ნაწარმოებები


“წერილების კონკურსი“     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე კონკურსების თემაში     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1517     * * *    

ავტორი: ჩესტერი
ჟანრი: პროზა
24 აპრილი, 2020


მიპოვე აგვისტოში (III)

21 ივნისი

10:25

გუშინ საღამოს დაწყებული საუბარი, რა თქმა უნდა, არ დავასრულეთ. არ თუ ვერ... რა მნიშვნელობა აქვს. როგორც ყოველთვის, ადგა და ოთახიდან გავიდა. საშინლად დიდი სურვილი მაქვს რაღაც დავამტვრიო. ჩემ ქმარს ასეთი თვისება გამოუმუშავდა, შუა კამათის დროს შეიძლება ადგეს და შენს საკუთარ ბრაზში ჩასახრჩობად დიდი წარმატებით გაგიმეტოს. ხანდახან მეეჭვება კიდეც, რომ ემპათიის უნარი საერთოდ გააჩნია. ან უბრალოდ ძალიან სიამოვნებს, როცა სანახევრად გაბრაზებულს და მოძალებული ენერგიისგან დაუცლელს მტოვებს.

15:40

კატა დღეს განსაკუთრებულ ენერგიაზეა. დილიდან კუდში დამდევს, ხან ფეხებში მედება. ფარდებს ეკიდება და კარებს ფხაჭნის. მე ყურადღებას არ ვაქცევ. მტვერსასრუტს ვრთავ, რის ხმაზეც განზე ხტება და დივანზე შემოსკუპებული ინტერესით მიყურებს. მერე ფარდის უკან იმალება, მწვანე თვალებს აკვასკვასებს და ცდილობს თავის თამაშში ამიყოლიოს.

                                                                                                              ..
- ნეტა სად იმალება პატარა დრაკონი? - ხატვას თავს ვანებებ, სკამიდან ვდგები, დივნის უკან ქერა კულულებს ყურადღებას არ ვაქცევ და ოთახში დავდივარ. - ნეტა სად წავიდა ჩემი პატარა დრაკონი? აქ ხომ არ იმალება? - დამალობანა მისი საყვარელი თამაშია, დრაკონობანას შემდეგ. ამ უკანასკნელში იმ როლს მთლად კარგად ვერ ვასრულებ, რომელზეც მამამისი ჰყავს განუსაზღვრელი ვადით დამტკიცებული. ამიტომ, როცა ჩემთან არის, სულ დამალობანას ვთამაშობთ. - აბა, აქ ვნახო! - ფარდებს ერთი ხელის მოსმით განზე ვყრი. - მოგუდული ხითხითი მესმის. - არც აქ ყოფილა! - ვამბობ დანანდებით. ხელებს ზურგსუკან ვიწყობ და ოთახიდან ოთახში დავაბოტებ. - აბა, აქ ხომ არ დამალულა? - მაგიდის ქვეშ ვიყურები და თვალებს ვწკურავ. - იქნებ მაცივარში შეძვრა? - მოგუდული ხითხითის ნაცვლად ცოცხალი კისკისი მესმის, დიდი მოთმინება მჭირდება, მაშინვე არ დავიჭირო და გულში არ ჩავიკრა. - ვინ წაიყვანა ჩემი დრაკონი? - სახეს ხელებში ვრგავ და ვსლუკუნებ. - ჩემი დრაკონი მინდა! - ისევ ვსლუკუნებ და მუხლებზე ვეშვები. დროდადრო თვალს ვაპარებ მისი ქერა კულულებისკენ. რამდენიმეწამიანი პაუზის შემდეგ დივანზე ბობღდება და კისკისებს.

- აქ აქ! დე, დე, დე!!!

- აქ ყოფილა! - ხელებს ფართოდ ვუშლი, ისიც არ აყოვნებს, ყიჟინას სცემს და პირდაპირ ხელებში მიხტება. პატარა თავზე ვკოცნი და გულში მაგრად ვიკრავ. სახეს ვუკოცნი. - ჯერ მარჯვენა ლოყა, მე-ე-რე მა-ა-არცხენა ლოყა, ახლა ნი-ი-კაპზე, მერე შუ-უ-ბლზე და ბოლოს-
- ცხუიზე! - მაწყვეტინებს და ცხვირს წინ ბზეკს, რომ ვაკოცო.
- ცხვირზე!

არ მახსოვს რამდენი ხანი მყავს ასე ჩაკრული. ის ჩემს თმას ეთამაშება, მე - მის კულულებს.

                                                                                                              ..
დივნის უკან ვიყურები და ყველაფერს მივცემ ოღონდ ხუთი წუთით... მხოლოდ ხუთი წუთით მისი პატარა მკლავები ისევ შემომეხვიოს კისერზე. მზად ვარ მთელი დღე დამალობანა ვეთამაშო, ოღონდ ვიცოდე რომ ბოლოს რომელიმე კუთხიდან გამოხტება, გახარებული ჩემკენ გამოექანება და თავის პატარა გულში ჩამიკრავს.  ხანდახან უცნაურ სიზმრებს ვნახულობ, თითქოს ჩემ წინ დგას და მის სახეს ვერ ვიხსენებ. თითქოს ყველაფერი ადგილზეა, მისი ანცი თვალები, ლამაზი წარბები, პირი, ცხვირი, კულულები... მაგრამ მთლიან სახეს ვერ ვიღდგენ და ხრიალით მეღვიძება.

იმ დღის მერე ორი კვირა პანიკური შეტევები მქონდა. როგორც კი მის სურათს ან ნივთს დავინახავდი, მაშინვე ვფითრდებოდი, თითქოს გული მიჩერდებოდა, სუნთქვა მავიწყდებოდა და ვიკეცებოდი. ასე ვეგდებოდი მანამ, სანამ ჩემი ქმარი არ მიპოვიდა, ხოლმე. ერთ დღესაც ყველა ნივთს ხელი მოკიდა და მის ოთახში ჩაკეტა. ტელეფონიდან სურათები და ვიდეოები გადაიტანა, კომპიუტერები გაასუფთავა, ალბომები ჩაკეტა... ერთ დღესაც გავიღვიძე და ყველა მისი ფიზიკური კვალი გამქრალი დამხვდა. შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ მისი მხრიდან ეს ყველაზე არაადამიანური საქციელი იყო, მაგრამ მაშინ მხოლოდ ეს თუ  მიშველიდა, თუნდაც ცოტა ხნით მაინც.

19:55

დიდი მონდომებით წვიმს. აივნის კარს ვერ ვაღებ, წვიმა ასხამს და თან კატას ეშინია. არადა ჰაერი არ მყოფნის. და თან კატა... ღმერთო, რა მსახიობი ვინმეა. როგორც კი ჩემი ქმარი სახლში ბრუნდება, მაშინვე ივიწყებს ხოლმე ჩემ არსებობას.

ქუჩაში ვიყურები. რამდენიმე წუთში ჩემი ქმრის მანქანა ჩერდება და ვფიქრობ, როგორია მის კანში ცხოვრება. მანქანიდან აუჩქარებლად გადმოდის, მერე კეტავს და მახლობელი ხის ტოტებს ეფარება. ჯიბეში რაღაცას ეძებს. სიგარეტს კიდევ ეწევა? მეგონა თავი დაანება. ერთ ღერს იღებს, მაგრამ არ უკიდებს. თმაში ხელს რამდენჯერმე იტარებს და ბოლოს ნახევრად დასველებულ სკამზე ჯდება.

გასახდელში ქოლგას ვეძებ, ბოტებს ვიცვამ და კიბეებზე ვეშვები.
სანამ წინ არ ვუდგები ვერ მამჩნევს.

-დაკავებულია? - ვეკითხები და გვერდით ცარიელ ადგილზე ვანიშნებ. მზერა ჩემზე გადმოაქვს. თუ ჩემი დანახვით გაკვირვებულია, არ იმჩნევს.
- ბოდიში... - ამბობს, მერე თავის ბეჭედზე მანიშნებს და ფეხს ფეხზე არხეინად იდებს. ამაზე თვალებს ვატრიალებ და გვერდით ვუჯდები.
- ცოტას ვერ მიიწევ? - შარვალი მისველდება.
- სადღა მივიწიო, დავსველდები, ცუდად გავხდები და მერე მოგიწევს მომიარო... - ტუჩს იბზუებს. შიგადაშიგ ვითომ აფერფლებს და მოუკიდებელ სიგარეტს ისევ პირში იდებს.
გუბეში ქოლგით რაღაცებს ვხაზავ. უცებ ჩამომდგარ სიჩუმეს მე ვარღვევ.
- წამოვალ... - ვამბობ და არ მინდა შემატყოს, რომ ვყოყმანობ. თვალებში კითხვის ნიშნები უდგას, ბოლოს ხვდება რაზეც ვეუბნები, თავს მიქნევს და სახლში ავდივართ.

22 ივნისი

12:35

პირველი ცისარტყელა გამოჩნდა. და მერე ვფიქრობ, რომელი ათვლის წერტილიდანაა პირველი. წელს განსაკუთრებით მძაფრად იგრძნობა ყველაფერი პირველი.

ჩემი ძიძა ამბობდა, ხოლმე დედებისთვის შვილები არიან ათვლის წერტილები, მათი დასაწყისიც და დასასრულიცო. რაც, სიმართლე რომ ვთქვა, ძალიან მაბნევდა, იმიტომ რომ დედაჩემისთვის არც დასაწყისი და მითუმეტეს არც დასასრული ვყოფილვარ. მერე ჩემი პატარა ჭკუით ვეკითხებოდი, მაგიტომ არ გყავს შვილი, რომ დასასრულის გეშინია მეთქი და ის გაიცინებდა, მაგრად ჩამიხუტებდა და დაწნულ თმას გამიშლიდა.

ახლა ყველა „პირველს“ ქრონოლოგიურად ვალაგებ. პირველი შობა მასთან, პირველი შობა მის გარეშე... პირველი ახალი წელი მასთან ერთად, პირველი ახალი წელი მის გარეშე...

                                                                                                              ..
ტელევიზორის თავზე დიდი საათი პირველის ორ წუთს აჩვენებს. ვიღაც პოლიტიკოსის ჩართვაა, ვერ ვცნობ, მორიგ საახალწლო დაპირებებზე საუბრობს და ახალ წელს გვილოცავს. არ ვიცი რამდენი ხანი ვსხედვართ ასე მე და ჩემი ქმარი. მის ხელს ვარ ჩაფრენილი და წინ ვიყურები, ოღონდ არ ვიცი რას ვუყურებ. მხოლოდ გამთენიისას ვარღვევ სიჩუმეს.

- შენ რას ჰპირდები საკუთარ თავს საახალწლოდ? - ვკითხულობ და ისევ სიცარიელეში ვიყურები. მის გაოცებულ და თან შეწუხებული მზერას ვგრძნობ, მგონი ფიქრობს რომ საბოლოოდ შევიშალე.
- არ ვიცი... - მთელი ძალისხმევა სჭირდება, რომ ისე მიპასუხოს, ხმა არ გაუწყდეს. - შენ?
- მის ოთახში შევალ... - ვამბობ და ხელს ვუშვებ.

                                                                                                              ..
20:53

ჩემი ქმარი მთელი თავისი არსებით ეკრანზე კონცენტრირებული და მის მხარზე მჯდომი კატა, მთელი არსებით კონცენტრირებული ჩემ ქმარზე, უცნაურ კონტრასტს ქმნის. ვიღაცას ელაპარაკება, ალბათ სამსახურის საქმეზე, დაღლილი და გაბრაზებულია, მაგრამ იშვიათად ჩემ გარდა ეს ვინმემ შეამჩნიოს, ხოლმე. ეკრანის მეორე მხარეს მყოფს ამრეზით რაღაც მწარე რეპლიკას ესვრის. და მერე იმ მზერას ვხედავ, რომელიც კარგა ხანია მის სახეზე არ დამინახავს. ბოროტი, დამცინავი და შეუბრალებელი, თვალებში უცნაური ცეცხლი უდგას და თითქოს რაღაცით მართლა ჰგავს დრაკონს. კატა მისი მხრიდან დაბლა ხტება და ჩემკენ გამორბის, ნახევრად დახურულ კარსა და ჩემ შუა მკვირცხლად სხლტება და სამზარეულოსკენ იღებს გეზს.

                                                                                                              ..
- წამიკითხე, გთხოვ რა...

თავს ზევით ვიღებ და თავისგასამართლებლად გამზადებული “დედას არ სცალია”, პასუხგაუცემელი მრჩება. მამამისის წინ დგას ხელებჩამოყრილი და თავზე ჩამოცმულ ქუდს კიდევ უფრო ქვემოთ იფხატებს.

სიტყვებს აღარ ამახინჯებს, უკვე დიდი ბიჭია. თითქოს ერთ დღეში რამდენიმე წლით გაიზარდა. ვიცი, ჩემ ქმარს პირში სული ძლივს უდგას, სულ ხუთი წუთის წინ შემოვიდა სახლში. ლამის იქვე, შემოსასვლელში ჩაიკეცა დაღლისგან და უძილობისგან, მაგრამ როგორც კი წინ ეტუზება, თითქოს ყველა წუხილს თავისი მაგიური საშლელით შლის; იქვე იატაკზე ფეხმორთხმით ჯდება და წიგნს ართმევს. მას მაინც ვერ გაუგია, რატომ უნდა მოუსმინოს თავის საყვარელ ზღაპარს ასეთ უჩვეულო ადგილას, მე კი ვიცი, რომ მამამისი იმდენად დაღლილია, მეტი ნაბიჯის გადადგმა ფიზიკურად ვეღარ შეძლო.

- აუ, არა, მოდი დრაკონებზე წამიკითხე, რა... - ამბობს და თავს კალთაში უდებს.

ჩემმა ქმარმა კარგად იცის, რომ ამ წიგნში დრაკონებზე საერთოდ არაფერი წერია, მაგრამ თითქოს წიგნიდან კითხულობსო, ახალი ზღაპრის შეთხზვას ზეპირად იწყებს.

- რატომ არ შეიძლება სხვა დრაკონებთან ერთად ითამაშოს?? - ეკითხება მამამისს ცოტა ხნის მერე.
- იმიტომ რომ პატარა დრაკონი მალე იღლებოდა, ხოლმე..
- და რატომ?
- იმიტომ რომ... - და ჩემი ქმარი ფილტვებს ისედაც დამძიმებული ჰაერით ივსებს. - იმიტომ რომ-
- ჩემსავით ავად იყო? - მამისის საათს ათამაშებს ხელში.
- გახსოვს რომ გითხარი მამა დრაკონმა პატარა დრაკონი განძის მცველად დატოვა, მეთქი?
თავს უქნევს.
- საგანძურს რომ იცავდა, მაშინ დაიღალა?
- ალბათ - ამბობს ის და კარის ჩარჩოს ეყუდება.

ვერც ერთს ვერ გაგვიგია საიდან გაუჩნდა ამ დრაკონებისადმი ასეთი გატაცება, მაგრამ ოღონდ კარგ ხასიათზე ყოფილიყო და მე და მამამისი მზად ვიყავით მისთვის არსაიდან ცოცხალი დრაკონი გაგვეჩინა.

24 ივნისი

16:30

მდინარის პირას ვდგავარ. გრძელი ჩაღილული ქვედაბოლო მაცვია, ზევიდან თხელი საზაფხულო ჯემპრი. კაბის ჩაცმას არ ვაპირებდი, უბრალოდ ყველა შარვალი უსაშველოდ დიდი მაქვს. თეთრ კედებებზე ბალახები ამეკრო. საშინლად მინდა გავიხადო და სლიპინა ქვებს ფეხისგულებით შევეხო.

მხარზე ხელის მსუბუქ შეხებას ვგრძნობ. ჩემი ქმარი ჭიქას მაწვდის, არც ვეკითხები რა არის, საშინელ წყურვილს ჭიქის ერთი მოყუდებით ვიკლავ. მოშორებით ხალხის პატარა ჯგუფი რაღაცაზე გაცხარებული კამათობს. არ მახსოვს აქ როგორ აღმოვჩნდი. ცოტა ხნის წინ მის გვერდით ვიდექი და მისი თანამშრომლების საუბარს ვუსმენდი.

ჩემი ქმრისთვის ადამიანები სამ კატეგორიად იყოფიან: ოჯახი და მეგობრები, რომელთა დასათვლელად მხოლოდ ერთი ხელის თითებიც ეყოფა; ხალხი, რომელთანაც თავაზიანი უნდა იყოს და ყველა დანარჩენი. დარწმუნებული არ ვარ, რომელ კატეგორიას მიეკუთვნება აქ შეკრებილი ხალხი, თუმცა ჩემი ქმრისადმი პატივისცემას ყველასგან ვგრძნობ. და დარწმუნებული ვარ, ეს შვილმკვდარი მამისადმი კოლეგიალური კეთილგანწყობით არ უნდა იყოს გამოწვეული. მეგონა, მთელი დღის გატარება განცალკევებით, ჭიქით ხელში მომიწევდა, მაგრამ გვერდიდან არ მცილდება. ყველა საუბარში ცდილობს მიმაღებინოს მონაწილეობა და თუ ამას იმიტომ აკეთებს, რომ თავი უხერხულად არ ვიგრძნო, შესანიშნავად გამოსდის და თუ მისი საქციელი ბუნებრივია, მაშინ დადებით შეფასებას ვუწერ.

ბავშვები ბურთით თამაშობენ და მათი ხმა უფროსების საუბრებს წარმატებით ფარავს. არ ვიცი ჩემი ქმრის წინდახედულობითა თუ პატარა სასწაულის გამო, მაგრამ უადგილო კითხვებით არავის შევუწუხებივარ. ჯერ ვერ გადამიწყვეტია, უნდა მიხაროდეს და ამ ფარსში ჩემი როლი ბოლომდე ვითამაშო თუ ბოლო ხმაზე ვიკივლო, რომ მეტი აღარ შემიძლია.

მეგონა ბავშვების დანახვაზე გული გამისკდებოდა, მაგრამ გარეგნულად არაფერი მეტყობა, თავი კარგად მიჭირავს. ზოგჯერ სხვების ხუმრობებზე ვიღიმი კიდეც.

17:15

მოშორებით კიდევ ერთი მანქანა ჩერდება, საიდანაც ჩემი ყოფილი უფროსი თავის ახალგაზრდა მეწყვილესთან ერთად გადმოდის. დარწმუნებული არ ვარ მის ცოლს მოეწონოს როგორც თანმხლებ ქალს ეფლირტავება. ჩემდა სამწუხაროდ ამ ქალთან არც მთლად სასიამოვნო წარსული მაკავშირებს. ჩემი ქმარი დროს არ კარგავს და მაშინვე მახარებს, რომ ორი დღის წინ ჩემი ადგილი დაიკავა. ვხვდები, ჩემს ყოფილ თანამდებობაზე რატომაც დანიშნა. არა, მისოგინია არაფერ შუაშია, უბრალოდ უნიჭო, ამპარტავანი ქალების მიმართ დაბალი ტოლერანტობა მაქვს.

სანამ მოგვიახლოვდებიან ჩემ ქმარს ვახსენებ, რომ საკუთარი თავის ფასი კარგად ვიცი. ის მრავალმნიშვნელოვანად მიღიმის და თავის საფირმო ღიმილით ახლა ჩემს ყოფილ უფროსს აჯილდოებს. რამდენიმე ზრდილობიანი მოკითხვის შემდეგ, ჩემი ქმარი ქალისგან კომპლიმენტებს ღიმილით იღებს, არც თვითონ რჩება ვალში და მის - მე ვიტყოდი არარსებულ ტალანტებს, გულუხვად ამკობს. მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, თამაშობს, გულის სიღრმეში ცოტათი მწყინს, რომ ჩემ ნიჭს მისგან ასეთი კომპლიმენტები არასოდეს დაუმსახურებია.

ცოტა არ იყოს მიკვირს, მაგრამ სადილის დროს რამდენიმე საინტერესო შემოთავაზებასაც ვიღებ. ჩემი კონკურენტი ყოველ ხუთ წუთში ერთხელ ჩვენკენ თვალს აპარებს. რამდენიმე უცნობისგან ჩემს ნამუშევრებზე ქებას ვისმენ, რაზეც ის შესამჩნევად იფხორება. ჩანს, კომპლექსები დღემდე აწუხებს. მეგონა საბოლოოდ მქონდა გადაწყვეტილი, რომ ხატვის გაგრძელებას კიდევ დიდხანს არ ვაპირებდი, მაგრამ შემოთავაზებაზე დათანხმება, ჩემი ყოფილი უფროსისა და მისი ახალი გოგოს პირდაღებული სიფათების სანახავად, ნამდვილად ღირდა. ჩემ ქმარს ეცინება, მაგრამ არ იმჩნევს. ვერაფერს ვიტყვი, კარგად გამაცურა.

მეგონა ყველაფერს კარგად გავუძელი, დღის ბოლომდე წარმატებით გავედი, მაგრამ ტორტზე სანთლების ჩაქრობის ცერემონია ცოტა ხნის წინ კონკურენტზე გამარჯვებით მოპოვებულ რამდენიმეწუთიან ეიფორიას უკვალოდ აქრობს და აუტანელ სიცარიელეს მიტოვებს.

ტაშს რობოტივით ვუკრავ, ჩემი ქმარი იღიმის და სხვებთან ერთად დაბადების დღის სიმღერასაც კი მღერის. ნერწყვს ვყლაპავ და მინდა სიმღერაც და ყველაფერი მალე დამთავრდეს.

ნეტავ კატა რას აკეთებს...
ან ეს კედები ასე როდის დამესვარა...
გარეთ ცივა, თბილი ჟაკეტი უნდა წამომეღო, მოვტყუვდი...

ჩემი ქმარი თავისი ყინულივით ცივი თითებით მაგრად მოკუმულ ჩემ თითებს შლის. ახლა ისიც ჩემსავით გაფითრებულია და ვიცი, ორივე ერთსა და იმავეზე ვფიქრობთ.

                                                                                                              ..
სანამ ტორტს ჩააქრობს პალატიდან გამოვდივარ და კედელს ხელის ცეცებით მივუყვები. არ ვიცი სად მივდივარ, მაგრამ მინდა ძალიან შორს წავიდე. ბოლოს, თავი ხელში ამყავს და ტალანის ბოლოში ვიკუნტები. ნიკაპი მუხლებზე მიდევს და ხელის კანკალს ვერაფერს ვუხერხებ.

ცოტა ხნის მერე ჩემი ქმარიც გამოდის და ჩერდება. აკანკალებულ ხელს თმაში იტარებს და საბოლოოდ მისი სრულყოფილი ფასადიც ისევე იშლება, როგორც ყველაფერი ჩვენს გარშემო და ვხედავ, როგორ ტირის. ზუსტად ისე, როგორც დამამთავრებელ კლასში. მინდა ახლოს მივიდე, მაგრამ სხეული მღალატობს და ვერ ვდგები. ამ წუთას, აქ ყურადღებას არავინ გვაქცევს, არც მე და არც მას, იმიტომ რომ არც პირველი და არც უკანასკნელები ვართ, ვინც შვილის დაკარგვის საფრთხის წინაშეა; და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ ორივემ კარგად ვიცით და ვეგუებით ამ ფაქტის გარდაუვალობას, იმის გააზრება, რომ ეს მისი ბოლო დაბადების დღე იქნება, დიდი სიმაღლიდან მიწაზე დანარცხებას ჰგავს. და მერე დაიწყება ყველაფერი „პირველი“ ისევ თავიდან..

პირველი შობა უმისოდ, პირველი ახალი წელი მის გარეშე, პირველი თოვლი უმისოდ, პირველი ცისარტყელა მის გარეშე...

                                                                                                              ..
სახლისკენ მიმავალ გზაზე არც ერთი ვიღებთ ხმას. გზას უყურებს და ცოტა ხნით ჩემს არსებობას ისევე ივიწყებს, როგორც მე მისას.
გაჩერებული მანქანიდან ფეხს არც ერთი ვიცვლით. ბოლოს ჩემკენ ბრუნდება, შუბლზე ჩამოყრილ კულულებს ყურს უკან მიწევს და დღეს პირველად ვხედავ ნიღაბმოხსნილს. თითქოს ამ ერთ საათში, რაც გზაში ვართ, რამდენიმე წლით დაბერებას ასწრებს. ის მიმზიდველი, კარგი მოსაუბრე ახალგაზრდა კაცი უკვალოდ ქრება და ახლა საბოლოიდ ვხვდები, რატომაც გავიდა მაშინვე სამსახურში. როგორც ჩანს, მართალი ყოფილა, რომ სევდასთან გამკლავების ყველას სხვადასხვა ხერხი აქვს.

25 ივნისი

03:17

მაინც ვერ ვხვდები რატომ დაგვემართა ის, რაც დაგვემართა.
ჩემთვის არავის უსწავლებია დედობა და არც არავის დაუტოვებია გზამკვლევი, თუ როგორ უნდა მოვიქცე ახლა. იქნებ დედაჩემი კარგი დედა რომ ყოფილიყო, მეც უკეთესი დედა გამოვსულიყავი და უკეთესად მებრძოლა მისთვის. ნეტავ რამე თუ შეიცვლებოდა. როგორც ჩანს, არც ერთი „იქნებ“ და „ნეტავ“ ახლა ვეღარაფერს მიშველის.

ჩემი ძიძა მეუბნებოდა, ხოლმე. ჯერ სხვებს უნდა ვაპატიოთ, რომ მერე საკუთარი თავის პატიება შევძლოთ ხოლმეო. ირონიაა, ჩემ ქმარს ისევ ვერ ვპატიობ, რომ ასე მალე მაპატია.

არაფერში გადანაშაულებო... მეც ასე მოვიქცეოდიო... აი, მე კი ნამდვილად არ ვიცი, როგორ მოვიქცეოდი მის ადგილზე, ცოლის დაჟინებული მოთხოვნით კონფერენციაზე გამგზავრებულსა და მერე ნაჩქარევად დაბრუნებულს ცოცხალი შვილისთვის რომ ვეღარ ჩამომესწრო.

                                                                                                                ..
გარშემომყოფთა გაფართოებული მზერით ვხვდები, რომ ტელეფონში პრაქტიკულად ვხავი. ყვირილი, ტირილი და მუდარა ერთმანეთში მერევა. ვთხოვ მალე ჩამოვიდეს, ახლავე წამოვიდეს, თუ უნდა რომ ცოცხალს ჩამოუსწროს, მაგრამ ეს ბოლო სიტყვები პირიდან ვერ ამომდის.

ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ, აქ იყო და არსად წასვლას აპირებდა. მერე დავიჟინე, რომ არაფერი მოხდებოდა, რომ არაფერი დაშავდებოდა, თუ ცოტა ხანს საკუთარ თავს და კარიერას დაუთმობდა. თავს ვირწმუნებდი, რომ ისიც ასე მოიქცეოდა. ის რომ ყოფილიყო, და მე ასეთი შანსი მქონოდა, ხელიდან არ გამაშვებინებდა. ბოლოს მაინც გავიტანე ჩემი და წავიდა. ყველაფერი კარგად იყო, სანამ... სანამ...

ვერ ჩამოასწრო.

მისი გაუსაძლისი მდგომარეობის ყურება ვეღარ ავიტანე და ტკივილი შევუმსუბუქე, სამუდამოდ. ახლა აღარაფერი ეტკინება.

ზუსტად იმ კედლების ფერი მადევს, რომელიც წელიწადზე მეტია მის მეორე სახლად იქცა. ვიღაცის ხრიალს მოვყავარ გონს, და ცოტა ხნის მერე ვხვდები, რომ ჩემი ხმაა, ან ის, რაც ჩემი ხმისგან დარჩა. ვერც ვტირი. ვიღაცები მეხებიან, ზურგზე სხვადასხვა ადამიანის შეხებას ვგრძნობ, და არც ერთი არაა, ისეთი, რომელიც მე მჭირდება.

ბუნდოვნად მახსოვს, როგორ მოვიდნენ. არც ის ვიცი სად ვარ. თითქოს ჩემმა ტვინმა ყველაფერი დაბლოკა. რისთვის მოვიდა, უნდა მანუგეშოს? მისი შვილი ჯერ კიდევ ცოცხალია, ჩემი კი აღარ. ჰო, მე ცოცხალი ვარ, ჩემი შვილი კი აღარ.

ჯერ საერთოდ ვერაფერს ვგრძნობ, მერე აუტანელი სიცარიელე მავსებს და მერე ისეთი ბრაზი, რომელიც აქამდე არასოდეს მიგრძვნია. მინდა აქედან წავიდეს, არ მინდა ხმა ამოიღოს. როგორ ბედავს აქ მოსვლას და იმის თქმას, რომ ცუდი დედა ვიყავი. მინდა ვუთხრა, რომ მე ძალიან... ძალიან კარგი დედა ვარ... იმაზე ათასჯერ უკეთესი, ვიდრე თვითონ, მაგრამ ვერაფერს ვამბობ.

მინდა ვიტირო და ბრაზი ამის საშუალებას არ მაძლევს. მინდა ვიყვირო, მაგრამ ხმა არ ამომდის. მინდა გავიქცე, მაგრამ ფეხები იატაკზე მაქვს დაბეჭდილი. და ამდენი ხალხით სავსე ოთახშიც კი სრულიად მარტო ვარ.

                                                                                                              ..
- იცი რა ვიგრძენი პირველად, როცა წავიდა? - ვამბობ ჩუმად და ვიცი, რომ მისმენს, იმიტომ რომ ამ საწოლში უკვე დიდი ხანია აღარავის სძინავს.
- რა..
- შვება

დიდი გამბედაობა მჭირდება ვაღიარო, თუ რა ვიგრძენი პირველად, როცა ყველაფერი დამთავრდა. შვება. კარგმა დედამ შვება არ უნდა იგრძნოს, როცა შვილი უკვდება. შვება, შვება, შვება, რომ აღარ დაიტანჯებოდა, რომ აღარ ეტკინებოდა. მაგრამ, მაინც შვება. 

ნუთუ მართლა თავს ვიმართლებ, ნუთუ მართლა უცებ დავნებდი, ნუთუ მართლა... მართლა ცუდი დედა ვიყავი? იქნებ დედაჩემი მართალი იყო? იქნებ არ ვიყავი შვილის ღირსი, იქნებ არ უნდა გამეჩინა, კარგად ვერ გავუფრთხილდი? და სადღაც შორს დედაჩემის სახეს ვხედავ, ამაყს და ტრიუმფანტს.

- იცი... დღეს ბავშვები რომ დავინახე..  - ნერწყვს ყლაპავს და პაუზის მერე აგრძელებს. - უსამართლობა ვიგრძენი. ახლა მათი ასაკის იქნებოდა. მერე წარმოვიდგინე, როგორ მორბის ჩემთან და წუწუნებს, რომ დიდი ბავშვები არ ათამაშებენ... და მერე მე შევპირდებოდი, რომ მე ვეთამაშებოდი... მერე სკოლაში მიდის და იქიდან გამოსული ნაყინის საჭმელად მიმყავს; ვუსმენ, როცა მეგობრებზე მიყვება და მეც მინდა მისი მეგობარი ვიყო... ვიყო იმაზე უკეთესი მამა, ვიდრე ბავშვობაში მამაჩემი მეგონა რომ იყო. შენთვის არასოდეს მითქვამს, არა? - მერე იცინის, ოღონდ მისი სიცილი იუმორისგან დაცლილია, ალბათ ოდესმე მეტყვის, რა მოხდა. - მე ხუთ წელიწადში უკეთესი მამობა მოვასწარი, ვიდრე მამაჩემმა ოცდახუთი წლის განმავლობაში. შენ კი.. შენ კი საუკეთესო დედა ხარ... ჩვენ კარგი მშობლები ვიყავით... - ამბობს ბოლოს. - იმაზე უკეთესი, ვიდრე ჩვენი მშობლები იყვნენ ჩვენთვის... მაგრამ ხანდახან ეს საკმარისი არ არის. მე არ მივცემ თავს უფლებას, სევდამ მთლიანად შემჭამოს და მაგის უფლებას არც შენ მოგცემ...

ამდენი ხანი ვფიქრობდი, მინდოდა რამით ამეხსნა, ვეძებდი, იმასაც კი ვფიქრობდი, ასე იმიტომ ვისჯებით, რომ მე და ჩემი ქმარი საშინელი ბავშვები ვიყავით, მეთქი. სასაცილოა... არა, თითქოს მინდოდა რამით გამემართლებინა. მაგრამ ბოლოს დავასკვენი, რომ არც ჩვენ, და მითუმეტეს არც ხუთი წლის ბავშვს, არ დაგვიმსახურებია ის, რაც დაგვემართა.

05:06

მის ოთახში შევალ.

27 ივნისი

14:04

მეგონა ამისთვის საკმარისი ძალა მქონდა, მაგრამ მისი ოთახის კართან მდგომი უკვე გამობრუნებას ვაპირებ.

კუთხეში მისი საწოლი დგას. ნაჩქარევად გასწორებული გადასაფარებელი მეუბნება, რომ მამამისი ხანდახან აქ იძინებს. პატარა დივანი სავსეა ტანსაცმლით და სათამაშოებით. როგორც პირველ კვირებში დავტოვე, ყველაფერი ისევ ისეა. მაშინ ყველაფერი მექანიკურად დავალაგეთ. მერე ჩემმა ქმარმა ყველაფერი აქ შემოხვეტა. თაროებზე ზღაპრების წიგნები აღარ ეტევა. ბურთები და ჩოგნები, ნიმბუსები და სათამაშო სნიჩები, რომელიც ერთხელ კინაღამ გადაეყლაპა. ღმერთო, რამდენი რამის დახატვას მთხოვდა, მერე კალთაში მეჯდა და ერთ გავლებულ ხაზს არ ტოვებდა უყურადღებოდ. კარს უკან ორი ველოსიპედია, სამთვალა და დიდი, რომელზე დაჯდომაც ვერ მოასწრო. სკეიტი დრაკონის პრინტებით. და, ღმერთო, ყველგან დრაკონები...

ძირს ვიხრები, სათამაშოების ზვინიდან გადმოვარდნილ ფიგურას ვიღებ და ისევ უკან ვაბრუნებ. არ ვიცი ამდენ რამეს რა მოვუხერხო.

17:49

ტანსაცმელების გადახარისხებას მოვრჩი. ზოგს, რომელიც საერთოდ არ სცმია, ცალკე ცელოფნებში ვათავსებ, ჩემ ქმარს უნდა ვუთხრა, სადმე ჩააბაროს, ან ვინმეს აჩუქოს. თავისი საყვარელი მაისურები ცალკე გადავაწყე. თავისი დრაკონებიანი კომბინიზონი არავისთვის მემეტება. ბევრი ქუდები ჰქონდა, მაგრამ განსაკუთრებით თავისი წითელი ქუდი უყვარდა, ამდენი ხნის მერეც მისი თმის სუნი ასდის.

ფისო კნავილით მახსენებს თავის არსებობას ოთახში. ხელები მოყინული მაქვს, ხანდახან მოდის და ზედ მეგლასუნება. მერე თითებს მის თბილ ბეწვზე ვითბობ.

უჯრებიდან დარჩენილ ტანსაცმელს ვიღებ და პატარა ყუთებში ვაწყობ. სათამაშოების ნაწილს საავადმყოფოს დავუტოვებ. მესაკუთრე ბავშვი იყო, გაზიარება არ უყვარდა, მე და ჩემი ქმარი ბევრს ვეცადეთ, მაგრამ როცა რაღაცას თავისად დაიჩემებდა, მისი წართმევა არავის შეეძლო. იმედია არ ეწყინება, დედა თავის საყვარელ ფიგურებს სხვა ბავშვებს თუ აჩუქებს.

პატარა სამეცადინო მაგიდაზე ნახატებია მიმოფანტული. მახსოვდა რომ შევინახე, ალბათ მამამისი ათვალიერებს ხოლმე. მის ნახატებში მე და ჩემი ქმარი სულ მწვანე მდელოზე ვდგავართ, ის კი თავის დახატულ დრაკონზე ზის და დაფრინავს.

ბოლო უჯრა ალბომებითაა გადატენილი. ნერწყვს ვყლაპავ და უკვე მეორედ მიჩნდება სურვილი აქედან გავიდე, მაგრამ ფეხებს ვერ ვიმორჩილებ.

კომოდის უკან ჩავარდნილ პოლაროიდს ვიღებ. თეთრი საზაფხულო პერანგი აცვია, ზურგსუკან იყურება, ცალი წარბი აწეული აქვს და იღიმის. მიკენშია გადაღებული. არ ვიცი მის ოთახში საიდან მოხვდა.

- მეგონა შევძლებდი, მაგრამ ალბომებს მაინც ვერ ვშლი... - ვეუბნები ჩემ ქმარს, რომელიც კართან უკვე დიდი ხანია დგას, ალბათ ეგონა ვერ შევამჩნევდი.
- გახსოვს საწოლს რომ დაეჯახა და კოპი დააჯდა?
თავს მიქნევს.
- რომ დავინახე და გამეცინა, ორი დღე ხმას არ მცემდა.

20:11

მე და მამამისი დივანზე ვსხედვართ და პირველად ამდენი ხნის მერე მის ვიდეოებს ვუყურებთ. ცალკე გამბედაობა არც ერთს გვყოფნის, ერთად კი შედარებით იოლია.

აქ ორი წლისაა. თავის დრაკონებიან ღამის ქოთანზე ზის და მღერის. მე და მამამისი ვიგუდებით, კამერის უძრავად დაჭერას ძლივს ვახერხებ. აქ თავის საბავშვო აბაზანაში წევს და თავზე ქაფი ადევს, თავის სათამაშოებს ელაპარაკება და საზღვაო ორთაბრძოლებს მართავს. არც ერთი ხმას არ ვიღებთ, შიგადაშიგ ჩემი ქმრის მზერას ვგრძნობ, ჩემს რეაქციებს ამოწმებს.

- დედას რატომ აღარ ელაპარაკები? - ეკითხება მამამისი.
- იმიტომ რომ დამცინა... - ამბობს გაბუსხული, წიგნს ფურცლავს და კამერას ზედაც არ უყურებს.
- რატომ დაგცინა?
მერე გაბრაზებული შუბლიდან კულულებს იყრის და მამამისს უყურებს. კოპზე ფლომასტრით მოწყენილი სმაილი ახატია, ამის დანახვაზე მამამისის სიცილი უტყდება და სულს ძლივს ითქვამს.
- შენმა კოპმა მოიწყინა? - ისევ ხარხარი.

მე და ჩემი ქმარი ერთმანეთს ვუყურებთ. მერე ჯერ იმას ეცინება, მერე მე და ბოლოს ცრემლების წამოსვლამდე ვიცინით.

28 ივნისი

11:43

მე და ფისო მარტო დავრჩით. ჩემი ქმარი ერთ კვირაში დაბრუნდება. იმ შემოთავაზებას მართლა დავთანხმდი, ახლა ვზივარ და ვფიქრობ, სწორად მოვიქეცი თუ არა. მაგრამ ვაღიარებ, რომ ტაბლეტის ხელში აღებისას ხატვის შიმშილი უფრო გამიცხოველდა. ადრე მეგონა, ამით შვილის ხსოვნას ვუღალატებდი, თითქოს თავს იმის ღირსად არ ვთვლიდი, რომ რაიმე სიამოვნება კიდევ მეგრძნო. მერე ჩემი ქმრის სიტყვებმა დამაფიქრა, თუ სევდა შემჭამს, აღარც მე დავრჩები და აღარც ჩემი შვილის ხსოვნა. მხოლოდ სიცარიელე.

- ჰო, ვიცი, ისეთი საჭმელი არ არის, როგორიც მას მოაქვს, მაგრამ ხომ ხედავ, ვცდილობ, მონდომებას ნუ დამიკარგავ, კარგი? - ვამბობ მშვიდად და კატას ყურებზე ვეფერები.

ფისო ეჭვის თვალით მიყურებს და ბოლოს ხმამაღალი კნატუნით მთელ სამზარეულოს აყრუებს.

- სად დაკარგე მანერები? - ვეკითხები და ულვაშებიდან მარცვლებს ვაცლი.

- ან სეირნობა ან ხატვა, აირჩიე. ვიცოდი, რომ ხატვას აირჩევდი. ჰო, ვიცი, ვიცი რომ კარგი მხატვარი ვარ. ნუ მაქებ, გავწითლდი... - არჩევანით უკმაყოფილო, კნავის, მაგრამ არ ვიმჩნევ.

ჩემ სამუშაო მაგიდასთან კომფორტულად ვჯდები, კალთაში ხელს ვიტყაპუნებ, ისიც მაშინვე მიხტება და გამოგზავნილ პროექტს ხელახლა ვეცნობი. - საინტერესოა, არა? - მის კნავილს გულისყურით ვუსმენ. ხანდახან მგონია, რომ მე და კატა უკეთესად ვუგებთ ერთმანეთს, ვიდრე მე და დედაჩემი.

2 აგვისტო

15:44

მარტო ყოფნა ცოტა მიჭირს. ხატვამ მიშველა და კიდევ ფისომ. სახელს ისევ ვერ ვეძახი. წვიმებმა გადაიარა.
ჰო, მართლა, გუშინ დედაჩემმა დამირეკა. ვუპასუხე. გადავწყვიტე ყველაფერი უკან დავტოვო და ვაპატიო. ცხადია, სამწუთიანი საუბრით ჩვენ შორის ჩამდგარ დიდ ყინულს ვერ გავტეხავ და არც ვიცი ამდენი ხნის მერე მასთან დაახლოება საერთოდ მინდა თუ არა, მაგრამ ჩემთვის ესეც დიდი ნაბიჯია.

პატარა ნაბიჯებით, მაგრამ წინ მივდივარ.

5 აგვისტო

19:22

მე და ფისო სახლში ამოვდივართ. შემოსასვლელიდან ჩემკენ ზურგით მდგომ ქმარს ვხედავ, ჩემს სამუშაო მაგიდასთან დგას. კარის ხმას რომ იგებს, ტაბლეტს მაგიდაზე დებს და ყურადღება ჩვენზე გადმოაქვს. ფისოს ძირს ვსვამ და ფეხსაცმელებს ვიხდი.

მელნის და ახალი ფურცლების სუნი აქვს.
- აბა, როგორი იყო? - ვეკითხები და თვალებში ვუყურებ.
- მო-სა-წყე-ნი - ამბობს და მკოცნის.
ცოტა ხანს ასე ვდგავართ, მერე ხელებს მიშვებს.
- როგორ ხარ?
მხრებს ვიჩეჩავ და თმას ვისწორებ.
- უკეთესად..
- სიმშვიდეა? - მეკითხება და თმას ყურს უკან მიწევს.
- სიმშვიდეა - ვეუბნები და ლოყაზე ვკოცნი.

..
                                                                                                             
29 აგვისტო

14:23

შლაპა უნდა წამომეღო. ნომრიდან რომ გამოვედი, ასე არ ცხელოდა. წიგნს ვხურავ და საათს ვამოწმებ.

- წარმოგიდგენია? - სასმელს მიწვდის და ჩემ წინ ჯდება. - მიცნო!
- კი, როგორ არა... - წარბს ვწევ, მერე ვფხუკუნებ.
- არ გატყუებ, მართლა! თუ გინდა შედი და ჰკითხე! - თავის ყავის ფინჯანს იღებს და ყნოსავს. თმაში ხელს იტარებს. ცხელა.
- ესე იგი ახლა მენეჯერია? - ვეკითხები და წიგნს ჩანთაში ვდებ.
- ღვინო რომ გადამასხა, ჯერ კიდევ ოფიციანტი იყო, წარმოგიდგენია? ვუთხარი რომ ჩემი ცოლი გახდი, არ დამიჯერა და გაიცინა, არა, წარმოგიდგენია?? - თავს აქნევს და ყავას სვამს.
მის წუწუნს ყურს არ ვუგდებ და მაგიდაზე დადებულ ბროშურას ვათვალიერებ.
- მაშინაც ამდენი ხალხი იყო?
- მმ.. - ნიკაპზე ხელს ვისვამ.
- სოკრატე უნდა წამოგვეყვანა... - ამბობს ბოლოს და მზერა მეზობელი მაგიდის ქვეშ წამოწოლილ პატარა კნუტზე გადააქვს. - რამხელაა?
- სოკრატე?
- ჰო
- ორი წლის? მგონი ორი წლის... რა იყო? - ვეკითხები და კითხვას ვაგრძელებ.
- მერე ნორმალურია ორი წლის კატა ყოველ სეზონზე ახალ-ახალ სავარძლებს რომ აფუჭებს?
- მმ?
- ჰო, მართლა... სახლზე გადაწყვიტე? - მეკითხება და ტელეფონს ამოწმებს.
- მმ...
ბინა, რომელში გადასვლასაც შემოდგომაზე ვფიქრობთ, ჩვენსაზე დიდი და ნათელია.
- მე მომწონს
- არა, მეც მომწონს, მაგრამ ფართი იმაზე დიდია, ვიდრე ვფიქრობდით, არა?
- მმ... გამოუყენებელი არ დაგვრჩება, დამშვიდდი... თან... რა იცი, მომავალში შეიძლება დაგვჭირდეს... - ვამბობ და ბროშურას ვფურცლავ.

ხმას არც ერთი ვიღებთ.

- ღვთის გულისთვის დაანებე მაგ რაღაცას თავი... - ამბობს ჩუმად და ხელებს ნერვიულად ისრესს. - გესმის რა თქვი? ჩვენ...
- სულ ამბობ, რომ მოვლენების ბუნებრივ განვითარებას ხელი არ უნდა შევუშალოთ... - სათქმელს არ ვამთავრებინებ.
კიდევ რაღაცის თქმას ცდილობს, ბოლოს თვალებს ვატრიალებ, ბროშურას მაგიდაზე ვდებ და მის სახეს ხელებში ვიქცევ. მის თვალებში გაკვირვება, შიში და მოლოდინი ერთნაირად ჩანს. სათქმელად გამზადებული სიტყვები ისე რჩება, როცა ვკოცნი. უფრო იმიტომ, რომ გავაჩუმო.

ცოტა ხანი ჩუმადაა, მერე კიდევ იწყებს ლაპარაკს, შიგადაშიგ ხელს თმაში ნერვიულად იტარებს და გაჩუმებას არ აპირებს.
- ღმერთო, თუ წუწუნს მორჩები, შეიძლება დღის ბოლოს კარგ გუნებაზე დაგაყენო
თვალებს წკურავს.
- ეს რა იყო...  მეფლირტავები თუ ახალი პროექტისთვის კატალოგის აწყობაში დასახმარებლად უნდა შემომიტყუო სახლში ისევ?

მერე ორივეს გვეცინება.

30 აგვისტო

03:17

სანამ დავწვებოდით, აივნის კარი ღია დავტოვე, მაგრამ მაინც უსაშველოდ ცხელა. წყურვილმა გამაღვიძა.

- ხომ... ხომ კარგად ხარ? - მეკითხება ნამძინარევი ხმით.

ღამით იშვიათად ვიღვიძებ. თუ ისე მოხდა, რომ გამეღვიძა და ვეღარ ვიძინებ, ჩემ ქმარს თავისი "მგონი-ჩემ-ცოლს-ისევ-ინსომნიის-შეტევა-აქვს" სენსორი აღვიძებს და მანამ მიზელს წელსა და ხელებს ან იქამდე მეჩურჩულება, სანამ არ ვდუნდები და ვიძინებ.

- კარგად ვარ - ვეუბნები, მის ხელს ჩემსაში ვიქცევ.

ხანდახან არის დღეები, როცა მეც და მასაც სიცარიელე და სევდა გვიპყრობს, მაგრამ ერთმანეთის გამოყვანას ვახერხებთ. სრულყოფილები არც ერთი ვართ და არც მეორე, თუმცა ამ მოკლე პერიოდში ერთმანეთისთვის იმაზე უფრო მეტი გავხდით, ვიდრე აქამდე ვიყავით, მაგრამ ვიცი, უფრო მეტი შეგვიძლია. ამის გამოსასწორებლად არც მე და არც ის თავს არ ვზოგავთ.

ორივე ხელს მიმასაჟებს. ლაპარაკობს და მე თვალდახუჭული ვუსმენ. ისეთ რამეებს იხსენებს, რაც მე არ მახსოვს, მერე ყველაზე უცნაურ რაღაცებზე ვკამათობთ... მიყვება, როგორ დაპატიჟეს მოხუცმა იტალიელმა დებმა ექსკურსიაზე და რომ აუცილებლად წავა. მელაპარაკება წარსულზე... მომავალზე... მერე ისევ მიწვევს კამათში, მე მეცინება, მერე მასაც. ბოლოს კი ბავშვივით უშფოთველად ვიძინებ.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები