ნაწარმოებები


დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: იანუსი
ჟანრი: პროზა
18 მარტი, 2020


კორონა ვირუსის დღიურები

დღე 1

ღამეა, წვიმს, ცივა და გარშემო გაურკვევლობისა და ქაოსის სუნი დგას, არ ვიცი როდის დავუბრუნდები სამსახურსა და კორონამდელ რეალობას და არც იმაში ვარ დარწმუნებული რომ ამის გაკეთება შესაძლებელია.
ცვლილება ზოგჯერ ძალიან სწრაფადაც ხდება და ადაპტირება კიდევ უფრო რთულდება, მიუხედავად იმისა, რომ ადაპტაციის უნარი ჩვენი სუსტი მხარე სულაც არ არის.
უჯრედებს ეშინიათ ვირუსის, რომელიც უფროდაუფრო ახლოვდება და გზადაგზა მოკლული უჯრედების კვალს ტოვებს. უჯრედები აფორიაქებულები არიან, თუმცა მხნეობის შენარჩუნებასაც ცდილობენ და განტვირთვისთვის ტრადიციულ, გაჭირვებაში მრავალჯერნაცად მეთოდებს იყენებენ, როგორიცაა - იუმორი, სარკაზმი, უსაგნო პოლემიკები, იმაზე ლაპარაკი, რაც არ ესმით, იმაზე კონცენტრირება რაც ყველაზე ახლოსაა და თვალის არიდება გარდაუვალისთვის. ეს უკანასკნელი უნარი სიკვდილთან შეგუებაშიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
ჰოდა, უმუშევარმა და მარტოსულმა დავტოვე ადგილი, რომელსაც უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში სახლს ვეძახდი, ქალაქი, რომელშიც ვმუშაობდი, ვერთობოდი და ვარსებობდი და ჩამოვედი პატარა ქალაქის განაპირას, სადაც გაყინულ ოთახში შემიძლია ვიზოლირდე გუშინწინდელი ცხოვრებისგან, ხალხისგანაც და დავიწყო ახალი ცხოვრება.
შემიძლია დილის ოთხისკენ დავიძინო და შუადღეს, ორ-სამ საათზე გავიღვიძო, რადგან სამსახურში დაგვიანებას აღარავინ მისაყვედურებს. შემიძლია გაღვიძებიდან გაღვიძებამდე ის ვაკეთო, რაც თავში მომივა, ან სულაც არაფერი.
მე კი ისევ იგივეს ვაკეთებ რასაც მანამდე - ვთამაშობ (მადლობა ზეუჯრედოვან არსებას, ღმერთს, ინტერნეტი მაინც მაქვს), ვეწევი (მადლობა ჩემს კლასელსა და მეგობარს, რომელმაც მოსაწევი არ დაიშურა ჩემთვის), მარტო ვარ (მადლობა ჩემს ასოციალურ და ინტროვერტულ მიდრეკილევევს) და ლეპტოპი ჩემი ყველაზე ხშირად მოხმარებადი საგანია (მადლობა ტექნოლოგიურ რევოლუციას).
დღეს, მაგალითად, ჩემი დღე თამაშში გაილია. ნოსტალგიის შეგრძნება ყრუდ მწვავს, მტკენს, მიჭერს, მიწუის, მე კი დაუღალავად ვცდილობ თვალის არიდებას, ალბათ იმიტომ რომ ვიცი, ვერ გავუმკლავდები თუ პირისპირ დავრჩით. ჰოდა, ჩემი ონლაინ თამაში ამის მისაღწევ მეთოდებს შორის ამ ეტაპისთვის უპირობოდ ლიდერობს. არც ახლო მომავალში შეიცვლება რამე, სავარაუდოდ.
ხვალ მინდა რომ გავიდე, რაღაცებს, რაც ბევრჯერ მინახავს და რასაც შევჩვევივარ, ახალი თვალით შევხედო, ანუ მათში რაღაც ახალი დავინახო და ეს ფოტოებად ავსახო. არ ვიცი რამდენად გამომივა. ალბათ როცა საქმე საქმეზე მიდგება მოტივაცია არსად გაიჭაჭანებს და გადაწყვეტილების მიმღებ ჩემს თავზე გამეცინება, ვნახოთ.
წერისას ხელები საბანს გარეთ მაქვს, რაც იმას ნიშნავს რომ მეყინება (ეს კი ტექსტის ზომასთან პირდაპირ კორელაციაშია). ჩემი თითების მოქნილობის კოეფიციენტი მინიმუმ განახევრდა. ყველაზე მაგარი ისაა, რომ ჩემ ჩამოსვლამდე ზაფხულის ამინდები იყო. როგორც კი ჩამოვედი გაწვიმდა, აცივდა და ხვალ-ზეგ თოვლსაც ველოდებით. არა, აშკარად არაა 2020 ჩემი წელი, მაგრამ, მეორეს მხრივ, მგონი არც არავის წელია, ისე დაიწყო.
რამე იქნება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები