ნაწარმოებები


დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: ლელა მგელაძე
ჟანრი: პოეზია
11 მარტი, 2020


ქუჩისძაღლური

მეც შემეძლო საათობით დაგლოდებოდი
და დაბრუნებულს, ყოველ ჯერზე
უკიდეგანო სიხარულით შეგგებებოდი.
დავიმშვენებდი დივანს და საწოლს
და ჩემი ბეწვიც იბზინვარებდა  შამპუნის ეშხით.
მეც ვისწავლიდი, პირი და თათი არც კი შემეხო
იმ ნივთებისთვის,
რომელთაც შენ - ჩემი ღმერთი ამიკრძალავდი.
მეც მოვითმენდი სავსე შარდის ბუშტს,
რომ შენი რისხვა არ დამტეხოდა,
მაგრამ რა ვუთხრა ბედის კამათელს,
წამგებიან მხარეს  დაეცა.
არამოდური ჯიშისა გავჩნდი.
ახლა  ქუჩაა ჩემი დივანი.
ალერსის ნაცვლად - ფერდებში წიხლი.
მოვიწანწალე მთელი უბანი,
მყუდრო ალაგი ძნელად ვიპოვე
და გავაჩინე სამი პატარა, მავნე კაცთაგან მოფარებულში.
ჩემო უფალო- ადამიანო, ნეტავ შემეძლოს,
შენი მშიერი  მოძმის მსგავსად, თათის გაშვერა.
რამდენი ლოცვა  აღგივლინე,
მუდარის მზერით ამოგყურე ,
ბევრიც შეგყმუვლე - გიგალობე,
ვერცერთ შენთაგანს მივაწვდინე სათხოვარი და
გუშინ დავკარგე ყველაზე სუსტი,
ყველაზე ნაზი და საყვარელი, თეთრთათა ლეკვი.
ბევრიც ვიდარდე, ცრემლებიც ვღვარე,
სანუგეშოდაც მოგიხმე ბევრჯერ,
თუმცა ჩემს გრძნობებს, ჩემს ემოციებს
შენ უმარტივეს ინსტიქტს უწოდებ.

მე ბევრ სიხარულს მოგანიჭებდი.
ჩემ ბედსაც კატა არ შეკნავლებდა,
მაგრამ რას ვიზამთ, ნათქვამი არის:
ძაღლი ბჭობდა და ადამიანი იცინოდაო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები