდები. გამგზავრების წინ გკითხე რა უნდა მოგწერო-მეთქი და მიპასუხე ნებისმიერი სისულელეო. მაშინ გამეღიმა, სწორედ ჩემს სისულელეებს გაექეცი აქედან. არასდროს გიღიარებია, მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ ასე იყო.
ღმერთო, დამავიწყდა გამგზავრებამდე მეკითხა, დუმილი როგორ უნდა გადამეტანა წერილში. შენ აუცილებლად გეცოდინებოდა. ბოლო დროს ხომ ამის მეტს თითქმის არაფერს ვაკეთებდით.
ვერაფერი მოვიფიქრე და მიტომ სამ წერტილს დავსვამ მხოლოდ.


***
აცივდა.
ეზოში, ჭაში წყალი დაშრა. შორს მიწევს სიარული წყლისთვის. შეშასაც აღარავინ მიჩეხავს. დაიცალა აქაურობა. სიცივეს გაერიდა ყველა. მეც შემეძლო წავსულიყავი, მაგრამ...
აკი მეუბნებოდნენ კიდეც, მარტოხელა ქალი ტყის სახლში არ უნდა ცხოვრობდესო.
მაინც დავრჩი. კაცმა არ იცის რატომ არ მეთმობა აქაურობა.


***
გუშინ მეტყევემ ჩამოიარა. ეზოს კართან რომ ცაცხვი დგას, იმაზე მითხრა - გახმაო. თუ გინდა მოგიჭრიო. ზამთარში შეშაც დაგჭირდებაო. არ დავანებე. ახლოს მივიდა ცაცხვთან და ნაჯახი პირდაპირ გულთან დაარჭო. შევკრთი. მერქანი გადაუქექა და სულ ფუღუროაო. ზამთარში რომ დაათოვს შეიძლება ვერ გაუძლოს და სახლს დაეცესო. არაფერი მითქვამს. შევბრუნდი და სახლში შევედი. ფანჯრიდან დავინახე, ხელი ჩაიქნია და ბუზღუნით დაუყვა ბილიკს.
დღეს მთელი დრე ვუყურებდი ცაცხვს.


***
მოთოვა...
წუხელ მთელი ღამე უთოვია. დილით მესერიც აღარ ჩანდა. თვალი ცაცხვისკენ გამექცა. მედგრად იდგა. ვცადე ეზოს კარისკენ გამეკვალა გზა. ვერ შევძელი. მართლა რთული ყოფილა თურმე. აკი, მეუბნებოდნენ.
ერთხანს ასე ვიდექი და გავყურებდი სივრცეს. მერე ოთახში შევბრუნდი. კარადიდან სათუთად დაკეცილი პლედი გამოვიღე და ისევ პარმაღზე დავბრუნდი.
ჩამოუხსნელი ჰამაკიდან თოვლი გადავყარე. პლედში გავეხვიე და ჩავწექი.
ალბათ გადაითოვებს.


***
ვდუმვარ...
დღეს მივხვდი, რომ რაც წახვედი ხმა არ ამომიღია. თითქოს პირში წყალი ჩავიგუბე. იტყვი გამომლაპარაკებელიც არავინ გყავს და მაგიტომო.
როცა იყვნენ, არც მაშინ ვლაპარაკობდი.
ვიდრე დაზამთრდებოდა და გაიკრიფებოდა ყველა ტყიდან, არც მანამდე მითქვამს სიტყვა. წასვლისას მეტყევის ცოლმა, მათთან ერთად წასვლა რომ შემომთავაზა, ხმა არ გავეცი. მან კიდევ უკმაყოფილოდ ჩაიბუზღუნა - რამ დაგამუნჯა ცოცხალი ადამიანიო.
არ დავმუნჯებულვარ, უბრალიდ ვდუმვარ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები