ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო ქადაგიძე
ჟანრი: პოეზია
17 თებერვალი, 2020


ბიჭუნასა და გოგოს ზღაპარი

ბიჭუნასა და გოგონას ზღაპარი
    ამ ზღაპარში პატარა ბიჭუნა და გოგონა ცხოვრობს. ბიჭუნა ძალიან ცელქი, მოუსვენარი  და ონავარია.  დღე და ღამ ბურთს  დააგორებს. გოგონა შედარებით მშვიდია, მაგრამ ძალიან მოსწონს  ამ ონავარ ბიჭუნასთან მეგობრობა. რა საერთოს  ნახულობს გოგონა ამ ბიჭთან, არავინ იცის, მაგრამ მუდამ ერთად არიან. ბიჭი ბურთს თამაშობს, გოგონა უყურებს, ბიჭი კვლავ თამაშობს, გოგონა კვლავ უყურებს... თუმცა გოგონასაც აქვს თავისი საყვარელი საქმიანობა. გოგონას ვიოლინოზე დაკვრა უყვარს. გადმოდგება გოგონა აივანზე, დაიწყებს დაკვრას, ბიჭი აივნის ქვეშ დგას და უსმენს, გოგონა კიდევ გადმოგდება აივანზე, კიდევ უკვრავს და ბიჭი კვლავ უსმენს...ასე გადის დღეები.  ბავშვები  ერთ ქუჩაზე ცხოვრობენ. ქუჩა გრძელია, გზის აქეთა და იქეთ პატარ- პატარა სახლებით ჩაწიკწიკებული. სახლებს მტრედებიანი სხვენიც აქვს და ფანჯრის რაფებზე  გამოდგმული  ქოთნის მცენარეებიც  ამშვენებს. ეზოებს დიდი რკინის ჭიშკრები იცავს,  ჭიშკრის გვერდით ავი ძაღლიც  ჯაჭვით აბია, უნდა,  შევა ბუდგრუგანაში და უნდა - არა! ეზოში ათასნაირი ხე  და ბუჩქი დგას, შეკრეჭილი, მოვლილი...ამ ქუჩაზე კეთილი მებაღეც  ცხოვრობს.  დიდი მაკრატლით დადის და თუკი სადმე რაიმე გამოშვერილი ტოტი იპოვა, მაშინვე იმ დიდი მაკრატლით შეაჭრის  ზედმეტ ფოთოლსა თუ ტოტს, ალამაზებს ბუჩქებს და ხეებს.  ყველა ეზოში წყლის ონკანია. ზოგგან ცისფერი წყალი მოდის, ზოგგან- იისფერი...ისეთი გემრიელი წყალია, წვეთის დაქცევაც  დაგენანება. ღობეებს ხვიარა ვარდები აქვს შემოხვეული და ზოგი დეიდა  კრეფს და ვარდის ფურცლის წყალს აყენებს, პირის დასაბანად,  ზოგიც ვარდის მურაბას ხარშავს და მეგობრებს უმასპინძლდება საღამოობით ჩაიზე. ქუჩის დასაწყისში თეთრი, დიდი, მრგვალი საათი კიდია,  თეთრი ციფერბლატითა და შავი ციფრებით, ისრები არა აქვს, მაგრამ ამ ქუჩის მაცხოვრებლები უისროდაც ხვდებიან რა დროა.  ქუჩის ბოლოში პატარა ეკლესია დგას, სამრეკლოზე  უშველებელი ზარით.  დარეკავს მნათე ზარს  და ლოცვის დროა. გაივლის მღვდელი შავი ანაფორით ქვით მოკირწყლულ ქუჩებს სწრაფად და გადაშლის დიდ წიგნს, დადგება ლოცვაზე.
    ასე ცხოვრობენ  ადამიანები ამ ქუჩაზე.
    თუმცა პატარა ბიჭუნასა და გოგონაზე გიამბობდით და კინაღამ გადამავიწყდა. ბიჭუნას ბურთის თამაშის გარდა,  ნაყინიც უყვარს. ერთხელ როდესაც  მენაყინემ ჩამოიარა და ყველა ბავშვს ნაყინი დაურიგა,  სამწუხაროდ, გოგონას აღარ შეხვდა. ნაყინი გათავდა და ფეხბურთის მოყვარულმა ბიჭუნამ აცრემლებულ გოგონას თავისი ნაყინი დაუთმო.  სამაგიეროდ გოგო გაიქცა, აიღო თავისი ვიოლინო, გადმოდგა აივანზე  და მადლობის ნიშნად  ფეხბურთისმოყვარულ ბიჭს ისეთი მელოდია დაუკრა, ისეთი მელოდია.... მერცხლებმაც კი შეწყვიტეს ჭიკჭიკი და გაისუსნენ.
  როცა გოგონა ავადაა, ბიჭუნა მის ფანჯრებს შეჰყურებს, როცა ბიჭუნა ხდება ავად, გოგონაა მოწყენილი. როცა ბიჭუნა გოლს გაიტანს, გოგონა შემოსცხებს ტაშს, როცა გოგონა საკონცერტო დარბაზში ვიოლინოზე უკრევას, ლამაზად დავარცხნილი ბიჭი ხარობს დარბაზიდან და არბის სცენაზე ყვავილებით აწითლებული გოგონასკენ. როცა ბიჭუნას ფერადი შუშის ნატეხი აქვს,  გოგონას აჭყიტებს  ხოლმე მზისკენ. მზე ხან მწვანე ჩანს, ხან ვარდისფერი....როდესაც გოგონას ფერადი საპნის ბუშტების გასაშვები აქვს, ბიჭუნას ათხოვებს ხოლმე და უშვებენ ფერად-ფერად  ბუშტებს აივნიდან ძირს. სხვა ბავშვები კი ქვევით იჭერენ  და არის ხოლმე ერთი ჟრიამული. მათ ქუჩაზე მხოლოდ ფერადი წყალი კი არა,  წვიმაცა და თოვლიც  ფერადი მოდის. წამოვა მაისის ჟუჟუნა წვიმა, გამოიშლებიან ბავშვები ქუჩაში და ზოგს წვიმის ვარდისფრერი წვეთები ეცემა, ზოგს  იასამნისფერი, ზოგს - ლურჯი.... შეუშვერენ ხოლმე ბავშვები წვიმას პატარა  ქილებს და აგროვებენ, როდესაც ქალაქში ზაფხულის ხვატი დადგება და წვიმა აღარ მოდის,  მოასხამენ ხოლმე ქუჩაში გადანახულ წვიმის წვეთებს და ათასფრად აბრჭყვიალდბა ხოლმე ქუჩაც. თოვლიზეც გითხარით ფერადი თოვლი მოდის - მეთქი, არა? დიახაც! სულ ფერად- ფერად  გუნდებს ესვრიან ერთმანეთს ბავშვები და  ზოგი ბავშვიც ვერცხილსფერ თოვლში და ზოგიც ოქროსფერ თოვლში კოტრიალობს. ეს ამბავიც ზამთრის ერთ ფერად დღეს მოხდა. ჩვეულებისამებრ, როდსაც  ბიჭუნა  გოგონას სადარბაზოში ელოდებოდა, თოვლში სათამაშოდ, გოგონას  დათოვლილ კიბეზე ფეხი აუსრიალდა და დავარდა. ბიჭუნას რატომღაც ამ სანახაობაზე გაეცინა. გაბრაზებული  გოგონა წამოდგა, აკისკისებულ ბიჭუნას გაებუტა, და ტირილით აირბინა კიბე შინისკენ. იმის მერე დიდხანს ელოდა  აივნის ქვეშ ფეხბურთისმოყვარული ბიჭი გოგონას,იქნებ გამოვიდესო,  მაგრამ ამაოდ. გოგონა არა და არ გამოდიოდა. ვინც ძალიან გვიყვარს, მათგან ხომ ერთი უმნიშვნელო რამეც ძალიან გვწყინს ხოლმე. ჰოდა, ასე დაემართათ მათაც.
    ამ ბუტიაობაში გადაითოვა.
    მერე ჯერ ბიჭი წავიდა სხვა ქვეყნის ფეხბურთის გუნდში სათამაშოდ, მერე გოგონა-  სხვა ქვეყნის საკონცერტო დარბაზში  კონცერტის გასამართად.
  დრო გადიოდა.  ბავშვები იზრდებოდნენ და ჯერ ბიჭუნას დაავიწყდა გოგონა ვიოლინოზე რა მელოდიას უკრავდა ხოლმე მისთვის, მერე გოგონას გადაავწიწყდა ნელ-ნელა  ბიჭუნას სახეცა და თვალებიც.
    ბევრი წლის შემდეგ, ჯერ ბიჭუნამ მოისმინა ტელევიზორში ამა და ამ ცნობილმა მევიოლინე ქალბატონმა, აქა და აქ კონცერტი გამართაო და მერე გოგონამ - ამა და ცნობილმა ფეხბურთელმა ბატონმა ამდენი და ამდენი გოლი გაიტანაო. სადაც იყვნენ ორივეს იქ გაეღიმათ და  ერთმანეთის ძებნა დაიწყეს.
      უკვე ხანშიშესულებმა იპოვე კიდეც ერთმანეთი,  ერთმანეთის დაღლილ თვალებში ძლივს იცნეს პატარა ბიჭი და პატარა გოგო,  მაგრამ თავიანთი ბავშვობის ქუჩა- ვეღარსად იპოვეს.  ახლა იმ ქუჩაზე სულ  სხვა ბიჭები და გოგოები დასახლებულიყვნენ, სულ სხვანაირი სახლები  აეშენებინათ, უფრო მაღალი და  დიდი. სულ სხვანაირი ხეები და ყვავილები ყვაოდნენ.  სულ სხვა ფერის  წვიმა და თოვლი მოდიოდა და სხვანაირ ნაყინებს დაატარებდა მენაყინე ბიძიაც...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები