ნაწარმოებები



ავტორი: რენუარი
ჟანრი: პოეზია
18 თებერვალი, 2020


ჩანთა

რა ბედნიერებაა
თუ გაქვს უჯრა,
რომელშიც ხელნაწერებს ინახავ.
რა ბედნიერებაა თუ ეს უჯრა საწერი მაგიდისაა.
რა ბედნიერებაა თუ ეს მაგიდა შენს ოთახში დგას.
რა ბედნიერებაა თუ გაქვს  ოთახი,
რა ბედნიერებაა თუ ეს ოთახი  სახლშია.
რა ბედნიერებაა გქონდეს სახლი!

რა ბედნიერებაა
თუ შენი ტანსაცმელი კარადაში კიდია.
რა ბედნიერებაა თუ ეს კარადა შენს ოთახშია.
რა ბედნიერებაა თუ ეს ოთახი  სახლშია.
რა ბედნიერებაა გქონდეს სახლი!

რა ბედნიერებაა,
თუ შენი კბილის ჯაგრისი ჭიქაში დევს.
ჭიქა თაროზეა
თარო შენს აბაზანაში,
აბაზანა სახლში.
რა ბედნიერებაა გქონდეს სახლი!

მე ვიცი ერთი ჯადოსნური ჩანთა,
რომელშიც აწყვია:
ხელნაწერები,  საბუთები,
კბილის ჯაგრისი, ტანსაცმელი,
დამტენები, ყურთსასმენები...
"ნემსები, მახათები, პაპიროსის ქაღალდები...."
ჩანთა ჩემია!
.......
და სულაც არაა ბედნიერება ასეთი ჩანთა გქონდეს....

10.02  2020



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები