ნაწარმოებები



ავტორი: რენუარი
ჟანრი: პოეზია
9 თებერვალი, 2020


Carpe Diem

ეგეთი თამაშია ცხოვრება  -
"დახუჭობანა"
ესა... მესა...
ბევრი უკვე
ჩვენი წრიდანაც გავიდა...

მე სულ მეგონა,
რომ რაღაც უკეთესი წინაა.
სინამდვილეში,
უკეთესიც, საუკეთესოც
უკან დარჩა!
ცხოვრებას, თუ ერთხელ ვერა,
განმეორებით ვერ გამოიყენებ.

ეს ნიშნავს -
ის  განუმეორებელია!
ანუ
ერთჯერადი.

შეიძლება სული რჩებოდეს სადმე,
როგორც მაგალითად,
მოფრიალე ფერადი პილიეთილენი - მავთულზე,
რომელიც მარადიულია და
ხრწნას არ ექვემდებარება.

ერთხელ, ნარკოზის "პერედოზის" ფაზაში,
მე ეს განვიცადე :
ვიყავი  ეთერით გაბერილი
პოლიეთილენის პარკი,
მთრთოლავი და მოშიშინე,
როგორც ტელევიზორის ეკრანი
შორეულ სამოცდაათიანებში.
და საოპერაციოს პროჟექტორზე მოქანავე,
ვხედავდი დაბლა, მაგიდაზე,
ჩემს ყოფილ,
გაფატრულ სხეულს,
და კადრებს,  მისი მიწიერი ცხოვრებიდან...
და ოდნავადაც არ დამნანებია.

მას მერე
როცა სული (მე)
სხეულმა (მან)
მოიბრუნა,
იმის მერე
სულ ვცდილობ
ყოველდღე  შევიძლო,
სულ მუდამ
ხვალისთვის გადადებული ცხოვრება...
.....................
თუმცა, ეს  -
არასდროს გამომდის...

9.02.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები