ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
16 თებერვალი, 2009


მ გ ე ლ ი


ადამიანთან შედარებით
მტრედია მგელი
და ამიტომაც ეს ცხოვრება
ძნელია,ძნელი.

მგელი მგლებისთვის იმედია,
თანაც მარადი,
წინაპრის ანდერძს არ ეპყრობა,
როგორც ჯალათი.

იცნობს და ებრძვის
დაუნდობელ მოდგმას მტრებისას
და ამიტომაც უკვდავია
ჯიში მგლებისა!

მგელს შენატრიან ფლიდი მელა,
დათვი დებილი,
ვერ უსხლტებიან კაცს და სიკვდილს
ქარში მგლებივით.

თუ არ ივარგე,
კაი ყმის და არწივის გვერდით
ვინ მოგიხსენებს,
მითხარი ერთი!

არ გაუცვლია დედის რძე და
მამის ხალათი,
არც მგლების მხარე დაქცეულა
მგლების ღალატით.

დაკაწრულია მისი გული
დარდის ეკლებით,
ვაითუ,ტყვიამ შეიწიროს,
სტკივა ლეკვები...

ხაფანგი თოვლში,
გაჩეხილი ძველი მუხნარი,
ყმუილი,სავსე სინანულით,
ცრემლი მდუღარი.

მგლის პირფერობა ვის სმენია,
ანდა_წუწუნი,
გზას მიუყვება
მეათასე პაპის ძუნძულით.

ამიტომ მოჩანს
კაი ყმის და არწივის გვერდით,_
ბრძენია კაცი და ათასჯერ
ბრძენია ღმერთი!..

ადამიანთან შედარებით
მტრედია მგელი
და ამიტომაც ეს ცხოვრება
ძნელია,ძნელი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები