ნაწარმოებები


“წერილების კონკურსი“     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე კონკურსების თემაში     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1517     * * *    

ავტორი: ჰოლმვუდი
ჟანრი: პროზა
23 მაისი, 2020


პენტჰაუსის გუგულები

ბევრმა არ იცის თუ რატომ დაერქვა ნიუ იორკს "დიდი ვაშლი", მაგრამ ეს ქალაქი ის აკრძალული ხილია,
რომლესაც ჩაკბიჩავ და შიგნით მატლს აღმოაჩენ. მთელ მსოფლიოს დიდი ვაშლი უნდა ერქვას.




ნიუ იორკის 42-ე ქუჩაზე, პენტჰაუსის ბოლო სართულის ფანჯრებიდან ფერადი შუქი იღვრებოდა. ნაირფერი ბუშტებით, ცისარტყელისფერი ლენტებითა და დეკორატიული ბრჭყვიალებით აჭრელებულიყო ავანგარდული ოთახი. შამპანურით, ბურბონით, მარტინითა და ვერმუტით გაჟღენთილიყო აბრეშუმის გადასაფარებლები და ევროპული ხალიჩები. ყველას ცხვირის ნესტოს სტუმრობდა კრეკი და კოკაინი. აბრჭყიალებული ნიღბები სახეზე ეკვროდა ხალხს. უფრო გრანდიოზული მასკარადი იქნებოდა ხალხი უნიღბოდ რომ მისულიყო.
როკ-ენ-როლი არავის კიდურს მოსვენებას არ აძლევდა. ტრანტიზმით შებყრობილიყო ხალხი. აქა იქ ეყარა ფეხსაცმელს მომწყდარი ქუსლები. ზოგს შვედურ მგიდაზე ეძინა, ზოგი პლუშის დინავზე წამოკოტრიალებულიყო და დროებით მეწყვილეს უკოცნიდა ტუჩებს. ალკოჰოლური ბედნიერებით იჟღინდეთობოდა სივრცე. ოთახსა და ვერანდას ვიტრაჯი ყოფდა. შიგნით სუნთქვა აღარ შეიძლებოდა. სიგარეტის ნისლი დაფარფატებდა. ვერცხლისფერკაბიანი ქალი მაგიდაზე გადაყუდებული ქმრის გვერდით იჯდა და ლიქიორს წრუპავდა. მეუღლეზე ფიქრობდა, ბარბარა სვეიზს რომ ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და ახლაც ქმრის გვერდით ვიღაც უცნობი ქალი უგონოდ ეგდო.
მოულოდნელად სახე მოექუფრა და მუცელი აეწვა. წვეულებებზე საპირფარეშოები ყოველთვის დაკავებულია, ამიტომ ოფლისა და ალკოჰოლის სუნით შეწუხებული ვერანდაზე გამოვარდა, მოაჯირზე გადაეყუდა და და მთელი შვედური მაგიდა ამოიღო კუჭიდან. ქუჩიდან გინება მოისმა. ქალმა ტუჩები მოიწმინდა. გამოფხიზლდა, გაჩირაღდნებულ ნიუ იორკს გადახედა. ქალაქის შუქი ერწყმოდა ვარსკვლავების ფაკელცუგს.
- თქვენს ნიღბის მოხსნა მაინც მოასწარით, - ჩაიცინა ფრაკგაყვითლებულმა კაცმა, -  სიგარეტი ხომ არ გნებავთ?
- არ ვეწევი, მაგრამ უარს არ გეტყვით, - ქალმა ერთი ღერი ამოაცურა, -  შეიძლება დავჯდე?
- არავის ველოდები, - ქალი სავარძელზე მოკალათდა.
- რატომ არ ერთობით?
- უკვე საკმარისად ვიმხიარულე და სასაკმარისი დოზაც მივიღე, რომ ქალაქის შუქი ციცნათელებად მომელანდოს.
- თქვენ ის ტიპი ხომ არ ხართ დანჰილის სიგარეტს ერთ ნაფაზში რომ აცამტვერებს? უკაცრავად, მე ლუსი კოენი ვარ.
- დარიენ დარკო, სასიამოვნოა.
კაცმა სიგარეტს ცეცხლი გუკიდა. ოცდაათწამიან პაუზასა და ერთ ჩასუნთქვაში ბოლომდე ჩაწვა სიგარეტის ღერი.
- ნამდვილი ვეშაპი ხართ! კარგი გაგებით.
- საყვირზე ვუკრავ, ჯაზ-ბენდში. ჩემს ფილტვებში იმდენი ჰაერი ჩადის ასი წლის იუბილეზე სანთლების ჩაქრობა აქ გამიჭირდება.
- მეეჭვება მაგ ასაკამდე მიატანოთ. ეს ხანგრძლივი, ნელი, ნელი სუიციდი. მანჰეტენის საავადმყოფოში ექთანი ვარ, ბევრი მოდის ფილტვისა და ყელის კიბოთი. მწეველები ეწევით იმიტომ, რომ დამშვიდდეთ სანამ გაიგებთ, რომ სიმსივნე აღმოგაჩდათ. მერე რაღა დაამშვიდებთ ეს უკვე საკითხავია.
- მე კარფორდის საავადმყოფოს ფსიქოლოგი გახლავართ და კარგად ვიცი, რომ მარტოობას უფრო მეტი ზიანის მოტანა შეუძლია. სულიერი იზოლაცია დღეში თხუთმეტამდე ღერის მოწევას უტოლდება. დამერწმუნეთ, თქვენ უფრო დიდ საფრთხის წინაშე დგახართ, - ჩაიღიმა დარიენმა.
- იმის თქმა გინდათ, რომ მარტოსული ვარ? რა თამამი განცხადებაა. საიდან ეს დასკვნა?
- მთელი წვეულება თქვენს ქმარს სასმელს აძალებდით, რომ როგორმე მოგეშორებინათ. ქორწინებით არც ისე კმაყოფილი ჩანხართ. ახლა კი სძინავს და თავი ნამცხვარში აქვს ჩარგული. თქვენ კი ცუდათ გახდით და ყურადღება მაინც არავინ მოგაქციათ.
- ამდენ ხალხში მაინცდამაინც მე რატომ მიყურებდით?
- ისეთი ბრჭყვიალა კაბა გაცვიათ. თვალები ამიჭრელდა.
- რა ენამოსწრებული ხართ.
- ბებიაც ამას მეუბნებოდა.
- გონიერი ქალი ყოფილა.
- ნამდვილად. სულ იმეორებდა ამ ცხოვრებაში ან პასიანსს თამაშობ, ან პოკერსო. ახლა კი ვხვდები თუ რას გულისხმობდა.
- და თქვენ რომელს ანიჭებთ უპირატესობას.
- პასიანსს.
- და ამის მერე კიდევ მე ვარ მარტოსული? მეგობრებს არ ენდობით? არც საუკეთესო მეგობარი გყავთ? სულის თანაზიარი?
- არა. საუკეთესო მეგობარი კი იმიტომ ჰქვია, რომ ის შენი მეგობრებიდან საუკეთესოა. მეტი არაფერი. მე არ შემიძლია ვენდრო თუნდაც ბავშვობის მეგობარს, რომელზეც მხოლოდ და მხოლოდ კარგი მსმენია.
- იცით, გულგატეხილი თინეიჯერივით საუბრობთ. სულ ასეთი ფიქრებით ხართ მოცული?
- მხოლოდ მაშინ როდესაც აბაზანას ვიღებ, ან როცა კაიფში ვარ, ან მთვრალი. ახლა ნასვამიც ვარ და გასულიც. ნამდვილი ჯეკპოტია.
ვერანდაზე მცირეხნით დუმილი ჩამოვარდა. ორივე ზეცას გასცქეროდა.
- აქ წამოსვლას ჯობდა სახლში დავრჩენილიყავი. რთულია ოდესმე ცაზე გამოიჭირო ირმის ნახტომი. ჩემს ტელესკოპს ისედაც მტვერი დაედო.
- ცას აკვირდებით?
- დიახ, თვითნასწავლი მეცნიერი ვარ. ნუ ასტრონომი. ეს ჩემთვის იმდენად საინტერესოა, რამდენადაც ჩემს ცოლს არ აინტერესებს.
- არ გითქვმთ, რომ მეუღლე გყავდათ.
- მკითხეთ? აი, თქვენი ქმირს გვერდითაა. თავი ერთ ნამცხვარში აქვთ ჩარგული. ჩვენსავით ლამაზი წყვილია.
- ლამაზი სანამ დაქორწინდებიან, - ლუსის სახეზე ირონიამ გადაურბინა, - მიამბეთ რამე ცაზე, ვარსკვლავებზე და პლანეტებზე.
დარკომ აიღო ჟოლოს კრემით სავსე ჯამი და შიგნით ბურბონი ჩაასხა.
- დაყნოსეთ... თქვენ ახლა ჩვენი გალაქტიკის ცენტრში მოფარფატე ღრუბელი შეიყნოსეთ, - დარიენმა თითი გაიშვირა ვარსკვლავებით გაჩირაღდნებული ცისკენ, რომელზეც რკალად გამოსახულიყო პუანტიზმის შედევრი, - ესაა ირმის ნახტომი. ღრუბელში კი ეთილის ფორმიატია აღმოჩენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს გალაქტიკაში ჟოლოსა და რომის მძაფრი სურნელი ტრიალებს, როგორც ამ ჯამში მუხლებზე რომ გიდევთ.
- რა უცნაურია. ყველაფერი რაც არამიწიერია თითქოს აქ, დედამიწაზეც არსებობს უჩვეულო სახით.
- არ ცდებით. ადამიანიც კი მაკროკოსმოსის ანარეკლია. ჩვენ დაფერილი ვართ იმ ვარსკვლაური მტვრით, რომელიც შორეულ გალაქტიკებში არსებობს. ის ვარსკვლავებიც კი, რომლებსაც ახლა ვუცქერთ შეიძლება აღარც არსებობენ და არც ჩვენ ვარსებობთ მათთვის. ობიექტური რეალობაც ილუზიებითაა სავსე.
- რთული დასაჯერებელია, რომ ეს ყველაფერი თავისით შეიქმნა. ახლა ისე ხართ ტელესკოპში, რომ ჩაიხედოთ ღმერთი გამოგესახებათ.
- ღმერთს ცაში ნუ ეძებთ. ის აქ არის, ყველგან და ყველაფერში. მათ შორის მეც, თქვენც რაღაცით მას ვგავართ.
- ალბათ იმით, რომ მხოლოდ მაშინ მომმართავენ, როდესაც დახმარება სჭირდებათ.
- თუნდაც.
- თქვენში რაღაც პოეტურია... ალბათ ჩემმა მეუღლემ აქ თქვენთან ერთად, რომ დამინახოს...
- დაგვინახოს? დამერწმუნეთ, ოთახიდან ახლა არაფერი სჩანს. ისინი ამ შუშებში საკუთარ ანარეკლს ხედავენ, მათ გალეწილ, უშნო სახეებს. სწორედ ეს მიყვარს ღამეში. ღამით თეატრის ფარდები გამჭვირვალეა. ეს ფანჯრები მზის შუქზე ქალაქის ურბანულ პეიზაჟს ირეკლავენ, ახლა კი ღამეა და ჩვენ ამ ჭრელ ოთახში ხალხის ნეტარებაშეყინულ სიფათებს ვუყურებთ. ისინი შეიძლება ჩვენკენ იქციერებიან, მაგრამ მხოლოდ სკუთარ თავს, ოთახის სივრცეს ხედავენ, თითქოს შუშებში ვერცხლია ჩაღვრილი. სწორედ ეს მიყვარს ღამეში, ის გვახედებს საკუთარ სულში. დღისით თუ ამ ფანჯრებივით გარესამყაროს ავირეკლავთ, ღამით ჩვენი სულიერ სამყარო, ოთახი სხვებისთვისაც ხილვადია, რადგან მარტოობა ფიქრის საწყისია.
- იქნებ შუშები ჩამსხვრეულია.
- მაშინ დაუოკებელი სურვილი გიპყრობს, რომ გადახტე და სიცოცხლე დაასრულო. ადამიანის სული დედამიწის ყველაზე ღრმა ადგილია, ჩვენი საყვარელი დედებიც კი ინახავენ ბნელ საიდუმლოებებს. ეს ხალიჩის ქვეშ შეყრილ მტვერს ჰგავს. ჩვენ გვსურს გავიცნოთ ადამიანი, დავუახლოვდეთ, შევიცნოთ მათი სული და როდესაც ვინმე თავის საიდუმლოს გაგვიმხელს ვფიქრობთ: "ის გიჟია, ჯობს მოვშორდე", როდესაც თავად დღიურის ფურცლებსაც ვერ ვანდობთ ჩვენს ფიქრებს... ჩემთვის  ეჭვგარეშეა, რომ ერთადერთი, ვინც შეიძლება იცოდეს თუ როგორია ადამიანი სულის სიღრმეში, არის ღმერთი. უბედურება კი ისაა, რომ მისი არსებობაც საკითხავია.
- თქვენ გჯერათ მისი არსებობის?
- მე მწამს. აბსოლუტურად ყველაფრის ახსნა და დამტკიცება შეიძლება. ათეისტი იტყვის, რომ ღმერთი უბედური ხალხისთვის შექმნილი პლაცებოა, მორწმუნე შეეკამათება. გამონაკლისის გარეშე, ყოველთვის არსებობს საწინააღმდეგო აზრი, იმიტომ რომ ყველაფერი დამტკიცებადია.  ყოველ ფსევდომეცნიერებაშია სიმართლის მარცვალი. მთავარია არა ფაქტები, არამედ რწმენა.
მოსაუბრეთა მზერა ერთმანეთს შეეყინა. ისინი ერთმანეთისკენ გადაიხარნენ ორი ფოთოლივით, წვიმის წვეთი რომ დაამძიმებს. ხარბად სუნთქავდნენ ჰაერს და ბაგეებიდან ამოფრქვეული ალკოჰლური სურნელი ედებოდათ სახეზე. თვალებს ჩამოაფარეს ქუთუთოს ფარდა და მათი ტუჩები ერთმანეთს შეეწება...
მცირეხნით ვნების მორევში გადაეშვნენ, მერე ლუსიმ გამოსწია სახე.
- არა, არა, ეს ყველფერი... ზედმეტია. მაპატიეთ.
- მოიცადეთ ძვირფასო ლუსი...
ქალმა ვიტრაჟიდან დახუთულ ოთახში შეაბიჯა.
დალეშილ ქმარს მიუახლოვდა და თავი ნამცხვრიდან ააწევინა. იმავე ჟოლოს კრემში თავჩაქინდრულ ქალს შეავლო თვალი. გაუკვირდა, რომ არც დარკოს და არც ამ ქალს საქორწინო ბეჭედი არ ეკეთა. ლუსის უცნაური კაცის ფრაზები გონებაში უტრიალებდა: "ყველაფრის დამტკიცება შეიძლება... მთავარია რისი გწამს..." ლუსი ფანჯრებს გააცქერდა, საქორწინო ბეჭედი თითიდან მოიძრო და მეუღლეს ხახაში ჩათხარა. ქმარმა იატაკზე დაარტყა თავი.
იმავე მაგიდაზე გონებამიხდილმა ქალმა, რომელიც წესით დარეინის მეუღლე უნდა ყოფილიყო, ნამცხვრიდან აწია თავი. ფურთხებას მოჰყვა, ეტყობოდა მწარე გემო ახრჩობდა. ლიქიორი დაისხა და ერთიანად გადაკრა. ლიქიორს მხოლოდ ქალები სვამენ. დამთხვევა არ იყო, რომ ლუსისავით ამ ქალსაც გულის რევის შეგრძნება დაეუფლა. სააბაზანოს კარებს ეცა. ისევ ჩაკეტილი იყო. ვერანდაზე შლეგიანივით გავარდა და 42-ე ქუჩა საჭმლის ნარჩენებით მორწყა.
- თქვენ ნიღბის მოხსნა მაინც მოასწარით, - ჩაიცინა ფრაკგაყვითლებულმა კაცმა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები