ნაწარმოებები


“წერილების კონკურსი“     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე კონკურსების თემაში     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1517     * * *    

ავტორი: ჩესტერი
ჟანრი: პროზა
16 აპრილი, 2020


მიპოვე აგვისტოში (I)

14 მაისი

03:17

ბოლოს კარგად როდის მეძინა აღარ მახსოვს. უცნაურია, მაგრამ ყოველთვის ამ დროს მეღვიძება, თითქოს ვიღაც უხილავი მაღვიძარას მიყენებდეს. მერე ვწევარ და ვუსმენ... ხან საათის ხმას, ხან ქარის ან წვიმის თუ გამიმართლა, ხანაც გვერდით მწოლიარეს სუნთქვას. ჩემი სუნთქვის ხმა იშვიათად მესმის, ხანდახან მეეჭვება კიდეც რომ საერთოდ სუნთქვა შემიძლია.

ამ რამდენიმე საათში ათასგვარად ვაბრუნებ ჩემ ცხოვრებას და გათენებამდე დარჩენილ საათებს უამრავ "იქნებს" და "ნეტავს" ვამატებ. ბოლოს იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ მაინც ვერ ვიგებ ცხოვრების ამ ეტაპზე როგორ მოვედი. ან რატომ დამემართა ის, რაც დამემართა, ან რატომ ვერაფერი გავაკეთე, რომ შემეჩერებინა, რატომ არ იყო საკმარისი ის რასაც ვაკეთებდი... ან როგორ აღმოჩნდა, რომ ის, ვის რიტმულ სუნთქვასაც ყოველ ღამით ყურს ვუგდებ, ისევ ჩემ გვერდით არის.

არა, ჩემი ქმარი მიყვარს, სხვანაირად არ გაიგოთ... უბრალოდ ხანდახან ვერ ვხვდები რატომ არის ჩემ გვერდით.

იმ დღეს ხშირად ვიხსენებ... სიმართლე რომ გითხრათ, ვინმესთან ერთად თანაცხოვრებაზე სერიოზულად არასოდეს მიფიქრია. მაგრამ ვერც იმას წარმოვიდგენდი თუ ამ წინადადებას ერთ-ერთი უბრალო საუბრის დროს დავთანხმდებოდი.
                                                                                                                ..
- იცი, ფინალი ადვილი გამოსაცნობია... - ამბობს ის და ხელში მის ბინაში დატოვებულ ჩემს წიგნს ათამაშებს. - მარტო ეს კი არა, უკვე რამდენიმე ჯემპრი, პლედი და პიჟამა გაქვს ჩემთან დატოვებული... - ამბობს სხვათაშორის და მომდევნო გვერდზე ფურცლავს.
- დღეს წამოვიღებ... დამავიწყდა...
- არ შეწუხდე, უჯრაში ადგილი მოგიცალე... - ამბობს კვლავ სხვათაშორის და კითხვას აგრძელებს.
მე მეცინება, რადგან მისგან ეს მოვისმინო, იგივეა, რაც თანაცხოვრება შემომთავაზოს.
- შემდეგი რა იქნება, გარდერობი და ბოლოს ერთად გადასვლას შემომთავაზებ?
მიყურებს არაფერს ამბობს და შემდეგ ისევ წიგნს უბრუნდება.
- ხომ შევთანხმდით, რომ მოვლენების ბუნებრივი განვითარებისთვის ხელი არ შეგვეშალა?
ამბობს და წიგნს თვალს არ აშორებს.
- ვიცი რომ არ კითხულობ... მაგ ერთ აბზაცს უკვე ხუთი წუთია უყურებ...
- ისედაც თითქმის ყოველდღე ჩემ ბინაში გძინავს...
- ნახე, თითქმის... და არა ყოველთვის
- შენი კატა ჩემთან უფრო მეტ დროს ატარებს ვიდრე შენთან...
- ფისოს უყვარს დედაშენის ნაყიდი სპარსული ხალიჩები და სხვათაშორის, ერთადერთია ვისაც ეგ ხალიჩები მოსწონს...
- მართალია... შენი საღებავები ჩემთანაა... - ისევ მიტევს და ვიცი დანებებას არ აპირებს.
- იმიტომ რომ შენი ბინა ნათელია...
- ღმერთო, ყველა ამანათი და წერილი შენ სახელზე ჩემთან მოდის!
- ჰო... - ვამბობ ყოყმანის შემდეგ. ის კვლავ მარიდებს თვალს.
- მაინცდამაინც ოფიციალურად გინდა გთხოვო? კარგი... გადმოხვალ ჩემთან ერთად საცხოვრებლად? - ამბობს და თვალს მისწორებს. მე დასტურად თავს ვუქნევ.
- სულ ახლახანს შევღებე კედლები... - ვამბობ მე. - გაყიდვა მენანება...
- მომავალში, როცა მეტი ადგილი დაგვჭირდება მაშინ გამოვიყენებთ, არაუშავს...

                                                                                                                ..
მაშინ მომავალი ისე შორს მეჩვენება... ახლა რომ ვფიქრობ, ალბათ ვერასოდეს წარმოვიდგენდი, ჩემი ცხოვრება ასე თავდაყირა თუ დადგებოდა... მეტი ადგილი მართლაც დაგვჭირდა... მაგრამ ცოტა ხნით...

03:18

ხანდახან დრო ისე იწელება, რომ მგონია ერთ წუთში ათი წლით დაბერებას ვასწრებ. ხან კი ისე გადის, რომ ჩემ გარშემო ყველა იზრდება და ცხოვრებაში თავიანთი გზის პოვნას ახერხებს, მე კი ისევ ამ აუტანელ უძრაობაში გაჭედილი ვრჩები.

05:21

ხანდახან უჰაერობა მაღვიძებს. წარმოიდგინეთ, გძინავთ და უცებ თითქოს ვიღაცის უხილავ ხელებს გრძნობთ ყელზე, თვალებდაჭყეტილი იღვიძებთ და ჟანგბადის უკანასკნელი მოლეკულისთვის თვის იბრძვით.


25 მაისი

06:12

აბაზანიდან გამოსული წყლის ხმა მაღვიძებს. თუ ძალა მეყო ყურებს ვიცობ, ხანდახან მინდა გარშემო არავინ მყავდეს, აღარ შემრცხვება იმის, რადაც ვიქეცი.

ისე, იყო დრო, როცა ეს ხმა მამშვიდებდა.                                                                                         
როცა ვიღვიძებდი, ის უკვე აბაზანაში იყო. მერე ავდგებოდი ხოლმე, სარკიდან შემომხედავდა, ხან საპარსი ქაფით მოთხუპნილი პირით, ან კიდევ უკვე სუფთად გაპარსული, ცალ წარბს აწევდა და გამიღიმებდა.

უკნიდან მივეპარებოდი და ხელებს მაგრად მოვხვევდი, ხოლმე. მთელი ტანით ვეკრობოდი და თავს ზურგზე მივადებდი. მთელი თავით მაღალია ჩემზე, სველ თავს უკან გადმოწევდა და დამადებდა. მერე პირს შეიმშრალებდა და გადმომხედავდა.
რატომღაც ყველას ჰგონია, რომ ჩემ ქმარს ცივი, ნაცრისფერი თვალები აქვს. ჩემთვის სულ ერთი იყო ვინ რას იტყოდა, ჩემთვის ეს თვალები სულ სითბოთი და რაღცნაირი უჩვეულო  ნაპერწკალით იყო სავსე. ასეთ მომენტებში, როცა მხოლოდ მე და ის ვიყავით, ყოველთვის ისე მიყურებდა, თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ბოლო სიტყვებს ყოველთვის ჰაერში გამოკიდებულს ტოვებდა, ხოლმე.
                                                                                                                ..
- რა იყო.. - ვეტყოდი და მხარს გავკრავდი.
-წელს გითხარი რომ მიყვარხარ? - მეტყოდა და გამაჯავრებდა.
- ხო, მაისში...
- მაშინ, არაფერი..

მერე მხარზე წავკბენდი გასაჯავრებლად, დაბანილ თმას ავუჩეჩავდი და სანამ დამიჭერდა, აბაზანიდან გასვლას ვასწრებდი.
მისი სიცილი ბოლოს როდის გავიგე აღარ მახსოვს.

07:43

სახლიდან ზუსტად 07:45 წუთზე გადის. გასვლამდე საძინებელში შემოდის და მამოწმებს. უბრალოდ დამხედავს და მიდის. ამ რიტუალს ყოველდღე წარმატებით ატარებს.

ზოგჯერ ისეც აუტანელ სიძულვილს ვგრძნობ მის მიმართ რომ კანკალი მიტყდება. მერე თითქოს გონს ვეგები და ჩემ თავზე გული მერევა. ვიცი, ჩემგან ყველაზე ნაკლებად სიძულვილს იმსახურებს.


30 მაისი

03:17

ჩემი უხილავი მაღვიძარა ყოველთვის დროულია. კიდევ კარგი წვიმს, შემიძლია მასზე გადავიტანო ყურადღება და უბრალოდ მოვუსმინო.
- გინდა ფანჯარა დავხურო?
მესმის მისი ნამძინარევი ხმა. 
პასუხის გაცემის თავი არ მაქვს.

07:48

კარის ხმა არ გამიგია. ალბათ დღესაც საწოლში გავატარებ.

წვიმიანი ამინდები მიყვარს, როცა მზე არ ჩანს. გვიან თენდება და ადრე ღამდება. ამით ვცდილობ გავამართლო ის ფაქტი, რომ მთელ დღეს საწოლში ვატარებ. შემიძლია ვთქვა, რომ ვერ გავიგე როდის გათენდა, ან ადრე დამეძინა და აღარ გავიღვიძე...

ალბათ ჩემი ქმარი მალე შეეჩვევა, რომ სახლში მოსულს ფეხზე საერთოდ აღარ დავხვდები. პირველ კვირებში ახლობლები ცდილობდნენ ჩემს გამოკეთებას, მერე იმათაც ყელში ამოუვიდათ ალბათ და თავი დამანებეს. უცნაურია, რომ ჩემი ქმარი ერთადერთია ვინც თავს ისევ ნორმალურად მაგრძნობინებს. თუკი შეიძლება ასე ითქვას... შეიძლება თავის მოთმინებას ცდის. მოთმინება კი მისი ერთ-ერთი პირადი ღირსებაა.

18:38

კარის ხმა მაღვიძებს. საკუთარი თვალით დანახვა არ მჭირდება რომ გავიგო რას აკეთებს.
აი, ფეხსაცმელებს იხდის. ჩემ ქმარს არ უყვარს სახლში ფეხსაცმელებით სიარული. ახლა ქურთუკს გაიხდის ან პალტოს.. არ ვიცი რა აცვია. ჯერ სააბაზანოში შევა და ხელებს დაიბანს. რამდენჯერ მინახავს როგორ ეყრდნობა ნიჟარას, სახეზე ჩამოყრილი სველი თმა და წყლის წვეთები... მერე ანარეკლს უყურებს, ცოტა ხანს ასე ჩერდება და გამოდის. ახლა სამზარეულოში შევა და წყალს დალევს... არა... არ შედის... უცნაურია...

18:48

ჩემი ოთახის კარი იღება. თვალებს ინსტინქტურად ვხუჭავ, მინდა ეგონოს რომ მძინავს. ამ ბოლო დროს ვცდილობ ის რამდენიმე წუთიანი დიალოგიც ავიცილო, რითაც ყოველდღე ვიფარგლებით.

ჩემგან ზურგით დგას. უჯრებში რაღაცას ეძებს. ჩემ წითელ ჰუდს, რომელიც კარგა ხანია აღარ მცმია, სპორტულ შარვალთან ერთად საწოლზე აგდებს. ახლა კარადისკენ ბრუნდება, აღებს და დაკეცილი პირსახოცები გამოაქვს.

- ვიცი რომ არ გძინავს...
ამბობს და ხმაში ბრაზს ვატყობ. ჩემი ქმარი იშვიათად ბრაზდება. ალბათ სულ რამდენჯერმე მყავს ნამდვილად გაბრაზებული ნანახი.
ოთახს ჭრის და ფარდებს განზე წევს, წვიმამ ეტყობა დილითვე გადაიღო.

ახლა ორივე ფანჯარა ღიაა, ფარდები გადაწეული. მე ისევ ვწევარ და ხმას არ ვიღებ. ჩემი ქმარი ოთახიდან აბაზანაში შედის. მესმის როგორ უშვებს ონკანს, წყლის ხმა ოთახს აყრუებს, თითქოს  ისიც ჩემზეა გაბრაზებული.

ისევ ოთახში ბრუნდება. საბანს მხდის. ჩემი სხეული თითქოს თავისით ქვავდება. თავის მძინარედ მოჩვენება ჩანს არ გაჭრის. თვალს ვახელ, მის სახეს ვარჩევ და ახლა ვხვდები რომ შეიძლება თვეზე მეტია, რაც მისთვის წესიერად არც შემიხედავს. სახეზე ზიზღი, სიბრაზე და მზრუნველობა ერთნაირად აწერია და ვფიქრობ, როგორ შეიძლება ადამიანმა ერთნაირად გამოხატოს ეს ემოციები.
- ადექი
- შემეშვი, გთხოვ
მეორედ აღარ იმეორებს. არ ვიცი რამდენი კილო დავიკელი, მაგრამ ისე სწრაფად მიტაცებს ჰაერში, თავი კარდონის ცარიელი ყუთი მგონია.
- დამსვი, გეხვეწები
აბაზანის განათება თვალს მჭრის. იქვე ტუმბოზე მსვამს, არც მელოდება, მაშინვე მხდის რაც მაცვია. უკვე აღარ მახსოვს რა მაცვია საერთოდ. ბოლოს რამდენიმე დღის წინ ვიბანავე. უფრო სწორად წყლის ქვეშ ვიდექი, მანამდე სანამ სიცხისგან სული არ შემიგუბდა.

ახლა ვნანობ, რომ აბაზანაში დიდი სარკე დავკიდე. ჩემი თავის დანახვაზე გული მეთვითონ მერევა. ჩემი ქმარი ხმას არ იღებს. გახდილ ტანსაცმელს ძირს ყრის. შიშველი ფეხი მეთლახს როგორც კი ეხება, სიცივისგან ვხტები. როცა რწმუნდება რომ ადგომის თავი არ მაქვს, ისევ ხელში მიყვანს და წყლის ქვეშ მაყენებს. არ ვიცი რამდენი წუთი ვდაგავრ ასე... კიდევ კარგი წყლის ქვეშ ცრემლები არ მეტყობა.

სააბაზანოს კარი ღიაა, მესმის კორიდორში როგორ გადის და გამოდის. ტანსაცმელი შეიცვალა. მე კი ისევ გაუნძრევლად ვდგავარ.

- დაჯექი
უსიტყვოდ ვჯდები პლასტმასის დაბალ სკამზე. ღრუბელს იღებს, შხაპის გელით კარგად აქაფებს და ტანზე მისვამს. უმწეობასთან ერთად სირცხვილისაც ვგრძნობ, ოღონდ იმიტომ არა რომ ქმარი მეხმარება დაბანაში, უფრო ჩემი "ძველი თავის“ მრცხვენია.
- ხელი აწიე... მეორე... თავი დახარე...
ნეტავ შეეძლოს ამ საპონს ყველაფრის ჩამორეცხვა...
არც წყალში დგომას ერიდება. მაისური თითქმის სულ დავუსველე.

ალბათ ფიქრობს რომ მანქანას რეცხავს.
- ვიცი, რასაც ფიქრობ... - ამბობს შიგადაშიგ. - ჩემგან სიბრალულს ვერ მიიღებ... - მძიმედ სუნთქავს. ვიცი ძალიან გაბრაზებულია, არაუშავს, მეც გაბრაზებული ვარ ჩემ თავზე...

ტანს მიმშრალებს. უკვე პირსაწმენდსაც აღარ მანდობს. სუფთა ტანსაცმელს მაცმევს და კარადაში თმის ფენს ეძებს. ცრემლებს ვერ ვიკავებ, თავისით მოდის.
ყველაფერზე ნერვები მეშლება, ყველაზე მეტად კი საკუთარ თავზე.

იპოვა.

ფენის ხმა ყურებს მიყრუებს, ეტყობა სიჩუმეს ზედმეტად მივეჩვიე. თმაზე რაღაც ზეთს მისვამს, არ ვიცი რა არის, ფურისულა? ნაცნობი სუნია... ვერ ვიხსენებ საიდან მეცნობა.
- თავი დახარე
მისი მბრძანებლური ტონი შესამჩნევად შერბილდა. 
ცრემლებს სახელოთი ვიწმენდ, მაგრამ ვიცი უკვე შეამჩნია.
- რამე კრემი გინდა? მოიცა - პატარა კარადაში რაღაცებს ეძებს. ცალ წარბს მაღლა წევს. - სად აწერია სახის რომელია და ტანის?
ხმა რომ არ გავცე ალბათ ასე იდგება ერთი საათი. კრემს ვართმევ და წარწერებს ვუყურებ.
- მეც ეგ ვიფიქრე.. - კრემებს ხელიდან მართმევს. - ფეხი აწიე.
ჩემ წინაა მუხლებზე, ცალი ფეხი მის მხარზე მიდევს.

ზოგადად, ჩემი ქმარი ნებისმიერ საქმეს თუ დავალებას რაღაც უცნაური პასუხისმგებლობით და პროფესიონალიზმით უდგება. იმას კი არ ვამბობ რომ ეს ცუდია, მაგრამ ახლაც, ჩემ წინ კრემით ხელში მუხლებზე მდგომს ისეთი სახე აქვს, გეგონება წინ ყველაზე რთული განტოლება ედოს ამოსახსნელი. რომ შემეძლოს ალბათ გამეცინებოდა.

- გცივა?
უარის ნიშნად თავს ვუქნევ.
- ჰუდის შიგნით რამე გინდა?
ისევ თავს ვუქნევ.
- ახლა ფოტოსინთეზის დროა! - ამბობს უცნაური ომახიანი ხმით. ვიცი რასაც აპირებს, უნდა აივანზე გამოიყვანოს.
- პენსიონერივით ნუ მექცევი...
- ნუ მაიძულებ და არ მოგექცევი.

ზოგჯერ ჩემი ქმრის მშურს. არ ვიცი როგორ ახერხებს, მაგრამ ყოველთვის გაწონასწორებულია. თუმცა ყოველთვის ასეთი არ ყოფილა.

ბავშვობიდან ვიცნობ. ერთმანეთს ვერასოდეს ვიტანდით. მშობლებისგან განებივრებული ბიჭი იყო, პირზე სულ მამამისის სახელი ეკერა: მამაჩემი ასეთია, მამაჩემი ისეთია, მამა ამას გიზამს, მამა იმას გიზამს... მასწავლებლები ერთმანეთს ზედ ახტებოდნენ, ოღონდაც მისთვის რამე ესიამოვნებინათ. ყოველთვის ვთვლიდი, რომ ბოროტი იყო. ამასთან ერთად, რაც კიდევ უფრო უარესია, ჭკუა ჰქონდა.  თითქოს სხვისი წვალება ენითაუწერელ სიამოვნებას ანიჭებდა. სპორტი უყვარდა. განსაკუთრებით, სხვის ნერვებზე თამაში. მისი ყველაფერი მძულდა, გარეგნობიდან დაწყებული, დამცინავი ლაპარაკით დამთავრებული. ყველაფერი ერთ ზაფხულს შეიცვალა. იმ წელს ვამთავრებდით. მთელი სასწავლო წელი ისე გაატარა, ხმა არ ამოუღია. თვალებში რაღაც მაშინ ჩემთვის უცნობი სევდა ედგა. მთელი წელი ფანჯარას იყო მიშტერებული, თითქოს ვიღაცას ან რაღაცას ელოდებაო.

ერთხელ სპორტდარბაზში წავასწარი, ტიროდა. ალბათ იმ ფაქტმა გააოცა, რომ მის გვერდით სიტყვის უთქმელად ჩამოვჯექი, და იქამდე დავრჩი, სანამ ტირილს არ მორჩა.

არ ვიცი...

მერე თითქოს დავმეგობრდით, არა, უფრო სწორად ერთმანეთს გავუგეთ. ამისთვის სიტყვები სულ არ იყო საჭირო. მთელი წლის განმავლობაში ალბათ სულ ორჯერ... ან სამჯერ თუ გამოველაპარაკეთ ერთმანეთს. ოდესმე გიგრძვნიათ ვინმესთან ისეთი სიახლოვე, სიტყვებით რომ ვერ აღწერთ? აი, თითქოს იცით როდის როგორ არის, ან რას ფიქრობს, ან რისი თქმა უნდა? მერე ის თავის გზაზე წავიდა, მე ჩემსაზე. წლების შემდეგ ისევ შევხვდით, ვინმეს სკოლის წლებში რომ ეთქვა ეს ის ამპარტავანი, უგრძნობი, და ყველასთვის საძულველი ბიჭიაო, ვერ დავიჯერებდი.

დღემდე არ მიკითხავს რა მოხდა იმ ზაფხულს, ალბათ ვერც ვერასდროს გავბედავ.


4 ივნისი

01:42

ფილმი რომ ჩართო, ჯერ ისევ ანათებდა მზე. საძინებელში არ მაჩერებს. რამდენიმე დღეა სახლშია, არ ვიცი რატომ. არ მიკითხავს, სამსახურში რატომ არ დადის. დილით ისევ იმავე დროს დგება. მერე ძალით მაყენებს. იქამდე მაწუხებს, სანამ არ ვდგები. მისი ზრუნვა ხანდახან ნერვებს ისე მიშლის, მინდა რომ ხმის ჩახლეჩვამდე ვუყვირო, შემეშვას. მაგრამ გულის სიღრმეში მეშინია, რომ ერთხელაც მობეზრდება, რომ ერთხელაც მოვბეზრდები..

უკვე მერამდენედ ვუყურებთ ამ ფილმს და უკვე მერამდენედ მეძინება ზუსტად ამ მომენტზე.

6 ივნისი

17:44

აქამდე ზარს არასოდეს რეკავდა. კარის გაღების პროცესი რაღაცნაირად მეუცნაურება. იქამდე რეკავს, სანამ არ ვუღებ. წვიმის და ბენზინის სუნი ასდის, უცნაური კომბინაციაა. ჩემი ქმარი არასოდეს გადის წვიმაში გარეთ და მითუმეტეს არასოდეს ბრუნდება ბენზინის სუნით გაჟღენთილი.

ზურგს უკან რაღაცას მალავს. მერე სველ ქერა თმას ხელით ისწორებს და პატარა ყუთს მაძლევს. ვერ გამიგია რის თქმას ცდილობს.
- დაბადების დღეს გილოცავ...
ამბობს ყოყმანით და ყუთს მიწვდის.
- ეს სოკრატეა...
გაშტერებული ვუყურებ ყუთში დამრგვალებულ ნაცრისფერ ბეწვის გორგალს.
- ხმაურზე ალერგია აქვს და მგონი ჩვენს ქვედა მეზობელზეც, ლიფტში დავემგზავრეთ და მის ხმაზე ბეწვი ყალყზე დაუდგა.

ჩემ ქმარს კატები არ უყვარს.

- წაიყვანე... ახლავე წაიყვანე უკან!
ვამბობ და ვგრძნობ რომ მთელი სხეულით ვკანკალებ.
- უკვე შენია, და მასზე ზრუნვა მოგიწევს... - ამბობს მშვიდად და ფისოს ყურს უკან ეფერება.
- არა, ვერ მოვუვლი, შემეშვი.. გთხოვ წაიყვანე! ახლავე წაიყვანე!
- ერთ მიზეზს მაინც თუ მეტყვი, წავიყვან.
- რომ ვერ მოვუარო? რამე რომ მოუვიდეს?
- რა უნდა მოუვიდეს? - მიყურებს და ვიცი რომ მიხვდა ჩემი შიში საიდანაც მოდის. ნერწყვს ყლაპავს. - გეშინია არ მოკვდეს? ოდესღაც ყველა კვდება...
ტუჩები მოკუმული მაქვს, ვერაფერს ვამბობ.
ჩემს ოთახში შევდივარ და კარს ვიჯახუნებ. ტირილი მიტყდება და იქვე ვიკეცები.

23:44

ზოგჯერ შენი პირადი ტრაგედია სხვისთვის კათარზისის საშუალება ხდება.

7 ივნისი

03:44

ოთახიდან გამოვდივარ. ჩემი ქმარი დაპაუზებული ტელევიზორის წინ ზის, კალთაში კატა უზის. თავი ჩამოკიდებული აქვს, ვერ ვიტან როცა ასე იძინებს. იმ დღის მერე სამი თვე ასე ათენებდა, მე არ მახსოვს, ოთახიდან თითქმის არ გამოვდიოდი, მაგრამ ღამით, როცა კი პანიკას გავუღვიძებივარ და ჰაერის ჩასაყლაპად ოთახიდან გამოვსულვარ, ყოველთვის ამ პოზაში დამხვედრია.
ოთახიდან პლედი გამომაქვს და ფრთხილად ვაფარებ მხრებზე.

10:26

სახლში მხოლოდ მე და კატა ვართ. სახელს შეგნებულად არ ვეძახი, რადგან მეც, როგორც ბევრ სხვას მჯერა, რომ თუ რაღაცებს სახელებს არქმევ, ამავდროულად მათთან უხილავ კავშირს ამყარებ და ერთხელ, მოულოდნელად შეიძლება ეს კავშირი საერთოდ გაწყდეს.

- რომ მოშივდეს? - ვეკითხები ჩემ ქმარს და ფისოს თვალს არ ვაშორებ.
- ჩვენს ქუჩაზე ორი ვეტ-აფთიაქია. - ამბობს. ტელეფონში ხმაური ისმის.
ჩემ ქმარს კარგად ვიცნობ. არასოდეს არაფერი ავიწყდება. ან თუ ავიწყდება, რაც ძალიან იშვიათად ხდება, ნიშნავს რომ ძალით ივიწყებს, ჰო.. ასეთი რამ მართლა შეუძლია, თითქოს  ჯადოსნური საშლელი აქვს. როცა კი რამე არ მოწონს ან რამე აწუხებს შეუძლია გონებიდან მარტივად ამოშალოს. ფისოს საჭმელი არასოდეს დაავიწყდებოდა. ეს მინიშნება ჩემთვისაა სახლიდან გავიდე. ჩემი ქმარი კარგი მანიპულატორია, ხალხის მართვა ბავშვობიდან კარგად გამოსდიოდა. იცის, მიუხედავად იმისა, რომ ჯერაც ვერ აღვიქვამ რომ ეს ფისო აქ იცხოვრებს, ამ არასებისადმი რაღაც გარკვეული პასუხისმგებლობა მაკისრია.

14:37

თითქოს სახლიდან ვეტ-აფთიაქამდე მისვლას ერთი სიცოცხლე შევალიე. ყველა უზენაესი არსების მადლიერი ვარ, რომ ნაცნობი არავინ შემხვდა. ალბათ მილიონობით კითხვას ვერ გადავიტანდი.
ახლა ვუფიქრდები და ვერ ვხვდები ჩემმა ქმარმა როგორ გაუძლო.
დაკრძალვიდან მესამე დღესვე სამსახურში გავიდა. მე კი დღემდე ვერ ვბედავ მის ოთახში შესვლას.

კატა მადიანად ჭამს, მგონი პირველად გამიჩნდა ნამდვილი შიმშილის გრძნობა. დღეები ისე გადის არ მშივდება, საჭმელს ვერ ვჭამ, ზოგჯერ მთელი დღე რამდენიმე ტოსტით გავდივარ იოლას. მაცივარს ვაღებ და მიკვირს ჩემ ქმარს პირში სული როგორ უდგას.  ორი კვერცხი, წყლის ბოთლები, რამდენიმე ლუდის ქილა. მდნარი ყველის ფირფიტები.
ფისო თათებს ილოკავს. ახლა რომ ვუყურებ თითქოს მართლა ჰგავს სოკრატეს, არა... სოკრატე არასოდეს მინახავს, მაგრამ გამოხედვა რაღაც ფილოსოფიური აქვს ან უბრალოდ ასაკთან შედარებით დაბრძნილი გამომეტყველება აქვს.
- რამხელაა? - ვეკითხები ჩემ ქმარს. უკვე მეორედ ვურეკავ. თვეებია ტელეფონს არ თიშავს, რამე რომ მოხდეს ყოველთვის ხაზზე უნდა იყოს.
- ორი თვის, ალბათ...
- შეცდომით ხომ არ ვუყიდე საჭმელი? გარეგნობა ავუღწერე, შეცდომით ხომ არ მომცემდნენ? რომ ვერ დაღეჭოს? - ნელნელა პანიკა მიტევს.
- გარეთ იყავი?
როგორ შეიძლება ახლა ამაზე ფიქრობდეს?
- როგორი იყო?
- მე რაზე ვდარდობ, და შენ რას მეკითხები...
- არაფერი მოუვა, ტელევიზორის წინ ვეტერინარის ნომერია, თუ რამე დაემართება, დაურეკავ... ახლა რას აკეთებს? - მეკითხება და ვხვდები რომ თან სხვა რაღაცითაა დაკავებული.
- თათებს ილოკავს...
- ესე იგი მოეწონა
- როდის აქეთ გახდი კატების ექსპერტი?
- რაღაცები ვისწავლე...

18:58

კატა მეთამაშება.


8 ივნისი

03:45

ჩემი ქმარი სახლში რომ ბრუნდება უკვე ღამეა. წყლის ხმა მაღვიძებს. საძინებელს ამოწმებს, თავს ვაჩვენებ, თითქოს მძინავს. კარს ღიას ტოვებს. ცოტა ხანს კიდევ მესმის ხმაური. მაცივრის გაღების და დაკეტვის ხმა...
ფისო ახლოს წევს ...
ტელევიზორი დაბალ ხმაზეა ჩართული...
ალბათ არ აპირებს დაწოლას.
აქა-იქ ბოთლის მინის ზედაპირთან შეხების ხმა მაფხიზლებს. ჩემი ქმარი იშვიათად სვამს...

04:15

ცოტა ხანს ისევ მესმის მისი ნაბიჯების ხმა. ოთახიდან ოთახში დადის და მგონია ასე გაგრძელდება, მაგრამ ბოლოს იმ ოთახთან ჩერდება, რომელშიც მე თვეებია ფეხი არ შემიდგამს და მისი სილუეტი კარს უკან უჩინარდება.

09:18

რაღაც ფაფუკი მეხება და მაღვიძებს. ალბათ ჯერ ისევ ვერ შევეჩვიე, რომ სახლში ფისოა. მეხდამტყდარივით ვხტები საწოლიდან.
- მაპატიე, მაპატიე, ახლავე გაჭმევ
ფისო ფეხებში მედება. თითქოს ცოტათი ნაწყენია, რომ მისი არსებობა გადაავიწყდათ.
სამზარეულოს ერთ-ერთ კარადას ვაღებ. მახსოვს რომ ამდენი საჭმელი არ მიყიდია.
სხვადასხვა ფორმის და ფერის საკვები. აქამდე ასეთი ფირმები არ მინახავს. კატა ადრეც გვყავდა, მაგრამ მას მერე წლები გავიდა. რაღაც ვიტამინები, იქვე პარკში ვეტერინარის დანიშნულება, კვების რეჟიმი და რაციონი. რამდენიმე ბროშურა ჯიშებზე და სხვადასხვა სახის რჩევები.
ალბათ წუხელ მოიტანა.

10:20

მე და ფისო ვსაუზმობთ. მისგან განსხვავებით, ჩემი საუზმე მოკრძალებულია. ორი დაბრაწული ტოსტი და ლეღვის რამდენიმე ჩირი, რომელიც კარადაში ვიპოვე. არ ვიცი როდინდელია, მაგრამ არ მახსოვს ჩემ ქმარს ან მე ოდესმე ლეღვის ჩირი გვეყიდოს. ალბათ ვინმემ მოგვიტანა.
კატის ბურბუშელის კნატუნს, ჩემი პურის ხრაშუნი ფარავს.
- მოგწონს?
ვეკითხები და არ ვიცი რა პასუხს ველოდები.
ისეთ სახეს იღებს, თითქოს ჩემ კითხვას ხვდება, მაგრამ პასუხის ღირსად არ ითვლის. პატარა თავს გვერდით აგდებს და ჯერ ისევ პაწია თათებს ილოკავს.
მაცივრის ეკრანზე ერთი ნოუთია დატოვებული. საყიდლების სიაა. როგორც ჩანს ჩემი ქმარი დაჟინებით ცდილობს, სახლიდან ფეხი გავდგა.
ნოუთი ტელეფონში გადმომაქვს.

19:20

ჩემი ქმარი არ იჯერებს რომ გარეთ ვიყავი, სანამ შესამჩნევად სავსე მაცივარს საკუთარი თვალით არ ხედავს.
- თუ გშია, შემიძლია რამე გაგიკეთო - მაწყვეტინებს.
- იყოს...
მისი დაღლილი პასუხით უკმაყოფილოს, კატა ხელში ამყავს და საძინებელში შევდივარ.
ვიცი, უფლება არ მაქვს გავბრაზდე, რადგან ზუსტად ასეთი ერთსიტყვიანი პასუხებით ვამკობ, აგერ უკვე თვეებია. მაგრამ მის ხმაში გარეული დაღლისა და მობეზრების გადაყლაპვა არც ისე ადვილია, როგორც მეგონა.

ემოციური ექსპრესიულობა და ჩემი ქმარი ერთ წინადადებაში ისეთივე ოქსიმორონია, როგორც კატა და გემთმშენებლობა.
როცა ბრაზობს, რაც იშვიათად ხდება, ნაცრისფერი თვალები თითქოს უშავდება და ოთახში ტემპერატურა საგრძნობლად იკლებს.
არ ვჩხუბობთ, უფრო სწორად აღარ ვჩხუბობთ, ალბათ ორივე დავიღალეთ და ერთმანეთი დავღალეთ. ხანდახან მირჩევნია ვჩხუბობდეთ, მირჩევნია იყვიროს, ვიდრე ოთახში მარტო დამტოვოს და თავისი ბრაზი გულში ჩაიკლას, მირჩევნია იყვიროს და მეც ვიყვირო, რადგან არ ვიცი ამდენ ემოციას როდემდე შევაკავებ ჩემში.

22:11

ეტყობა დიდი ხანი დავჩერებოდი გაჭრილ ხელს, თითქოდ არსაიდან ჩემი ქმარი ჩნდება დანას მართმევს, ნიჟარაში ხმაურიანად აგდებს და ტილოს ეძებს სისხლის შესაკავებლად. სახე ანთებული, თვალებში ბრაზი უდგას.
- გთხოვე? - კბილებში სცრის და ტილოს თითზე მაჭერს.
- მე თვითონ! - ხელს ვტაცებ და ზურგს ვაქცევ.

ვხვდები რომ ეს ჩხუბის გარეშე არ ჩაივლის. არა, თითის გაჭრა აქ არაფერ შუაშია და ეს ჩემმა ქმარმაც იცის. საცაა აფეთქდება, ვიცი. ჩემთან გულგრილობის ნიღაბს არ ატარებს.
- ვინ გთხოვა რამე გააკეთეო?
- იმდენი ქენი ოთახიდან ძალით გამომათრიე, ხოდა გადავწყვიტე, როგორც ნამდვილმა ცოლმა - ლამის გული ამერიოს ჩემ სიტყვებზე. - საჭმელი გავაკეთო! რამეს ვაშავებ?

ქვაბში წყალი დუღს.

- მე შენთვის სამზარეულოში ტრიალი და საჭმლის კეთება არ მითხოვია - თვალები ემღვრევა.
- ბოდიში შენი წესებითა და დადგენილებებით ვერ ვცხოვრობ - თვალები მიწყლიანდება და ხახვს ვაბრალებ. - შენთვის ადვილია ალბათ ყოველდღე ერთსა და იმავე დროს ადგომა. - ნიჟარას ვუბრუნდები და დანას ვიღებ. - სამსახურში სიარული! - ჩემი ბრაზი მთლიანად ხახვზე გადამაქვს. მე თვითონაც ვიცი, რომ რასაც ვამბობ იმის მეათედიც არ არის მართალი, მაგრამ დაღმართზე დაგორებული სიჩქარე აკრეფილი ველოსიპედივით ვარ, თავს ვერ ვაკონტროლებ და არ ვიცი რას შევენარცხები. - შენთვის ადვილია ყოველდღე შენი გულგრილი ნიღბის მორგება, სარკის წინ თავის გამხნევება, საკუთარი თავის დარწმუნება, რომ ყველაფერი კარგადაა! ბოდიში, რომ ის ტკივილი, რასაც ვგრძნობ მახრჩობს და შინაგანად მჭამს!  - ადუღებულ წყალში ნაჩქარევად ვყრი დაჭრილ ბოსტნეულს და ცრემლებს მაჯით ვიწმენდ. - ჰო! შენსავით ძლიერი ვერ გამოვდექი!

- გეყოფა... - ამბობს ჩუმად და იატაკის ფილებს თვალს არ აშორებს.

- მეყოფა? ჰა! არაფერი გაქვს სათქმელი? ეს რამე ახალია თუ ერთსიტყვიანი პასუხებით გადაწყვიტე სამაგიეროს გადახდა? - ვერ ვჩერდები და ვიცი, ბოლოს ვინანებ. - ჰო, რა ვქნათ, შენს სტანდარტებს ვერ ვაკმაყოფილებ. ყოველთვის ვერ მაიძულებ ის გავაკეთო, რაც არ მინდა - ჩემი თვალები წამით მისას ხვდება. - მასე ნუ მიყურებ... რა, ვეღარ მიტან? - ვამბობ ირონიულად. - არაუშავს ვეღარც მე ვიტან საკუთარ თავს!

ქვაბი ლამისაა გადმოდუღდეს.

-გაჩერდი... პირში სიტყვებს ნუ მჩრი... - ამბობს და თითქოს მის ხმაში ბრაზთან ერთად მუდარასაც ვატყობ.
მისი თვალები უკვე მეორედ ხვდება ჩემსას და მის მზერაში დაჭერილ საშინელ სიძულვილს მე თვითონვე ვცემ პასუხს.
-  ასეც ვიცოდი... პასუხი არაა საჭირო... - ვამბობ ჩუმად და მაგიდაზე დაყრილ ნაგავს ვუბრუნდები. - იცი, დავიღალე... მართლა ძალიან, უზომოდ დავიღალე...

და აი, ყოჩაღ, გაიმარჯვე, მინდა საკუთარ თავს ტაში დავუკრა და მისთვის ყველაზე დაუმსახურებელი ბრალდებების წაყენებისათვის ჯილდო მივცე. თითქოს ყურს არ უჯერებსო, მზერა იატაკიდან ჩემზე გადმოაქვს და ცარიელი თვალებით მიყურებს.

- დაიღალე? ასეც იცოდი? - ჩემ სიტყვებს იმეორებს და ტუჩი ბრაზით ებრიცება. - გგონია მარტო შენ დაიღალე, არა? ახლა კარგად მომისმინე... ჩემზე დაღლილი აქ არავინაა! - ჩემ წინ დგას, წამით მგონია რომ თვალებიდან ნაპერწკლებს გადმოყრის და ვხვდები, რომ ზედმეტი, ძალიან ზედმეტი მომივიდა. - სანამ რამეზე პასუხს გაგცემ თავში ათასი აზრი მომდის! დღეები, კვირები სულ იმის ფიქრში ვატარებ რამე ისეთი არ გითხრა, რამაც შეიძლება გული გატკინოს! თითოეულ სიტყვას ვწონავ! დაიღალე? გგონია მძულხარ? ყოველ დილით მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებს თავში, როგორმე ეს დღეც გადავაგორო, ჰო! გგონია მაგ ნიღბის ტარება ადვილია?? ჰმჰ.. - ნერწყვს ვყლაპავ და თვალს ვარიდებ. - იცი.. ლიფტიდან სახლამდე გზა ჩემთვის ათასჯერ იწელება, და ყველაზე უარესისთვის ვემზადები! იმიტომ რომ სახლში შემოსულს წარმოდგენა არ მაქვს რა დამხვდება! წარმოდგენა არ მაქვს როგორ დამხვდები! - თითქოს ჰაერი არ ჰყოფნის და სიტყვებს ებღაუჭებაო. - დაიღალე?? იცი, დილით გაღვიძებულს ხანდახან მოჩვენებები მჭირს და მგონია რომ აღარ სუნთქავ! აბაზანაში შესულს კართან საათით გელოდები და წუთებს ვითვლი! დაიღალე?? - ამბობს და ზუსტად ვიცი რასაც გულისხმობს. გული მეწურება. - მე...

თვალებს ვიმშრალებ და მაგიდას ვეყრდნობი. მის ცხელ სუნთქვას სახეზე ვგრძნობ. ჩემი ბრალია... თვალს მისწორებს, და ვერ ვხვდები როგორ შეიძლება ასე უცაბედად ეცვლებოდეს ადამიანს მზერა, ვიცი კიდევ რაღაცის თქმა უნდა, მაგრამ დაწყებულ სიტყვას არ ამთავრებს და ცდილობს გამეცალოს.

მერე თითქოს ჩემი ხელები თავისით იგნებენ გზას და პატარა ბავშვივით ვეჭიდები მისი მაისურის ბოლოებს. და ახლა ნამდვილად მეშინია რომ საბოლოოდ ზურგს შემაქცევს და გული ლამისაა საგულედან ამომივარდეს, იმიტომ რომ მაინც ძალიან დაღლილი ვარ... იმიტომ რომ არ ვიცი სხვა რა გავაკეთო... არ ვიცი ასე რამდენი ხანი ვარ გაქვავებული და მის ტანსაცმელს ჩაფრენილი, მაგრამ ამოსუნთქვას ვერ ვბედავ. ახლა თუ გავუშვებ, ვიცი, საბოლოოდ დავკარგავ გზას, და განა ვინმე განმსჯის ერთხელ მაინც ცხოვრებაში ეგოისტური გადაწყვეტილება მივიღო? თვალებს ვხუჭავ რამის მოლოდინში და ვეგუები აზრს, რომ იმ ერთადერთსაც ვკარგავ რასაც უნდა გავფრთხილებოდი და როცა მის ჩახუტებას ვგრძნობ, შეკავებული ოხვრა თავისით სცდება ჩემს ბაგეებს და შვებით ვიწყებ სუნთქვას. ამდენი სხვადასხვა ნაცნობი თუ უცნობი ემოციით დატვირთული, რაღაცებს ვბუტბუტებ და აზრები მერევა. მისი მაისურის ბოლოებს ცოცხალი თავით არ ვუშვებ ხელს და ვხედავ თითები სისხლისგან როგორ იცლება. თავზე თავს მადებს და მხოლოდ მაშინ ვახერხებ მის მკლავებში მოდუნებას. კოშმარიდან გამოღვიძებას ჰგავს, საშინლად პირგამშრალი და საერთოდ დაცლილი ვარ ემოციებისგან. წარმომიდგენია, ის რას გრძნობს. მის გამალებულ გულისცემას ყურს ვუგდებ და კიდევ უფრო ძლიერად ვეკრობი. და აი, ახლაც ჩემთან რჩება. მაგრამ ახლა უკვე აღარ ვარ დარწმუნებული, ვიმსახურებ თუ არა.

ეს მოგონება ყველაზე ცხადად და მძაფრად მახსოვს. არა, მისი ყველა მოგონება ცხადი და მძაფრია, მაგრამ ალბათ იმიტომ რომ კვლავაც დამნაშავედ ვგრძნობ თავს, თავს სწორედ ამ მოგონებით ვისჯი.

                                                                                                                        ..
დღეა, სახლში მისი სურნელი ჯერ ისევ იგრძნობა. მარტო ვარ. წყალი ცივია, მაგრამ ონკანთან ხელის გაწვდენა და აბაზანაში ჩამდგარი წყლის შეცვლა აზრადაც არ მომდის.

წყლის აუტანელ სიცივეს სხეულის სითბოთი ვტეხ. თავი სველ მაჯაზე მაქვს ჩამოდებული და თვალები მელულება. შეწინააღმდეგებას არც ვცდილობ.

მზერა მებინდება და სწორედ მაშინ ვხედავ პატარა სილუეტს კართან.

გასასვლელშია ჩაკუნტული, ქერა კულულებში თვალები სულ არ უჩანს. პატარა ფითქინა თითებით თავის დრაკონ-კონსტრუქტორს აგორავებს. არ ვიცოდი სიზმრების ასე ცხადად აღქმა თუ შემეძლო. მეშინია, რომ თუ თვალებს დავხუჭავ, გაქრება.

-აღარ გიყვარვარ - კითხვა არ არის, თავისი პატარა თითით კულულებს შუბლიდან იყრის და დიდი თვალებით მიყურებს. - კარგი ბიჭი არ ვიყავი? - გულში თითქოს წვრილ ნემსებს მიყრიან.
- შენ ყველაზე კარგი ბიჭი იყავი - ვამბობ, ოღონდ საკუთარი ხმა შორიდან მესმის.
- ჩემთან აღარ მოდიხარ... - თვალებს ხრის და კონსტრუქტორს უყურებს.

რაციონალური მე, რომელსაც ვაიგნორებ, მეუბნება, რომ ეს უბრალოდ ჩემი დაღლილი გონების ხრიკებია, რომ ის ნამდვილი არ არის და უბრალოდ ჩემი ქვეცნობიერის ნაყოფია, რომ ის ასეთ რამეს არასოდეს იტყოდა და უბრალოდ ჩემ გონებაში დაძინებული ხმაა. მაგრამ ეს სიტყვები ისე მესობა გულში, რომ სუნთქვას მიშლის და კრიჭას მიკრავს.

-მამიკო რომ მოდის, შენ არასოდეს მოჰყვები...

როცა იბუტებოდა, ქვედა ტუჩს ატრიალებდა და პატარა ცხვირი ეჭმუხნებოდა. ახლაც ისეთი რეალურია, თითქოს მართლა ჩემ წინ იყოს. მინდა ჩავეხუტო, ვუთხრა, როგორ მიყვარს, რომ ყველაზე მამაცი პატარა ბიჭუნა იყო, რომელიც ოდესმე მინახავს, რომ რაც გავაკეთე მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ტკივილები გამექრო, რომ მის პატარა სხეულს ტანჯვა აღარ ეგრძნო... მინდა ჩავიხუტო და ვუთხრა რომ დედას ძალიან უყვარს, მაგრამ ხმა არ ამომდის.

მერე თითქოს უსიტყვოდ იგებსო, თავისი დიდი ანცი თვალებით მიყურებს და მიცინის.

-აღარ მტკივა.. მართლა!

მერე ქრება და ძილში მივდივარ. ალბათ ჩემმა ქმარმა ასე მიპოვა აბაზანაში გონდაკარგული.
-თვალები გაახილე... არ დამტოვო... ახლა არ დამტოვო...
მესმის გაბმული დაზაფრული ბუტბუტი, მაგრამ არ მინდა დავიჯერო, რომ მისი ხმაა.

არ ვიცი ისევ სიზმარში ვარ თუ ცხადია. თვალს რომ ვახელ, თითქმის იგივე თვალებს, სახეს და თმას ვხედავ, მაგრამ საკუთარ თავს ვერ ვენდობი. არ ვიცი მართლა მისი ხმა მესმოდა, თუ ვინმე სხვა მეძახდა. მერე შეშინებული შვებით სუნთქვას იწყებს და უფრო ახლოს მიკრავს.


10 ივნისი

16:34

- დაგეხმაროთ?
მესმის კონსულტანტის ოდნავ დაბნეული ტონი და მხოლოდ მაშინ ვხვდები რომ საბავშვო შამპუნების კატეგორიასთან აუტანლად დიდი ხანია ვდგავარ.
                                                                                                                ..
- დედიკო, გახსოვს ის შაპუნი აი მაშინ რომ წამისუიი? გთ-ხ-ოოოვ! კიდე მინდა რო წამისვა... თუ შეიძლება... - ამბობს პაუზებით. ყოველთვის აუტანლად ზრდილობიანია.
- ჯერ მაკოცე... - ვეუბნები მე და ლოყას ვუშვერ. მისი დაუმორჩილებელი კულულების დაბანას საათზე მეტს ვანდომებ.
ცოტა ხანს ყოყმანობს, მერე თავის დინოზავრებს წყალში ყრის, თავს უკან აბრუნებს და მკოცნის.
- მამა ამბობს.. მამიკო ამბობს, რო ყუეელაფერს შემისრულებს, ისე რომ თხოვა არ დამჭიდება! - ამბობს და ენას მიყოფს.
- მამამ გითხრა?
- ჰო!
საწყალი ტირექსი უკვე მეორედ ჩაიძირა აქაფებულ წყალში.
- კიდევ რა გითხრა მამიკომ?
თავის საყვარელ შამპუნს ვხსნი, რაზეც ტაშს უკრავს და საწყალი სათამაშო უკვე მესამედ იძირება წყალში.
- მითხრა, რომ მალე ჩამოვა და რომ ძაააალიან ვენატრები - ამბობს და პატარა მუშტებს კრავს.
- ჰიიი.. მარტო შენ ენატრები??
მერე მანიშნებს მისკენ მივიწიო და ყურში ჩუმად მეუბნება.
- მამიკომ მითხრა რომ ძალიან ენატრები და რომ არ გითხრა რომ ძალიან ენატრები - ამბობს სვენებ-სვენებით.
- საიდუმლოა?
- ჰოო...
- მაშინ საიდუმლოდ შევინახოთ! - ვეუბნები და ტუჩზე თითს ვიდებ.
- მოდი შენი დინოზავრი გავამშრალოთ და შევინახოთ, ნახე როგორი მოწყენილია ...
- მოწყენილი რა არის?
ცალ წარბს ვწევ. ის ხითხითს იწყებს.
-განა მართლა არ ვიცი, მამიკო მეუბნება, ხოლმე, უშენოდ მოწყენილი ვარო...
ალბათ მამამისი ძალიან ენატრება. ასე გაუთავებლად მაშინ ლაპარაკობს მასზე, როცა სახლიდან წასვლა უწევს.
- დიდი რომ გავიზრდები, მეც მამიკოსავით ჭკუიანი და მომხი-მოხ-მომხიბვლელი გამოვალ... - სიტყვის გამოთქმა უჭირს და ენა მოცლილი კბილების ადგილას უსხლტება. - დე, ეგ რა პროფესიაა?
ამაზე სიცილი მიტყდება, ის გაბუსხული მიყურებს. ამაში დედას ჰგავს, ვერასოდეს ვიტანდი, როცა ვინმე უცოდინრობაში გამომიჭერდა ხოლმე.
- საიდან გაიგე ეგ სიტყვა? ტელევიზორში?
უარის ნიშნად სველ თავს აქნევს და მწუწავს.
- ჩემმა მამიკომ ტირექსი რომ მიყიდა, მაშინ გავიგე.. იმ ქალმა თქვა მამიკოზე მომხიბვლელიაო
- მართლა მასე თქვეს? - ვეკითხები და კითხვის ნიშნად ცალ წარბს ვწევ.
თანხმობის ნიშნად ახლა თავს აქნევს.
- ეგ ნიშნავს, რომ მამას გარეგნობა მოეწონა, იცი გარეგნობა რა არის?
თავს იქნევს და თითქოს სწყინს რომ მის პატარა ჭკვიან თავში ეჭვი მეპარება.
- მაგრამ შენ ნუ გეშინია, დე... მამამ თქვა დედა მომწონს მარტოოო... მამა შენი შეყვარებულია?
არ ვარ დარწმუნებული სადამდე აპირებს ასეთი უცნაური კითხვების დასმას, მაგრამ გახარებული, რომ როგორც იქნა, ხასიათზეა და არაფერი აწუხებს, მზად ვარ მის ყველა კითხვას ვუპასუხო.
- მამა ჩემი ქმარია
- ეგ რა არის
- მე და მამა ჯერ შეყვარებულები ვიყავით, მერე ის ჩემი ქმარი გახდა, მე მისი ცოლი-
- აუ.. არა... - უცებ მაწყვეტინებს. - ჩემი შეყუარებული გახსოვს? ახლა ცოლი უნდა გამოვიდეს ჩემი?
უცებ ძალიან დაღონებულ სახეს იღებს. მე მეცინება, მაგრამ არ მინდა ვაწყენინო.
- გააჩნია... როცა გაიზრდები, შეიძლება გადაიფიქრო, როცა ჭკვიანი და მომხიბვლელი გახდები, მერე შეგიძლია გადაწყვიტო
- აუ, რა ძნელია, უნდა დავჭკვიანდე, მერე მომხიბლელი გამოვიდე, მერე ქმარი გამოვიდე! - ამოიოხრა. - თუ ყე-ლაფერი მე-ნდა გავაკეთო, აღარ მინდა! მორჩა! აღარ მიყუარს ! ამის მერე თმებს დავაწიწკნი, ხოლმე!
დაასკვნა და დინოზავრი წყალში დაახეთქა. სიცილს ძლივს ვიკავებ.
- რა ვთქვით ჩვენ? მთავარია მანერები, არა? იცი, მე და მამა ყოველთვის ვჩხუბობდით!
- მართლა? აუ, მომიყუები? და შაპუნი წამისუი კიდე!
- მოგიყვები თუ წყლიდან ამოხვალ და როგორც დიდი ბიჭი, თვითონ გაიმშრალებ ტანს! მოსულა?
- მოსულა!

მაშინ სამი წლის იყო, ლაპარაკი წლისამ დაიწყო, ყველას უკვირდა, მით უფრო იმიტომ რომ არც მე და არც მამამისი დიდი მოლაპარაკეები არ ვიყავით. ცოტა ხნის წინ გადაწყვიტა, რომ უკვე საკმაოდ დიდი იყო იმისთვის, რომ მამას ჩემ გარეშე დალაპარაკებოდა. და ჩემი ქმარიც, თითქმის ათსაათიანი სხვაობის მიუხედავად, იჯდა ეკრანის მეორე მხარეს და ჩაძინებამდე უსმენდა მის გაუთავებელ ტიტინს დრაკონებზე, დინოზავრებზე და კიდევ ვინ მოთვლის რაზე, სანამ ისიც არ დაიღლებოდა და ეკრანთან არ ჩათვლემდა, ხოლმე.

- არა, მადლობა... - საკუთარი ხმა შორიდან მესმის. კონსულტანტს ბოდიშს ვუხდი და სალაროსკენ მივდივარ.

10 ივნისი

22:35

დივანზე ვზივარ და ჩემი ქმრის მოტანილ წიგნს ვკითხულობ ფისოებზე. ფისო კითხვას არ მაცდის, ცდილობს მთელი ჩემი ყურადღება თვითონ მიიპყროს, რაც წარმატებით გამოსდის კიდეც, იმიტომ რომ უკვე ნახევარი საათია ერთსა და იმავე აბზაცს ვკითხულობ, თუმცა მაინც უკმაყოფილოა.

ვცდილობ იმაზე არ ვიფიქრო, რაც ჩემსა და ჩემს ქმარს შორის მოხდა, ორი დღის წინ. იმ საღამოს მერე ერთმანეთისთვის ხმა არ გაგვიცია. წუხელ ისე დაბრუნდა და დილით ისე გავიდა სახლიდან, არც გამიგია. ბოდიშის მოხდას ვაპირებდი, მაგრამ არ ვიცი აზრი აქვს თუ არა, ან საერთოდ რამეს თუ აქვს აზრი...

ფისო დივნის სახელურს წარმატებით ღრღნის. მერე კედლის ფხაჭნას იწყებს, სანამ თათით შემთხვევით შუქის ჩამრთველს არ ეხება და შუქს არ მიქრობს. ყურადღებას არ ვაქცევ, თვალი მიშტერდება.
                                                                                                                ..
- დედა, შეიძლება შუქი ჩავაქროთ?
საბანს ვუსწორებ. თავზე ხელს ვუსვამ. თითებით ისევ ვეძებ მის კულულებს და რომ ვერ ვპოულობ, უცნაური შეგრძნება მეუფლება. ხუთი წლისაა. იმაზე მეტად ჭკვიანია, ვიდრე თავისი ასაკის ბავშვები.
- რატომ? - ვეკითხები და თითებზე ვკოცნი. თითებს მტაცებს და წარბებს კრავს.
- ოოო, ნუ მკოცნი რაა, ხო გითხარი, დიდი ვარ უკვე... - წუწუნებს და მთქნარება უტყდება. დაღლილია.
- ბოდიში, დამავიწყდა...
- მამა ამბობს, რომ ურჩხულები სიბნელეში ვერ მიპოვიან... და ვერ მომიტაცებენ...
- შენ ვერავინ მოგიტაცებს... - სიტყვები მიწყდება. უფლება არ მაქვს მის წინ ვიტირო. - და თუ ვინმე გაბედავს... მე და მამაშენი იქამდე არ გავჩერდებით, სანამ არ გიპოვით... კარგი?
- მპირდები?
- გპირდები...
                                                                                                                  ..
- სიბნელეში რატომ ზიხარ?

მისი ხმა შორიდან მესმის. უცბად ანთებული შუქი თვალს მჭირს და ხელს სახეზე ვიფარებ.
ჩემ წინ დგას. დაღლილი ჩანს. ვუყურებ და ვხვდები, რომ საშინელი მსგავსებაა მათ შორის. ხანდახან ვფიქრობ, საერთოდ რამით თუ მგავდა, ალბათ კულულებით? მაცივრიდან წყალს იღებს და მთელ ბოთლს ერთ დალევაზე ცლის. მის მოძრაობას ვაკვირდები და ვფიქრობ, ყოველთვის ასეთი გამხდარი იყო?

ფისო ხმაურზე საძინებლიდან გამორბის და ჩემს ქმარს ფეხებზე ეგლასუნება. ჩემი ქმარი, რომელიც ფისოების დიდი მოყვარული არ არის, იხრება და ცხვირზე ეფერება, ესეც დიდი ფოლორცა ჩანს, მაშინვე იფერებს და მერე მე მიყურებს, თითქოს ნიშნის მოგებით, როგორც იქნა, ბოლოს მაინც მივიღე ჩემი წილი ყურადღებაო.

- საშინლად გამოიყურები... - მოულოდნელად ვამბობ, და მე თვითონვე ვხვდები, რომ ეს რეპლიკა ასე გასაჟღერებლად არ მქონდა გამიზნული.
ცალ წარბს წევს.
- არც შენ ბრწყინავ... - მეუბნება და ფისოს მუცელზე ეფერება.

ცოტა არ იყოს მენატრება მისი და ჩემი უცნაური, რაღაცნაირი გამომწვევი დიალოგები. ჩემი გამოწვევა ყოველთვის უყვარდა, ბავშვობაშიც და მერეც, როცა ისევ შევხვდით ერთმანეთს. კარგად მიცნობს და იცის, რომ ყველა გადაგდებულ ანკესს ჩემი ნებითვე ვახტები ზედ, და მზად ვარ მეთევზე ანკესიანად ჩავითრიო წყალში, იმიტომ რომ მარცხს საშინლად ვერ ვიტან, თუმცა არა, ეს მე აღარ ვარ... ის გოგო, რომელსაც სიტყვა „მარცხი“ ან „დანებება“ თავის ლექსიკონში არ ჰქონდა, უკვე კარგა ხანია გაქრა...

- საუკეთესო შემთხვევაში ისედაც ანემიურს ჰგავხარ, ახლა კი პირდაპირ ცემენტის ფერი გადევს... - წიგნს ვკეცავ და ჟურნალების მაგიდაზე ფეხს ვათამაშებ.
- ჰა! მზის აბაზანები მჭირდება... გინდა ხვალ დილით აივანზე დაგპატიჟო?
ფისო ჩემ ქმარს ეთამაშება, ის კი - მე.
- გშია?
კითხვას განზრახ აიგნორებს და ფისოს ყურებზე ეფერება. მერე უარის ნიშნად თავს აქნევს.
- ბოლოს როდის ჭამე?
ვერ ვიტან, როცა ჩემზე ზრუნავს, მაგრამ იმას უფრო ვერ ვიტან, როცა მასზე ზრუნვის უფლებას არ მაძლევს.
- თუ შენ შეჭამ, მეც შევჭამ... - ვეუბნები. თვალებს წკურავს.

დივნიდან ვდგები და სამზარეულოში გავდივარ, მათ გვერდს ვუვლი, ისე რომ თამაშში ხელი არ შევუშალო. კარადიდან ორ თეფშს ვიღებ. ტოსტერში პურს ვტოვებ და მაცივრიდან ხილის ჯემი გამომაქვს. ელექტრო ჩაიდანს ვრთავ ჩაისთვის. შუა დახლისკენ რომ ვბრუნდები, უკვე სკამზეა შემომჯდარი, ნიკაპით ხელებს ეყრდნობა და თავის თეფშს ელოდება. 

ასეთი საშინელი ჯემი ცხოვრებაში არ გამისინჯავს, მაგრამ მისი გულისთვის ვჭამ. თავს დავდებ, არც მას მოსწონს, მაგრამ მეორე ნაჭერსაც იღებს და უხმოდ ათავებს.


11 ივნისი

00:47

ისევ წვიმა დაიწყო. საწოლში ერთი საათის წინ ჩავწექი, მაგრამ ვერაფრით ვიძინებ. ვდგები და აივნის კარს ვაღებ. გაავებული წვიმაა, რამდენიმე გაბოროტებული წვეთი შიშველ ფეხის თითებზე მეცემა და კარს მაშინვე ვხურავ.

მისაღებიდან ტელევიზორის შუქი გამოდის. აქამდე ვერ ვხსნიდი მის ახალ, უცნაურ ჰობის, რა აზრი აქვს დამუნჯებული ტელევიზორის ყურებას... ახლაც ტელევიზორსაა მიშტერებული, მაგრამ ახლა ვიცი, რომ გონებით სულ სხვაგანაა. ალბათ ურჩევნია, მეგონოს, რამით ერთობა, ვიდრე თვალგახელილი უაზროდ იჯდეს. კარადიდან პლედს ვიღებ. სანამ გვერდით არ ვუჯდები, ვერც მამჩნევს. პლედს ვაფარებ და მეც ნიკაპამდე ვიწევ. თითქოს მთელ ოხვრას მთელ დარჩენილ ენერგიას ატანსო, მიყურებს და ტუჩთან პატარა ღიმილი უკრთება. ჩემთან თავის მოჩვენება არ სჭირდება. იყო დრო, როცა ცოცხალი თვალები ჰქონდა, ნაცრისფერი მაგრამ, როცა ბრაზდებოდა, თითქოს შავი, როცა რამე უხაროდა - უბრწყინავდა, როცა მე ან მას გვიყურებდა - თბილი და სიყვარულით სავსე, ახლა თვალებში დაღლა და ძილი უდგას. მერე მის ხელს ვიღებ, ლოყაზე ვიდებ და თითებს ვუკოცნი, ეცინება და ხელს მტაცებს. თუ არ ჩავთვლით ბოლო რამდენიმე ეპიზოდს, ასე ახლოს ერთმანეთთან როდის ვიყავით, არ მახსოვს. თავს მხარზე მადებს და მისი სუნთქვა ყელზე სასიამოვნოდ მეღუტუნება. ჩემკენ ვაბრუნებ და ხელებს ვხვევ.

03:17

ამდენი აფეთქება ერთად არასოდეს მინახავს, ეკრანი თვალებს მტკენს და ყურადღება მის სუნთქვაზე გადამაქვს. შიგადაშიგ რაღაც გაუგებარ ფრაზებს ბუტბუტებს და ბოლოს მეც მასთან ერთად მეძინება.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები