ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პროზა
26 დეკემბერი, 2019


მადამისა და ციცო ბიცოლასი

ნინო დარბაისელი

მადამისა და ციცო ბიცოლასი
- - - -

მე საბურთალოზე, იმდროინდელი სტანდარტებით, დიდ კერძო სახლში გავიზარდე. (ის სახლი კი ისევ იქა დგას, მაგრამ  ახალაშენებულების გვერდზე დღეს  მგონი, საქათმესავით გამოიყურება).
წინა, უკანა და გვერდითა ეზოები ათასნაირი მდგმურებით იყო სავსე, ზოგი - სტუდენტი, ზოგი ბინისმომლოდინე, ტროლეიბუსის მძღოლი; ზოგი - ბოზი, სოფელში რომ მაყვალა ერქვა, თბილისში კი მაკუნად იცნობდნენ; ზოგი - საყვარელთან წასწრებული და სახლიდან გამოგდებული, გამარტოხელებული კაცი... მოკლედ, ვინ აღარ...
მათ შორის ერთი ციცო ბიცოლაც იყო, სინამდვილეში ბიცოლად არავის გვერგებოდა, მაგრამ ეგრე ვეძახდით.  პენსიონერი იყო და ამბობდნენ, რძალს ვერ შეეწყო და ქირით გამოუშვესო.
  რომ გამოძვრებოდა დილაადრიან თავისი ნაქირავები სოროდან, წინაეზოში ,,სკამეიკაზე” რომ დაჯდებოდა და დაიწყებდა ყველა ავლილ-ჩავლილის კილვა-ლანძღვა-წყევლას და ასე შემდეგ, შებინდებამდე აღარ მოილევდა. ყველა დიდი რიდითა და პატივისცემით კი ექცეოდა. ვინც რას გააკეთებდა ძვირფას კერძს, იმ კერძის თავი ჯერ მისთვის უნდა მოეკითხა.(ადამიანების ასეთ უცნაურ რეაქციას მლანძღავისადმი მერეც  არაერთხელ შევხვედრივარ ცხოვრებაში).
  საღამოთი მოისხამდა თავის წითელ “კლეტჩატ” ხალათს, ლამბაქზე რამე ხილს ან  ტკბილს დაწყობდა და იმ დღის სახალხოდ ნალანძღავს ორი თითით კარზე ფრთხილად მიუკაკუნებდა,  პირის მოსაკითხი მოგართვიო.
  ხომ არაფერი გაწყენინე, ღმერთი-რჯული, სხვა რამეს ვამბობდი და ცუდად გამომივიდა,  შენი კეთილი გულის იმედი მაქვს, წყენად არ დაიმახსოვრებო...
  ისე მოსაწყლდებოდა, ხელში ჩაუკვდებოდა, მასპინძელს იქით მოახდევინებდა  ბოდიშებს.
ხდებოდა ხოლმე, ისეთ ძაან დაუკრეფავში გადავიდოდა, იგრძნობდა, რომ ერთ თეფშ პირისმოსაკითხად საქმეს ნამდვილად  ვეღარ უშველიდა.
მაშინ რას შვრებოდა?!
სხვა მეზობელს მიადგებოდა, ჩუმად ტირილით გულის ქარს ამოიღებდა, ეს რა დამემართა, როგორ ვაწყენინე იმ ადამიანსო. მეზობელიც არ დაზარდებოდა შუამავლობას. მიეგზავნებოდა და სიტყვას შეაწევდა, ხანდახან სიტყვა გაურბის თორემ, ხომ იცი, ისე, გულით კეთილია, ნეტა მაგის ხნისანი ჩვენ მოვიყაროთ, აპატიეო!

და რა!
გავიდოდა დრო და იგივე ადამიანს ისევ სახალხოდ  მოუგონებდა რამეს, გალანძღავდა და მერე ცხადია, ისევ ისე,  შინაურულად, უშუამავლოდ ან შუამავლით მოუხდიდა ბოდიშს.

ამხელა ამბის კითხვაზე რად მოგაცდინეთ?!
ხომ შემეძლო, მარტივად მეთქვა, ეს ქალი, საერთაშორისოდ რომ გვარცხვენს და საქმეებს გვიფუჭებს,  შინაურობაში კი თავს იმართლებს, ჩემს მეზობელ ციცო ბიცოლას მაგონებს-მეთქი, მაგრამ ეტყობა, სიბერემ ეგრე იცის-  ახსენებ ვინმეს და მოგონებების ნიაღვარი მოჰყვება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები