ნაწარმოებები


დაფინანსება!!!     * * *     დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: თინა ნიკოლ
ჟანრი: პროზა
20 თებერვალი, 2020


3

გადავწყვიტე კარლისთვის ჰანსის შესახებ მეთქვა. ერთ მზიან დღეს გავიღვიძე და მივხვდი, რომ რაღაც უნდა შემეცვალა. ჩემს განვლილ ცხოვრებას ვეღარ შევცვლიდი. აწმყოც სულ ხელიდან მისხლტებოდა. მომავალი ყველაზე მარტივ შესაცვლელად მეჩვენებოდა.
ჰოდა გადავწყვიტე...
ალბათ ჩვეულებრივ დილით ადრე ავდგები, გავამზადებ ჩაის. იქნებ დღეს კარლს მოცხარის მურაბით მივართვა ჩაი?! რაც არ უნდა იყოს განსაკუთრებული დღეა.
გაზეთსაც სათუთად დაკეცილს დავუდებ იქვე. უკვე წარმოვიდგინე, როგორ შემოვა სამზარეულოში  ფეხების ფრატუნით. როგორც ყოველთვის ხალათის ქამარი შეხსნილი ექნება. ამ დროს კალთები აფრებივით უფრიალებს და კიდევ უფრო ხმაურით დადის.
ერთადერთი რაც ისე აღარ იქნება, როგორც აქამდე, მისი საღამურის ბოლო ღილია. ღილი, რომელიც კარლის მოსუქებულ ღიპზე ძლივს იმაგრებდა თავს. ყოველ დილით ვხედავდი, როგორ ლამობდა აწყდომას და თავის განთავისუფლებას. მეც მოთმინებით ველოდი როდის გამოეცლებოდა ძალა და დანებდებოდა. ყოველ დილით უფრო გრძელდებოდა ძაფი და აი, სწორედ გუშინ საღამოს ვიპოვე აივნის იატაკზე  დაგდებული.  მაშინ გადავწყვიტე რომ ცვლილებების დრო მოვიდა.
იქნებ დღეს ფუნთუშებიც გამოვაცხო?
კარგი იქნებოდა.
ღიღინით მივედი სამზარეულოს კარადასთან და ფქვილი გამოვიღე. კარლთან სამსახურში მივალ დღეს და ფუნთუშებს მივუტან. წარმომიდგენია როგორ გაოცდება. მასთან სამსახურში ძალიან იშვიათად მივდიდვარ.
- მოხდა რამე, ძვირფასო? - მეტყვის და შეეცდება სკამიდან წამოდგეს.
- ფუნთუშები მოგიტანე. - ვუპასუხებ უდარდელად და მსუბუქად შევაბიჯებ კაბინეტში.
გონებაში ნათლად ვხედავ, როგორ მადიანად შეექცევა ჩემს გამომცხვარ ფუნთუშებს. რაც მართალია მართალია, ფუნთუშები უგემრიელესი გამომდის. რეცეპტი კლუბში გამოვართვი ფრაუ გროსბერგს და კიდევ ერთხელ მივეცი უპირატესობა ისედაც კლუბის ვარსკვლავს. ყოველთვის მაცოფებდა მისი "სრულყოფილება". სრულყოფილი იყო ბრიჯის თამაშში, სრულყოფილი იყო ჩაცმაში, სრულყოფილი იყო კულინარიაში, სრულყოფილი მანერები ჰქონდა. და აი, ერთხელაც მივედი და სრულყოფილი ფუნთუშების რეცეპტი გამოვართვი. იმ დღეს ბედნიერი დავბრუნდი სახლში და სრულყოფილი ფრაუ გროსბერგის სრულლყოფილი ფუნთუშებით გავუმასპინძლდი საშინლად არასრულყოფილ კარლს. იმ დღეს ფრაუ გროსბერგს ვაჯობე და ღამით ბედნიერს დამეძინა.
შესანიშნავი სამკაული იქნებოდა ფრაუ გროსბერგის სრულყოფილი ფუნთუშები ასეთი სრულყოფილი დღისთვის, როგორიც კარლს ელოდა დღეს.
პატარა მოწნულ კალათში ჩავალაგე საოცრად არომატული დარიჩინის ფუნთუშები, ზემოდან ქათქათა თეთრი ნაჭერი გადავაფარე და სახლის კარი გავიხურე.
ფეხით გავუყევი ქუჩას. ასეთი სრულყოფილი დღის ყოველი წუთით უნდა დავმტკბარიყავი.
კარლის სამსახურის შენობას რომ მივადექი ღრმად ჩავისუნთქე და გაბედულად შევაბიჯე. მეორე სართულზე უნდა ავსულიყავი. ლიფტით არ მისარგებლია, გადავწყვიტე კიბით ავსულიყავი. ასე უფრო დაჯერებულად ვგრძნობდი თავს.
კარლის კაბინეტის კართან კიდევ ერთხელ ჩავისუნთქე და უდარდელად შევაღე.
მთელს ოთახს მოედო დარიჩინის მადისაღმძვრელი სურნელი. შემიძლია დავიფიცო რომ იმ წუთში დარიჩინის არომატს თვალნათლივ ვხედავდი.
ასევე ცხადად დავინახე საკუთარ სავარძელში მოკალათებული კარლი და მის ბუნჩულა მხრებზე სრულყოფილი მანიკურიანი თითები. თვით ქალბატონი სრულყოფილება იდგა კარლის ზურგსუკან და როგორც ჩანს კისრის სრულყოფილ მასაჟს უკეთებდა. კარლს ფრაუ გროსბერგის მოტანილი სრულყოფილი კრუასანების მორიგი ლუკმა შერჩენოდა პირში და ხმას ვერ იღებდა.
ჩემმა დარიჩინიანმა ფუნთუშებმა სრულყოფილება დაკარგა. უთქმელად შემოვბრუნდი და მტკიცე ნაბიჯით გამოვედი შენობიდან.
საკინძის ზედა ღილი შემხსნოდა, დავიხედე და ღილი დაგრძელებულ ძაფზე ძლივსღა ეკიდა. არ ვაცადე როდის აწყდებოდა თავისით, თითზე დავიხვიე და მარტივად მოვწყვიტე.
მუჭში მოვიქციე და სანაპიროსკენ წავედი.
იმ დღეს მივხვდი რომ სრულყოფილება წარმავალია.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები