ნაწარმოებები


“წერილების კონკურსი“     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე კონკურსების თემაში     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1517     * * *    

ავტორი: სიდნი
ჟანრი: პროზა
2 აპრილი, 2020


პანდემია

თვალი როგორც კი გაახილა გაიფიქრა: - დაბადების დღე მაქვს.
ოთხმოცი წლის გახდა ან, იქნებ, ოთხმოცდაერთის, ზუსტად არ ახსოვდა. ოთახში ციოდა, ადრიანი გაზაფხული იყო და რამდენიმედღიანი თბილი ამინდების შემდეგ ისევ აცივდა. რომ არა გუშინდლიდან გამოყოლილი შიმშილის გრძნობა ალბათ საწოლიდან არც ადგებოდა, მაგრამ კუჭი ისე უწრიალებდა ვეღარ გაუძლო და საკუტარ თავს შეუძახა: - ადე, პავლე, ადე შე შობელძაღლო!
და ვინ იცის მერამდენედ ინანა ის გოგო უნდა მომეყვანა რომ მირიგებდნენო. მაგიდაზე პურის ნაფჩხვენები ეყარა, ჯერ კიდევ გუშინწინიდან შემორჩენილი, კი გაუკვირდა გუშინ რატომ ვერ შევამჩნიე ეს მსხვილ-მსხვილი ნამცეცებიო, მერე მარჯვენა ხელით მოხვეტა, მაგიდის კიდესთან მარცხენა გაადხევდრა და ერთიანად გადაუშვა უკბილო პირში. დიდხანს იჯდა გარინდული, ნერწყვით აკბობდა ხმელ პურს და თან ფიქრობდა ეს რას მეყოფაო და იმასაც თვლიდა ურნაში თუ ვერაფერი ვიპოვე ეგებ უბნის მაღაზიაში ჰქონდეთ რამე ვადაგასულიო.
ბოლოს როგორც იქნა გადაყლაპა პურის ნამცეცები და ნელა, ბებრულად ჩაცმას შეუდგა, ორი შარვალი ამოიცვა, ორიც წინდა, დაგლეჯილ გრძელსახელოებიან მაისურზე გაურკვეველი ფერის ჯემპირი გადაიცვა, ზედაც დაჭმუჭნული პიჯაკი და ვიღაცის ნაჩუქარი ქურთუკი, კი აღარ ახსოვდა ვინ აჩუქა, მაგრამ ყოველ ასეთ წამოციებაზე ერთთავად მის ლოცვაში კი იყო.
პავლე დამრეც ქუჩას ფრთხილად მიუყვებოდა, უჩვეულო სიჩუმე იდგა, არც მანქანები მოძრაობდნენ და არც ადამიანები, მხოლოდ ძაღლების ბრჭყალების ასფალტზე კაკუნის ხმას ტუ გაიგონებდით აქა-იქ. ქუჩის ბოლოში აყვავებული ნუშის ხე იდგა, მაგრამ ცივი ქარის ყოველ შემობერვაზე კარგავად ყვავილებს და ვინ იცის დღის ბოლომდე ეგებ სულ გაშიშვლებულიყო. პავლე ხეს ხელიტ მიეყრდნო, სული მოითქვა, ჯერ ღრუბლიან ცას ახედა და მერე ასიოდ მეტრში დადგმულ ნაგვის კონტეინერებს გახედა. ძალები რომ მოიკრიბა და ქუჩაზე გადასვლა დააპირა სწორედ მაშინ ჩაუარა ავტომანქანამ და პავლემაც ბორდიურიდან ჩადგმული ცალი ფეხი სწრაფად ამოსწია უკან, საჭესთან მჯდომი მზღოლი ავად იყურებოდა სამედიცინო პირბადის ზემოდან და ვინ იცი ეგებ უშვერადაც აგინებდა გაუფრთხილებელ მოხუცს.
კონტეინერთან მოხუცს დამფრთხალი კატა დახვდა. კატამ გაფართოებული თვალებით შეხედა მოხუცს და გადასახტომად მოემზადა, მაგრამ ბოლო მომენტში გადაიფიქრა, ეტყობოდა ნაგვიდან რაღაც სუნი ისე იზიდავდა ვერ დათმო ან ეგებ პავლე არ ეჩვენა საკმაოდ საშიშად.
პირველ კონტეინერში ბევრი არაფერი იყო, პოლიეთილენის პარკები, ქაღალდის ჭიქები და ნახმარი სამედიცინო პირბადეები, მხოლო ერტ პარკში იყო კიტრის ნათალი, მაგრამ თითქმის ძირზე და პავლე იმას ვერ მიწვდებოდა, მეორეში რაღაც დიდი ფუთა ეგდო, ფუთა არ იყო გამჭვირვალე და პავლეს გაწაფულმ თვალმაც კი ვერ დაინახა რა უნდა ყოფილიყო შიგნით. მოხუცმა ხელი გაიწვდინა, მაგრამ ვერ მიწვდა, ფეხის თითებზე აიწია, სულ ცოტა დააკლდა. კიდევ რამდენჯერმე სცადა, ქოშინი აუვარდა, ერთხელ მოეჩვენა კიდეც რომ მარცხენა ხელის შუა თითის წვერით შეეხო, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვერ მიწვდა.
დაიღალა პავლე, განათების ბოძს ზურგით მიეყრდნო და იფიქრა, ერთი იმ ფუთის დედაც ვატირე, რა უნდა იყოს ისეთი შიგნითო, წავალ მაღაზიაში ეგებ რამე ჰქონდეთო. მაგრამ ამ მაღაზიაში წასვლაც ესიკვდილებოდა, ნაირა, გამყიდველი, ყოველთვის ზიზღით უყურებდა ხოლმე. მაგრამ სხვა გზაც არ ჩანდა.
- ჰა ერთხელაც და - უთხრა კატას, უფრო კი თავის თავს პავლემ და კონტეინერს ჩახედა, ფუთა თითქოს სულ ახლოს იყო. მოხუცმა მიმოიხედა, ქურთუკი გაიხადა, პიჯაკის სახელო დაიკაპიწა, ფეხის თითის წვერებზე აიწია, თითებით წაეპოტინა, ცოტაც და საჩვენებელსა და შუა თითებს შორის ფუთის კვანძი მოიქცია, მოქაჩა, საკმაოდ მძიმე გამოდგა, კიდევ მოქაჩა, დაძრა, ართრიტიანი მაჯა ეტკინა, მაგრამ არ შეეპუა და ნელ-ნელა ამოათრია.
სანამ გახსნიდა კიდევ ერთხელ დაისვენა, ბორდიურზე ჩამოჯდა და დაელოდა გულისცემა როდის დაურეგულირდებოდა. ერთი კი გაიფიქრა ნეტა ტყუილად ხომ არ ვიწვალეო, რომ უეცრად ფუთა შეირხა. პავლე შიშისგან შეხტა. ოცი წლით ახლაგაზრდა რომ ყოფილიყო შეიძლებოდა გაქცეულიყო კიდეც, მაგრამ ახლა ვერ შეძლო და ასე შეშინებული უყურებდა მოძრავ ფუთას. ბოლოს გადაწყვიტა რაც იქნება იქნებაო და ფრთხილად, ისე რომ ხელის სწრაფად გარიდება მოესწრო თუკი იქ რამე საშიში დახვდებოდა. ფუთის კვანძი ვიღაცას საგულდაგულოდ შეეკრა და პავლეს თითებს იოლად არ დაემორჩილა, თუმცა ცოტა ხანში დანებდა და მოხუცმა დაინახა ის რის გამოც მისი გული სევდით აივსო, სამი ბეწვი გორგალი, სამი ლეკვი, რომელთაგან ორი უკვე აღარ ინძრეოდა, მესამე კი ცდილობდა წამომდგარიყო, მაგრამ უღონობის გამო ვერ ახერხებდა და ძალიან ხმადაბლა წკუმუტუნებდა. პავლემ მარცხენა ხელის ზურგით თვალის უპეები შეიმშრალა, ცოცხალ ლეკვს დასწვდა, ქურთუკში გაახვია და უბნის მაღაზიისკენ წავიდა.
- ნაირა! ნაირა! - გარედანვე დაიძახა პავლემ.
ნაირამ მაღაზიის კარიდან თავი გამოყო და სამედიცინო პიდბადიდან გამოსცრა: - რა სიკვტილი გინა?! არ მაქ არაფერი!
და კარი მიიხურა. - მოიცა! - დაიყვირა პავლემ - ამისთვის მინდა რამე.
ლეკვის დანახვაზე ნაირას ქვის გულიც კი შერბილდა და მის სახეზე ღიმილისმაგვარი რაღაცაც გამოისახა, თუმცა პავლეს ეს არ დაუნახავს რადგან ღიმილს სამედიცინო ნიღაბი ფარავდა.
მას შემდეგ რაც ლეკვი გამოკვებეს და მისი ფერებითაც გული იჯერეს პავლემ იითხა ვის მივუყვანო ახლა ესო.
- ვის უნდა მიუყვანო კაცო? ვერ ხედავ რა ხდება?! ხალხს თავისთვის ვერ მიუხედავს. - აღშფოთდა ნაირა. - ეგერ გამოაცხადეს იტალიაში შვიდასი კაცი მოკვდაო მარტო გუშინ, ან შენ რას დადიხარ აქეთ-იქით?! შენი ასაკის ხალხი კვდება თუ კვდება.
- კაცო გარეთ თუ არ გავედი აბა საჭმელს ვინ მომიტანს? - ჩაიდუდუნა თავისთვის პავლემ. - შენ?...
- რა მე, კაცო, რა მე?! სულ გამოტვინდი ამ სიბერეში, შვიდი სული ვართ ისედაც ოჯახში, არავინ აღარ მუშაობს, მეც უნდა დავკეტო ეს მაღაზია ხალიდან, ძაღლი გვაკლია კიდე?!
რარას იზამდა პავლე, დაავლო მძინარე ლეკვს აკანკალებული ხელი, მიიხუტა მკერდზე და გამოვიდა მაღაზიიდან.
- მოიცა! - მოესმა ზურგსუკან ნაირას უსიამოვნო ხმა პავლეს. შებრუნდა, ნაირამ ორი სავსე პარკი მიაწოდა და უსიტყვოდ შებრუნდა მაღაზიაში.
პავლე ნელა, -სვენებ-სვენებით გაუყვა გზას შინისაკენ, მკერდს ლეკვი უთბობდა, ან შეიძლება სხვა რამეც.
ნაირას ბლომად საჭმელები გამოეტანა, ტვითონაც ეყო და ლეკვსაც კარგად კვებავდა. ლეკვიც სველი და მოუსვენარი ენით ულოკავდა ხელებს, ალბათ, ასე მიხდის მადლობასო უხაროდა პავლეს. ასე გრძელდებოდა მანამ სანამ ის გარდაუვალი დღე არ დადგა რომლისაც პავლეს ასე ეშინოდა - საჭმელი გათავდა. არა გარეთ გასვლის არ ეშინოდა, არც ვირუსით სიკვდილს უფრთხოდა, მაგრამ ეს ადრე როცა მარტოხელა იყო ახლა კი საზრუნავი ჰქონდა, ვინმეს თუ გადაარჩენ მისი სიცოცხლე შენი პასუხისმგებლობაც ხდება. მაგრამ სხვა გზაც არ ჩანდა, უნდა გასულიყო პავლე და თავისთვის და ლეკვისთვის საჭმელი ეშოვა.
ქუჩები კიდევ უფრო ცარიელი დაუხვდა, ძაღლების ბრჭყალების ასფალტზე კაკუნიც კი არ ისმოდა, ნაგვის კონტეინერებთან არც კატა იჯდა და კონტეინერებიც სრულიად ცარიელი იყო, ნაირას მაღაზიაც საგულდაგულოდ ჩარაზული იყო. ერთხანს გზაჯვარედინზე დადგა იქნებ გამოვლელებმა ხურდა ჩამიყარონო, მაგრამ არავის გამოუვლია და რომც გამოევლო და ფული მუეცათ იმ ფულით რა უნდა ეყიდა არ იცოდა. უკანასკნელი ძალები მოიკრიბა და მთავარი ქუჩისკენ ჩაუყვა დაღმართს. შიმშილის შემაწუხებელ გრძნობას დიდი ხანია მიჩვეული იყო, ამიტომ მარტო ის კი არ შეეძლო ყურადღება არ მიექცია მისთვის, მეტიც, შეეძლო სათავისოდაც გამოეყენებინა, მაგრამ ლეკვი  ადარდებდა, პატარა უსუსური არსება, რომელმაც არ იცოდა რა დაუშავა სამყაროს ისეთი რომ ის ასე ცუდად ექცეოდა.
მთავარ ქუჩაზე მეტი მოძრაობა იყო, რამდენიმე პირბადიანი ადამიანი სწრაფი ნაბიჯით მოძრაობდა, აქა-იქ მანქანებიც ღმუოდნენ, დიდი მარკეტიც ღია იყო, მაგრამ აბა დიდ მარკეტში ვინ რას მოგცემდა? პავლე ერთხანს აქაც იდგა ხელგაწვდილი, ადამიანები კი თითქოს ვერც ამჩნევდნენ ისე უვლიდნენ გვერდს. პავლე დაიღალა დგომით, გრძნობდა როგორ უსივდებოდა ფეხები, თვალები აუჭრელდა, მაგრამ რომ ახსენდებოდა სახლში მშიერი ლეკვი ელოდებოდა, რომელიც მისვლისთანავე ხელებს დაუყნოსავდა აბა რა მომიტანეო და რომ წარმოიდგენდა მის იმედგაცრუებულ ტვალებს, ახალ ძალებს იკრებდა განაგრძობდა დგომას, ხელგაწვდილი და თავდახრილი. უკვე საღამოვდებოდა როცა მიხვდა რომ თუ კიდევ ცოტა ხანი იდგებოდა იმ აღმართის ასავლელად საიდანაც დაეშვა, ძალა აღარ ეყოფოდა, უკანასკნელად გახედა ქუჩას, არავინ ჩანდა, ერთიც ამოიხრა და სახლისკენ წავიდა. უკანა გზა უფრო გრძელი გამოდგა - სახლამდე რომ მიაღწია უკვე ჩამობნელებულიყო. შიმშილმა მეორედ შემოუტრია, გამოცდილებით იციდა პირველი შემოტევის შემდეგ, რომ გადაუვლიდა თუ მეორე შეტევა მალე დაეწყებოდა უფრო მძაფრი იქნებოდა. პავლე ოთხაში შებარბაცდა, ლეკვი პატარა კუდის ქიცინით და ბაჯბაჯით შემოეგება, ინტერესით დაუყნოსა ხელები, მერე გაულოკა და ფხებთან დაუწვა. პავლეს ცალკე ცრემლები ახრჩობდა, ცალკე შიმშილის გრძნობა აწამებდა, საბედნიეროდ გასავეთებული იყო და მალევე ჩაეძინა. დილით იმან გააღვიძა რომ ლეკვი სახეს ულოკავდა და წკმუტუნებდა. პავლეს კიდევ უფრო გაუჭირდა ადგომა, მაგრამ მაინც წამოდგა, ჩაიცვა და გავიდა სშოვარზე, იმ დღესაც დაღლილი და ხელცარიელი დაბრუნდა.
ასე გრძელდებოდა კიდევ სამი დღე. პავლეს სულ უფრო უჭირდა ადგომა და ქუჩაში ლასლასი, ლეკვიც სულ უფრო ნაკლებად აქტიურობდა.
მეოთხე დღეს პავლემ უჩვეულოდ ადრე გაიღვიძა, შიმშილის გრძნობა სადღაც გამქრალიყო და ენერგიაც დაბრუნებოდა. პირველად ბოლო დღეების განმავლობაში საწოლზე წამოჯდომაც შეძლო, თვალები მოიფშვნიტა და იმ კუთხეს გახედა სადაც ლეკვს ეძინა ხოლმე, კუთხე ცარიელი იყო.
- ცუგა! - დაიძახა მისუსტებული ხმით პავლემ. ლეკვი არ გამოჩნდა, მოხუცმა კიდევ ერთხელ დაუძახა, ლეკვი ისევ არ ჩანდა, გული გადაუქანდა... ნუთუ... თავს ძალა დაატანა და საწოლიდან წამოდგა, თავბრუ დაეხვა, საწოლის თავს დაეყრდნო რომ წონასწორობა შეენარჩუნებინა, მერე ნელა, კედელ-კედელ გაუყვა სამზარეულოსკენ. მიდიოდა და თან ფეხს ითრევდა, ეშინოდა იმის რის დანახვასაც ელოდა, უფრთხოდა პატარა ცოცხალი არსების უსულო სხეულის ხილვას. ერთი ნაბიჯი, კიდევ ერთი, ერთიც და... ნუთუ ეს შესაძლებელია? როგორ? რანაირად? ლეკვი ენერგიულად იქნევდა მოკლე კუდს, თავი კი ჯამში ჩაერგო და რაღაცას გემრიელად მიირთმევდა.
პავლეს უამრავმა აზრმა ერთდროულად გაულვე ისიც კი დაუშვა რომ უკვე მოკვდა და სამოთხეში მოხვდა.
- ცუგა, საიდან ცუგა ესა? - კითხა პავლემ ლეკვს, მერე მიმოიხედა და საზმარეულოს მაგიდაზე კიდევ უფრო მეტი საუცრება დაინახა, ერთი პარკი ნაირნაირი საჭმელებით სავსე და რაც კიდევ უფრო საკვირველი იყო, მაგიდაზე მიმოფანტული საჭმლის ნარჩრნები. მოხუცი მორყეულ სკამზე დაეშვა, ვერაფრით იხეენებდა ან საჭმელი საიდან ჰქონდა ან როდის ჭამა. თუმცა ამას რაღა მნიშვნელობა ჰქონდა, რაც მთავარია ცუგაც გადარჩა და თვითონ პავლეც.
სამი დღე ეყოთ საჭმელი, პავლე კი ცდილობდა გამოეზოგა, მაგრამ ლეკვი არ იზიარებდა ეკონომიის მისეულ გეგმას და გამუდმებით დასუნსულებდა კიდევ რამდენიმე ლუკმის ძებნაში. კი ბრაზდებოდა პავლე, ეჩხუბებოდა კიდეც, ერთი ორჯერ უკანალზეც წამოარტყა, მაგრამ ვერაფერი გააწყო - სამ დღეში ისევ უსაჭმელოდ დარჩნენ ამასა ისიც დაერთო რომ მოხუცს მძიმე ხველა დაეწყო.
სიტუაცია არამარტო ყოველდღიურად, ყოველ საათში უარესდებოდა, პავლეს ხველებისგან ფერდები სტკიოდა, ამცივნებდა და მოკუნტული იწვა საწოლზე მოშიებული ლეკვი კი განუწყვეტლივ წკუმუტენებდა. პავლე დრო და დრო უღონოდ შეუძახებდა ხოლმე, მაგრამ ლეკვი წკუმუტნს არ წყვეტდა. ერთ დღესაც, პავლემ ზუსტად არ იცოდა დილა, იყო შუა დღე თუ საღამო, შემოსასვლელი კარი ფართოდ გაიღო და ზღურბლზე გაღიმებული ნაირა გამოჩნდა, ნაირას ორივე ხელში უზარმაზარი პარკები ეჭირა და შიგნიდან გასაოცარი საჭმელები მოსჩანდა, პქავლეს იმის თავიც კი არ ჰქონდა საწოლიდან წამომდგარიყო და მძიმე პარკები ჩამოერთმია ქალისთვის. ნაირას კი არც მიუქცევია ყურადღება, მიადგა მაგიდას და ალაგებს პარკებიდან საჭმელს ეს ძეხვეულიო, ეს პურიო, ეს ყველის მთელი თავიო, აქეთ ფანტას დიდი ბოთლი, ფანტა უყვარს პავლეს, იქით კვერცხები, ხილი, ბოსტნეული, კანფეტები სულ ნაირ-ნაირი, იღებს და იღებს ნაირა და არ თავდება პარკში სანოვაგე. ეს სულელი ძაღლი რაღას წკმუტუნებს, არ უხარია ამდენი საჭმელი რომ აქვთ? გაჩუმდი ძაღლო! უძირო პარკიდან ახლა კონსერვები და ნამცხვრები ამოდის, ლეკვი კი წკმუტუნებს და წკმუტუნებს. გაჩუმდი!!! ო, ეს რა არი? თევზე, რამდენი ხანია თევზი არ უჭამია პავლეს, როდის იყო? ოცი, არა, ოცდახუთი წლის წინ იყო ნოდარამ ბათუმიდან ქაფშია რომ ჩამოიტანა, ახლაც ახსოვს იმ ტყემლის გემო რაშიც აწობდნენ დაბრაწულ თევზებს. გაჩუმდი, შე შობელძაღლო!!! პავლემ საწოლთან მდგარ სკამს მოავლო ხელი და შეეცადა წკმუტუნის მიმართულებიტ ესროლა. ნაირა გაჩერდა, აღარ ალაგებდა ნაი-ნაირებს, ცალი ხელი პარკში გაშეშებოდა, მეორე ფერდზე დაედო: - რა წკმუტუნებს? - იკითხა ბოლოს.
- არაფერი, არაფერი, გააგრძელე - ამოიკნავლა პავლემ და ძაღლს კიდევ ერთხელ შეუკურთხა.
მაგრამ ნაირა აღარ განძრეულა, იდგა ასე გაშეშებული უცნაური ძეგლივით სანამ ბოლოს ჰაერში არ გაითქვიფა პარკიანად და სანოვაგიანად. პავლე ჯერ გაირინდა, რამდენიმე წამის განმავლობაში ვერ მიხვდა რა მოხდა, მერე კი გაუნათდა გონება, ამ დამპალი ლეკვის წკმუტუნის გამო წავიდა ნაირა და წაიღო მთელი საჭმელი. გაბრაზებული შეეცადა ამდგარიყო რომ ეპოვნა ძაღლი და სათანადოდ დაესაჯა, მაგრამ ისევ არ ეყო ძალები, წკუმუტუნი კი არ წყდებოდა. რამდენჯერმე დაიყვირა, მერე ხველლა აუტყდა, ბოლოს ცოტა დამშვიდდა, საწოლიდან ჩამოხოხდა და წკმუტუნის მიმართულებით გახოხდა.
- მოიცა მოვიდე! მოიცა გაჩვენებ მე შენ! - დუდღუნებდა პავლე და თან მიხოხავდა, იატაკი გაძვალტყავებულ იდაყვებს და მუხლებს ტკენდა, მაგრამ არ ჩერდობა - რო გეუბნები გაჩუმდი ესე იგი გაჩუმდი! მოიცა, მოიცა!
პავლეს ერთი ბეწო ბინა ახლა უსასრულოდ გადაიჭიმა და იმ ადგილამდე საიდანაც ლეკვის წკუმუტუნი ისმოდა თითქოს უსასრულო უდაბნო იყო, რომელსაც რატომღაც ოთახის მტვრისა და ძველი ხის სუნი ჰქონდა.
თითქმის მარადისობა გავიდა სანამ პავლემ ლეკვთან მიაღწია, ძაღლი გვერდზე იწვა, თვალები დაეხუჭა და ძლივსგასაგონად წკმუტუნებდა.
- გაჩუმდი! - დაჰყვირა პავლემ ლეკვს და ხველა აუვარდა, ლეკვმა ნაცნობი ხმა რომ გაიგონა კუდი ნელა და უღონოდ ააქიცინა, თუმცა წკუმუტუნი არ შეუწყვეტია. - გაჩუმდი მეთქი, თორემ დავრჩებით მშიერი!
ლეკვს არაფერი ესმოდა და ისე გალსაკლავად წკუმუტენებდა, პავლემ სცადა დრუნჩი დაეფარა მისთვის, მაგრამ არაფერი გამოვიდა, წკუმუტუნი მაინც ისმოდა, მაშინ აიღო და მთელი ტანით გადაეფარა, ლეკვი ვეღარ სუნთქვადა, წკუმუტუნიც შეწყვიტა, პავლე კიდევ ერთხანს აწვა ლეკვს, მანამ სანამ არ იგრძნო რომ ძაღლმა კუდის ქიცინი შეწყვიტა, მერე გადაბრუნდა და ზურგზე დაწვა: - ეგრე, ეგრე, ახლა მოვა ნაირა და მოგვიტანს საჭმელს, ჩემი ჭკვიანი ბიჭი - ჭერს უღიმოდა პავლე.
დილით პავლემ საწოლში გაიღვიძა, შიმშილი ისევ გამქრალიყო სადღაც, ისევ აციებდა, მაგრამ საწოლზე წამოჯდომა მაინც შეძლო, გაეღიმა, ესე იგი დაბრუნდა წუხელ ნაირაო, გაიფიქრა. ხველა აუვარდა, იფიქრა, ნეტა ნაირას რამე წამალიც მოეტანაო და შეეცადა საწოლიდან წამომდგარიყო, პირველი ცდით არ გამოუვიდა, მეორე ცდაზე კი წამოდგა, საწოლის თავს დაეყრდნო და დაიძახა: - ცუგა! სად წავიდა ეს მაიმუნი? ცუგა!
დაძახილზე ლეკვი ჩვეული ბაჯბაჯით არ გამოსულა, პავლემ იფიქრა, ალბათ ისევ ჭამსო და სამზარეულოსკენ წალასლასდა.
- ერთი მოვიდე მანდ, შე მაიმუნო ძაღლო შენა, მოგცხო უნდა მაგ ტაკოზე - ბუზღუნებდა პავლე, თან სამზარეულოსკენ მიდიოდა და თან ეღიმებოდა იმის წარმოდგენაზე საჭმლით გატიკნილ მუცელზე როგორ მოეფერებოდა. - აბა სად იმალები?
პავლემ სამზარეულოში შეაბიჯა და ადგილზე გაშეშდა. პირი რამდენჯერმე გააღო და დახურა, მაგრამ ვერც ერთი ბგერა ვერ ამოუშვა, ნაბიჯი უკან გადადგა და ჩაიკეცა, ორივე ხელი პირზე აიფარა და საკუთარ თავს სამზარეულოს კარის მინაში შეხედა, რომელიც სარკესავით ირეკლავდა მის სისხლით მოსვრილ ხელებსა და ტუჩებს.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები