ნაწარმოებები


“წერილების კონკურსი“     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე კონკურსების თემაში     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1517     * * *    

ავტორი: გიგო ამრა
ჟანრი: პოეზია
9 მაისი, 2020


N.A.

შენ ამბობ: მთაში იასამნები,
რომ სხვანაირად ჰყვავიან თურმე,
დილით ჭრიალი კვლავ გააქვთ ურმებს,
ორღობეში კი სოფლის ამბებით
თავს რომ იჯერებ, შინისკენ მიხვალ,
მსურს შენი სუნთქვა მალე დავმარცვლო,
მე წამომცდება ოდესმე-მიყვარ...
შენ რა თქმა უნდა, თქმას არ დამაცლი.
ეგ შენი კაბა-კოპლებიანი,
ნახევრად შიშველს როდესაც გაგთქვამს,
მე, როგორც შლეგი მოდილიანი,
დავიწყებ შენი სხეულის ხატვას
და შემორჩება ორთავეს ხსოვნას,
შენი თითების ჩემთან შეხება,
კეფასთან სველი ტუჩებით კოცნა,
ფუნჯმა ტილოზე რომ ვერ შეღება,
რადგან იმ ღამეს მე ვერ შევძელი,
ნახატისათვის მშვიდად მეცქირა
და ფურცელ-ფურცელ გმოსე ენძელით,
დილით კი უკვე ერთად გვეძინა,
მოხვედი, რადგან ნახატად გსურდა,
შენი მხრები და ტანი გენახა...
მაგრამ ამაოდ და ახლა უნდა
უჩუმრად გაცდე შუკას, ვენახსაც.
ორღობეში კი სოფლის ამბებით,
თავს კვლავ იჯერებ, შიშითაც უსმენ
და ამბობ: მთაში იასამნები,
რომ სხვანაირად ჰყვავიან თურმე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები