ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ალექსანდრე ნარსია
ჟანრი: პოეზია
9 მარტი, 2020


საუკუნეა, რადგან ახლა ოცდამეერთე

საუკუნეა რადგან ახლა ოცდამეერთე,
არავინ უსმენს გონაშვილს და რისი ჩაკრულო,
მე ახლა ტობავარჩხილზე ვარ მზეს შევუერთდე
უნდა და მხოლოდ მოვისმინო ჩვენი დაკრული...

რადგან სიმღერებს ჩვენ გვიწერდა თვითონ მესია,
უგალობია ჩვენს მიწაზე კაბადოკიელს,
უნდა ვთქვა როგორც ჩვენ გვიხდება, როგორც წესია,
უშბაც კი ახლა ღვთის წინაშე მუხლებს მოიდრეკს...

შენ წაგიკითხავს  ჯეკ ლონდონი, ჯობსი, ედგარ პო,
ჰემინგუეი, ფამუქი და არა ილია,
კითხულობ ახლა შტეფან ცვაიგს, ვიღაც ალბერტოს
და მაგიდაზე დამტვერილი გიდევს ბიბლია...

მოდილიანი გახდა შენი ფავორიტი და
შენ სამეული ამოწურე თვით პოლ სეზანით,
ვატყობ ახლა რომ ფარჯიანი სულ არ გიზიდავს
და არც კი გახსოვს ქართველია რომ ფიროსმანი...

დროა ყველაფერს რომ დავარქვათ თავის სახელი,
სულში ჯერ კიდევ შეუცნობი ნაზოდელია,
მე პატიმარის სიმღერა ვარ, თვალებს გავახელ
და მეღვიძება ტყაშმაფები სადაც მღერიან...

სადაც უფალი ჯვარზე ვაცვით მოსვლისთანავე,
ან მაშინ რატომ ვაანონსებთ მეორედ მოსვლას?!
თუ ბოროტების არ ჩაგვიკლავს ჩვენში სათავე
და ისევ ერთხმად მხარს დავუჭერთ ღმერთის ჩაქოლვას...

იქნებ გვესტუმრა კიდეც ქრისტე, როგორც ტურისტი
და ეცვა მოკლე შარვალი და ძველი ფარაჯა,
ჩვენ კი იერი დავუწუნეთ აღარ შევუშვით
და დავუდექით კარიბჭესთან როგორც დარაჯი...

სამოცდაათგზის შვიდჯერ იქნებ ჩუმად დათვალა,
შემდეგ იარა კარდაკარ და დაგვიკაკუნა
და როცა ერთიც ვერ იპოვა კაცი მართალი,
უხმაუროდ და შეუმჩნევლად უკან გაბრუნდა...

და ასე შემდეგ კიდევ რამდენ ტკივილს ვინახავ,
ვერ დათვლის კაცი, თუმცა მე ეს სულ არ მაშინებს
და როგორც ქარი, უშგულიდან მონაბერი ვარ,
არ ვგავარ მე იმ პოეზიის უჩინმაჩინებს,

ვინც ვერ გაბედა დაეხია ყველა ქარტია,
სადაც ეწერა შეზღუდვები თავისუფლების,
ვინც საკუთარ თავს სიმარტოვე არ აპატია
და სისხლით ვეღარ გადაწერა ერთი ფურცელიც...

ვერ დავატიე შენს ხელებში გულის გადაშლა,
კალამიც თითქოს ტყვე არის და
ვეღარ მისხლტება,
ხელიდან. თუმცა გვიანია ფიქრების წაშლა,
სხვა დანარჩენზე კი იფიქრონ ვერლიბლისტებმა...

არ ვარ ნიავი, მე ქარი ვარ წამში ათეულ
კილომეტრს ვფარავ,
როგორც ჩემი სისხლის სიჩქარე,
ობლის ცრემლი ვარ და ჩემნაირს თუ კიდევ ვნახავ,
მინდა რომ მასთან ენგურს გაღმა ისევ ვიარო...

არ მწამს და არ მწამს (ასეთი ვარ) მშვიდი ომების,
მიყვარს მთის წვერზე ამინდი რომ ხასიათს არევს
და ვინც შემხვდება უსათუოდ შევებრძოლები,
მე დამარცხებულს ვერ მიხილავ ჩემო პირმთვარევ...

ცვრიან ბალახზეც გავიარე მე ფეხშიშველმა,
ფეხისგულებზე შევიგრძენი მიწის ტკივილი,
დისიდენტების ამბოხი ვარ ღმერთმა მიშვილა,
ახალ სიცოცხლეს წარმოადგენს ჩემთვის სიკვდილი...

ოჯალეში ვარ შეუცვლელი ფერით და ტონით
და არ მჩვევია მე მარტივად დამორჩილება,
ქარივით დავალ მარტოკაცი და უბატონო,
სხეულზე დარდი ჩამორეცხეს მარტის წვიმებმა...

მე ვარ ენგური, მომაქვს მღვრიე დარდების ექო,
არ მყოფნის ახლა კალაპოტი, ვანგრევ ჯებირებს,
ჩემს გულისცემას და რითმების პულსივით ფეთქვას,
ცადაზიდული ცაშკიბული დაიზეპირებს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები