აამიინ,
– ასე დავიწყებ დაწერას არა იმიტომ, რომ ქვეყანა დადგა თავდაყირა, არამედ იმიტომ, რომ ლოცვა–ვედრება ცოცხალია სასიკვდილო უმოქმედობამდე და კიდევ მაშინ, როცა მეტყველებს აზროვნება და შიშის ზარს სცემს ცოცხალ მიცვალებულობას. – აქ წერას დავასრულებდი, დიდი სიხარულით დავასრულებდი, ჩემი სიტყვები რომ გაუგებარი არ ყოფილიყო სხვებისთვის, ისე, როგორც ჩემთვისაა გაუგებარი – როგორ შეიძლება თავდაყირა დადგეს თუნდაც ერთი ადამიანის აზროვნება მაშინ, როცა სწორად არც არასოდეს შეიძლებოდა მდგარიყო, რომ არა ლოცვა–ვედრება?! – დავწვრილმანდები, რათა გავაგრძელო და საკუთარ თავს რომ ვკითხავ, ვწერდი თუ არა, სხვებმა მიპასუხონ... ადამიანებმა იციან, რომ სნეულება, რომელიც არ ჩანს, მაგრამ არსებობს, – გადამდებია და მომაკვდინებელი; იციან, რომ მათი დაჯგუფება, თავშეყრა, ფიზიკური სიახლოვე და სხვა და სხვა – მომაკვდინებელია ყველგან, სადაც შეიძლება დაჯგუფდნენ; აღწევს ცნობა მათამდე, რომ ადრეც ასე ყოფილა – მსგავს სნეულებას გაუნადგურებია სოფლები და ქალაქები, მორწმუნეები და ურწმუნოები, მლოცველები და ულოცველები; უფრო მეტიც, თვითონაც თვალნათლივ ხედავენ, რომ ეს მართლაც ასეა, – რომ მათ თვალწინაც იღუპებიან ადამიანები – მდიდრები, ღარიბები, ექიმები, ჯარისკაცები, სასულიერო პირები, – რამდენიმე კი არა, – ათეულები, ასეულები, ათასეულები; მეცნიერულ მტკიცებულებებსაც ეცნობიან, რომ მათ თვალწინ დაღუპულთა მიზეზი ხალხმრავლობაში გადადებული სნეულებაა, და მაინც, ამბობენ, რომ ჯგუფურად ღვთისმსახურებისთვის თავშეყრა მათ ვერაფერს დააკლებს, პირიქით, განკურნავს... იციან, ხედავენ, გრძნობენ, მაგრამ არ ესმით. რა სასწაულთან გვაქვს საქმე?
ვინ ვარ მე? მე ვარ ან ის, ვინც იცის, ხედავს, გრძნობს, მაგრამ ეს არ ესმის, ან კიდევ ის, ვინც იცის, ხედავს, გრძნობს და ესმის. მაგრამ ვინც არ უნდა ვიყო მე, წინა აბზაცის შეკითხვას ალბათ არასოდეს დავსვამდი, რომ არა ყელზე მობჯენილი გაკვეთილი, რომ საამდროისო დავალებაა: ვინც არ უნდა ვიყოთ ჩვენ, – ყველა პასუხისმგებელია ყველაზე; თითოეულის სიფრთხილე მალამოა თითოეულისთვის; კაცობრიობის სიცოცხლე ცალ–ცალკე და ყველა კაცის ხელშია და ამ გულისხმიერებით ფეთქავს მსოფლიო.
რა შეიძლება ვთქვა დასმულ შეკითხვაზე, რომ დროთა განმავლობაში მაინც მივიღო ყველასათვის სწორი პასუხი? – 1) ის ქრისტიანნი, ვინც ახლა ამბობთ, რომ გადამდები სნეულების დროს ჯგუფურად ღვთისმსახურება დასაშვებია, – ალბათ არცერთი იქნებოდით იესოს გზის მიმდევარი მაშინ, იმის თანამედროვედ რომ გეცოცხლათ; ის მუსლიმნი, ვინც ახლა ამბობთ, რომ გადამდები სნეულების დროს ჯგუფურად ღვთისმსახურება დასაშვებია, – ალბათ არცერთი იქნებოდით მუჰამმედის გზის მიმდევარი, იმის თანამედროვედ რომ გეცოცხლათ; და ყველა ის ადამიანნი, ვინც ახლა ამბობთ, რომ გადამდები სნეულების დროს ჯგუფურად ღვთისმსახურება დასაშვებია, – იცით, ხედავთ, გრძნობთ და უნდა გესმოდეთ, რომ საამდროისო გაკვეთილი - დავალებაა: ვინც არ უნდა ვიყოთ ჩვენ, – ყველა პასუხისმგებელია ყველაზე; თითოეულის სიფრთხილე მალამოა თითოეულისთვის; კაცობრიობის სიცოცხლე ცალ–ცალკე და ყველა კაცის ხელშია და ამ გულისხმიერებით ფეთქავს მსოფლიო; 2) და პირიქით: თვით იესო და მუჰამედი რომ ჩვენს თანამედროვედ მოვლენილიყვნენ, იტყოდნენ, რომ ,,გადამდები სნეულების დროს ჯგუფურად ღვთისმსახურება დაუშვებელია", ვინაიდან მაშინაც ამბობდნენ: რომ ზიანის მიყენება ყველგან ცოდვაა - სახლშიც და სამლოცველოშიც; რომ ღმერთს ყველგან ესმის თქვენი - სახლშიც და სამლოცველოშიც; იცოდეთ, ხედავდეთ, გრძნობდეთ და გესმოდეთო.
როგორ მოიქცეოდით თქვენ მაშინ და როგორ მოიქცეოდნენ ისინი ახლა? – ვფიქრობ, ამ შეკითხვების გააზრება საკმარისია იმისათვის, რომ დედამიწის ზურგზე უკლებკივ ყველა : ვიყოთ უკეთესი მორწმუნენი, ვიყოთ უკეთესი ხალხი, ვიყოთ ესა და ეს კაცი და უზომოდ გვიყვარდეს კაცობრიობა.
ღმერთო, დიდებულო, გევედრებით, ჯანმრთელად გვამყოფე მათ რიგებში, ვინც იცის, ხედავს და ესმის. აამიინ.
ავტორი:მუხრან აბაშიძე, 14.04.2020 წ.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|