ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ალექსანდრე ნარსია
ჟანრი: პოეზია
25 მარტი, 2020


საქართველოს პოეტებს

ანგელოზებს რითმების სკივრი ჩამოუვარდათ,
სადღაც სანაპიროსთან, მაგრამ ეს მათ ვერ იგრძნეს,
ცილინდრით და კაშნეთი ხეტიალი უყვარდა
და ეს სკივრი იპოვა როინ აბუსელიძემ...

პოეზიის აივნებს ავსებს ქარი ფოთლებით,
ალკოჰოლის გარეშე რამე წერო ძნელია,
მახსოვს მე ამ რიგებში, ვიტყვი სანამ მოვრჩები,
რომ ერთ-ერთი პირველი გიო ზედვაკელია...

მე ვიცნობდი პოეტებს, ვისაც სწამდა უყვარდათ,
მაგრამ იშვიათია კაცმა ლექსი იშვილო,
პოეზიის ქუჩაზე, რითმის ყველა უბანთან,
ბერეტით და სათვალით დგახარ ჩერქეზიშვილო...

ჩხოროწყუდან ძირი აქვს არაყს ეძმაკაცება,
სალფეთქზეც კი დაწერა, ერთხელ როცა დალია,
სოფლის ავტობუსამდე სველმა აკაციებმა,
ერთხმად გამოაცილეს ბექა ახალაია...

ზოგი რითმამ დაღალა, კარგავენ და გარბიან,
რამდენია პოეტი, წვალობენ და წერენ ბევრს,
ფიქრობენ რომ მოდაში აწეული წარბია,
მაგრამ მაინც ვერასდროს აჯობებენ ბერეთელს...

ეპოქაა ასეთი, პოეტურად ლამაზი
სულის სიხარულია პოეზიით შევსება,
მახსოვს გუშინ ყვებოდა ერთი წყვილი ამაზე,
ბევრი შეარიგაო საჯაიას ლექსებმა...

ახლა სულის ნუგეშად პოეზია შემომრჩა,
კლდეებს აბჯრად ჩაუცვამთ აქ არაგვის ხმაური,
რა აზრი აქვს სიცოცხლეს სიყვარული თუ მორჩა,
ყვირის ვაჟას ხარივით მთიდან ნაროზაული...

გაზაფხულის პეიზაჟს ათასნაირფერიანს,
უძღვნეს რევერანსები პოეზიის მწყემსებმა
ყვავილები, რომლებიც ღმერთმა დარგო, მღერიან,
ყველა გადაქცეულა შურღაიას ლექსებად...

თუ გსმენიათ ენგურის ბორგვა ლახამულასთან?
ლოდების და ზვირთების შეუწყვეტი დავაა,
საფეთქელი ხმაურობს მაუზერის ლულასთან,
იყო გალა... ტერენტი... დღეს კი ელიავაა..

დარჩეს იქნებ ეს ლექსიც, მიძღვნა როგორც ასეთი,
რომ დრო იყო თბილი და პოეზიით სიმღერა,
დროს არ დაავიწყდება ბიჭებიდან არცერთი,
ამ ლექსზე კი იტყვიან: არაუშავს ისე რა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები