ნაწარმოებები


“წერილების კონკურსი“     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე კონკურსების თემაში     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1517     * * *    

ავტორი: ჰოლმვუდი
ჟანრი: იუმორისტული
7 აპრილი, 2020


თვითიზოლაცია, ანუ პირველყოფილური ფიქრები

ნათელი ღამეა. ნამდვილად არ ცივა, მაგრამ ბუხარი აგიზგიზებული მაქვს. ვირუსი მაღალ ტემპერატურაზე კვდებაო ამბობენ.
როგორი თბილი და მზიანი დღე იყო. ასეთ დროს გახევებული საქანელა სოფლის უსიცოცხლობის პირველი სიმპტომია.
გიტარაზე ვუკრავდი ბიტლსის "Here comes the sun"- ს, როდესაც სიმი გამიწყდა და ასხლეტილმა ბოლომ თვალის უპე გამიკაწრა. ნაკერები დავიდევი. გიტარის გარეშე მაინც არ შემიძლია გაჩერება. როიალს ერთ-ერთი წვრილი სიმი ამოვგლიჯე და გიტარას მივაბი. ჩემს ცოლს უყვარს როიალზე დაკვრა.
ელექტროენერგიას ნაკლებად მოვიხმარ, გადასახადების თავი არ მაქვს. ასე რომ ვზივარ ჩემს სავარძელში შუასაუკუნეებში მოღვაწე მწერალივით და ჩანაწერებს ვაკეთებ. არავინ შემოდის და არც მე გავდივარ არსად. სარდაფში ბევრი რამეა კუჭის ამოსავსებად.
ჯანდაბა! როგორი მწარეა ეს პიტნის არაყი, ახალგარეცხილი როლინგივით წამიჭირა ყელში. სიკვდილს მოგანდომებს კაცს. ბუხრის ცეცხლი მოვუკიდე სიგარეტს. კვამლით შემოიბურა ოთახი. ისე ჩვენ, მწეველები არაოფიციალური თვითმკვლელები ვართ.

მარტო ყოფნისას შპალერზეც კი იპოვის გონება ილუზიურ სიტყვებსა და გამოსახულებებს, რომლებიც წარსულში გადაბრუნებენ. ერთდროულად მოდის ბედნიერება, რომ ეს მოგონებები შენია, და სევდა, რომ ყველაფერმა ჩაიარა. ამ ოთახის კედლები კი შროშნის ორნამეტებითაა აჭრელებული, ამიტომ ვერსად გავურბივარ იმ მოგონებას, რომელიც რაჭაში, პარმაღიან სახლთან ახლოს მობიბინე შროშნის მდელოსთან მიარბენინებს ჩემს გონებას.
არ მინდა სენტიმენტალური გავხდე, ჩემი და მეზობელი გოგონას ამბავზე ვყარო ცრემლები.
უბრალოდ ეს იყო ადმიანი, რომელსაც ისე ვესაუბრებოდი, როგორც საკუთარ თავს და რადგან ვერასოდეს ვუგებდი საკუთარ თავს, საბოლოოდ მაინც ვერ გავუგეთ ერთმანეთს.
შროშნის მდელო იყო ჩვენი ყოველდღიური შეხვედრის ადგილი და როგორც ყველა ბანალურ რომანტიკულ ფილმში, ჩვენც ერთად ვეგებებოდით მზის ამოსვლას. ასე გადიოდა ახალგაზრდობის საოცარი წლები. გოგონამ ჩემს სულში ჩაიხედა, ბოლოს კი ისე წავიდა არც კი დამმშვიდობებია...

სულ დამავიყწდა, რომ დღეს ჩემი ზოლებიანი თევზი მოკვდა. ტომიმ შეჭამა( ჩემი ბრალია, რომ არაფერი ვაჭამე). კატამაც მიაბარა სული. თევზი გაეჩხირა ყელში. ამ მოცურავე არსებას სახელი თავის დროზე არ ჰქონდა, მე კიდევ სიკვდილის შემდეგ მოვუფიქრე(რამით ხომ უნდა მომეგონებინა ხოლმე). მას ემო დავარქვი, რადგან ჩემი კატის სიცოცხლე შეიწირა(ინსპირაცია მოვიდა შვილის ბავშვობის საყვარელი მულტფილმიდან "ნემო"). ნეტავ მეც იგივე ბედი მელის თუ არა.
ჯანდაბა, ასეთ იდიოტობებზე მხოლოდ ხანგრძლივი მარტოობისას თუ დაფიქრდება კაცი. ყველაფერი უაზროდ მოსაბეზრებელი გახდა. არ მეგონა აბაზანის ფიქრები თუ ოდესმე სხვა დროს მომეძალებოდა. არადა როგორი ძვირფასია დრო. როგორც ჩემი მეუღლე ამბობს ხოლმე: "время Деньги" თქვეს ამერიკელებმაო. მე რაღაცატომ მგონია, რომ რუსულად არა და არ იტყოდნენ.
უწინ კატას თუ ჩავურთავდი ტელევიზორს, ახლა ისიც აღარაა ცოცხალი. ვიცი როგორ შეიძლება ტელევიზიიდან გადმოვიდეს პანიკური ვიბრაციები ჩემზე. მირჩევნია არაფერი ვიცოდე და ფიქრების კორიანტელში გავეხვიო.

როგორი ქარი ამოვარდა. ჯანდაბა, ბუხრიდან მუქი ფერის კვამლი გამოიფრქვა. კინაღამ გავიხრჩე ხველებით. ბოლი მიინავლა თუ არა, ჩემს გვერდით სავარძელზე წვერუვაშიანი მამაკაცის ბაცი სილუეტი წამოწვა. სულ ერთია ვინაა - ქურდი, მოჩვენება, ბელზებელი თუ არყისა და სიგარეტის ფსიქედელიური ნაყოფი. მარტოობას ყველაფერი მირჩევნია.
- უკაცრავად. ვინ ბრძანდებით? - ვკითხე.
- მე ბატონი ლავგარდანი გახლავართ, ამ სახლის ჭეშმარიტი მფლობელი. ერთი უგუნებო ბერიკაცი ვარ. ჩემთან, ახალ წელს თაროებზე შელაგებული წიგნები უფრო ნაირფერია, ვიდრე საახალწლო ნაძვის ხე. - აბურჯღნული წვერიდან გამოკრთა ღიმილი.
- პირველად გხედავთ.
- მე აქ წლების წინ ვიყავი შვილო. ბევრი რამ შეგიცვლიათ, შპალერი მაინცდამაინც არ მომწონს... თქვენი ცოლის ახირება იქნებოდა.
ეს არსებაც კი მიხვდა თუ რას წარმოადგენს ჩემი მეუღლე. რაღაცის კითხვა დავაპირე, მაგრამ ლანდა თავნებად განაგრძნო საუბარი.
- კედლის ფერი უდიდეს ემოციურ შთაბეჭდილებას ახდენს ადამიანის ფსიქიკაზე. მე მიყვარს ყვითელი ფერის შპალერი, უბრალოდ შეუდარებელია!
- მაშ, თქვენ ვან გოგის შემოქმედების დიდი მოტრფიალე იქნებით.
- არა, ვან გოგი არა, - თავი უკმაყოფილოდ გააქნია, -  ჩემი ბიძაშვილი იყო უბადლო არტისტი. ყვითელ შპალერზე ხატავდა.
ისევ დავაპირე კითხვის დასმა, მაგრამ სილუტერი არ ჩერდებოდა.
- თქვენ ალბათ ცნობისმოყვარეობა გღრღნით თუ როგორ გარდავიცალე. ახლავე გიამბობთ ჩემი მეგობარო, - ჩაახველა და დაიწყო(როგორ მაგონებს ბაბუჩემს). - ჩემი უახლოესი ძმობილი, თედო ახვლედიანი ელექტროგიტარის ვირტუოზი გახლდათ. ერთ მშვენიერ დღეს, გასაიდუმლოებულ კონცერტზე ამოვყავი თავი, თედოს ჯიმი ჰენდრიქსის ნაწარმოები უნდა შეესრულებინა. დალევა უყვარდა უბედურს,  ლუდით გაიჭყიპა მიწისქვეშა კონცერტის მსვლელობისას. როდესაც უკრავდა აბარბაცდა, თავი ვეღარ შეიკავა და შარვალში გაეპარა. სისველემ თავისი ქნა და ელექტროგიტარამ დენი დაარტყა. ასე სამარცხვინოდ გარდაიცვალა.
მაშინ ახალგაზრდა ვიყავი, ჯეელი, სევდა მომეძალა. მიჯნურიც დამშორდა. მან საშინელი სევდა დამიტოვა... და სიფილისი.
სახლიდან გავიქეცი. მშობლებს დიდად არ ვადარდებდი, ჩემი ოთახი მეზობელს მიაქირავეს. თვითმკვლელობა გადავწყვიტე. ბაბუაჩემის მანქანა მოვიპარე და წყლსაცავისკენ გავეშურე, რათა თავი დამეხრჩო. როგორ მახსოვს, საშინელი წვიმა იყო, ქუხდა ცა ჩემი გრძნობების შესაფერისად. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, სუიციდამდე აღსრულდა ჩემი ნება.
- ავტოავარიაში მოყევით?
- არა მეგობარო, ელვამ დამარტყა. ვიცოდი რადიო არ უნდა ჩამერთო.
დაასრულა თუ არა წინადადება ქარი კვლავ აწრიალდა, ბუხრიდან ამოსული კვამლით შეიბურა ოთახი. როდესაც ოხშივარი ჰაერმა შთანთქა კვლავ გამოჩნდა ლანდი. ბოლით გაგუდულიყო, უსულდგმულოდ ესვენა სპირტის სუნით აყროლებულ სავარძელზე. გული დამწყდა, მანაც მიმატოვა. მოკლე აღმოჩნდა ჩვენი დიალოგი( უფრო მონოლოგს დავარქმევდი). გარიჟრაჟისას ჩემი კატის გვერდით დავმარხავ.
დღე მეყოფა სმა. ნათქვამია მედიცინას და საწამლავს შორის განსხვავება დოზააო.

ხალხი ამბობს, რომ ღმერთმა დაგვატეხა თავს სასჯელიო ამ დაავადების სახით. პერსონალურად ჩემთვის, ადამანის არსებობა ღმერთის შეუმცდარობას ეჭვქვეშ აყენებს. ჯერ მხოლოდ იმას ვერ ვხვდები ყველა ათეისტს ბიბლია რატომ აქვს წაკითხული. ჰო, და კიდევ ყველა დრამერს რატომ აქვს კეხიანი ცხვირი. ბენდში ისინი მუდამ ყველაზე უკან სხედან. იქნებ იმიტომ გამოდიან დრამერები და არა გიტარისტები, რომ ცხვირის კომპლექსია აქვთ. კარგი, კარგი, რელიგიას დავურბუნდეთ.
საერთოდ, ვინ დაწერა ბიბლია. იქ ნახსენებია, რომ ევა ადამის ნეკნისგან წარმოიშვა. ადამიანს კი ბიოლოგიურად ოცდაოთხი ნეკნი აქვს(უარეს შემთხვევაში ოცდაექვსი). წარმოვიდგინოთ, რომ თითოეულმა ნეკნმა თითო ქალბატონი წარმოშვა. ადამი ოცდაოთხი ქალის გარემოცვაშია. ალბათ გველი საჭირო აღარ იქნებოდა. საბრალონი, სისხლში რკინის ნაკლებობა რომ არა, აკრძალულ ხილს ხომ აღარ დააგემოვნებდნენ. მაგრამ ფაქტი ფაქტია - ქალი ერთი იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში მრავალცოლიანობა დაშვებული იქნებოდა.
სწრედ აკრძალული ხილის გასინჯვის შემდეგ ბრძანა ღმერთმა, რომ ქალი კაცის ნება-სურვილს უნდა დამორჩილებოდა, მაგრამ ეშმაკს არასოდროს სძინავს და შეიქმნა ფემინიზმი.
მაპატიე ღმერთო თუ ათეისტი ვარ!
ქალები, ქალები. ამას წინათ სტატიას წავაწყდი. თურმე ვიღაც დოქტორი სტრასმენის კვლევას დაუმტკიცებია, რომ რაც უფრო დიდია მკერდი, მით უფრო მაღალია ქალის ინტელექტი. ქალბატონებო! არა, მკერდის პლასტიკური ოპერაციით IQ არ მოგემატებათ. არც დიდი ზომის ბიუსჰალტერი გამოგაჩენთ ჭკვიანს.
როგორც კარიესს ვერ დამალავ, კაცი ისე ვერ მიჩქმალავს სიმართლეს. ქალები სიმახინჯესაც გვიმალავენ. თუ ზღვის პირას, ან სადმე მთისკენ ცხოვრობ, იმის ალბათობა იზრდება, რომ ეს ნაზი არსება უმაკიაჟოდ შეგხვდება. იქ უმეტესად ნისლიანი ამინდებია. ჩემს ცოლსაც მუდამ ფერუმარილი უსვია, თაბაშირის ფიგურას მიუგავს სახე. აქ რომ არ არის მშვიდად ვგრძნობ თავს. დამერწუნეთ, ქორწინებასა და განქორწინებაზე დიდი სუსელელე არ არსებობს ქვეყნიერებაზე.
ამბობენ უბედურება ქალისგან მოდისო. მეზღვაურებსაც მიაჩნდათ, რომ გემბანზე მანდილოსნის ყოფნა ავის მომასწავებელი იყო, მაგრამ  ხომალდი, სადაც ქალბატონები საერთოდ არ იყვნენ, არაერთი ჩაიძირა. იმედია პოსეიდონის ცოლს აქ არაფერი ესაქმება.

როგორ მენატრება ჩემი შვილი, ვალიკო. მისი გულისთვის ვუძლებ მეუღლის ხუშტურებს. მიკვირს შუახნის კრიზისი, რომ გადავიტანე. წესით უნდა ჩავსულიყავი თბილისში ვალიკოსთან და ამ წყეული ვირუსის გამო სოფელში დარჩენა მომიწია. ჩემს ფსიქოლოგთანაც ვეღარ მივდივარ, წამლები უკვე გამითავდა, დღეს გათენება მომიწევს.
ვალიკოც დამყავდა ფსიქოლოგთან, მას ბავშვობიდან აქვს გრძელი სიტყვების წარმოთქმის შიში, რომლის მეცნიერული სახელწოდებაა ''ჰიპოპოტომონსტროსესკიპედალოფობია''. ამ წამს ფობიის სახელი შეუცდომლად დავწერე და ჩემი ცოლი მიმტკიცებს, რომ ალცჰაიმერის სიმპტომები მაქვს. სასაცილოა, ამ ტერმინის მომგონთან უნდა იმკურნალოს პაციენტმა, როდესაც ფსიქიატრი ნამდვილი სადისტია. ვალიკომ ვერანაირად ვერ დაძლია შიში. ამ წყეული ზაფრის გამო კი ერვნულ გამოცდებს ბიოლოგიით ვერ ჩააბარებდა, ელემენტარული დეზოქსირიბონუკლეინის მჟავას ვერ იტყოდა! ისტოირიაც გამოირიცხა(თუნდაც ნაბუქოდონოსორი). ახლა ის თარჯიმანია, ყრუ-მუჯების ენა შეისწავლა.
ჰმ, დილის შვიდი საათია. საკმაო ხანი გასულა. სადღაც გაპარულა ბტონი ლავგარდანი, თურმე თავი მოუმკვდარუნებია. რა გაეწყობა, იქნებ დაბრუნდეს.
სარკმლის მიღმა, მწვანე მდელოდან მოიპარება მზე. ამოიწვერა უკვე. როგორი ბინდია ირგვლივ, თითქოს ქარი ტიულის ფარდებს მიათამაშებს.
ოღონდ ეს არა! კედელზე შროშნის მირიადმა ორნამენტმა მზის შუქზე დაიწყო ლიცლიცი. ისევ მოდიან წარსულის სინემატოგრაფიული კადრები, რაჭა, სახლი, მდელო...  ისევ ვუკრავ ბიტლსების სიმღერას მზეზე. ეს ყველაფერი, რომ ჩაივლის შპალერი უნდა გამოვცვალო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები