ნაწარმოებები


დაფინანსება!!!     * * *     დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: პაპუნა ფირცხალაიშვილი
ჟანრი: პოეზია
24 თებერვალი, 2020


აღსარების მაგიერ

მამას

ადრე როდესაც უდარდელი შვილი ვიყავი,
(უკვე სითეთრე მომიტანეს ცივმა ქარებმა),
ვფიქრობ მაშინ, რომ გულახდილად მოვსულიყავი
და მესაუბრა. საუბარი გაგახარებდა.
ახლა კი მინდა ყველა ღრმული რომ დაუამდეს
გულს და მიიღე გულახდილი ეს აღსარება,
რომელიც იწვევს ცრემლის დენას, ფიქრს და ჟრუანტელს,
რადგანაც უკვე იმხელა ვარ მიწევს ხანდახან,
რომ მოგატყუო. გახლეჩილა მკერდი შუამდე
და უნებლიე პოეტური ჩემი გადახრა
ისეც შვება, რომ მცნებებიდან ხშირად ათივე
დარღვეულია და რადგანაც ჩემი მამა ხარ
შენთან მოვედი. ამ ცხოვრების დედა ვატირე,
რომ მშობლის ნუგეშს მირჩევნია მუდამ სასმელი.
და რომ ყოველთვის მიველტვოდი ჩინს და პატივებს.
და ზუსტად ვიცი მომავალი და ხვალ რაც მელის
შენ რომ გინდოდა ის არ არის, რადგან ათასი
გზა გავიარე, ათასერთი კი ფეხსაცმელი
გამოვიცვალე. საბოლოოდ ღმერთი გადავსვი
გულიდან ტვინში. სირცვილით ვარ სავსე პირამდე.
აღარც კი მახსოვს სად ვიფორთხე, როგორ გადავრჩი.
და სანამ ჩემს თავს ზვარაკივით შემოგწირავდე,
მითხარი უთქმელ მონატრებას თუ რა ფასი აქვს.
აი ორ დღეში ისევ მოვა უქმი კვირა დღე.
წახვალ ტაძარში სალოცავად. გავშლი პასიანსს
და არაფრის მთქმელ ფიქრს შევყვები ყველა უჯრედით.
სახლში არ ვარ და ყველაფერი მაინც ასეა...
შენც კარგად იცი, რომ არაფერს გავაფუჭებდი
რამე რომ მაინც შემძლებოდა. მე კი ლექსების
გარდა არაფრის თავი არ მაქვს. შენ რას ურჩევდი
შვილს, გაბრუებულს ცხოვრებით და თავის შექცევის
ამბებით გართულს. ლამაზია დიდი ქალაქი
მატარებლებით, ვაგონებით, თეთრი რელსებით,
ხალხით, ამბებით, წვიმების ხმით და წყლის მარაგით.
მეც შევერიე. ჩამითრია. ბოლოს ჩავყევი.
ხორცი წავბილზე, გავასუქე, თავის ქალა კი
ისე ავივსე ხოჭოებით და ბაყაყებით,
რომ ამიმყაყდა შეგრძნებები, ასე დამთავრდა
ჩემში სიწმინდე - ანგელოზის ხმაზე ნაყეფი.
ყველასთან ვცდები, მართალი ვარ მხოლოდ ზამთართან
ვერ მიერთგულა და მიცქერდა ხშირად ეჭვითაც.
გამომაცალა ყველა ვინც კი ნებას დამრთავდა
მეცხოვრა: კარგად, ზედმიწევნით, ლაღად, ბეჯითად
და ყველასათვის. ისე გაქრა ჩემი ბავშვობა
ვერ მოვასწარი პირველ კლასში, რომ დამეჭიდა
იმ ბიჭთან ისევ დაჭიდება, თმების გაშრობა
და დამრჩა ასე დათოვლილი. ეს აღსარებას
აღარ გავს უკვე ყალიბდება თითქოს ნაშრომად
ან ერთმანეთში გადახლართულ მემუარებად.
მე კი ვრჩები და ორი ბატიც თუ არ მენდობა,
და ანგელოზიც ჩემთან აღარ მოიყვანება.
მამაშვილური, ჩვენებური, ურთიერთობა
შენ შეიფარე როგორც მტრედი, როგორც ჭილყვავი,
როგორც ეს ლექსი, რომლიდანაც ვითხოვ შენდობას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები