ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შირო
ჟანრი: დრამატურგია
20 იანვარი, 2020


„სისხლიანი ქორწილი" (ფედერიკო გარსია ლორკა)

                                                                                                        ფედერიკო გარსია ლორკა
                                                                                                          სისხლიანი ქორწილი
                                                                                                              (Bodas de sangre)
                                                                                                                        1933
                                                                                          ტრაგედია სამ მოქმედებად და შვიდ სცენად


                                                                                                        პირველი მოქმედება

                                                                                                        მოქმედ პირთა სია:
                                                                                                        სასიძო
                                                                                                        სასიძოს დედა
                                                                                                        მეზობელი
                                                                                                        ლეონარდოს სიდედრი
                                                                                                        ლეონარდო
                                                                                                        ახალგაზრდა გოგო
                                                                                                        პატარძლის მოსამსახურე ქალი
                                                                                                        პატარძლის მამა
                                                                                                        პატარძალი
                                                                                                        ქორწილის სტუმრები
                                                                                                        დურგლები
                                                                                                        მთვარე
                                                                                                        სიკვდილი, მათხოვარი ქალის სახით
                                                                                                        გოგო სოფლიდან
                                                                                                        მგლოვიარე ქალები


                                                                                                        მოქმედება I, სცენა I
(ყვითლად მოხატული ოთახი)
სასიძო: (შემოდის) დედა!
დედა: რა?
სასიძო: მე მივდივარ.
დედა: სად?
სასიძო: ვენახში (წასასვლელად ემზადება)
დედა: მოიცადე.
სასიძო: რა ხდება?
დედა: საჭმელი, ჩემო შვილო.
სასიძო: არ გინდა, ყურძენს შევჭამ. დანა მომეცი.
დედა: და რისთვის?
სასიძო: მტევნები რომ მოვჭრა!
დედა: (ჩურჩულებს) დანები, დანები.... ღმერთმა დასწყევლოს ისინი...და ის კუდიანიც, ვინც ისინი გამოიგონა...
სასიძო: სხვა რამეზე ვილაპარაკოთ.
დედა: და დამბაჩებიც, პისტოლეტებიც... და პატარა სამართებლებიც...ფოცხებიცა და ფიწლებიც...
სასიძო: კარგი.
დედა: ნებისმიერი, რაც კაცის სხეულს ესობა, საყვარელი კაცისას...მისი ცხოვრების გაფურჩქვნის ხანაში...ვინც წავიდა ზვარში, ან ზეთისხილის ბაღებში, რადგან მისი იყო... მისი ოჯახის.
სასიძო: (თავს დაბლა სწევს) დედა...
დედა: და არ ბრუნდება...ან თუ ბრუნდება, ისე, რომ პალმის ფოთოლს, ან მარილის დიდ ჯამს ვდებთ მის სხეულზე, რომ არ გასივდეს. არ ვიცი, შენ როგორ ატარებ დანას, ან მე რატომ მაქვს ეს გველის კბილები სამზარეულოში.
სასიძო: არ მორჩი?
დედა: ასი წელიც რომ ვიცხოვრო, სხვაზე ვერაფერზე ვილაპარაკებ. ჯერ მამაშენი, ვინც მიხაკების სურნელი მომიტანა და სამი არასრული წელი ვტკბებოდი ამით. შემდეგ... შენი ძმა... სწორია, ან შესაძლებელი, რომ ისეთმა პაწაწინა საგანმა, როგორიც პისტოლეტი, ან დანაა, შეიძლება მოკლას კაცი, ხარივით კაცი? მე ვერასოდეს გავჩუმდები. თვეები გადის და ტკივილი ისევ მიწვავს თვალებს თმის ძირებამდე.
სასიძო: დავამთავრეთ?
დედა: არა, არ დაგვიმთავრებია. ვინმე დამიბრუნებს მამაშენს, ან შენს ძმას? და კიდევ ციხეზე ლაპარაკობენ. რა არის ციხე? ისინი კვლავ ჭამენ, ეწევიან, უკრავენ კიდეც! ჩემი მკვდრები ბალახს ანოყივრებენ, უჩუმრად იქცევიან მტვრად...ის ორი, ვინც ყვავილს ჰგავდა...მკვლელები კი ციხიდან გულგრილად ასცქერიან მთებს.
სასიძო: გინდა, რომ ისინი დავხოცო?
დედა: არა...თუ სიმართლე გინდა, ეს არის... როგორ არ ვილაპარაკო, როცა ამ კარიდან გააბიჯებ? ესაა... არ მომწონს, დანას რომ ატარებ... სულ ესაა. ნეტავ, მინდვრებში არ დადიოდე.
სასიძო: (იცინის) კარგი, რა!
დედა: ნეტავ ქალი ყოფილიყავი. ახლა მდინარის გზით არ წახვიდოდი, დავჯდებოდით და კერვას დავიწყებდით.
სასიძო: (დედის მხარს სიცილით მისწვდება) დედა, ვენახში რომ წაგიყვანო?
დედა: რა უნდა გააკეთოს მოხუცმა ქალმა ვენახში? ვაზის ძირებში დამაწვენ?
სასიძო: (ხელში აიყვანს) მოხუცო, ჩემო მოხუცო, როგორ დამიბერდი.
დედა: მამაშენს დავყავდი ხოლმე. ნამდვილად ჯიშიანი იყო, კარგი სისხლის. შენს პაპას ყველგან შვილები ჰყავდა. აი, რა მიყვარს... ჯიში, კაცი, ნაყოფიერება.
სასიძო: და მე, დედა?
დედა: შენ რა?
სასიძო: კიდევ ვთქვა?
დედა: (სერიოზულად) აჰ!
სასიძო: ფიქრობ, რომ ეს შეცდომაა?
დედა: არა
სასიძო: აბა...?
დედა: არ ვიცი. ყოველთვის, აი ასე, გავოგნდები ხოლმე. ვიცი, რომ კარგი გოგოა. ხომ ასეა? ზრდილობიანი, შრომისმოყვარე. საკუთარ პურს აცხობს, კაბებს თვითონ იკერავს, თუმცა ყოველთვის, როცა მას ახსენებენ, თითქოს შუბლში ქვა მხვდება.
სასიძო: სისულელეა.
დედა: სისულელეზე მეტიც. მარტო დავრჩები, მხოლოდ შენ დამრჩი და ახლა ვდარდობ, რომ მიდიხარ.
სასიძო: მაგრამ შენ ჩვენთან წამოხვალ.
დედა: არა, მამაშენს და შენს ძმას აქ მარტოებს ვერ დავტოვებ... უნდა წავიდე და ყოველ დილით ვნახო. და თუ წავალ და რომელიმე ფელიქსი მოკვდება, იმ მკვლელების ოჯახიდან ერთ-ერთი, შეიძლება მათ გვერდით დამარხონ. ეს კი არ შეიძლება! ეს არ მოხდება! იმიტომ, რომ ფრჩხილებით ამოვთხრი და ჩემი ხელით დავანაკუწებ.
სასიძო: (შემწყნარებელი ტონით) სხვა რამეზე ვისაუბროთ.
დედა: მაპატიე (პაუზა) რა ხანია, რაც იცნობ?
სასიძო: სამი წელი. ახლა ვენახსაც ვიყიდი.
დედა: სამი წელი. საქმრო ჰყავდა, არა?
სასიძო: არ ვიცი, მგონი არა. გოგომ კარგად უნდა გაიცნოს და დაათვალიეროს კაცი, რომელსაც ცოლად მიჰყვება.
დედა: ჰო? მე არავისთვის შემიხედავს. მხოლოდ მამაშენს შევხედე და როცა ის მომიკლეს, შემდეგ კედელს ვუყურებდი ჩემს წინ. ერთი ქალი ერთი კაცისთვის და მორჩა.
სასიძო: ხომ იცი, რომ ჩემი გოგო კარგია.
დედა: უდავოდ, მაგრამ არ ვიცი, ვინ იყო დედამისი.
სასიძო: რა მნიშვნელობა აქვს?
დედა: (შესცქერის) შვილო.
სასიძო: რა გინდა?
დედა: მართალია, მართალი ხარ. როდის გინდა, რომ მისი ხელი ვითხოვო?
სასიძო: (მხიარულად) კვირას რომ იყოს?
დედა: (მკაცრად) თვლიან საყურეებს წამოვუღებ, ოჯახის რელიკვიას და შენ შეგიძლია უყიდო...
სასიძო: შენ უკეთ იცი.
დედა: აბრეშუმის მოქარგული წინდები...და შენთვის ორი პიჯაკი...სამი! მხოლოდ შენ მყავხარ!
სასიძო: წავედი. ხვალ წავალ მის სანახავად.
დედა: ჰო, ჰო...და ექვსი შვილიშვილით გამახარე, ყველაზე ცოტა. ახლა მამაშენი აღარაა...
სასიძო: პირველი შენი იყოს.
დედა: ჰო, მაგრამ გოგოები გააჩინეთ...რომ ვქარგოთ, ვკეროთ და მშვიდად ვიყოთ.
სასიძო: დარწმუნებული ვარ, ჩემი პატარძალი მოგეწონება.
დედა: მომეწონება. (საკოცნელად იწევს, მაგრამ უკან დაიხევს) წადი, უკვე დიდი ხარ კოცნისათვის, შენი ცოლისთვის შემოინახე (პაუზა) როგორც კი შენი გახდება.
სასიძო: წავედი.
დედა: წისქვილთან მოხანი მინდორი, სულ დაივიწყე.
სასიძო: აუცილებლად.
დედა: ღმერთი გფარავდეს.
(სასიძო მიდის, დედა ზის და ზურგით ეყრდნობა კარებს. გამოჩნდება მეზობელი ქალი, შავებში ჩაცმული, თავსაფრიანი, ზღურბლზე ჩერდება.)
დედა: შემოდი.
მეზობელი: როგორ ხარ?
დედა: როგორც ხედავ.
მეზობელი: მაღაზიაში ვიყავი, შენს სანახავად მოვედი. ისე შორს ვცხოვრობთ ერთმანეთისგან...!
დედა: ოცი წელია, ქუჩის ზევით არ ამოვსულვარ...
მეზობელი: მართალი ხარ.
დედა: ასე ფიქრობ?
მეზობელი: ყველაფერი ხდება. ორი დღის წინ ჩემი მეზობლის ვაჟი მოიყვანეს სახლში, ორივე ხელი კომბაინში ჩაჰყვა... (დაჯდა)
დედა: რაფაელი?
მეზობელი: კი. ახლა რა უნდა ქნას? ხშირად ვფიქრობ, რომ ჩემი და შენი ბიჭები უკეთ არიან იქ. სძინავთ, ისვენებენ... ვეღარ დასახიჩრდებიან.
დედა: გაჩუმდი. ეს მხოლოდ სიტყვებია... ნუგეში არ არსებობს.
მეზობელი: ჰო!
დედა: ჰო! (პაუზა)
მეზობელი: (სევდიანად) და შენი ვაჟი?
დედა: ახლახანს გავიდა.
მეზობელი: ბოლოს და ბოლოს, ვენახს იყიდის.
დედა: გაუმართლა.
მეზობელი: ახლა დაქორწინდება.
დედა: (დგება და სკამს მეზობელთან ახლოს მისწევს) მისმინე.
მეზობელი: (ჩუმად) გისმენ.
დედა: იცნობ ჩემი შვილის დანიშნულს?
მეზობელი: კარგი გოგოა!
დედა: ჰო, მაგრამ...
მეზობელი: მაგრამ ვერ იტყვი, რომ ვინმე კარგად იცნობს. მამასთან ცხოვრობს, შორს. ბოლო სახლიდან კილომეტრებით არიან მოშორებულნი, მაგრამ კარგი გოგოა. ზრდილობიანი, თავდაჭერილი.
დედა: და დედამისი?
მეზობელი: ოჰ, მე მას ვიცნობდი. მისი სახე წმინდანივით ანათებდა, მაგრამ არ მომწონდა. ქმარი არ უყვარდა.
დედა: (ხმამაღლა) რამდენი რამ იცის ხალხმა!
მეზობელი: მაპატიე, არ მინდოდა შეურაცხყოფის მოყენება, მაგრამ სიმართლეა. არავის უჭორავია მის პატიოსნებაზე, მსგავსიც არ ყოფილა. ამაყი ქალი იყო.
დედა: ერთი და იგივე!
მეზობელი: შენ თავად მკითხე.
დედა: ნეტავ არავინ იცოდეს მათზე, არც ცოცხალმა და არც მკვდარმა. ორი ეკალივით იყვნენ, ვერავინ ამჩნევდეთ და იჩხვლიტებოდნენ, თუ ვინმე მიუახლოვდებათ.
მეზობელი: მართალი ხარ, შენი შვილი ბედის საჩუქარია.
დედა: არის. ღირსია, რომ მასზე იზრუნონ. გავიგე, რომ გოგოს ადრე საქმრო ჰყავდა.
მეზობელი: თხუთმეტი წლისა იქნებოდა. ის ბიჭი ორი წლის წინ დაქორწინდა გოგოს ბიძაშვილზე. ნიშნობა აღარავის ახსოვს.
დედა: შენ როგორღა გახსოვს?
მეზობელი: შენ მკითხე...!
დედა: ყველას უნდა იცოდეს, თუ რა ხდება მის თავს. ბიჭი ვინ იყო?
მეზობელი: ლეონარდო.
დედა: რომელი ლეონარდო?
მეზობელი: ლეონარდო...ფელიქსების ოჯახიდან.
დედა: (წამოიწევა) ფელიქსი!
მეზობელი: ქალო, რაში ადანაშაულებ ლეონარდოს? რვა წლისა ძლივს იქნებოდა იმ ამბის დროს.
დედა: მართალია... მაგრამ მესმის გვარი ფელიქსი (ბრაზიანად) და იგივე ფელიქსი ტალახით მივსებს პირს (იფურთხება) და მე უნდა გადმოვაფურთხო, გადმოვაფურთხო, ან ყველა დავხოცო.
მეზობელი: დაწყნარდი, ეს კარგს რას მოგიტანს?
დედა: არაფერს, მაგრამ...შენ ხომ გესმის.
მეზობელი: შენი შვილის ბედნიერებას ნუ გადაეღობები, არაფერი უთხრა. შენც მოხუცი ხარ, მეც. მე და შენ უნდა გავჩუმდეთ.
დედა: არაფრის თქმას არ ვაპირებ.
მეზობელი: (კოცნის) არაფრის.
დედა: (მშვიდად) ამბები...!
მეზობელი: წავედი, მალე ჩემი კაცები დაბრუნდებიან მინდვრებიდან.
დედა: ნახე, რა ცხელი დღეა.
მეზობელი: ბიჭებს მიაქვთ წყალი, მომკელები მზეზე დაიწვნენ. მშვიდობით, ჩემო ძვირფასო.
დედა: მშვიდობით. (სცენიდან გადის, ნახევარ გზაზე გაჩერდება და ლოცულობს)

                                                                                                              ფარდა

                                                                                                        მოქმედება I, სცენა II

(ოთახი ვარდისფრადაა შეღებილი. სპილენძითა და ყვავილებითაა სავსე. შუაში გადაფარებული მაგიდაა. დილაა, ლეონარდოს სიდედრი ბავშვს არწევს. მისი ცოლი დედის პირდაპირ ზის და კერავს.)
სიდედრი:
                                                                                                        ნანა, შვილო, ნანა,
                                                                                                        დიდი ცხენი მოვა,
                                                                                                        რომელიც წყალს არ სვამს.
                                                                                                        წყალი შავი კუპრივით,
                                                                                                        შიგნით სჩრია ტოტები,
                                                                                                        სადაც კი ხიდს იპოვნის
                                                                                                        მირაკრაკებს სიმღერით.
                                                                                                        ვინ რა იცის, რა არის,
                                                                                                        შვილო, რა კუდს მოიქნევს,
                                                                                                        მწვანე ფოთლის ორმოში.
ცოლი: (ჩუმად)
                                                                                                        იძინე, ჩემო ყვავილო,
                                                                                                        ცხენი წყალს არ დალევს.
სიდედრი:
                                                                                                        იძინე, ჩემო ვარდო.
                                                                                                        დიდი ცხენი ტირის,
                                                                                                        ფეხები უტკენია,
                                                                                                        ფაფარი გაჰყინვია,
                                                                                                        თვალებში - ვერცხლის ხანჯლები.
                                                                                                        მდინარისკენ წავიდნენ,
                                                                                                        ვაი, როგორ წავიდნენ.
                                                                                                        მათი სისხლი ადუღდა,
                                                                                                        წყალზე მეტად აჩქეფდა.
ცოლი:
                                                                                                        იძინე, ჩემო ყვავილო,
                                                                                                        ცხენი წყალს არ დალევს.
სიდედრი:
                                                                                                        იძინე, ჩემო ვარდო.
                                                                                                        დიდი ცხენი ტირის...
ცოლი:
                                                                                                        სველ ნაპირზე არ მიდის,
                                                                                                        ფეხით ქვებს არ ეხება,
                                                                                                        ლაშები კი ეწვის,
                                                                                                        ვერცხლის ბუზით ევსება,
                                                                                                        მხოლოდ ოთხით მიჰქრის
                                                                                                        მაღლა, მაღლა მთებისკენ.
                                                                                                        მხოლოდ მკვდარი მდინარე
                                                                                                        შემოსწვდება ყელამდე.
                                                                                                        ვაი, დიდი ცხენი,
                                                                                                        რომელიც წყალს არ სვამს,
                                                                                                        ვაი, თოვლის გლოვა,
                                                                                                        განთიადის ცხენი.
სიდედრი:
                                                                                                        არ მოხვიდე! მოიცა,
                                                                                                        გადაკეტე ფანჯარა
                                                                                                        სიზმარეთის ტოტებით
                                                                                                        და ტოტების სიზმრებით...
ცოლი:
                                                                                                        სძინავს ჩემს შვილს, სძინავს...
სიდედრი:
                                                                                                        ჩუმად არის ჩვილი...
ცოლი:
                                                                                                        ცხენო, მხოლოდ ჩემს შვილს აქვს
                                                                                                        ასე რბილი ბალიში...
სიდედრი:
                                                                                                        რკინისაა აკვანი...
ცოლი:
                                                                                                        აბრეშუმის - მაქმანი...
სიდედრი:
                                                                                                        ნანა, შვილო, ნანა...
ცოლი:
                                                                                                        ვაი, ამაყ ბედაურს,
                                                                                                        დარჩა დაურწყულები...
სიდედრი:
                                                                                                        არ მოხვიდე! შესდექი!
                                                                                                        წადი მაღლა მთაში.
                                                                                                        მრუმე ხეთა ჯარში
                                                                                                        გელოდება ფაშატი.
ცოლი: (უყურებს)
                                                                                                        სძინავს ჩემს შვილს, სძინავს...
სიდედრი:
                                                                                                        ჩემი ბავშვი ისვენებს...
ცოლი: (ჩუმად)
                                                                                                        დაიძინე, ყვავილო,
                                                                                                        ცხენი წყალს არ დაგილევს...
სიდედრი: (წამოდგება და ძალიან ჩუმად)
                                                                                                        ნანა, შვილო, ნანა,
                                                                                                        დიდი ცხენი ტირის.
(ბავშვი მეორე ოთახში გაჰყავთ, ლეონარდო შემოდის)
ლეონარდო: და ბავშვი?
ცოლი: სძინავს.
ლეონარდო: კარგად არ იყო, მთელი ღამე ტიროდა.
ცოლი: (მხიარულად) დღეს ვარდივით გაფურჩქნულია. და შენ? იყავი მჭედელთან?
ლეონარდო: ახლაღა დავბრუნდი. ცხენს ორი თვეა ვნალავ და ვნალავ, მაგრამ ერთს ყოველთვის ცვეთს. ქვებს უნდა მოეჭიდონ.
ცოლი: ძალიან ბევრს ხომ არ არბენინებ?
ლეონარდო: არა, თითქმის არ ვაჭენებ.
ცოლი: გუშინ მეზობლებმა მითხრეს, რომ ხრიოკი მინდვრის პირას დაგინახეს.
ლეონარდო: ვინ თქვა?
ცოლი: ქალებმა, რომლებიც კაპერს კრეფდნენ. გამიკვირდა, შენ იყავი?
ლეონარდო: არა, რა საქმე მექნებოდა იმ უდაბნოში?
ცოლი: მეც ეგ ვუთხარი, მაგრამ ცხენი გაოფლილი იყო.
ლეონარდო: ნახე?
ცოლი: არა, დედამ ნახა.
ლეონარდო: ბავშვთანაა?
ცოლი: კი, ლიმონათი გინდა?
ლეონარდო: ყინულივით ცივი წყლით.
ცოლი: სახლში სამხარზეც არ ყოფილხარ.
ლეონარდო: ხორბლის ამწონებთან ვიყავი, ვწონიდი. სულ მაგვიანებენ.
ცოლი: (სასმელს ამზადებს, ყურადღებით უსმენს) და ფასი კარგი იყო?
ლეონარდო: სამართლიანი.
ცოლი: ახალი კაბა არ მაწყენდა, ბავშვს კი მაქმანებიანი ქუდი.
ლეონარდო: (წამოიწევა) წავალ და დავხედავ.
ცოლი: ფრთხილად იყავი, სძინავს.
სიდედრი: (შემოდის) აბა ვინ აჭენებს ამ ცხენს? ქვემოთ დგას საწყალი, გასავათებული, თვალებს ატრიალებს, თითქოს დედამიწის ბოლოდან მოვიდა.
ლეონარდო: (უკმეხად) მე.
სიდედრი: ის შენია, მაპატიე.
ცოლი: (მოუთმენლად) ხორბალს აწონინებდა.
სიდედრი: შეუძლია გაბრუნდეს, ვნერვიულობ (ჯდება.)
(პაუზა)
ცოლი: შენი სასმელი... საკმარისად ცივია?
ლეონარდო: კი.
ცოლი: გაიგე, ჩემი ბიძაშვილი ინიშნება.
ლეონარდო: როდის?
ცოლი: ხვალ. ქორწილი ერთ თვეში იქნება, იმედია, დაგვპატიჟებენ.
ლეონარდო: (მკაცრად) არ ვარ დარწმუნებული.
სიდედრი: მგონი, ბიჭის დედა უკმაყოფილოა ამ ქორწინებით.
ლეონარდო: შეიძლება მართალიცაა. ეგ გოგო თავსატეხია.
ცოლი: არ მომწონს, ასე ცუდად რომ ფიქრობთ კარგ გოგოზე.
სიდედრი: მაგრამ როცა ასე ლაპარაკობს, იმიტომ რომ მას იცნობს. სამი წელი არ იყო შენი შეყვარებული? (მიუტრიალდება)
ლეონარდო: ჰო, მაგრამ ყველაფერი დამთავრდა. (ცოლს) ახლა ტირილს აპირებ? შეწყვიტე. (ხელებს სახეზე უხერხულად ჩამოუსვამს) წამოდი და ბავშვი ვნახოთ. (ერთად გადიან)
(ახალგაზრდა, მხიარული გოგო მორბის)
გოგო: სინიორა.
სიდედრი: რა მოხდა?
გოგო: სასიძო მაღაზიებშია, ქვევით. ყველაფერს საუკეთესოს ყიდულობს.
სიდედრი: მარტოა?
გოგო: არა, დედასთან ერთად. ძალიან მკაცრი, ძალიან მაღალი (აჯავრებს) მაგრამ რა წარმოსადეგია.
სიდედრი: ბევრი ფული აქვთ.
გოგო: და აბრეშუმის წინდებიც იყიდეს! ვაი, რა წინდები! წინდები, რომელზეც ყველა გოგო ოცნებობს. ნახე: აქ მერცხალი (კოჭზე აჩვენებს), აქ ნავი (წვივზე ანიშნებს) და აქ ვარდი (ბარძაყზე უთითებს).
სიდედრი: ბავშვო!
გოგო: ვარდი თავისი კოკრით და ღეროთი! ვაი! სულ აბრეშუმის!
სიდედრი: ორ მშვენიერ ბედს გააერთიანებენ.
(ლეონარდო და მისი ცოლი ბრუნდებიან.)
გოგო: მოვედი, რომ მოგიყვეთ, რას ყიდულობენ
ლეონარდო: (უხეშად) არ გვაინტერესებს.
ცოლი: შეეშვი.
სიდედრი: ლეონარდო, მას ეს არ დაუმსახურებია.
გოგო: ბოდიში. (ტირილით გადის)
სიდედრი: ხალხს ასე რატომ ეუხეშები?
ლეონარდო: შენთვის აზრი არ მიკითხავს (ჯდება)
სიდედრი: კარგი.
(პაუზა)
ცოლი: (ლეონარდოს) რა გჭირს? რა აზრები ტრიალებს მაგ შენს თავში? ხელს ნუ მკრავ, გამიმხილე...
ლეონარდო: შემეშვი.
ცოლი: არა, მინდა რომ შემომხედო და მითხრა.
ლეონარდო: წავედი. (წამოიწევა)
ცოლი: სად მიდიხარ?
ლეონარდო: (მწარედ) არ გაჩუმდები?
სიდედრი: (ქალიშვილს) ჩუმად! (ლეონარდო გადის) ბავშვი! (სიდედრი გადის და ბავშვით ხელში ბრუნდება. ცოლი უძრავად დგას.)
სიდედრი:
                                                                                                        ფეხები უტკენია,
                                                                                                        ფაფარი გაჰყინვია,
                                                                                                        თვალებში - ვერცხლის ხანჯლები.
                                                                                                        მდინარისკენ წავიდნენ,
                                                                                                        ვაი, როგორ წავიდნენ.
                                                                                                        მათი სისხლი ადუღდა,
                                                                                                        წყალზე მეტად აჩქეფდა.
ცოლი: (თითქოს სიზმრიდან გამოერკვევა.)
                                                                                                        დაიძინე, ყვავილო,
                                                                                                        ცხენი წყალს არ დაგილევს...
სიდედრი:
                                                                                                        ნანა, შვილო, ნანა,
                                                                                                        დიდი ცხენი ტირის.
ცოლი:
                                                                                                        სძინავს ჩემს შვილს, სძინავს.
                                                                                                        ჩემი შვილი ისვენებს.
სიდედრი:
                                                                                                        დიდი ცხენი მოვა,
                                                                                                        რომელიც წყალს არ სვამს.
ცოლი: (დრამატულად)
                                                                                                        არ მოხვიდე! შესდექი!
                                                                                                        წადი მაღლა მთაში.
                                                                                                        მრუმე ხეთა ჯარში
                                                                                                        გელოდება ფაშატი.
სიდედრი: (ტირის)
                                                                                                        სძინავს ჩემს შვილს, სძინავს...
ცოლი: (ტირის და ბავშვთან ახლოს მიდის)
                                                                                                        ჩემი ბავშვი ისვენებს.
სიდედრი:
                                                                                                        დაიძინე, ყვავილო,
                                                                                                        ცხენი წყალს არ დაგილევს.
ცოლი:
                                                                                                        ნანა, შვილო, ნანა...
                                                                                                        დიდი ცხენი ტირის...

                                                                                                                  ფარდა


                                                                                                      მოქმედება I, სცენა III

პატარძლის საცხოვრებელი სახლის (გამოქვაბულის) ინტერიერი. უკანა მხარეს დიდი, ვარდისფერი ყვავილების ჯვარი. კარი მოჩუქურთმებულია, მაქმანებით და ვარდისფერი ლენტებით შემკული. კედლები თეთრია, ჩუქურთმიანი. ლურჯი ლარნაკები და პატარა სარკეებია მიმოფანტული.)
მოსამსახურე: შემობრძანდით... (ძალიან ოფიციალურად, ლამის პირფერული თავაზიანობით. სასიძო და დედამისი შემოდიან. დედა შავი კაბითაა შემოსილი, მაქმანებიანი მანტილა ახურავს. სასიძოს - შავი ხავერდი, დიდი ოქროს ძეწკვით.) არ დაბრძანდებით? ამ წუთში მოვლენ. გარეთ გადის. დედა და ვაჟი ადგილზე რჩებიან, ქანდაკებასავით უძრავნი. დიდი პაუზა.)
დედა: საათი მოიტანე?
სასიძო: კი. (ჯიბიდან იღებს და დაჰყურებს.)
დედა: მალე უნდა წავიდეთ. რა შორს ცხოვრობს ეს ხალხი!
სასიძო: მაგრამ მათი მიწა კარგია.
დედა: კარგია, მაგრამ ძალიან მიუწვდომელი. ოთხი საათის გზაა და ერთი სახლი, ან ხეც კი არაა.
სასიძო: ეს მიწები ხრიოკია.
დედა: მამაშენი მათ ხეებით დაფარავდა.
სასიძო: წყლის გარეშე?
დედა: იპოვნიდა წყალსაც. სამი წლის განმავლობაში, რაც დაქორწინებულები ვიყავით, ათი ალუბლის ხე დარგო. (იხსენებს) სამი კაკლის ხე წისქვილთან, მთელი ვენახი გააშენა და ყვავილნარი. იუპიტერის ყვავილს რომ ეძახიან, მეწამული ფოთლებით...გახმა.
სასიძო: (პატარძალზე.)  ალბათ უკვე ემზადება.
(პატარძლის მამა შემოდის. მოხუცი კაცია, მბრწყინავი თეთრი თმის. თავი ოდნავ დახრილი აქვს. დედა და სასიძო ხელს უხმოდ ართმევენ.)
მამა: დიდხანს იმგზავრეთ?
დედა: ოთხი საათი. (ყველა ჯდება.)
მამა: ალბათ გრძელი გზით წამოხვედით.
დედა: ზედმეტად მოხუცი ვარ, რომ მდინარის გზით წამოვსულიყავი.
სასიძო: ცუდად ხდის (პაუზა)
მამა: ამ წელს ბალახის კარგი მოსავალია.
სასიძო: ნამდვილად.
მამა: ჩემს დროს ეს მიწა ბალახს არ იძლეოდა. ბევრი მუშაობა გვიწევდა და ცრემლების ღვრა, რომ მისგან რამე მიგვეღო.
დედა: ახლა იძლევა. მაგრამ არ იდარდო, რამის სათხოვნელად არ მოვსულვარ.
მამა: (იღიმის) შენ ჩემზე მდიდარი ხარ. ვენახები ბედის საჩუქარია. თითო მცენარე ვერცხლის მონეტას უდრის. ჩემი აზრით, ჩვენი მინდვრები... ხომ გესმით... ძალიან შორსაა. მე ყველაფრის გაერთიანება მიყვარს. გულში ეკალივით მესობა პატარა ადგილი ჩემი მინდვრების შუაში. მთელი ქვეყნის ოქროს ფასადაც კი არ მომყიდიან.
სასიძო: სულ ასე ხდება.
მამა: ნეტავ შეგვეძლოს, ოცი წყვილი ხარი შევაბათ ურემში და შენი ვენახი აქ ჩამოვათრიოთ. რა ბედნიერება იქნებოდა...!
დედა: რატომ?
მამა: რაც ჩემია, ჩემი ქალიშვილისაცაა და რაც შენია - შენი ვაჟის. აი ამიტომ. რომ დამენახა ყველაფერი გაერთიანებული. იმიტომ რომ გაერთიანება ყოველთვის მშვენიერია.
სასიძო: ნაკლები სამუშაო იქნებოდა.
დედა: როცა მოვკვდები, ის გაყიდე და აქ იყიდე.
მამა: გაყიდე! გაყიდე! ბაჰ! იყიდე, იყიდე ყველაფერი. ვაჟები რომ მყავდეს, ყველაფერს ვიყიდდი მთიდან მდინარემდე. კარგი მიწა არაა, მაგრამ ღონიერი მკლავები დაამუშავებს და არავინ მოვა შენი მოსაცლის მოსაპარად. მშვიდად იძინებ. (პაუზა.)
დედა: იცი, რისთვისაც მოვედი.
მამა: დიახ.
დედა: და?
მამა: მე თანახმა ვარ. უკვე მოილაპარაკეს.
დედა: ჩემს შვილს აქვს და შეუძლია.
მამა: ჩემს გოგონასაც.
დედა: ჩემი ვაჟი მშვენიერია. ქალი არასოდეს შეუცვნია, მისი სინდისი იმაზე უფრო მეტად კაშკაშაა, ვიდრე თეთრი ზეწარი, მზეზე გატანილი.
მამა: რა ვთქვა ჩემს გოგოზე? დილის ვარსკვლავთან ერთად დგება სამ საათზე, რომ საუზმე გააკეთოს. არასოდეს მეპასუხება, მატყლივით რბილი და დამყოლია. ყველა ხელსაქმე შეუძლია, თოკს გაკვნეტს კბილებით.
დედა: ღმერთმა დალოცოს მათი სახლი.
მამა: ღმერთმა დალოცოს.
(მოსამსახურე მოდის ორი ლანგრით. ერთზე ჭიქები აწყვია, მეორეზე ტკბილეული.)
დედა: (შვილს) როდის დავთქვათ ქორწილი?
სასიძო: შემდეგ ხუთშაბათს.
მამა: მაგ დღეს ოცდაორი შეუსრულდება.
დედა: ოცდაორი! მაგ ხნის იქნებოდა ჩემი უფროსი ვაჟი, რომ ეცოცხლა... ცოცხალი იქნებოდა, თბილი და ძლიერი, როგორიც იყო, კაცებს რომ დანები არ გამოეგონათ...
მამა: წარსულით არ უნდა იცხოვრო.
დედა: ყოველ წუთას... გული ხელით მიჭირავს.
მამა: ანუ ხუთშაბათი. ხომ სწორია?
დედა: სწორია.
მამა: მე და ბავშვები მანქანით წავალთ ეკლესიაში, კარგა მანძილია. დანარჩენები ურმებითა და ცხენებით.
დედა: თანახმა ვარ.
(მოსამსახურე შემოდის.)
მამა: უთხარი, რომ შეუძლია შემოსვლა. (დედას) დარწმუნებული ვარ, მოგეწონება.
(პატარძალი შემოდის, ხელები ერთმანეთზე აქვს დაკრეფილი და თავი დახრილი.)
დედა: მოდი ჩემთან. ბედნიერი ხარ?
პატარძალი: დიახ, სინიორა.
მამა: ასეთი მორცხვი არ უნდა იყო. ბოლოს და ბოლოს, ის დედაშენი გახდება.
პატარძალი: ბედნიერი ვარ. ასე იმიტომ ვთქვი, რომ გათხოვება მინდა.
დედა: ბუნებრივია. (ნიკაპზე ხელს ჰკიდებს, თავს ააწევინებს.) პატარავ, იცი რა არის ქორწინება?
პატარძალი: (სერიოზულად) ვიცი.
დედა: კაცი, ბავშვები და ორი ნაბიჯის სისქის კედელი სხვა დანარჩენის გასამიჯნად.
პატარძალი: კიდევ რამეა საჭირო?
დედა: არა! რა ბედნიერები იქნებით! რა ბედნიერები!
პატარძალი: მე ვიცი ჩემი მოვალეობა.
დედა: აი, საჩუქრებიც.
პატარძალი: მადლობა.
მამა: რამეს არ მიირთმევთ?
დედა: მე არა. (ვაჟს) და შენ?
სასიძო: მე კი. (ტკბილეულს ჭამს, პატარძალიც იღებს.)
მამა: (სასიძოს) ღვინო?
დედა: არც ეკარება!
მამა: ძალიან კარგი!
(პაუზა, ფეხზე დგანან.)
სასიძო: ხვალ მოვალ.
პატარძალი: რა დროს?
სასიძო: ხუთზე.
პატარძალი: დაგელოდები.
სასიძო: როცა წასვლა მიწევს, მაკანკალებს და ყელში გორგალი მეჩხირება.
პატარძალი: როცა ჩემი ქმარი გახდები, ასე აღარ იგრძნობ თავს.
სასიძო: ასეა.
დედა: უნდა წავიდეთ. მზე არ მოგვიცდის. (მამას)  შევთანხმდით?
მამა: შევთანხმდით.
დედა: (მოსამსახურეს) ნახვამდის.
მოსამსახურე: ღმერთი გფარავდეთ.
(დედა მოსამსახურეს კოცნის და ჩუმად ემზადებიან წასასვლელად.)
დედა: (ზღურბლიდან) ნახვამდის, ჩემო გოგონა. (პატარძალი ხელის დაქნევით პასუხობს.)
მამა: გაგაცილებთ. (გადიან).
მოსამსახურე: ერთი სული მაქვს, საჩუქრები ვნახო.
პატარძალი: (უხეშად) თავი დაანებე.
მოსამსახურე: ბავშვო, მაჩვენე!
პატარძალი: არ მინდა.
მოსამსახურე: წინდები მაინც. ამბობენ, რომ ამოქარგული აბრეშუმია, ქალო!
პატარძალი: გითხარი, არა!
მოსამსახურე: ღვთის გულისათვის. ოჰ, კარგი. როგორც ჩანს, არ გინდა საქორწილო საჩუქრები.
პატარძალი: (ხელზე იკბენს, ტკივილისგან) ვაი!
მოსამსახურე: ბავშვო, რა ხდება? ფიქრობ, რომ შენი თავისუფლება მთავრდება? ფიქრს ნუ გაიმწარებ, რა საჭიროა... არანაირად. მოდი, საჩუქრები ვნახოთ, (ყუთს არხევს.)
პატარძალი: (ხელებს უჭერს) შეეშვი.
მოსამსახურე: ვაი, ქალო!
პატარძალი: დაანებე თავი, რომ გეუბნები!
მოსამსახურე: კაცზე ძლიერი ხარ.
პატარძალი: რა, კაცის საქმეს არ ვაკეთებდი? ნეტავ ვიყო.
მოსამსახურე: ასე ნუ ამბობ.
პატარძალი: ჩშშ!! სხვა რამეზე ვილაპარაკოთ.
(სცენაზე განათება მუქდება. დიდი პაუზა.)
მოსამსახურე: გაიგონე ცხენის ხმა წუხელ?
პატარძალი: რა დროს?
მოსამსახურე: სამზე.
პატარძალი: ალბათ რემას ჩამორჩა,
მოსამსახურე: არა, ზედ კაცი იჯდა.
პატარძალი: საიდან იცი?
მოსამსახურე: დავინახე. შენს ფანჯარასთან გაჩერდა, შემეშინდა.
პატარძალი: ჩემი საქმრო იყო? ასეთ დროს ხანდახან მოდის.
მოსამსახურე: არა.
პატარძალი: დაინახე?
მოსამსახურე: კი.
პატარძალი: ვინ იყო.
მოსამსახურე: ლეონარდო.
პატარძალი: (მკაცრად) მატყუარა! მატყუარა! მატყუარა! რისთვის მოვიდოდა?
მოსამსახურე: ღვინისთვის...
პატარძალი: გაჩუმდი! ღმერთმა დასწყევლოს შენი ენა. (ცხენის ხმა ისმის)
მოსამსახურე: (ფანჯარასთან) ნახე, გადაიხარე და კარგად შეხედე. ის იყო?
პატარძალი: ის იყო!

                                                                                                      ფარდა სწრაფად ეშვება.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები