ნაწარმოებები


დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: ნიკო ლეჟავა
ჟანრი: დრამატურგია
20 მარტი, 2020


ტელევიზიის სარდაფში (სატელევიზიო სპექტაკლი) სერია 22

სერია # 22
კორონავირუსი

                  მოქმედი პირები:
ოსტატი  - ავეჯის ლოთი, თვითმარქვია რესტავრატორი,
                            რომელიც ტელევარსკვლავი გახდა;             
შეგირდი - ოსტატის შეგირდი, შრომისმოყვარე;
პაველი  - წითელარმიელი;
კანტროლკა - შუასაუკუნეების დროინდელი ჯალათი;
და სხვები.




ოსტატმა სტუდიაში მისვლა დააგვიანა, რადგან იმ დილით ქალაქის ცენტრალურ აგრალურ ბაზარში მოუწია შევლა - ნივრის საყიდლად; ოთხ კილოგრამზე მეტის ყიდვაც უნდოდა, მაგრამ ფული არ ეყო, ოხერი, გაძვირებულა...
- შეფ, რად გინდა ამდენი ნიორი, უნდა დაამწნილო? - სტუდიაში შესულს ჰკითხა გაკვირვებულმა პაველმა.
- რა დროს მწნილია, მსოფლიო კორონავირუსის პანდემიამ მოიცვა!
- აა, იმუნიტეტის ასამაღლებლად... სულ შენ უნდა შეჭამო?
- რამდენიმე კბილი შემიძლია გიწილადოთ კიდეც...
მაგიდასთან თავისი ადგილი დაიკავა და უეცრად, შეამჩნია სტუდიის კიდეში მდგარი, მის მიერ რესტავრირებული ეგრეთ წოდებული „მოცეკვავე სავარძელი“, რომელიც „ბარაქის ფეხის“ მსგავსად შუშის სარქველში მოექციათ; წამოდგა, მიუახლოვდა.
- ეს რა არის?
- უფროსო, ეგ ის სკამ-სავარძელია, იმ ქალს რომ „შეუკეთე“, ვინც კინაღამ გცემა. - უთხრა კანტროლკამ.
- ვიცი, რომელი სკამ-სავარზელიცაა... აქ რა უნდა?!
- ტელევიზიის ხელმძღვანელმა ბატონმა X-მა გთხოვა, რომ გაუყიდო!
- გავუყიდო?
- ხო, გამიყიდოსო; ფასიც თქვა - 1 000 000!
- 1 000 000 ლარი?!
- იქნებ, დოლარი იგულისხმა... უნდა კითხო, რომ განსხვავება შენი დასაფარი არ გახდეს; დოლარი ლართან უკვე ერთი სამზეა!
- არა მგონია, დოლარს ფიქრობდეს... - დოინჯშემოყრილმა სკამ-სავარძელს გარშემო შემოუარა. - გავუყიდი, რა მენაღვლება... ფასს 1 100 000 დავადებ - კლიენტს 50 000 დავუკლებ, გაუხარდება... მეორე 50 000 ჯიბეში ჩავიდებ; დარჩენილი 1 000 000 წაიღოს ბატონა X-მა. 
- შეფ, „ბარაქის ფეხიც“ გაყიდე - „ტავარნი ვიდი“ აქვს... - უთხრა პაველმა.
- ჩემი „ბარაქის ფეხი“?
- შენი არ არის, ეგ ლასკა-თაგუნიას ფეხის ასლია!
- ლასკა-თაგუნიას ფეხის ასლია, მაგრამ ჩემი საკუთრება და ავტორიც, თავად გახლავარ!
- ჰოდა, გაყიდე!
- გავყიდი, რატომაც არა - 2 000 000 ლარად!
- ძვირია, მაგდენს არ გადაგიხდიან.
- ეს ჩინური სკამ-სავარძელი თუ 1 100 000 ღირს, „ბარაქის ფეხი“ 2 000 000 როგორ არ უნდა ღირდეს, სხვა თუ არაფერი - ქანდაკებაა!

სტუდიაში შემოვიდა მეყავე მარგო, ურიკით - „ყავა ქვიშაზე“.
- ვაა, მარგო მოსულა!
- სალამი გვრიტებო! ოხ, უკაცრავად, „გვრიტებო“ არა - ბიჭებო! ოსტატს არ უყვარს სიტყვები, რომელიც ფრენასთან ასოცირდება...
- მაგაზე აღარ ინაღვლო, მარგო; იმ დღეს, ჩემი გაღიზიანება რაღაც აბდაუბდა სიზმარმა გამოიწვია... დღეს გინდა გვრიტები გვიწოდე, გინდა ჩიტები. სად იყავი, რატომ დაიკარგე?
- გრიპი მქონდა, ვიწექი...
- კორონავირუსი?! - ყურები ცქვიტა ყველამ.
- არა, უბრალო გრიპი იყო.
მარგომ ცხელ ქვიშაში სტუდიის წევრებისთვის ყავა ჩაადგა.
- ხო მართლა, გრიპის გახსენებაზე უნდა გითხრათ: იცით, წუხელი რა შემემთხვა?! - წამოიძახა ოსტატმა.
- რა შეგემთხვა, შეფ, საწოლიდან გადმოვარდი?
- შენ მანდ ჭკუით იყავი; თაგვობა არ გამომტყუო... - პაველს თვალები დაუბრიალა. - ხილვა მქონდა, შეიძლება ითქვას - საკაცობრიო მნიშვნელობის ხილვამ გამასხივოსნა!
- ვაა, რა იხილე ასეთი?
- კორონავირუსის გასანადგურებელი ვაქცინის ფორმულა მეუწყა!
სიჩუმე ჩამოვარდა. ოსტატმა ოპერატორებს ანიშნა - მისი არათუ ყოველი ბგერა, დაუფიქსირებელი მიმიკაც არ გამოჰპარვოდათ.
- მაშ ასე, ღამეა, ბნელა... - წამოიწყო მან და მრავლისმეტყველი პაუზის შემდეგ, ღრმად ჩაისუნთქა... - მოულოდნელად ამოვარდნილმა ქარიშხალმა საძინებლის სარკმელი შემომინგრია; „შპინგალეტი“ არ მოუწყვიტავს, როგორც ჩანს, ჩაუკეტავი დამრჩა... ქაოსმა მოიცვა ოთახი და ეს ქაოსი, არც მეტი, არც ნაკლები, კორონავირუსის ლეგიონი იყო! თუ ვინმემ არ იცით სიტყვა „ლეგიონის“ მნიშვნელობა, გთხოვთ, „გუგლში“ ამოიკითხოთ. ატმოსფერო, ანუ საძინებლის სივრცე, წებოვანი გახდა; რომელ სუნთქვაზეა ლაპარაკი - ერთდროულად მოერთებული ცხრა სასუნთქი აპარატი ვერ მიშველიდა... მაგრამ საქმეც იმაშია, რომ ჰაერი არ მჭირდებოდა - სრული გასხივოსნების რეჟიმში ვიყავი! რაც შეეხება კორონავირუს, ანუ ლეგიონის თითოეულ ინდივიდს, ვინც ყოველი მხრიდან შემომესია, ისინი სულაც არ გავდნენ ელექტრო მიკროსკოპის ქვეშ დანახულ „ფიზიანომიას“ - ჩემზე დიდი ზომისანი იყვნენ! თუმცა არ გამოვრიცხავ მოსაზრებას, რომ მე მათ ზომამდე დავპატარავდი; ვინ იცის... - მან კიდევ ერთხელ ღრმად ჩაისუნთქა... და ამოისუნთქა კიდეც. - მათი სხეული შედგებოდა არაერთი სფეროსგან, არამედ ერთმანეთში შეზელილი სფეროებისგან, რაც საერთო ჯამში, რაღა თქმა უნდა, ერთ პირობით სფეროს ქმნიდა - დაჭმუჭნულს, ნაოჭიანს; სპილოს ხორთუმის მსგავსი უამრავი კიდურ-წამონაზარდი ჰქონდათ და ამდენივე თვალი. წრიპინებდნენ... და მე მივხვდი, რომ სფეროში დატანებული N რაოდენობის ნაოჭი ამ ურჩხულთა პირები იყო, ანუ ურჩხულნი N რაოდენობის პირით, N რაოდენობის თვალითა და N რაოდენობის ხორთუმისებრი წამონაზარდით; მომწვანო, გულისამრევი ფერისანი იყვნენ და ყარდნენ კიდეც... ხელები გადამიგრიხეს და ჰაერში აზიდული, გაურკვეველი მიმართულებით გამიტაცეს; მათ სამფლობელოში მოვხვდი!
ჩემს ირგვლივ ყველა დროის ვირუსულ ეპიდემიათა სრული „ენციკლოპედია“  შემოიკრიბა - ბობოქრობდნენ, იმუქრებოდნენ... და უეცრად ვიგრძენი, რომ მათი ენის, ეგრედ წოდებული წრიპინის, გარჩევა შევძელი. - „ეს არის“, „ეს არისო!“ - გაიძახოდნენ და იმ თავის ხორთუმისებრ წამონაზარდებს, საჩვენებელი თითივით, ჩემსკენ იშვერდნენ. - „ეს მახინჯი, მცირეკიდუროვანი არსება იმ წყეული მოდგმისაა, ვინც სპირტი გამოიგონაო!“ „ამას თუ გავაფრთხობინეთ სული, მთელს მის მოდგმასაც ერთი კიდურის მოსმით მოვსპობთო!“
ისეთი შეშინებული ვიყავი, დროის შეგრძნება დავკარგე; ანუ ვერ გეტყვით, თუ რამდენი ხნის დაწყებული იყო ეს ჯოჯოხეთი. უეცრად, ამ მართლაც მახინჯ, მრავალკიდურიან, წყეულ არსებებს ერთი ჩია, დანარჩენების ფონზე მილეული ვირუსი გამოეყო. სხვები თუ ბურთივით მოძრავნი და დაუდეგარნი იყვნენ, ეს ჩალად ქცეული, მუხლუხოსავით გადაადგილდებოდა; ოღონდ, ვიგრძენი, რომ ვირუსთა შორის ის ავტორიტეტი იყო. მომიახლოვდა, სიბერისაგან დაცემული ერთი თავისი ხორთუმთაგანი რისვაივაგლახით წამოსწია და ჩემკენ გამოიშვირა:
- სწორედ ესეთი მახინჯი წარმომედგინა... - წრიპინით დაისისინა. - სულის გამაფრთხობელი პნევმონია მას!
- პნევმონია მას! პნევმონია მას! - იშხუილა ვირუსთა არმიამ.
- რამდენ პროცენტზეა გაჟღენთილი? - ჩემი მისამართით, მანვე იკითხა.

გვერდით მდგომმა ვირუს-ჯალათმა თავისი ხორთუმ-წამონაზარდი საფეთქელის არეში თავზე შემომაჭდო და გაირინდა; სხვა შემთხვევაში ვიფიქრებდი, რომ პულს მისინჯავდა... მან თქვა - „95%-ზეა გაჟღენთილი!“
- მთლად სამედიცინო სპირტად ქცეულა, ეს წყეული... ჰაი დედასა, ერთი ამისი თავი მომცა 1918-ში! - რისვაივაგხახით ისევ წამოსწია ის თავისი სიბერისაგან დაცემული ერთი ხორთუმთაგანი და თავისი დაჭმუჭნული სფეროსებრი სხეულის ზედა ნაწილი მოიქექა. - ვაიდა, წყეულს ვერ მოერიოს ჩვენი „კორონა-ფალავანი“?
- მოვერევი პაპა, მოვერევი! მაგაზე უარესები დამიცია მიწაზე! - იყვირა ვირუსთა ბრბოდან ეგრეთ წოდებულმა „კორონა-ფალავანმა“ და წინ გადმოდგა; მომიახლოვდა. ვირუს-ჯალათებმა თავისი ხორთუმ-კიდურებით ძალისძალად პირი გამიღეს. გუმანით მივხვდი, რომ ეს საზიზღრობა პირში უნდა შემომხტომოდა, მაგრამ ისიც ვიფიქრე - ეს ამოდენა სფერო, პირში როგორ შემომეტევა-მეთქი?! ნურას უკაცრავად, ის შეიკუმშა, პიმპონკის ბურთისოდენა გახდა, ჰაერში აიჭრა, დაბზრიალდა და ჩემი დაბჩენილი პირის ღრუსკენ გამოექანა! რაღა დაგიმალოთ და, შიშისგან...
ოსტატმა სიტყვა არ დაასრულა, უფრო სწორად, დუმილით დაასრულა.
- შიშისგან რა დაგემართა, ჩაიფსი?! - არა დაცინვით, არამეტ სრული თანაგრძნობით ჰკითხა კანტროლკამ.
- არ ჩავიფსი - დავასლოკინე!
- დაასლოკინე?
- ხო, დავასლოკინე და სწორედ ამ სლოკინის შედეგად მოხდა სასწაული - ეს შეკუმშული, თითქმის ჩემს პირის ღრუში შემოჭრილი „ფალავან-ვირუსი“ ჩემს ფეხთით უსულოდ დაეცა!
- მოკვდა?
- მოკვდა!
- რამ მოკლა?
- თუ რამ მოკლა, ამას უცბად ვერ მივხვდი, მაგრამ მოგვიანებით, როცა ჩემმა ინტენსიურმა სლოკინმა კიდევ რამოდენიმე ვირუსი დასცა უსულოდ, ყოველივე ნათელი გახდა - სლოკინის სახით, კუჭის წიაღიდან არყისა და ნივრის ოხშივარი ამომდიოდა! მომაკვდავმა რომელიღაც ვირუსმა სიტყვაც კი გამოსცრა - „სპირტუს... ნიურიუს...“ - და ყველა თვალი სამუდამოდ დახუჭა!
ოსტატი ისევ დადუმდა...
- მერე, მერე, მოყევი რა მოხდა?!
- რადგან მათი განადგურების სტრატეგია შევიმუშავე, სლოკინ-ბოყინით დავერიე წყეულებს! ცოცხალი არავინ გადარჩენილა. ბრძოლის ველი სანახაობრივად უფრო შთამბეჭდავი იყო, ვიდრე მაკედონელის ფერხთით გართხმული დამარცხებული ქვეყნიერება!
ისევ პაუზა...
- ნუ ჩერდბი, გააგრძელე მოყოლა!
მან გააგრძელა, უფრო სწორად, წარმოთქვა გამარჯვებულის დამაგვირგვინებელი სიტყვა:
- მე გავახილე თვალი!!!
- თვალი გაახილე? - ყველამ ერთხმად იკითხა.
- დიახ, თვალი გავახილე!
- ანუ, გამოგეღვიძა! - დაუკონკრეტა სიტყვა პაველმა.
- არ გამომეღვიძა, ეს ძილი არ იყო - ხილვა იყო!
- ეხ...
- რას ოხრავ, პაველ?!
- ეგ ხილვა კი არა, ჰალუცინაცია - „ბელაია გარიაჩკა“, იგივე „თეთრი ცხელება“ - Delirium tremens (ლათინურად)!
- Deliri... miru... როგორა თქვი?!
- Delirium tremens (ლათინურად)!
- როდის აქეთ დაიწყე ლათინურ ენაზე ლაპარაკი?!
- ლათინური ენა არ ვიცი, უბრალოდ, წუხელი, შენი დაავადების ისტორია „გუგლში“ ამოვიკითხე...
ავისმომასწავებელმა სიჩუმემ დაისადგურა და მალე, ღრიალმა შესძრა იქაურობა:
- დაახვიე აქედან!!!

სერიის უკანასკნელი კადრი:
„გაშლილ სუფრას“ უსხედან ოსტატი და მეყავე მარგო.
- სუფრაზე პურის ნაჭერი მაინც დავდოთ...
- არა და არა! - ხელები ცისკენ (ამ შემთხვევაში, ჭერისკნ) აღაპყრო ოსტატმა. - ვაქცინის პროპორცია დაირღვევა!!! დალიე, მარგო, აჰა, გარჩეული ნიორი...

P.S.
ყველა ჯამრთელი მეყოლეთ!
:)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები