ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
15 თებერვალი, 2009


გიჟი ქალაქს მიდიოდა ანუ გადამირჩინეთ სიყვარული/პოემა/

გიჟი ქალაქს მიდიოდა
ლექსებით და ვარდებით,
თან მიჰქონდა ბღუჯა_ბღუჯად
შფოთები და დარდები.
გიჟო, გიჟო, მართლა გიჟო,
ღამის გამთენებელო,
წადი, გულისწორთან მალე,
აქ, რას უცდი, შე ძველო!
მეეზოვე ქუჩას მოგვის,
შენს სევდასაც წაიტანს,
და იმღერებს მთვრალი ღამე
“გულო, რამდენ დარდს იტან”
სულის სატრფო თუ დაკარგე,
ვაი, შენი ბრალი,
ჯერ გიჟი და, მერე ისიც,
ასე მწარედ მთვრალი.
გადევნებენ ფარულ მზერას,
დაცინვას თუ სიბრალულს,
თუ რაიმეს უჭირს ახლა,
უჭირს მხოლოდ სიყვარულს.
ყველა თავის ციხეს აგებს,
შენს წილ ცასაც გაცლიან,
რაღა გიკვირს, ცოდვის კაცნი,
გიჟადაც თუ ჩაგთვლიან.
ჩაფერფლილი ღადარი თუ
დაწყვეტილი მყესები,
აი, გიჟის გრძელ ფუთაში
ჩარჩენილი ლექსები...
***
მე ვარ შენი რომეო,
შენ ხარ ჩემი კარმენი,
ჯულიეტა წავიდა,
ჯულიეტას არც ველი.
შენ ხარ ნდომა უთქმელი
შენ ხარ  ხარ ვნების ჭურჭელი,
ბევრი მახსოვს ბრძოლები
შენ გამო გარდახდილი,
მახსოვს ჟრჟოლის წამები,
შენს საწოლზე განცდილი,
მიყვარხარ გაუხდელიც,
მაგრამ უფრო_გახდილი.
მე ვარ შენი რომეო
შენ_ კარმენი ნამდვილი.
მომწონს შენი მხრები და
მათრახივით ფეხები,
შენს მახეში თანდათან
ბრმა თევზივით ვებმები.
მზეც რომ ორად გაიყოს,
მე შენ ვერ გაგეყრები.
***
მე არ ვიცი ვინა ხარ,
იქნებ არც ხარ ნამდვილი,
იქნებ მისტერია ხარ
და ნისლების აჩრდილი.
მამა, დედა, ძმა თუ და,
ან ქმარი მომემტეროს,
ვერ დაუშლის ჩემს ხელებს,
შენს თმებს რომ მოეფეროს.
შენ რა გინდა ქუჩაში,
გლდანში ანდა სამგორში
უნდა იწვე დიდ ფერად
მოფარდაგულ საწოლში.
თეთრფარფლება ბიკინში
გასაფრენი გედი ხარ,
რაფაელის ტილოზე
უფრო მშვენიერი ხარ,
შენ ხარ ლამაზ მდელოზე
მოფენილი ბარხატი,
ვით დეგას_”მობანავე
რძისფერ ქალის” ნახატი.
გაჰქრებიან შენს ირგვლივ
მოღლიცინე ჩარჩები.
როგორც დიდი ლეგენდა
ჩემს წიგნებში დარჩები.
ყურს ნუ უგდებ ყველას ვინც
შენგან ითხოვს მონებას,
ერთ ორგაზმში ნუ გაცვლი
დედამიწის ქონებას.
მომირაზო კარი და
ჩამომიშვა ფარდები,
შენს ოთახში გიჟივით
მაინც შემოვვარდები.
ქუჩაშიც და თეატრშიც
ნიავივით დადიხარ,
ზოგჯერ დღესასწაული,
ზოგჯერ კიდევ დარდი ხარ.
ყურს ნუ უგდებ შენზე თუ
შეთხზას ვინმემ ჭორები,
თუ შიოლას მწყურვალე
ბაგეს ეამბორები.
შენ მზისფერი ვოლვო ხარ,
შენ სამოთხის ოქრო ხარ,
ამიტომაც მიყვარხარ,
ამიტომაც მომწონხარ.
შენ ვან გოგის ფერადი
სიზმარი ხარ ლამაზი,
როგორც ფრესკა ყინწვისის,
როგორც კერპი არმაზის.
თოლია ხარ თოვლივით
გადმოშლილი ზეციდან,
შენ რომ არა, იცოდე,
მე ვერავინ შემშლიდა.
ხარ ქალი _ ერთგულება,
თუ ხარ ქალი _ ღალატი,
შენ ჩამაცვი ოტელოს
ეჭვიანი ხალათი.
***
მიყვარს შენი ტიტინი,
მიყვარს შენი ბიკინი,
მიყვარს შენი სამოთხე,
მიყვარს შენი ედემი,
მიყვარს შთაგონების და
გაგიჟების წერტები.
მიყვარს შენი წელი და
მიყვარს შენი კერტები.
ნიავმაც რომ გაკოცოს,
მისთვის არ მემეტები…
***
შენ ხარ ჩემი მუზა,
მე ვარ შენი ღუზა,
შენ წყარო ხარ მთის,
თუ _ კარედი ცის.
შენ ხარ სათნო ფერია,
მე _ გიჟი მისტერია.
წყალობა ხარ, ნუგეში,
თავს რომ გიდებ უბეში.
ნატვრისა ხარ მებაჟე,
ვნება _ ცეცხლის მომგვრელი.
მე ვარ შენი მებაღე,
შენი ყანის მომკელი.
მე ბერი ვარ, შენს სულზე
ხელაპყრობით მლოცველი,
ნუ გახდები, ამას გთხოვ,
ჩემი უარმყოფელი.
***
შენთან მინდა თბილისში,
შენთან მინდა შინდისში,
შენთან მინდა რომში,
შენთან მინდა ხონში.
შენთან მინდა პარიზში,
ან სულ ახლო _ კრწანისში.
შენთან მინდა თოვაში,
შენთან მინდა ქარში,
შენთან მინდა ჭრელ მინდორში,
შენთან მინდა ცაში.
შენთან მინდა ხელად ვრბოდე
ოღროჩოღრო გზაში.
შენთან მინდა სიყვარულში,
ბედისწერის ცდაში.
***
როგორ მინდა, შენს ბინამდე
თეთრი რაშით მოვფრინავდე,
მზე რომ თბილად ისამხარებს,
შენ ურდულის გახსნი კარებს.
გაცისკრდება შენი სახე,
ციურ ვნებით მოცახცახე.
გიცქერ _ თმების ოქროს ჩალა_
მზე საწოლში ჩაიღვარა.
***
ტანი ღვთაებრივ სრულქმნის ნაჭერი,
მზერა მაგიურ სხივთა დამჭერი,
თვალები _ ცისკრის ელვა ალები,
თმები _ უღვინოდ უკვე მთვრალები.
მკერდი _ ნაზი და ლორთქო მტევნები,
წელი _ გიჟურად მოსახვევნები...
***
როცა შენ იხდი, სასწაულია,
ხევებში ზათქით მოდის სიცოცხლე,
როცა შენ იხდი, გაზაფხულია,
რემბრანტის ნახატს ჰგავხარ, იცოდე,
და ძუძუები _ თიკნები თეთრი _
ანათებს, როგორც ღამეში თოვლი,
არა, შენ არ ხარ უბრალოდ ქალი,
გრძნეული ჯადოქარიც ხარ, მგონი.
როცა შენ იხდი, ჟრჟოლა მახელებს,
საკუთAარ გულის მესმის ხმაური,
ხარ, როგორც ვნების მთვლემარე ლავა,
გამოუცნობი და უცნაური.
დე, ირწეოდეს ჟამი, ვით ბორგვა
თავდავიწყების და გახელების,
როგორც ზღაპრული ნიმფების როკვა,
მიტანდეს თრთოლვა შენი ხელების.
კონტრასტულ სახის ფერები მწველი,
შავი და თეთრი, თეთრი და შავი,
შენ ხარ პანტერა კლდეს ასხლეტილი
და მოვარდნილი ვნებების ზვავი...
***
მიყვარხარ _ თმების ჩანჩქერით
მთის წყარო, გულზე მდინარე,
მიყვარხარ _ მზისფერ პერანგით
მძინარე, ძუძუმჩინარე.
მიყვარხარ _ პირველ მზერისას
გულს ისრის კვალი მაჩინე,
მიყვარხარ _ განძი, რომელიც
მთის წყაროდ აღმოგაჩინე.
მიყვარხარ _ ველზე გვირილას
ფერი ღიმილის სადარი,
მიყვარხარ _ სუნთქვა კანკელის
და სულის ჩუმი ტაძარი.
მიყვარხარ _ ლადოს ლექსივით,
მის ხმას ვერა, ვერ ველევი,
ჟასმინებით და ტიტებით,
შენსკენ დაძრული ველებით.
***
მაოცებს შენში მწველი, ქალური,
და სიყვარულის ფრთასუსტი ღონე,
იქნებ არცა ხარ შენ რეალური
და მე, უბრალოდ, გამოგიგონე.
***
ეს გულქვა წუთისოფელი
ალერსში უნდა ატარო,
ფშავის ლურჯ ხევის გვირილავ,
ზედაზნის მტრედის სადარო.
წახვალ, მომაგებ სევდასა,
მოხვალ, მოაფრქვევ სიხარულს,
გიცქერი უფლის ლხენასა,
გვირილას, თოვლში მიმალულს.
გავხედე, ყანა ბიბინებს,
მოლზე ციმციმებს ცისკარი,
სანამდე არ გამიღიმებ,
არ გაიხსნება ცის კარი.
ცის თაღზე თეთრი ქულა ხარ,
ჩამოცვარული ნამადა,
შიგ სულში რომ არ მწოლოდი,
სხვა მაინც მოგიპარავდა.
ხან ისე ლაღად იცინი,
დარდი ვერ შემიტყვიაო,
ეს გული შენი ერთგული
შენი მეტრფე და ტყვეაო.
ძილშიაც რომ არ მასვენებს,
ცისნამი თვალებიაო,
სხვასაც თუ ეგრე უღიმი,
ჩემი რაღადღა გქვიაო?
***
გამოქცეული ქალაქის ხმაურს
ბაღში ჩემ გვერდით ზიხარ დაღლილი,
და ირგვლივ ჰყრია ხმელი გირჩები,
დაობებული და გარდაცვლილი.
დადის სიჩუმე და მე მას ვუსმენ,
როგორც ძალიან საყვარელ მოტივს,
გარეთ ცხოვრება მღვრიედ ყაყანებს,
აფთრის კლანჭებით დადის და გვკორტნის.
მეცლები უცებ თეთრი ნისლივით,
თითქოს ჩამუქდა ციალი ხომლის,
ნუთუ ეს ხსოვნაც ისე გაქრება,
ვით ბუხრის ყელში ფიფქები თოვლის...
***
მე ვინ გამიყვანს მღვრიე ქალაქის
ამ უსასრულო სიმარტოვიდან,
თითქოს უსახო ჩრდილები დაფრთხნენ,
ღამე ქარების ფრთებით მოვიდა.
სად არის სახლი, მე რომ მიმიღოს,
ვინ მომცა პური, მე რომ მიჭირდა,
ვერ დავთმე ზეცა _ თეთრი ნაბადი,
ვერ გაგიყვანე ჩემი ფიქრიდან.
ზოგი უბრალოდ იწყობს ცხოვრებას,
მე ცისფერ ფრთებით ვცხოვრობ სულელი,
წაიღე ჩემგნით, რაც მაბადია,
მომეცი შენი ბაგის სურნელი.
დაუცლელ თასებს, გაუშლელ კვირტებს,
აფრებს ასაწვდენს ცაში ბოლომდე, _
არ შეიძლება გიყვარდეს ქალი,
მერე ნახევრად შენთვის ცხოვრობდე.
ხან თითქოს ბრძენი მგონია თAავი,
ხანაც უბრალოდ ცეტი ბავშვი ვარ,
შენი ლამაზი ფეხების რკალით
მოვარაყებულ წრეში დავდივარ.
***
წყურვილზე უფრო მწყურიხარ ახლა,
ლოცვაზე უფრო ლოცვა ხარ მგონი,
და სერაფიტას სველ ნაკვალევზე
ცხელი ტერფებით დავძრწივართ ორნი.
წვიმს და ეს წვიმა აწვეთებს სულში
და არჩენს ყველა ნაცნობ იარებს,
ხომ დაგანახე ეს ზეცა ლურჯი,
ხომ მოგეფერე და მოგიარე.
მინდა, აგავსო მწიფე ყანებით,
ნანატრ განძივით აღმოგაჩინო,
მერე დაგწურო, როგორც მტევანი
და მათრობელა შეგირგო ღვინო.
ათას მეერთე ღამის სიზმარი
ათას მეორე დილით იწყება,
ღმერთმა ხომ იცის, მე შენ მიყვარდი,
იყო სიგიჟით თავდავიწყება.
წყურვილზე  უფრო მწყურიხარ ახლა,
ლოცვაზე უფრო ლოცვა ხარ, მგონი,
და სერაფიტას სველ ნაკვალევზე
ცხელი ტერფებით დავძრწივართ ორნი...
***
იქნებ გინდა, გერქვას დედა,
იქნებ გინდა, გერქვას ცოლი,
და მოირგო ერთგული და
ქმრის მორჩილი ცოლის როლი.
იქნებ გინდა, რომ მე და შენ
ეს ცა გვქონდეს საზიარო
და ღვთის მადლით ერთმანეთი
დიდ სასწაულს ვაზიაროთ.
ჰოდა, როგორ უნდა გერქვას,
როგორ უნდა გერქვას ცოლი,
როცა შენ გაქვს მიჩენილი
მოფარფატე პეპლის როლი...
***
ჩვენ დავდიოდით ქუჩებში ორნი
და შურის საბაბს ვაძლევდით ქალებს.
არც და იყავი, არ გერქვა ცოლი
და სხივზე მეტად სწყუროდი თვალებს.
და ვეჩვეოდით ერთმანეთს ისე,
ვით უსახლკარო ორი ბეღურა.
და როგორც ლტოლვილთ უცხო მხარეში,
ჩვენც ზამთრის ცივი ღამე გვეხურა.
მე რომ შემეძლოს, ყველა შურისგან,
ყველა წყევისგან დაგიფარავდი,
და როგორც ფრესკა ღვთიურ მადონის,
ეს სიყვარულიც დარჩეს მარადის.
***
ვაი, ჩვენს სამტროდ ჩამოდგნენ
შავ-შავ გზირები გზაზედა,
ყინვის ქამრებით ლამობენ,
ცრემლი გვაწვიმონ ტანზედა.
ერთმანეთისა ნდომაი
შეგვაცვლევინონ სხვაზედა,
მაგრამ იმედად ისა მყავ,
უფალი როა ცაზედა.
***
ხანდახან სულში ჩუმი ლოცვაა,
ხანდახან ვნების ჟინი ამიტანს,
შენში სიწმინდის ჩუმი თრთოლვაა,
სერაფიმების ფრთებით წამიყვანს.
იქ, სადაც ნაზი, ლურჯი იები,
და ენძელების ლამაზი მთები, _
მე ვუდარაჯებ შენს ძილს ამაღამ,
სიზმრების ფერად ლეიბზე ვწვები.
ოღონდ, გავექცე ამ ჯოჯოხეთურ
თუ ველურ ყოფას, წავიდე სადმე,
შენ იყო ჩემთან, როგორც სალბუნი,
თეთრ თოვლის გუნდა გვირილას ჰგავდე.
***
ვაი თუ რამე გტკივა ახლა,
ვაი თუ შველა გინდა,
იქნებ ასპირინი ანდა
კორვალოლი გინდა.
იქნებ ჩემი სულის სითბოს
მოფერება გინდა.
ამ გულიდან შენსკენ ლექსი
სტვენით გამოფრინდა.
ცას ჰკიდია ვარცლისხელა
მზე, ვით ჭაღი წმინდა.
ეს სიცოცხლე შენს ერთ გულწრფელ
გაღიმებად ღირდა.
**
უბით ვატარე მე ეს წერილი
ბეღურას ფრთებით გიგზავნი ახლა.
საყდრის ბერივით ვარ მოწყენილი,
მარტოობასაც სცოდნია დაღლა.
ღამე ჩურჩულით მიამბობს შენზე,
ვიცი, ხსნა არის ახლა ოცნება_
და გვირილები მოლისფერ ველზე,
ყაყაჩოს ბაგით რომ იკოცნება.
ხნულში რომ მწყერი თრთოლვით იგოგებს,
მახსოვხარ ისე ჩუმი და თეთრი,
პირველად როცა ცას დავუჩოქე,
ვიგრძენი როგორ მოვიდა ღმერთი.
გიგზავნი წერილს ჩიტის ნისკარტით,
იმ წამს ამღერებს, მე როცა ვდუმდი.
ახლა რომ მტკივა იმის სანაცვლოდ
ბეღურა მაინც გამითბე უბით.
***
მე სამ რამეს გიტოვებ,
თუ სიკვდილს მივბარდები,
გქონდეს ვით რელიკვია,
გული, ლექსი, ვარდები.
ლექსს ვწერდი თუ მოთხრობას,
რომანსა თუ წერილს,
შენ გიმზერდი ისე ვით
მზის სხივს გადარჩენილს.
ცივ ზამთარში შენი ტანი
რბილ სამოსად მეხურა,
ჩემს ბუხართან წიფლის შეშით,
გამომთბარო ბეღურა.
შენს ფრთებს, აბა, ჩემი ფრთები
როგორ დავატოლო,
ზეციურო ქალბატონო,
მისტიურო ცოლო.
***
სიყვარულის გიჟებს ჩემი სალამი!
დარდიანმა გულმა იცის დარდობა,
ტყვიასავით შემაგებეს ბალღამი,
სულ წაიღეს ჩემი დარდიმანდობა.
წუხელ არღანს ატირებდა მეტეხთან,
ვინც დაკარგა ტრფობის ნაღდი საგანი,
_შენ გარეშე მკვდარი არის ცხოვრება
ამას მიჯობს, ჩამცე იატაგანი.
...
გქონდა გუნება შენ უცნაური
რთული და ზოგჯერ არამარტივი,
ქალი იყავ და აღარ მიკვირდა,
რომ გეცვლებოდა იგი მარტივით.
და ჩემი ნაკლი ვით სათამაშო,
ზოგჯერ გწყინდა და ზოგჯერ გართობდა,
მე კი შენს სხეულს მუჭში ვმალავდი,
საგანძურივით ფრთხილად დამქონდა.
მიყვარხარ!..ახლა ამ სიტყვებს ქარში
არავინ ისმენს ფოთლების გარდა,
მაჟორ ჰანგების ჟღერაა ხმაში,
რომ არ დაუშვას მაესტრომ ფარდა.
ვიცი, ეს ღამეც მოვა უშენოდ,
თუმც ყოველი დღე შენით იწყება,
მკვდარი ჩიტივით მკვდარია ლექსიც,
თუ არ სდევს შენით თავდავიწყება,
მოდი, გამოჰყევ ქარებს და ნისლებს,
რა გაგაჩერებს გალია_სახლში,
და ერთმანეთით გიჟივით მთვრალებს
გაგვაქროლებენ მერნები ცაში.
***
არ შეიძლება უთხრა უარი
შენში ალეწილ ქალის ბუნებას.
მე თუ მკითხავენ, არც არის ქალი,
ვინც ზეცისაკენ არ იყურება.
ვინც ვერ გაიგო მამრის ვნებიან
გულზე ხანძრების დიდი იარა,
ვინც გვირილებით მორთულ მდელოზე
ერთხელ კისკისით ვერ გაიარა.
ახლა იმ დღეებს, როგორც მკვდარ ირმებს,
გამოულეველ სევდით დავტირი.
ჩემს ფანჯარასთან, როგორც მზის ტოტი,
ისევ თამაშობს შენი აჩრდილი.
***
მე ისევ მინდა ის დღეები თავიდან დავწნა
და შენს მკლავებთან ვნებიანი ღამე ვათიო,
სულ ამ ცოდვილი თავის ბრალი არის შენი დაკარგვა,
რომელმა ქალმა აპატია ,
შენ მაპატიო!
შენ გაიქეცი, ასე სჯობდა
ბედისთვის, შენთვის,
რომ ხვალ ფერადი სიზმრის ტოტი
მშვიდად არწიო,
რაც შეგცოდე და არ შეგცოდე,
ცოდვილ ვარ შენთან,
რომელმა ქალმა აპატია,
შენ მაპატიო?
უკვე შეგვაჭრეს ჩვენი ფრთები,
ნაზი და სუსტი,
და ნატვრა შენი ახდენილად
ვეღარ ვაქციო,
აღსარებისთვის სულ ტყუილად
მოვსულვარ შენთან,
სისულელეა,
რომელმა ქალმა აპატია.
შენ მაპატიო!
***
ვერ გავუფრთხილდი ჩვენ ამ სიყვარულს
ხომ არ მოგვიკლეს ფერადი ჩიტი,
წყალს ვასხურებდით, საკენკს ვუყრიდით
და სახვალიო იმედად ვზრდიდით
მალე ზამთრების ქარები მოვლენ,
უფრო ზვიადი და უფრო ფლიდი,
ხომ არ დასრულდნენ ლაღი სიზმრები,
ხომ არ მოგვიკლეს ფერადი ჩიტი?
***
სარქველივით დამახურე,
გულს ყინულის ხუნდები,
მზეს დავაბამ კარზე მცველად,
შენ თუ დამიბრუნდები.
იხარებენ ჩვენთან ერთად,
ჟასმინები ტიტები
და ვიქნებით ბედნიერნი,
ვით_სამოთხის ჩიტები.
***
როცა არ რეკავს ნანატრი ზარი,
კარს არ მიღებენ შენი თითები,
ვეღარ ვისვენებ ვერაფრით მაშინ,
მთვარეულივით ვეღარ ვმშვიდდები.
და სახლში, როგორც უცხო საკანში,
რამდენჯერ, იცი, ბედთან ვომობდი,
სიზმარში გნახე, ჩემთან იყავი,
თმებს გიწეწავდი და გეხვეოდი.
გარეთ შიშია, შიმშილი, ზიზღი,
და დაძრწის ტყვია, ყველას საწილე,
ჩვენ ჩვენი წილი გვგლეჯს მარწუხები,
ჩვენ ჩვენი როლი გავინაწილეთ.
მაპატიე, თუ ვარ ამნაირი,
გაქვს გულის ტკენა ჩემგან მოსჯილი,
რატომ ყოველთვის შენ ხარ მართალი,
რატომ ყოველთვის მე ვარ ცოდვილი?
გარბის წლები და გარბის ჯირითით,
ხომ ხედავ, უკვე აღარც იცდიან,
სასუფეველი თუ გველის ნეტავ,
ხელს ქერუბიმნი თუ გაგვიწვდიან,
მოდის სიბერე _ ბოლო წერტილი,
როს დაღლილები ერთად დავსხდებით,
ჩამოძენძილი ჩვენი ვნენებით,
დაბრუნებული ძველი განცდებით.
შენს ჭაღარა თმებს როგორც სალოცავს,
შეეხებიან ჩემი თითები,
გაგვახსენდება ეს სასწაული,
გაგვახსენდება და ავტირდებით.
ახლა კი მამღვრევს ფიქრები შენზე,
უძილო ღამემც არ იცის დაღლა,
ოღონდაც მოდი და სიმარტოვე
დღესასწაულად აქციე ახლა.
***
მეც მექნებოდა მზერა უკვდავი,
თუ ფიდიასი ქვისგან შემქმნიდა,
ვიდრე მომთხოვდნენ იუდას თაყვანს,
მკვდარი ნიღბები ვიდრე შემშლიდა.
ვიდრე შენ გქვია სახელად ქალი
და ჩემს ცხოვრებას ათბობ მალიმალ,
მე ვერ ვიცოცხლებ უშენოდ მარტო,
ვერც ჯვარცმის მძიმე ლოდებს ავიტან.
და ვიდრე გქვია სახელად ქალი
და შროშნის მწველი შენ ხარ ყვავილი,
და კარმენიდან ჯულიეტამდე
მანძილს ოდესმე მაინც გაივლი.
მეც მექნებოდა მზერა უკვდავი,
თუ ფიდიასი ქვისგან შემქმნიდა,
მე თუ მინდოდა შენი დაკარგვა,
რისთვის გძერწავდნენ ჩემი ნეკნიდან.
მე ვერ აგიგებ სასახლეს ლამაზს,
ძღვნად მომიცია გული ესოდენ, _
და ნუ მომასწრებს იმ დღეს უფალი,
შენი ტიტინი რომ არ მესმოდეს.
***
გადამირჩინეთ სიყვარული,
რომელიც შურით
სამიზნეზე უდევთ ვამპირებს,
გადამირჩინეთ სიყვარული,
გაღვიძებას როცა აპირებს.
გადამირჩინეთ მინდვრის ყვავილნი,
სინათლისათვის პაემანზე გამოსულები,
ცას აპყრობილნი მოქადაგე ბერი მარტვილნი,
სერაფიმები _ სიყვარულის მცველი სულები.
მე სიცოცხლესთან ვერა ძალამ ვეღარ გამყაროს,
ყველა ტკივილი, გულის სატრფოს
გთხოვთ მომირჩინეთ,
აპოკალიფსურ ხელს ნუ ახლებთ
ფერად სამყაროს,
გადამირჩინეთ სიყვარული,
გადამირჩინეთ!
***
მომკლეს ხიშტით,
მომკლეს კეტით,
გულს დამასეს იარა,
არ იქნა და საქართველომ
დღემდე არ მაღიარა.
ჩემმა ტანმა გოლგოთამდე
ლოდის თრევით იარა,
გავიხედე _ დაცლილია,
წუთისოფლის ფიალა,
ჩემს ქალს, მგონი,
სევდა წაჰყვა,
წავიდა, ჩაიარა;
თუმც ვაომე სიტყვის ჯარი
შუბიანად, ქვიანად.
თუმც შევხვრიპე მეტაფორის
დიდი ქვაბი მთლიანად,
საქართველომ ჩემი ლექსი
დღემდე არ აღიარა.
ახლა ვითვლი კრიალოსნის
მსგავსად მწარე იარებს,
შენც მოხვედი ბოლოს, მაგრამ
შენაც არ მაღიარე.
**
ჯვარცმიდან ამაღლებამდე,
ამაღლებიდან ჯვარცმამდე,
მალაღებდე და მტანჯავდე,
ამავსებდე და მძარცვავდე.
ხან დღესასწაულს მინთებდე,
ღალატის შიშით მზარავდე.
ცისკრიდან დაბინდებამდე,
აპოკალიფსურ ზარამდე.
შიგ სულში ჩახვალ ამურის
ისრებით დაჭრილ გულამდე,
ვერ შეგელევი, იცოდე,
სამყაროს აღსასრულამდე!..






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები