ნაწარმოებები


დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: ირინა ტაბაღუა
ჟანრი: პოეზია
17 მარტი, 2020


მზე იყო ქართლში



მახსოვს, უკანასკნელად რომ გავბედე და
ისევ შევიპარე ღოღნაშოს ბაღში,
მძინარე მეველეს ხიდან ქვები დავუშინე
და პირუტყვივით ვიცოხნებოდი ახალშობილ ნაყოფს,
ნაწნავში ტოტი გამეხლართა,
ფეხიც დამიცურდა და დავეცი უშნო აყალოზე,
მომიახლოვდა კაცი
და ფრთხილად მკითხა: ხომ არაფერი დავიზიანე,
კაბაც შემისწორა და გაუდგა გზას.
ჩემს თავქარიან საქციელზე ვინ აგებდა პასუხს?!
ხის ტოტზე შერჩენილი ცალი ბოტი,
თუ ის მზის სხივი,
რომელმაც თვალი მომჭრა
და მწიფე ხილივით დამანარცხა მიწაზე?!

მაგრამ, სადაც სიკეთე გხვდება, სიკეთევე გაგაქვს, ასეა ეს!

საოცრად მეტყველი დუმილი  ჰქონია სიკეთეს,
კაკლის ორ ცალ ნებალოზეც მინდა გიამბოთ,
რომელიც, ზემო ნიქოზში,
დათია ბადალაშვილმა ჯერ გამირჩია,
შემდეგ კი კაფანდარა თითებით მიწილადა:
- ეს ერთი ნებალო პროზისა იყოს,
მეორე კი - პოეზიის, მიირთვი, შეგვერგოსო.

მწყემსი მეგონა დათია, თურმე მესაფლავეც ყოფილა;

მესაფლავე მეგონა დათია, თურმე მწერალიც ყოფილა;

მწერალი მეგონა დათია, თურმე კეთილიც ყოფილა.

ალბათ მეველეც არის, არ ვიცი.

ასე ვიარე იმ დღეს სიკეთენაჭამმა,
გულში კი მაინც შევაგინე გამხმარ შინდზე მჯდარ ყვავს,
რომელიც საზღვარზე მდგარ,
კეთილძაღლ ჯარისკაცს ჩხავილით რაღაცას ანიშნებდა.

ო, ღმერთო, ეს დედათა წესი!
პირჯვარსაც ვერ გადაიწერ ქალი ამ დროს,
გაჰყურებ ოციოდე მეტრიდან, სახეშეშლილი, 
ტაძარს და მუჭებს სიმწრით იკბენ,
მაგრამ რა გინდა ღმერთს შესთხოვო ასეთ დროს,
როცა განაჩენი გამოტანილი აქვს მიწას
და ღმერთმაც ხელი ჩაიქნია.

მზე იყო ქართლში, მაგრამ ბნელოდა,
გზა იყო მოკლე, დარდი კი - გრძელი.
მცხელოდა კანზე, მაგრამ მციოდა კანქვეშ,
ვეცადე ღრმად ჩამესუნთქა
ცვირ-პირთან მომდგარი ჰაერი,
ცრემლიც, ტკივილიც, არ წასვლაც ერთდროულად მომაწვა,
ყვირილიც - ერთდროულად,
სიჩუმეც - ერთდროულად,
ხელით შუბლი მოვიჩრდილე
და გაყოფილ ცას ბოლოჯერ ავხედე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები