ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პროზა
11 აპრილი, 2020


დონ კიხოტის ბრალია ყველაფერი


დღეს დილით, როცა ამაოდ ვინატრე ერთი ჭიქა ლუდი, გადავწყვიტე ბიზნესი დამეწყო. სხვა თუ არა, ლუდის ფული ხო მექნება...
სანამ ბიზნესს დავიწყებდე ხო უნდა ვიცოდე, რას ვიწყებ... მეზობელი გამახსენდა, კოტე, იგივე ‘პროფესორა”. რომელიღაც ინსტიტუტში მუშაობს, სულ წიგნით ხელში დადის, რჩევას ვკითხავ, თან სიტყვა ბიზნესის ზუსტ ქართულ მნიშვნელობას გავიგებ...
კოტე ჩვენს იტალიურ ეზოში ცხოვრობს. იტალიაში არ ვიცი როგორი ეზოებია, იმიტომ რომ ნამყოფი არ ვარ. აქ, ჩვენ ეზოში კი, ყველამ ყველა მეზობლის ყველაფერი იცის. მე და კოტე ძმაკაცები არასდროს ვყოფილვართ, თუმცა ერთ ბაღში დავდიოდით და ერთ სკოლაში. კოტეს ადრეც სულ წიგნები ეჭირა ხელში. სკოლაშიც სულ ფრიადოსანი იყო. ‘პროფესორას” ვეძახდით. მერე ბიჭებმა აგდება და დაცინვა დაუწყეს და სამი კლასელი ისე ვცემე, თვითონ არც გაუგია. მერე უკვე ვეღარ უბედავდნენ ზედმეტს ვერაფერს.  რომ მეგონა ყველაფერი იცოდა, მაინც საზღვარგარეთ წავიდა სასწავლებლად. რა ისწავლა არ ვიცი. მართლა პროფესორი გახდა. ახლა მარტო ცხოვრობს. მშობლები რომელიღაც რაიონში გადავიდნენ, ხანდახან რაღაცეებს უგზავნიან, ან თვითონ ჩამოაქვთ. ცოლი არ მოყავს თუ არავინ მოყვება არ ვიცი. ერთხელ მეზობლებთან თქვა, სკარლეტ ო, ჰარა მიყვარსო. ეტყობა უცხოეთში რომ სწავლობდა, ეს სკარლეტი იქ მისი ჯგუფელი იყო...
ზარის დარეკვას აზრი არ აქვს, ვიცი არ მუშაობს. კოტე ზედმეტი ელექტრონერგიის ხარჯვას ერიდება. ზარი პირობითად აქვს, იმიტაცია. ვაკაკუნებ...
- რომელი ხარ? - მესმის რომ დავიღალე...
- გაგა ვარ!
- რომელი გაგა?
- მეზობელი ვარ კაცო, გაგა!
- არ არი...
- რა არ არი?
- ისა, რა გინდოდა?
- წიგნი.
უცებ საკეტები ახმაურდა. მერე კარი გაიღო, მაგრამ მთლად არა. ახლა ჯაჭვი იჭერს. ნეტა რად უნდა ეს ჯაჭვები, შეუვარდება ვინმე? გამოჩნდა კოტეს თავი, გეგონება საპარიკმახეროდან ახალი გამოსული, ამ ვარცხნილობას ბავშვობაში მახსოვს ‘პოლ-ბოქსს” ეძახდნენ. ადრეც ასეთი ვარცხნილობით დადიოდა. ჯაჭვის იქედან და სათვალის ზემოდან გაკვირვებული მიყურებს. არ ვიცი რას ფიქრობს, მაგრამ ის, რომ კარგს არაფერს, აშკარად ეტყობა. მერე სათვალით შემხედა, რა დარწმუნდა მე ვიყავი, მეუბნება:
- არ ვარ ახლა ანეკდოტების ხასიათზე.
- რა ანეკდოტი?
- ანეკდოტია, აბა რა არის, შენ და წიგნი.
- ვითომ რატო?
- იმიტომ,  რომ  მატყუებ?
- არ გატყუებ!
- წიგნი რად გინდა?
- წიგნი რად უნდათ.
- გააჩნია ვის, შენ ვერ გამიგია წიგნი რად გინდა?
- ვითომ რატო?
- იმიტომ. კიდე მაგიდის ჩოგბურთი უნდა ითამაშო?
    ეტყობა ბავშვობა გაახსენდა. ერთხელ ტენისის რაკეტა გამიტყდა და კოტეს წიგნი ვეთხოვე. რა თქმა უნდა, რისთვის მინდოდა, არ იცოდა და რა წიგნი გინდაო მკითხა, რამე მაგარი-მეთქი. მაგარი სერვანტესიაო.    ამ    დონ კიხოტით  სამი  პარტია მოვიგე. სათამაშო  მაგიდა ეზოში გვედგა. უცებ ვიღაცას სცემენო და ყველანი გავვარდით. წიგნი მაგიდაზე დავტოვე. უკან რომ დავბრუნდით აღარ დამხვდა. მერე ეს მაგიდა ერთ-ერთ ცივ ზამთარს შეეწირა. წიგნი არ ვიცი, შეიძლება ისიც... კოტემ გაიგო რისთვისაც მჭირდებოდა და  იმ ვიღაც დონ კიხოტის გულისთვის სამი თვე საერთოდ ხმას არ მცემდა. რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ უკვე, თუ ვეტყვი რამეს მპასუხობს, თორემ თვითონ ეთქვას რამე, არ მახსოვს...
- არა, არ უნდა ვითამაშო. უნდა წავიკითხო.
- მეორე ანეკდოტი.
- შენ რა, გგონია წიგნი არ წამიკითხავს?!
- რა კაი თქვი! - მითხრა უცებ.
... ახლა საბავშვო ბაღი გამახსენდა. აღმზრდელმა საახალწლო ზეიმისათვის ლექსები გვასწავლა. მე ერთი ლექსი ვისწავლე, ასე იწყებოდა ‘ახალო წელო გნატრობდი, გულის ფანცქალით გელოდი...”, კოტემ მთელი ჯგუფის ლექსები ზეპირად იცოდა და თუ ვინმეს შეგვეშლებოდა, გვკარნახობდა. აღმზრდელმა, შენო  ეს ლექსი თქვიო,  აღარ  მახსოვს რომელ ლექსზე უთხრა.  კოტემ დოინჯი შემოიყარა და ზუსტად ასე უპასუხა: ‘აუფ, რა კაი თქვიო!” და სულ სხვა ლექსი თქვა, აღმზრდელს  მგონი საერთოდ არ ჰქონდა  განაგონი...  ლექსი რა თქმა უნდა არ მახსოვს,  მაგრამ  ის მახსოვს  ახალი წელი საერთოდ არ იყო ნახსენები...
- არ მგონია, დარწმუნებული ვარ, - გაეცინა.
- არ შემომიშვებ? - ვისარგებლე მომენტით.
- ჯერ მითხარი რა წიგნი გინდა, იქნებ არ მაქვს?
- უცხო სიტყვების ლექსიკონი.
- მთლიანად უნდა ისწავლო? უცხოეთში ხო არ აპირებ? - კიდე იცინის.
- არა, ერთი სიტყვა მაინტერესებს.
- რომელი სიტყვა?
- ‘ბიზნესი”.
- რა ‘ბიზნესი”?
- სიტყვა ‘ბიზნესი” რას ნიშნავს?
- სიცხე ხო არ გაქვს, ან წნევა. დილით გაისინჯე?
- მართლა მინდა ამ სიტყვის მნიშვნელობა გავიგო, არ შეიძლება?
- ერთი სიტყვის გამო წიგნი რად გინდა?
- მაშინ მითხარი სიტყვა ბიზნესი რა ნიშნავს?
- რად გინდა?
- ბიზნესი უნდა დავიწყო, ხო უნდა ვიცოდე რას ვიწყებ!
- კიდევ ანეკდოტი. რა ბიზნესს იწყებ?
- ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი.
- კარგი, შემოდი.
კარს ჯაჭვი ახსნა და გააღო. შევედი. ისე დასუფთავებული და დაწკრიალებულია ყველაფერი, როგორც ძვირადღირებული სასტუმრო. ფანჯრებს და პარკეტს ბზიალი გაუდის. რად უნდა ამას ცოლი და სკარლეტ ო, ჰარა? სასტუმრო ოთახში დავსხედით. ისევ ის ორი სურათი, რაც ბავშვობიდან მახსოვს. ერთზე გოგონა ჩანს ბურთზე, ეს ეს არის ჩამოვარდება, მეორეზე კი თავიდან რომ შეხედავ, თითქოს აბლაბუდას ქსელია, კარგად თუ დააკვირდები, კაცი ჩანს წვერებით, ქუდით და ხელში ფუნჯით...
- ე. ი. წიგნი გინდა... - გამაწყვეტინა სურათების დათვალიერება.
- კი.
- ბიზნესს იწყებ?
- კი.
- არაფერი არ გამოგივა.
- ვითომ რატო?
- ბიზნესი რომ დაიწყო, რაღაცა გამოცდილება გჭირდება. ბოლოს და ბოლოს წიგნი უნდა გქონდეს წაკითხული!
- იმიტომაც მოვედი.
- ე. ი. დღეს წიგნს წაიკითხავ, ხვალ ბიზნესს დაიწყებ?!
- კი.
- რა გეშველება!
- მეშველება, აბა არ მეშველება? მილიონერი რომ გავხდები მერე შენც დაგეხმარები, გინდა, ერთ ბიბლიოთეკას გიყიდი?
- არ მინდა. რა წიგნებიც მაინტერესებს ისედაც მაქვს.
- მაშინ მთხოვე რაც გინდა.
- გთხოვო, კარგი. ერთი ის რომ ჩემს კარებზე დაკაკუნებას მოერიდე. მეორე, გაანებე ამ საქმეს თავი. შენგან ბიზნესმენი არ დადგება.
- რატო, ცა და ქვეყანა ბიზნესშია, მე რითა ვარ ნაკლები.
- ამას ჰგონია ბიზნესი იოლი საქმეა, - გვერდით გაიხედა და იქ უთხრა ვიღაცას.
- იოლი? ვინ თქვა იოლიაო, მე ასე არ ვფიქრობ, - მეც იქით გავიხედე, საინტერესო არაფერი, ირგვლივ სულ წიგნებია ჩამწკვრივებული.  ეტყობა წიგნების ავტორბს საუბრება.
- ხო კარგი, გიხსნი: სიტყვა ბიზნესი საერთოდ საქმეს ნიშნავს, უცხო სიტყვათა განმარტებითი ლექსიკონით კი ეს არის საქმიანობა პირადი გამდიდრების მიზნით.
- პირადი რა პონტია? ეტყობა ეს ძველ კომუნისტების დროინდელ ლექსიკონში წაიკითხე?
- და შენ ფიქრობ ბიზნესმენობა რომ გინდა, საკუთარ თავზე არ ფიქრობ?
- საკუთარ თავზეც და მილიარდელი რომ გავხდები მერე მივხედავ ხალხს! - ის არ ვუთხარი, ლუდზე რომ ვფიქრობდი.
- შენ და მილიარდელი... კიდე ერთი ანეკდოტი...
- ვნახოთ კაცო...
- ვნახოთ...
- მოკლედ, ‘ბიზნესი” გითხარი რასაც ნიშნავს, კიდე რა გინდოდა?
- მანდ წიგნში ლუდზე არაფერი არ წერია? - მაინც ვერ მოვითმინე.
- შენ რა, ლუდი გინდა აწარმოო?
- არა, დავლიო მინდა.
- არა, ეს არ წერია.
- რა სტუმართმოყვარე ხარ?! ის მაინც არ გქონდეს წაკითხული, როგორ ქვია,  სკოლაში რომ გვასწავლს, ხო, ‘სტუმართმოყვარეობა”.
- „სტუმარ-მასპინძელი”?
- ხო.
- რაღა გინდა? სიტყვა ხო აგიხსენი?
- მკითხე, ლუდს არ დალევ-თქო?
- ლუდს არ დალევ?
- კი.
- ხო გითხარი, უკვე - არ არი...
... ეჰ, დონ კიხოტის ბრალია ყველაფერი. წამოვედი...
ის იყო სადარბაზოდან უნდა გამოვიდე, ფეხების ბრაგა-ბრუგი მესმის ზემოდან. „პროფესორაა” ალბათ, მაგრამ არ მოვხედე... მეძახის... ის იყო...
- გაგა, დამელოდე, რა ...  ხინკალი სად ექნებათ ახლა კარგი?

31.01.2007 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები