ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: მზია თვალაბეიშვილი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
17 დეკემბერი, 2019


Alter ego /ჩემი ცხოვრების მისტერია/

                                            Alter ego

                              ( ჩემი ცხოვრების მისტერია )

„ ღმერთმა არ ქნას, გეცხოვროთ დიადი გარდაქმნების ჟამს“– გვაფრთხილებს ჩინური სიბრძნე, რომლის ავტორობასაც კონფუცის მიაწერენ.


ზუსტად დიადი გარდაქმნების ეპოქაში მოგვიწია ცხოვრებამ. დაინგრა საბჭოთა კავშირი. დაინგრა სახლი, რომელშიც ვცხოვრობდით და ჩვენ მის ნანგრევებში მოვყევით.
ვცდილობდით ამ ნანგრევებიდან ღირსეულად თავის დაღწევას, მაგრამ რთული იყო, ძალიან რთული.
ჩემს ცხოვრებაშიც ყველაფერი შეიცვალა. კარდინალურად შეიცვალა, მაგრამ რა კავშირშია ყოველივე ეს მისტერიასთან? რა არის ამაში იდუმალი?
მომისმინეთ და გიამბობთ:
კეთილი! იმ აზრს, რომ საქართველო უნდა დავტოვო, თანდათან შევეგუე. მივდივარ! ეს გადაწყვეტილება 1993 წლის ნოემბერ–დეკემბერში მივიღე. არასოდეს მდომებია უცხო ქვეყანაში ცხოვრება. სამშობლოში  მსურდა ყოფნა, მაგრამ  ჩემი ქმარი უკვე ევროპაში იყო და მიხმობდა, მეძახდა!
ქვეყანა ომში იყო გახვეული, ქალაქში შეიარაღებული პირები დაძრწოდნენ, სროლები, სიბნელე, სიცივე, პურის რიგები, შაქრის, კარაქის, ფქვილის ტალონები, ფულის ნაცვლად კუპონები ... სრული ქაოსი.
ჩემს,  ანუ „პატარა ადამიანის“, ცხოვრებაშიც საკუთარი ძვრები ხდებოდა..
როგორია, როცა გეპატიჟებიან და გიხმობენ: – წამოდი! წამოდი! .... და ამ დროს ფული არა გაქვს. ბევრი ვიწვალე, ისევე როგორც ყველა წვალობდა იმ პერიოდში. რაც კი იყიდებოდა, გავყიდე, ცოტაც ვისესხე და ასე გაჭირვებით შევაგროვე გასამგზავრებელი თანხა. ჯერ ისევ საბჭოთა კავშირის პასპორტები იყო ძალაში. ჩემი პასპორტი მამისეულ სახლში ინახებოდა, ეს ის პერიოდია, როცა ბინების პრივატიზაცია ხდებოდა, მე მშობლების ბინაში ვიყავი ჩაწერილი და, ბუნებრივია, ამ პროცესში ვმონაწილეობდი.
ჰოდა, პასპორტი იქ იყო.  ვემზადებოდი ტურისტულ ფირმაში ფულის შესატანად  და სარეისო პასპორტის ასაღებად. მივედი სახლში პასპორტის წამოსაღებად და აღმოჩნდა, რომ ვერ პოულობენ. არ იციან, სად შეინახეს. ყველგან ეძებეს და ვერ ნახეს. გაურკვეველ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. რაღას ვიზამდი? დაბადების მოწმობის საფუძველზე დროებითი პასპორტი მოვითხოვე. მივედი დანიშნულ დღეს, ავიღე დროებითი პასპორტი, ანუ ფარატინა ცისფერი ფურცელი, და კინაღამ გული შემიწუხდა. დაბადების თვე, რომაული IX –ს ნაცვლად, შეცდომით თუ უვიცობით, წაიკითხეს როგორც რომაული XI და სექტემბრის ნაცვლად დაბადების თვედ ნოემბერი ჩამიწერეს. ვცადე გაპროტესტება, მაგრამ რა შეიცვლებოდა? ჩამოხვალთ და გამოცვლითო, – მშვიდად მიპასუხეს საპასპორტო მაგიდის თანამშრომლებმა.
ყოველთვის ეჭვის თვალით ვუყურებდი ადამიანებს, რომლებიც ამბობდნენ, საბუთებში სხვა თარიღი მიწერია, მაგრამ სინამდვილეში ამა და ამ დროს ვარ დაბადებულიო. და, აი, მე თვითონ აღმოვჩნდი ამ მდგომარეობაში. რაღას ვიზამდი?! დრო არ ითმენდა, გასამგზავრებელი ფული შეტანილი მქონდა და სარეისო პასპორტიც უნდა ამეღო. ყველაფერი ღმერთის ნებაა, მივენდე მას და მივყევი მოვლენების განვითარებას. მაშინ ჯერ კიდევ არ მესმოდა ამ ფაქტის მნიშვნელობა.
დროებითი პასპორტის საფუძველზე, ავიღე სარეისო პასპორტი, რომელშიც დაბადების თვედ რომაული XI ჩამიწერეს. ტურისტულ ჯგუფს კოლექტიური ვიზა გვქონდა და თითოეულს ამ ვიზის ასლი გადმოგვცეს, ვიზაზე რამდენიმე პიროვნების გვარი გაკრული ხელითაც კი იყო მიწერილი. სარეისო პასპორტიც საბჭოთა კავშირის წარმოების იყო  და შიდა ფურცელზე ერტყა ბეჭედი: „საქართველოს რესპუბლიკის საკუთრება“. ჩვენი რეისიდან, ვფიქრობ, არავინ  დაბრუნებულა საქართველოში. ყველა ევროპაში დარჩა. 
ძლივს გამოვემგზავრეთ. რეისი დილით უნდა გამოფრენილიყო და მრავალჯერადი გადადების შემდეგ, გვიან ღამით გამოფრინდა.
ევროპაში ჩამოსულს ერთი ცენტიც კი არ მქონდა ჯიბეში. დანამდვილებით ისიც არ ვიცოდი, სად მივდიოდი, რა მინდოდა ან რა მელოდა.
საქართველოდან ჩემი წამოსვლის შემდეგ, ორ კვირაში მამა გარდაიცვალა. დებმა არ გამაგებინეს. ჩათვალეს, რომ, ვერ დავბრუნდებოდი, თუ დავბრუნდებოდი, ვეღარ წავიდოდი და ჩემს აფორიაქებას აზრი არ ჰქონდა. იცოდნენ, როგორი დატანჯული გამოვემგზავრე. მამის გარდაცვალება რომ მაშინვე გამეგო, ალბათ, სასოწარკვეთილებაში ჩავვარდებოდი.
ევროპაში მოწყენილი და სევდიანი ვიყავი. სულ მეტირებოდა. დებს ვურეკავდი და ვუზიარებდი ჩემს დათრგუნულ მდგომარეობას. ამ დროს კი სახლში გარდაცვლილი მამა იწვა, თურმე (ეს მერე მითხრეს). მე არაფერი ვიცოდი, მაგრამ, უთუოდ, გენეტიკურ დონეზე ვგრძნობდი მშობლის დაკარგვას.
დიდხანს ვერ მოვედი გონს უცხო მხარეში.
სწორედ მამა იყო ნოემბერში დაბადებული, ძლიერი, ლამაზი, მაღალი და სამართლიანი მამა. დრო რომ გავიდა, ჩემმა უფროსმა დამ ვრცელი წერილი მომწერა თუ როგორ გარდაიცვალა იგი.  როგორ ვაჟკაცურადაც იცხოვრა, ისე ვაჟკაცურად წავიდა. არ უავადმყოფია, თითქოს სასიცოცხლო ძალა გამოეცალა და ორ დღეში გათავდა. წავიკითხე ეს წერილი, გავშეშდი და ასე ვიჯექი ერთი დღე–ღამის განმავლობაში. მერე  ვიტირე. ისე მწარედ ვტიროდი, რომ ქმარმა ეს წერილი გამომტაცა და გადამალა. დღემდე არ ვიცი, რა ბედი ეწია იმ წერილს. აღარასოდეს მოუცია ჩემთვის. თითქოს ვაპატიე ეს საქციელი და მაინც მწარედ მახსენდება, თან უდიდეს შეცდომად მიმაჩნია, ასეთი გრძნობიერი ღირებულების მქონე წერილის დაკარგვა. წავიკითხავდი, ბევრჯერ წავიკითხავდი ცხოვრების მანძილზე.
არც მაშინ ვიცოდი და მესმოდა ამ ფაქტების მნიშვნელობა. მერე, რაღაც დროის შემდეგ, თანდათან მივხვდი ქვეცნობიერის თუ სულაც ინსტიქტის დონეზე, რომ მამამ მთელი თავისი სასიცოცხლო ძალა მე გადმომცა და ჩვენი დაბადების თარიღები (მამის დაბადების რიცხვი და თვე – 09.11. და ჩემი დაბადების რიცხვი და თვე – 11.09.)  ერთმანეთს შეერწყა ( და მივიღე დაბადების ახალი თარიღი 11.11. ).
სულ თვალწინ მიდგას, როგორ მემშვიდობებოდა მამა. ის კიბის თავში იდგა, მე ჩავდიოდი და მითხრა:
– იცოდე, საქართველო არ შეარცხვინოო!
მისი გარდაცვალებიდან მრავალი წლის განმავლობაში ვერ დავემშვიდობე მას და ვერ გამოვიგლოვე იგი. ძალიან მაწუხებდა ეს ფაქტი. ცამეტი წლის შემდეგ ჩავედი პირველად საქართველოში. ჩემს დებთან ერთად ავედი სასაფლაოზე და დიდხანს, დიდხანს, ხმით ვიტირე მამა. პატიება ვთხოვე, მადლობა გადავუხადე საუკეთესო მამობისთვის და დავემშვიდობე.
დაბადების თარიღის ცვლილებას კიდევ ერთი ფაქტორი დაერთო, რამაც ჩემი მოსაზრება კიდევ უფრო გაამყარა. დიპლომის ინგლისურ თარგმანში მამის სახელი Valerian ეწერა, ანუ ვალერიანის ასული. უცხოეთში ჩასვლისას, მე ყველა საბუთი წარვადგინე, მათ შორის დიპლომის ნოტარიუსით დამტკიცებული ინგლისური თარგმანი. მიუხედავად იმისა, რომ პასპორტში მხოლოდ ჩემი სახელი ეწერა, ახალ, ევროპულ პირადობის მოწმობაში ჩემს საკუთარ სახელთან ერთად Valerian–იც ჩამიწერეს. ანუ ორი სახელი დამერქვა, ჩემი და მამის სახელები ერთად - Mzia Valerian. გვარი კი ისედაც ერთი გვქონდა.
ასე და ამგვარად, ჩემგან სრულიად დამოუკიდებლად, შეერწყა ჩემი და მამის ვინაობები ერთმანეთს და მე ორი საკუთარი სახელი მეწოდა, მათ შორის ერთერთი მამის.
თითქოს მხარში ამომიდგა მამა.
როცა ეს ყველაფერი გავაცნობიერე მივხვდი, რომ მამამ, როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს ეს, მთელი თავისი სასიცოცხლო ძალა და ენერგია მე გადმომცა. ძლიერი პიროვნება იყო. მახსოვს, უკვე ჭარმაგმა, ხელი მოიტეხა მაჯაში და ცუდად შეუხორცდა, თავიდან გასატეხი გაუხდა. ყოველგვარი გამაყუჩებლების გარეშე, მშვიდად გაატეხინა. მთელი ტრავმატოლოგიური საავადმყოფო გაოცებული იყო, მსგავსი შემთხვევა მათ პრაქტიკაში არ ჰქონიათ.
აი, ასეთი ურყევი ნებისყოფა და ძალა გადმომცა. ო, როგორ მჭირდებოდა ეს ძალა და გამძლეობა! ურთულესი პერიოდები გავიარე.
ორი–სამი წლის წინ ვცადე აღმედგინა ჩემი თავდაპირველი ვინაობა  და აქ, ევროპაში, სასამართლოში შევიტანე სარჩელი. დაბადების მოწმობის დედანიც წარვადგინე. განიხილეს ჩემი საქმე, სიტუაცია ყველასთვის ნათელი იყო, მაგრამ, როგორც გაირკვა, ეს სარჩელი მათ კომპეტენციაში არ შედიოდა და გადაწყვეტილებაში მიმითითეს, რომ სხვა ინსტანციას უნდა მივმართო. გამოვედი სხდომათა დარბაზიდან და გამეღიმა. საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ, ეს ჩემი ახალი პირადობა, ჩემი ამჟამინდელი ვინაობაა და მე ამ იდენტობით უნდა ვიცხოვრო.
აი, ასე მოხდა, ჩემგან სრულიად დამოუკიდებლად, ჩემი და მამაჩემის დაბადების თარიღების და საკუთარი სახელების შერწყმა. ასე გავხდი მე ახალი პიროვნება საზღვარგარეთ გამომგზავრების პირველივე დღიდან და ასე ვატარებ ჩემში საკუთარ და მამის სიცოცხლეს.

                    მართლაც, მისტერიულია დიადი გარდაქმნების ეპოქა!
                      ჭეშმარიტად,  „შეუცნობელი არს გზანი უფლისანი“.

დაწერილია 2014 წლის 14 აგვისტოს

P.S. მამის გარდაცვალების შემდეგ, მისი ნივთების გადარჩევისას, დებმა მზრუნველად გადანახული ჩემი პასპორტიც იპოვეს. როგორც ჩანს, მამამ შეინახა. იფიქრა, უპასპორტოდ შეფერხდება, ვეღარ გაემგზავრება და ვეღარ გადაიკარგება უცხო მხარეშიო.


განთავსდა 2019 წლის დეკემბრის თვის თავფურცელზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები