ნაწარმოებები


დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: მმმმმ
ჟანრი: პროზა
18 მარტი, 2020


იზოლაცია

მარტის ბოლო დღე იყო და ეზოს შემოვლებულ დამცავ სარტყელზე კიდევ უფრო ბევრ ჩიტს მოეყარა თავი. მეორე რიგის საიზოლაციო ფანჯარასთან მიყუჟული მერი თვალების სრესით და მთქნარებით უყურებდა მიწაზე დაფენილი ჩრდილების გაუჩერებელ მოძრაობას.
- ამ საკითხზე რაც შეიძლება მალე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. - მის უკან, ეკრანზე გადაჭიმული ეკრანიდან მარკის ხმა ისმოდა.
- არ შემიძლია ახლა ამაზე ფიქრი.
- არ შეგიძლია რას ნიშნავს?! უკვე ისედაც დაიგვიანე. ერთი პატარა ხარვეზი და მორჩა.
- ვიცი, ვიცი...

მერი ისევ ამთქნარებდა. იმ დილით, როცა რობოტმა კუკემ ჩიტების მოსაშორებელი ბრძანების მიცემა მოთხოვა, რაღაც უცნაური აზრი გაუჩნდა - გონებაში ბებია ამოუტივტივდა თავისი ისტორიებით და ნახატებით: „ყველა წიწილა ჩემი ხელით გავზარდე, - უყვებოდა - პატარა კარდონის ყუთებში მყავდნენ, კუთხეში ნათურას ვუკიდებდი, თბილად რომ ყოფილიყვნენ. ერთმანეთს თავზე ახტებოდნენ ხოლმე.. ჰე ჰე! მერე ყველა ერთად გადაწვეს.“
- მერი!
- ჰო, გისმენ..
- მგონი არ მისმენ, რაღაც არ მომწონხარ ბოლო დროს.
- მე დიდი ხანია აღარ მომწონხარ, მაგრამ რა ვქნა.
- მოეშვი ამ უაზრო ხუმრობებს.
მხრები აიჩეჩა. სულაც არ ხუმრობდა.

„მეგობრები სულ ერთად ვიკრიბებოდით ხოლმე, მთელ დღეებს და ღამეებს ვატარებდით ხოლმე სმაში, ცეკვაში და ლაპარაკში, - უყვებოდა ბებია - მეგობარზე კარგი არაფერია, ბებია.“ ამას რომ ეუბნებოდა საიზოლაციოს შუშას ადებდა ხელს, ვითომ სახეზე ეფერებოდა.

- მერი!!!
- ტვინი წაიღე, მარკ. შემეშვი, ძალიან გთხოვ.
მარკის გაოცებული სახისთვის არც შეუხედია ისე გამორთო ეკრანი და ისევ ფანჯარას მიუჯდა. „მეგობარი“.
- ზრუნობ 3006934, თქვენი ქმარი სწორს გეუბნებათ! - ოთახში ხმა გაისმა.
- რატომ იცი ეს ჩუმად მოსმენა..
- პროტოკოლის მიხედვით, ჩემი ვალია ასე მოვიქცე. შენი სახეობა მიდრეკილია თვითდაზიანებისკენ მიმართული გადაწყვეტილებების მიღებისკენ. ეს უნდა...
- ვიცი, ვიცი. - ხელი აუქნია ჰაერს. - რაც გინდა ის ქენი.
- მაძლევთ ჩიტების განადგურების ბრძანებას?
- მაინც იმას გააკეთებ, რაც პროტოკოლში გიწერია, რისთვისღა მეკითხები?
- ზრუნობ 3006934, ძალიან გაღიზიანებული ხართ. იძულებული ვარ თქვენი მდგომარეობის შეფასება მოვითხოვო.

აღარ უპასუხა. უფრო გაეხვია უხეშ ქსოვილში და მოიკუნტა. მზე ჩადიოდა.


- მერი, გამარჯობა! - ეკრანზე მისი ექიმი გამოჩნდა.
- გაგიმარჯოს, მართა. ასე სწრაფად დაგიკავშირდა კუკე?
- შენი საქმე პრიორიტეტულზე გაუშვა. - გაიღიმა. - მითხარი, რას უჩივი?
- არაფერსაც არ ვუჩივი, მართა. კარგად ვარ.
- შენმა დამხმარე რობოტმა პირველადი სკრინინგის შედეგები გამომიგზავნა. ტემპერატურა ამ ეტაპზე ნორმაშია. ფილტვებში არაფერი შეინიშნება. ტუბეკულოზის ჩხირი ისევ ადგილზეა, მაგრამ განვითარების საფრთხე არ გემუქრება.
- მართა, მართლა არაფერი მაწუხებს. სრულიად ჯანმრთელი ვარ. უბრალოდ, გარეთ მინდა გასეირნება, მაგრამ კუკემ ყველა გასასვლელი დაბლოკა.
- ეს აუცილებელი ზომაა მერი, ხომ გესმის.
- მესმის.
- კარგი, მოდი, ფსიქიატრთან გადაგრთავ.
- არ მინდა. ცოტა ხანი მარტო მინდა ყოფნა.
- სწორედ ამიტომ უნდა გადაგრთო. საღამომშვიდობის!

„მეგობარი“... წარმოიდგინა როგორ ცეკვავდა ახალგაზრდა ბებიამისი სხვებთან ერთად. როგორ ეხვეოდნენ ერთმანეთს, როგორ კოცნიდნენ. „როცა ალკოჰოლს დალევ, სრულიად ბრუვდები, მსუბუქდები, მარტო სიცილი, მოძრაობა და სიმღერა გინდა - ეუბნებოდა - ყველა და ყველაფერი გიყვარდება და ყველას გინდა ჩაეხუტო. მაგრამ ყველა ასე კი არაა, ბებო, ზოგი ჩხუბობს და ყველაფერს ლეწავს. მაგრამ იცი რა, ბებო, აი ეგეც მიყვარს“. ის მალევე მოკვდა - განვითარებამდელი თაობის ბოლო ადამიანი.

მიწას თანდათან გადაშორდა ჩრდილები. თვალი მიაყოლა სადღაც შორს, პირველი რიგის დამცავის დახრილ ზედაპირზე როგორ მოწყვეტით ჩასრიალდნენ ფრინველები.

- მერი, გამარჯობა!
- გაგიმარჯოს, დოლიტ. როგორ მიდის შენი საქმეები?
- ჩვეულებრივ. შენ როგორ ხარ, მერი?
- კარგად ვარ, გმადლობ.
- მართა დამიკავშირდა, პრიორიტეტულზე ხარ. გადმომცა, რომ თავს შეუძლოდ გრძნობ, თუმცა ფიზიკური ჩივილები არ გიფიქსირდება.
- არაფერი მიფიქსირდება, - გაეღიმა - სრულიად კარგად ვარ.
- შენი პირადი დამხმარეს ინსპექტირების მიხედვით, გაღიზიანებული ხარ და თავი გტკივა.
- მოდი, კუკეს დაელაპარაკე, თვითონ უფრო კარგად იცის ჩემზე ყველაფერი. მე ხომ მისი საამაყო ზრუნობ 3006934 ვარ.
- მერი, დამელაპარაკე, გამიზიარე რას გრძნობ.
- დავიღალე, დოლიტ. უბრალოდ დავიღალე.
- შეგიძლია მითხრა რაზე ფიქრობ?
- არაფერზე. უბრალოდ დავიღალე ყველაფრით.
- მესმის, მერი. ეს პირობები არ არის თანხვედრაში ჩვენს ბუნებრივ მოთხოვნილებებთან, ბუნებრივია, რომ თავი ხანდახან ცუდად ვიგრძნოთ.
- ზუსტად ამიტომ, ცოტა ხანი ცუდ გუნებაზე ვიქნები თქვენი ნებართვით. გამივლის.

ბებიასთან ერთად ყუთში ბაქსიც იჯდა. ეს იყო პირველი ცხოველი, რომელიც ახლოდან ნახა - საშუალო ზომის, გაბურძგნული, ენაგადმოგდებული ძაღლი, რომელსაც სულ ბებიას ფეხებზე ეძინა. გაახსენდა, როგორ ადებდა ხოლმე ცხვირს შუშას და ისე ორთქლავდა, სახე თითქმის აღარ უჩანდა. „ეს არის ახლა ჩემი საუკეთესო მეგობარი“, ამბობდა ხოლმე ბებია და თავზე უსვამდა ხელს.

- საქმე ისაა, მერი, რომ შენთან მსგავსი განწყობა პირველად დაფიქსირდა. აუცილებელია სწორად გადავლახოთ ეს სიახლე, რომ შემდგომი გართულებები ავირიდოთ თავიდან. ამიტომ, უმჯობესია გულახდილად ვისაუბროთ.
- ყველაფერი მესმის. უბრალოდ, ასეთ ხასიათზე გავიღვიძე და გეუბნები, გამივლის-მეთქი. კუკემ ყველაფრის გაზვიადება იცის და ისევ პანიკა ატეხა რაღაც სისულელის გამო.
- მერი, მოდი ასე მოვიქცეთ - მე შენ გამოგიგზავნი წამლებს, თავისი მიღების ინსტრუქციით. და პირველ აბს რომ მიიღებ, შენი პირადი დამხმარე...
- კუკე!
- აჰმ.. კაარგი. კუკე, ჩვენს ვიდეო რგოლს ჩაგირთავს. აუცილებლად უყურე, კარგი?
- მაქვს სხვა არჩევანი?!
- აქ დავემშვიდობოთ ერთმანეთს. მალე გამოჯანმრთელდი!

სამზარეულოში გავიდა. თვალი მოავლო უზარმაზარ შუშებიან ოთახს, სრულიად ცარიელი რომ იყო, დეზიფექტორიდან საკვები პროდუქტები ამოიღო და საჭმლის კეთება დაიწყო.
- ზრუნობ 3006934, მადა დაგიბრუნდათ? ეს ძალიან კარგია!
- სახელი დამიძახე, რა მოგივა?!
- ეს აკრძალული მაქვს.
- იმედი მაქვს, მალე გაფუჭდები.
- თვითანალიზის მიხედვით ეს 287 წლის შემდეგ მოხდება.
- რა ცუდია, რომ ვერ ვნახავ.
- შეიძლება ნახოთ კიდეც.
გაეღიმა.
- დღეს უფრო ლაპლაპებ თუ მეჩვენება?
- ჩემს ახალ კანს გულიხმობთ, ზრუნობ 3006934.
- კი. და იცი რა, შენს პროგრამისტს გადაეცი, რომ გრამატიკის ნაწილში ცოტა ჭედავ.
- ვერ მიგიხვდით.
- არაფერი, კუკე. რას ამბობდი ახალ კანზე?
- ზედაპირის განახლებაზე მიდის მუშაობა. ეს კანი უფრო მისაღებს და ელასტიურს გაგვხდის.
- აჰა, უყურე შენ!
- საჭმელი დაგეწვათ.
- იცი რა მითხარი, კუკე, რამე გადაწყვეტილება ხომ არ მიუღიათ გამრავლებაზე?
- აღნიშნული საკითხი განხილვის პროცესშია, ზრუნობ 3006934. მოსახლეობის აზრით, გამრავლების შენარჩუნება რისკად ღირს. თუმცა, ბოლო კვლევების მიხედვით, ორსულების სიკვდილიანობამ იმატა და მთავრობა 7 აპრილს საბოლოო სხდომას მოაწყობს გადაწყვეტილების მისაღებად. ჩემი ანალიზით, გადაწყვეტილება რადიკალური იქნება - თქვენი სახეობის ურთიერთკონტაქტის შედეგად გაზრდილი სიკვდილიანობის მიზეზით. როგორც კი გადაწყვეტილებას მიიღებენ, შეგატყობინებთ. თქვენი შვილის ნახვა ხომ არ გინდათ?

ბოლო ნახვა გაახსენდა. ეკრანიდან უყურებდა როგორ უკეთებდა რობოტი მელისა მის შვილს ბაფთას თმაზე. მის შვილს მასზე გაცილებით დაბალი იმუნიტეტი აღმოაჩნდა, როგორც ყველას ამ თაობაში. გაახსენდა, როგორ უქსოვდა ბებია ჭრელ შარფს, რომელზეც ბოლოს ორი გოგო ამოქარგა და თმები ფერადი ძაფებით მიაკერა. „ბები, ეს შენთვისაა - ასე უთხრა, მაგრამ ბებოს შარფი ყუთიდან არავის გამოუტანია.

„მეგობარი“...

- გინდათ? გონება ძალიან გეფანტებათ ზრუნობ 3006934. იმედი მაქვს ზრუნობ 2897099 მკურნალობა შედეგიანი იქნება.
- არ მინდა.

ოთახში შებრუნდა. მზე ჩასულიყო. ეზო ლამპიონებს გაენათებინა. ისევ ნაჭერში გაეხვია და სიცარიელეს მიაშტერა თვალი. რაღაც ხმა მოესმა.

წამოხტა. მიწაში პატარა ლეკვი იქექებოდა. თვალებგაფართოებული მეორე რიგის საიზოლაციო შუშას მიეკრო მთელი ტანით. თითები კანკალით აუკაკუნდა შუში ზედაპირზე. 
- თქვენი წამლები მოვიდა ინსტრუქციის თანხლებით. ახლა ეს ოთხი აბი უნდა მიიღოთ. ეს რა არის?
- მოიცა!
- ვაფიქსირებ უცხო სხეულს დაცულ ტერიტორიაზე - ხელზე დატანებულ ლითონის აპარატს ჩასძახა რობოტმა. - სავარაუდოდ პირველი რიგის დამცავ ზოლში ხარვეზია. მოვითხოვ გადამოწმდეს მიმდებარე ტერიტორიები.
- მოიცა! - ხელებზე ჩამოეკიდა მერი. - გთხოვ, მოიცა.
- ველი ბრძანებას.
- მოიცა! - ფრჩხილებით გადაუკაწრა ახალი კანი. - გემუდარები, მოიცა!
- პირველ ეტაპზე აუცილებელია უცხო სხეულის ლიკვიდირება. ხვალიდან მიწის ზედაპირის დამუშავებას ვწყვეტთ და დამცავი ველით ვახდენთ იზოლირებას. - მოისმა ხმა აპარატიდან.
- მოიცადე, გემუდარები! - ფეხებზე შემოეხვია.
- პროტოკოლი მოითხოვს ზრუნობ 3006934. გთხოვთ, გამიშვათ ხელი, რათა არ გამოიწვიოთ უნებლიე თვითდაზიანება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები