ნაწარმოებები


“წერილების კონკურსი“     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე კონკურსების თემაში     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1517     * * *    

ავტორი: ნიკო ლეჟავა
ჟანრი: დრამატურგია
15 აპრილი, 2020


ტელევიზიის სარდაფში (სატელევიზიო სპექტაკლი) სერია 23

ტელევიზიის სარდაფში
(სატელევიზიო სპექტაკლი)
სერია # 23

კაკლიძირში წამოწოლილი მიხო


                  მოქმედი პირები:
ოსტატი  - ლოთი, თვითმარქვია ავეჯის რესტავრატორი,
                            რომელიც ტელევარსკვლავი გახდა;             
შეგირდი - ოსტატის შეგირდი, შრომისმოყვარე;
პაველი  - წითელარმიელი;
კანტროლკა - შუასაუკუნეების დროინდელი ჯალათი;
და სხვები.




1917 წლის რევოლუციის დროინდელ წითელარმიელ პაველს, შუასაუკუნეებისეულ, სახეზე ტომარაჩამოფარებულ ჯალათ კანტროლკასა და ამ ორის ფონზე, სავსებით დადებით პიროვნებას, ოსტატის შეგირდს, (არა პირველ შეგირდს, რომელიც ოსტატმა ბაბა-იაგას „სწავლებით“ თაგვად გადააქცია და უკან, ადამიანად ვეღარ დააბრუნა, არამეტ, სხვას), დილით ასეთი სურათი დაუხვდათ: სტუდიის შუაგულში კაკლის ხე ამოზრდილიყო და მის ძირში, ეგრედ წოდებულ „ლეჟანკაზე“, კახურ-ქუდჩამოფხატულ, სოფლური ყაიდის მამაკაცს ღრმა ძილით ეძინა, შიგადაშიგ წაუხვრენდა კიდეც; ოსტატიც იქვე იყო.
- ეს ვინ არის? - გაიოცეს მოსულებმა.
თან, კაკლის ხეს ფოთლების შემოწმება დაუწყეს, ნატურალური იყო, თუ დეკორაცია.
- ეს მიხოა!
- რომელი მიხო?
- კაკლის ძირში წამოწოლილი მიხო, ზემო მაჩხაანიდან!
- საიდან?
- ზემო მოჩხაანიდან-მეთქი; დღევანდელი ჩემი გადაცემის კორესპონდენტი იქნება!
- კორესპონდენტი?
- ხო, კორესპონდენტი!
- ბატონო ოსტატო, კორესპონდენტი, თუ რესპოდენტი? - კითხვა შეჰკადრა შეგირდმა.
- აა ხო, რესპოდენტი; სიტყვები გავს ერთმანეთს...
მძინარემ ერთი ღრმად ამოიხვრინა და გაიღვიძა.
- ეე, საადა ვარ, ჯო?!
- აქა ხაარ მიხო, აქა! -  წაუკახურა ოსტატმა.
დაეჭვებულმა მიხომ კაკლის ხეს ახედა.
- ვაჰ, მამეჩვენა, რომა სხვაგანა ვარ... - გაიზმორა. - შენ ვინა ხარ, ან ესენი ვინღა არიან?!
- მე ოსტატი ვარ, სატელევიზიო გადაცემის წამყვანი; ესენი ჩემი ხელქვეითები არიან - პაველი, კანტროლკა და მიშკა-შეგირდი. მინდა, შენგან ინტერვიუ ავიღო!
- რა უნდა აიღოო?
- ინტერვიუ!
- ეგ რაღაა?!
- რა რაღაა, ინტერვიუ?
- ჰო, ინტერვიუა, თუ ჯანდაბა!
- ინტერვიუ ნიშნავს იმასა, რომა მე შენს თავს ქვეყანას გავაცნობ! - ოსტატმა აქცენტით ისევ წაუკახურა.
- ეე, ნეტაი შენა... - მხარი იცვალა.
ოსტატმა საპირისპირო მხრიდან შემოუარა:
- მაშ, არ გინდა, ცნობილი კაცი გახდე? ქვეყანა შენზე ილაპარაკებს!
- დაიკიდე, რა...
- რა დავიკიდო?
- ქვეყანა!
მიხომ ისევ იცვალა მხარი.
ოსტატი არ მოეშვა:
- ვაა, შენა რა მწვანე ბუზივით დამტრიალებ თავსა...
- მიხო, ქვეყნის დაკიდება არ გამოვა, განსაკუთრებით ეხლა, როცა კორონავირუსის პანდემია მძვინვარებს!
- რა მძვივარეებს?
- კორონავირუსის პანდემია; გრიპია ასეთი - მომაკვდინებელი! ჩინეთში დაიწყო და უკვე, მსოფლიოს მოედო!
- მსოფლიოს მოედო?
- ხო, მსოფლიოს მოედო!
- დაიკიდე, რა...
- ეგ გრიპი მაჩხაანამდეც მოვა!
- ზემო მაჩხაანამდე?
- ზემო მაჩხაანამდეც!
- დაიკიდე, რა...
- ვაა, შენ რა მაგარი ხარ - ყველაფერი გკიდია... მასწავლე, როგორ ახერხებ ყველაფრის დაკიდებას? რაღაცეები მეც მკიდია... მაგრამ შენნაირად ვერა!
- რა გასწავლოო?
- როგორ ახერხებ ყველაფრის „დაკიდებას“?
- კახელი ვაარ...
- კახელი?
- მამითაცა და დედითაცა!
- სულ ეგ არის მთელი საიდუმო?
- სულ ეგ არის!
- რომელი ჯგუფის სისხლი გაქვს?
- რათ მეკითხები?!
- ცოტა რომ გადმომისხა...
- ნუ მიაცვ-მააცვამ... - კიდევ ერთხელ იცვალა მხარი.
ოსტატს მიშკა-შეგირდი მიუახლოვდა და ყურში ჩასჩურჩულა:
- ბატონო, მაგან დონალდ ტრამპს ერთი ცალი კაკალი არ მისცა (მილიონს უხდიდა) და სისხლს რას გაიმეტებს?!
- ჩუ, მაცადე, ვიცი ეგ ისტორია...
- მიხო, თუ გახსოვს შენი ახალგაზრდობა?
- მახსოვს, მა არ მახსოვს, კარგი დრო იყო - მზე სტაბილურად ანათებდა...
- ეხლანდელ დროზე რას იტყვი?
- სადღაა დრო...
- „დრო“ აღარ არის... აი, რაც არის, რა ქვია მას?
- დაიკიდე, რა...
- ეტყობა, დიდი ზომის საკიდი გაგაჩნია, ამდენი რამ ზედ რომ გეტევა... - თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა ოსტატმა, მაგრამ მიხოს ყურს მისწვდა.
- ხო გითხარი, კახელი ვაარ-მეთქი!
ოსტატი თავის მაგიდას მიუჯდა და ხმოვან-ფიქრს მისცა თავი:
- რაღაც ისეთი უნდა ვკითხო, რაც არ ჰკიდია?
მიშკა-შეგირდი ისევ მიუახლოვდა და ჩასჩურჩულა:
- ტრამპზე ჰკითხეთ, რატომ ვერ გაიმეტა მისთვის ერთი კაკალი; კაცი მილიონს უხდიდა!
- სწორედ მაგის კითხვას ვაპირებ! - მიხოს მიუახლოვდა. - მაშ გახსოვს შენი ახალგაზრდობა...
- მა არ მახსოოვს!
- ერთხელ, შენთან ამერიკელი მილიარდერი მოვიდა და ერთი კაკალი გთხოვა; ესეც გახსოვს?
- მახსოვს!
- მილიონს გიხდიდა, მაგრამ კაკალი არ მიეცი!
- არ მივეცი!
- მილიონს დოლარით გიხდიდა, თუ ლარით?
- იმ დროს სად იყო ლარი, მანეთი ფულობდა!
- მანეთით გიხდიდა მილიონს?
- მე რა ვიცი, მიდი და კითხე!
- მაგ კაცის სახელი გახსოვს?
- თუ მეხსიერება არ მღალიტობს, დონალდი ქვია!
- ამერიკელებს „მილიარდერი დონალდი“ ბევრი ეყოლებათ, გვარი მითხარი?
- გვარი არა, ფეხსაცმლის ზომა... ამ ბოლო დროს, ეგ ტიპი ქვეყნის პრეზიდენტად აირჩიეს; მიხვდი, ვიზეც გეუბნები?
- ტრამპი!
- ტრამპია თუ ბრამპი, მე არ ვიცი...
- ჰო, ეგ არის - დონალდ ტრამპი.
- დაიკიდე, რა...
- ტრამპს ვერ დაიკიდებ... ისეთი მაგარი კაცია, პუტინმა ვერ დაიკიდა!
- პუტინი ვინღაა?
- პუტინი რუსეთის პრეზიდენტია!
- საბჭოთა კავშირის?
- სადღაა საბჭოთა კავშირი... პუტინი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტია!
- ბრეჟნევი მახსოვს...
- მიხო, შენ მარტო კაკლის ძირში მწოლიარე კი არა, ქვევრის ძირში მწოლიარეც ყოფილხარ...
- დაიკიდე, რა...
- არის რაიმე ისეთი, რაც არა გკიდია?
- ყველაფერი მკიდია...
- სულ ყველაფერი გკიდია?!
- დაიკიდე, რა...
მან კიდევ ერთხელ იცვალა მხარი და სანამ ოსტატს მორიგი კითხვა მოაფიქრდა, ხვრინვა ამოუშვა.

- შეფ, ეს ტიპი ზემო მაჩხაანიდან ჩვენამდე როგორ ჩამოიყვანე? - ჰკითხა პაველმა.
- სპეც-ჯგუფმა ჩამოიყვანა, მძინარე, თავის კაკლის ხიანად.
- მძინარეს დააბრუნებ უკან?
- მძინარეს ვეღარ დავაბრუნებ - უკვე გამოიძინა! ეხლა კი სძინავს, მაგრამ მალე გაეღვიძება...
- სპეც-ჯგუფი გამოიძახე, მიხედავენ.
- სპეც-ჯგუფს ვეღარ გამოვიძახებ, სპეც-დავალების შესასრულებლად წავიდა!
- შენ გააგზავნე?
- მთავრობამ...
- ხო... თუ გინდა, იცხოვროს აქ, ჩვენი გადაცემის შტატში ჩასვი.
- არ გამოვა, მაჩხაანში უნდა დავაბრუნო!
- როგორ დააბრუნებ?
- კანტროლკა და მიშკა-შეგირდი დაიხმარე და ეგ მისი კაკლის ხე სტუდიის გასასვლელისკენ გადააჩოჩეთ!
- ხე როგორ უნდა გადავაჩოჩოთ, იატაკშია ჩარგული?!
- იატაკში კი არა, ქოთანშია ჩარგული; გაახილე თვალი!
- კარგი, გადავაჩოჩებთ, მერე რა გამოვა მაგით?
- გააკეთე რაც გითხარი და დანარჩენს ნახავ!

კაკლის ხე სტუდიის მთლად კიდეში გადააჩოჩეს. ოსტატმა სკამით იატაკზე დააბრახუნა. მიხოს გაეღვიძა.

- დილამშვიდობისა მიხო!
- ვაა, ეე ვერანა ვერ მოვიშორე თავიდან...
- შენი კაკალის ხე რამდენი წლისაა?
- კაკალიი? - ხეს ახედა, მაგრამ ის ხომ იქ უკვე აღარ იყო.
- ეე, რა იქნა კაკალი?!
- კაკალი თავის ადგილას დგას, მაგრამ შენ არ წევხარ იქ, სადაც უნდა იწვე!
მოხომ მიიხედ-მოიხედა.
- მართლაც...
წამოდგა, „ლეჟანკა“ აკეცა და კაკლის ძირში გადაიტანა. მალე ისევ ხვრინვა ამოუშვა.

- ეხლა რაღა ვქნათ, ასე ჩოჩიალით ხომ ვერ ჩავიყვანთ ზემო მაჩხაანამდე?! - იკითხა პაველმა.
- ქვემო მაჩხაანამდე მიაჩოჩეთ და მერე, თავად გაიკვლევს გზას...
- კარგი რა, შეფ - კულისებში დავტოვოთ...
- რესპოდენტს კულისებში ვერ მივატოვებ - ჩვენი ტელეგადაცემის პრესტიჟის საქმეა...
- ბატონი მიხო თავის კაკლიანათ ევაკუატორზე მოვათავსოთ და ის მიიყვანს ზემო მაჩხაანამდე! - აზრი გამოთქვა მიშკა-შეგირდმა.
- გენიოსი ხარ! - წამოიყვირა ოსტატმა. - ევაკუატორი გამოიძახეთ, ტელევიზიის ხარჯზე!


ზემო მაჩხაანელ, მთვლემარე მიხოს სანამ იმ თავის კაკლიანად ევაკუატორზე მოათავსებდნენ, სტუდიაში მარტო დარჩენილმა ოსტატმა დრო იხელთა და მაგიდის ქვემოდან არყით სავსე ბოთლი და ჭიქა ამოდგა. ხოლო მანამდე, თერთმეტი წამით ადრე, იმავე მაგიდის „ქვე-იდუმალი“ სივრციდან თავისი პირველი შეგირდი ამოსვა - მიშკა-თაგვი, რომელიც ბაბა-იაგას „სწავლებით“ თაგვად გადააქცია და უკან, ადამიანად ვეღარ დააბრუნა. ხოლო არაყი, ამის შემდეგ, როგორც მოგახსენეთ, თერთმეტი წამის მოგვიანებით იყო.
- ჩემო ძმაო! - ჯერ ერთი ჭიქაც არ ჰქონდა დალეული, რომ თეთრ თაგვს ამ ფორმით მიმართა. - დღეს შემიძლია თამამად გაგისწორო თვალი, რადგან სასიხარულო ამბავი მაქვს შენთვის - ხვალ დაგაქორწინებ! შენ იცი, ამ საქმეს აქამდეც ვგეგმავდი - ჟანა-დამლაგებელი უნდა გადამექცია თაგვად, მაგრამ არ გამოვიდა... ჟანასთან დაკავშირებით არ ინანო, საზიზღარი ხასიათი აქვს; თაგვად გადაქცეულს, რაღაც ავი ზნეჩვევა გამოჰვებოდა... კაცს ერთხელ მოგყავს ცოლი! თუმცა არ ვიცი, თქვენთან, თაგვებში, ცოლის შერთვა რამდენჯერ ხდება... ჰოდა, ჩემო ძმაო, შენს გაბედნიერებაზე ვთქვი სიტყვა - ჟანას შემდეგ, შენც დაინახე, თაგვად გადასაქცევად მსოფლიო მაშტაბის ფიტნეს-ვარსკვლავი შემოვიტყუე სტუდიაში - ლასკა-თაგუნია; სახელითაც მონათესავეა შენთან - შენ თაგვი ხარ, ის თაგუნიაა; მაგრამ ისევ ჩაიშალა საქმე... არაუშავს, ვითარებიდან გამომდინარე, გადაწყვეტილება მივიღე - „პტიჩი-რინოკზე“ შეგირჩიო ცოლი, შენსავით თეთრი, ქათქათა თაგვი! თანაც, ჩემო ძმაო, გაითვალისწინე, პატარძლის სასყიდელ თანხას ჩემი ჯიბიდან ვდებ, არავითარი ტელევიზიის ანგარიში! იმიტომ, რომ ძმა ხარ...
არყის ჯიქა პირთამდე გაავსო.
- მიხეილ, ძმაო! - მიმართა თაგვს. - შენი ხვალინდელი გაბედნიერების სადღეგრძელო იყოს!
გადაჰკრა და დაიჭყანა.
- სამადლობელს შენს მაგივრად სხვა ვინ შესვავს, თუ არა, შენი ძმა!
მეორე ჭიქაც გადაყლურწა და მესამე შეავსო.
- შენი მეუღლის სადღეგრძელოს, მისი გაცნობის შემდგომ შევსვამ, ანუ ხვალ - ერთად დაგლოცავთ! მანამდე, ჩემო ძმაო, ზოგადად ხვალინდელი დღის სადღეგრძელო მინდა ვთქვა - ხვალინდელ დღეს გაუმარჯოს!
მესამე ჭიქაც ჩაუძახა `წიაღში~ და მეოთხე შეავსო.
- ისე, ძმაო, სასხვათაშორისოდ უნდა გითხრა და არა, თავის მართლების მიზნით: ვაღიარებ, ჩემი ბრალია, რომ თაგვად გადაგაქციე, მაგრამ არ მჯეროდა ბაბა-იაგასეული საიდუმლოსი, ვიფიქრე, იხუმრა... რატომ არ ჩავიწერე თაგვად გადაქცეული ადამიანის უკან, ადამიანად დაბრუნების საიდუმლო სიტყვები? რატომ და... აკი გითხარი - არ მეჯერა, რომ ეს ვისმეს, მითუმეტეს შენ, ჩემ ძმას, დაგჭირდებოდა! შენი ბრალიც არის საქმეში - იმ ბებრუხანას უმყარესად რომ აღუდგინე „საფრენი ცოცხის“ გადატეხილი ტარი; ჩემთვის დამახასიათებელი დაუდევრობით რომ შეგესრულებინა ეგ საქმე, აქამდე ცხრაჯერ გადაუტყდებოდა და ისევ მოგვაკითხავდა; გამოვკითხავდი, თუ თაგვად გადაქცეული ადამიანი როგორ უნდა დავაბრუნო ადამიანად! მაგრამ შენ, კიდევ გეუბნები, ისე მყარად აღუდგინე ცოცხი, ეგ ორასი წელი აქ მომსვლელი აღარ არის!
ოსტატმა დამწუხრებული სახე ჩაქინდრა... თაგვი არყით სავსე ჭიქას მიუახლოვდა და დასუნა.
- ხო, სიტყვა გამიგრძელდა - ყველა გაჭირებული კაცის სადღეგრძელო იყოს!
დალია და ჭიქა მეხუთედ შეავსო.
- შენს ნამეტნავ პატიოსნებაზე ვლაპარაკობდი - ასეთი პატიოსანი სად დაიბადე? აგე, კომკავშირლებმა უღალატეს პარტიას; კომუნიზმის ნათელი მომავალი ისტორიას ჩაბარდა!
ამასობაში კულისებიდან ხმაური მოისმა, პაველი, კანტროლკა და მიშკა-შეგირდი ბრუნდებოდნენ. ოსტატმა თეთრი თაგვი, არყიანი ბოთლი და ჭიქა, თითქოს არც არაფერი ყოფილა, მაგიდის ქვეშ ჩამალა. უკაცრავად, რაც შეეხება ჭიქას - აჩქარებული ტემპით გამოწრუპა და მერე ჩადგა.


14.IV.2020

23-ე სერიის დასასრული


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები