ნაწარმოებები


დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: თინა ნიკოლ
ჟანრი: პროზა
18 მარტი, 2020


4

საშინლად მტკივნეული ყოფილა ღალატი.
აუტანელი...
სხეულში არსებული მთელი ენერგია მკერდს დაბლა აკუმულირდება და ერთიანად ფეთქდება.
ნეტავ, კარლიც ასე ცუდად იგრძნობდა თავს მე, რომ დამესწრო და მომეყოლა ჰანსის შესახებ?
ალბათ არა.
ყოველთვის ვფიქრობდი, რომ კარლს სიტუაციის ჯანსაღად შეფასების უნარი აკლდა. ალბათ, ჩემს ღალატზეც უბრალოდ აღშფოთდებოდა და მორჩა.
არამგონია ტკენოდა.
მე მტკიოდა?
ალბათ კი...
მხოლოდ ის მახარებდა, რომ თუ ეს ტკივილი გადაივლიდა, ერთი ტკივილით ნაკლები დამრჩებოდა და კარლთანაც უპირატესობა მექნებოდა.
უბრალოდ მომავალი გაბუნდოვანდა.
აღარ ვიცოდი როგორ უნდა დამეჭირა თავი. მივსულიყავი სახლში და კარლისთვის სცენა გამემართა?
ნაკუწებად მექცია მისი წაუკითხავი გაზეთი? ფანჯრიდან გადამეყარა ტანსაცმელი? დამეწვა მისი ყველა ფოტო? განქორწინება მომეთხოვა? ფრაუ გროსბერგისთვის სრულყოფილი კახპა მეწოდებინა? კლუბში ყველასთვის მომეყოლა მისი უსრულყოფილესობის სრულყოფილი საქციელის შესახებ? ამით კლუბის წევრების თანაგრძნობას მოვიპოვედი და ფრაუ გროსბერგს მიწასთან გავასწორებდი.
მაგრამ ნაცვლად ამისა, ვიჯექი სანაპიროზე და დარიჩინიანი ფუნთუშებით თოლიებს ვკვებავდი.
ყოჩაღ, კარლს!
მთელი ცხოვრება უხერხემლო, მოუქნელ ადამიანად ვთვლიდი. არადა რამხელა კოზირს მალავდა სახელოში.
მისი და ფრაუ გროსბერგის რომანთან შედარებით, ჩემი და ჰანსის ურთიერთობა ალბათ ბავშვურ თამაშს გავდა.
მასთან მხოლოდ ორჯერ მქონდა სექსი. ერთხელ სასტუმროს საპირფარეშოში და მეორედ დამლაგებლის ოთახში.
სულ ეს იყო...
მას მერე ბანალურ-ემოციურ მიმოწერას არ გასცდენია ჩვენი ურთიერთობა, თუ არ ჩავთვლით იმ შემთხვევას, როცა მთხოვა ტანზე გამეხადა და ისე მიმეწერა მისთვის.
რას არ მივცემდი, იმ დროს კარლს რომ შემოესწრო და სამზარეულოს მაგიდასთან მხოლოდ ტელეფონის ამარა დავენახე.
ალბათ მეტყოდა - ძვირფასო, ასე რატომ ზიხარ? გაცივდები და ცისტიტი დაგემართება.
მეტყოდა, მიუხედავად იმისა, რომ ფანჯრებს მიღმა 40°c სიცხე იქნებოდა.
ასეთი იყო კარლი, არასდროს შეეძლო სიტუაციის ჯანსაღად შეფასება.
ფიქრებიდან ჩრდილმა გამომარკვია.
ვიღაც იდგა ჩემს ზურგსუკან.
ღმერთო, ოღონდ კარლი არ იყოს...
ახლა კარლთან საუბრისთვის არ ვიყავი მზად. ჯერ არ მქონდა მოფიქრებული რა უნდა მეთქვა. სილუეტი სულაც არ ჰგავდა კარლისას. არამგონია ამ რამდენიმე საათის განმავლობაში კარლს კულულები ამოსვლოდა. სილუეტს კი აშკარად სრულყოფილი კულულები უმშვენებდა სრულყოფილ თავს.
ოდნავ შემოვბრუნდი ისე რომ არ წამოვმდგარვარ.
ფრაუ გროსბერგი ფერმკრთალი მეჩვენა. წარბებს შორის პატარა ნაოჭიც გასწოლოდა, რაც აშკარად უკარგავდა სრულყოფილ იერს.
- არაფერს მეტყვი - ჩემი ჯიუტი დუმილის მერე, ისევ მან დაიწყო.
ხმა არ ამომიღია. ცალი თვალი ოდნავ მოვჭუტე, მზის სხივი პირდაპირ სახეზე მეცემოდა.
- რა თქმა უნდა... როდის იყო სრულყოფილი ცოლები ჩვეულებრივ ქალებთან საუბარში კარგავდნენ დროს. - განაგრძობდა ფრაუ გროსბერგი.
მეგონა სიტყვა "სრულყოფილი" ჩემი მისამართით მომესმა.
- იდეალური ოჯახი, იდეალური ქმარი, იდეალური დიასახლისი - ტუჩების მობრეცით წარმოსთქვამდა ამ სიტყვებს, თითქოს ვინმეს აჯავრებსო. - კლუბში ამის მეტი არაფერი მესმოდა. ფრაუ ლარსონის გაზონი ნახეთ დღეს? შესანიშნავი იყო. ფრაუ ლარსონს ტიტების ბილქვები უნდა გამოვართვა, საოცარი ბაღი აქვს. ფრაუ ლარსონის ახალი კაბა დღეს მოწოდების სიმაღლეზე იყო. ხომ არ იცით კიდევ რას უმატებს ფრაუ ლარსონი თავის ცნობილ პიტნის ჩაის? სრულყოფილი გემო აქვს. - ხმამაღლა და გაბრაზებით ლაპარაკობდა უკვე. - ყოველ დილით თქვენი სახლის წინ მიმავალი საკუთარი თვალით ვხედავდი აივანზე როგორი იდილია გქონდათ. კარლი გაზეთით ხელში, შენ საუზმეს უმზადებდი. აივანზე გამოსულს როგორ შემოგღიმებდა გაზეთისმიღმიდან, შენც ღიმილით დაუდგამდი ფინჯანს და აუცილებლად წინ დაუჯდებოდი, რომ მისთვის გეყურებინა. მერე კარლი გამოსაცვლელად შევიდოდა, შენ სუფრას აალეგბდი. ამასობაში კარლი უკვე იდეალურ კოსტუმსა და გახამებულ პერანგში გამოწყობილი. იდეალურად გაპრიალებული ფეხსაცმელების ბაკუნით გამოვიდოდა აივანზე და თავზე გაკოცებდა. შენ ისევ შეჰღიმებდი და მანამ აცილებდი მზერით სანამ თვალს არ მიეფარებოდა. სრულყოფილი ოჯახი გქონდათ. და რა მქონდა მე? დილით სილამაზის სალონის მერე ჩემი მისია სრულდებოდა. ცარიელი სახლი და მარტო მე. მშურდა? ოოო, როგორ მშურდა. შენი სრულყოფილების მშურდა.
ცოტა მიჭირდა იმის გაანალიზება რასაც ახლა ფრაუ გროსბერგის სრულყოფილი ბაგეებიდან ვისმენდი. მე ვიყავი იდეალური და მას ჩემი შურდა. ჩემი და კარლის ოჯახის შურდა. მან ჩემს გაზონს იდეალური უწოდა. შურდა იმის რომ დილაობით კარლი მიღიმოდა.
ფაქტობრივად მან აღიარა, რომ მთელი ეს დრო, მე ვიყავი სრულყოფილი.
- დარიჩინი. - შესაშური სიმშვიდით წარმოვთქვი.
- ბატონო? - ოდნავ დაბნეულმა შემომხედა.
- პიტნის ჩაიში მწიკვ დარიჩინს ვყრი ხოლმე.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები