ნაწარმოებები


“წერილების კონკურსი“     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე კონკურსების თემაში     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1517     * * *    

ავტორი: თაკო წულაია.
ჟანრი: პოეზია
16 მაისი, 2020


სიმცირე

შენთვის ეს სახლი პატარაა:
ორი კედელი არ გყოფნის, ოთხი გჭირდება.
ჭერიც გჭირდება,
ავეჯიც,
კარიც.
ვერ მოგატყუებ შარშანდელი სიტყვებით,
ისინი უკვე დახარჯული მაქვს...
ვიქექები შენს საფულეში
და ცარიელ ფურცლებს ვპოულობ.
და მერე ვიწყებ მათზე წერას,
შენ მიბრაზდები.

შენთვის ეს ტანიც პატარაა, რომელშიც ვცხოვრობ,
ეს ორი თვალიც პატარაა - ვერ ჩაეტევი.
ეს ორი მკლავიც პატარაა - ვერ მოგეხვევა.
ეს სიცოცხლეც პატარაა, რომელსაც გაძლევ.
შენ გჭირდება სტაბილურობა და მოთვინიერებული ქარიშხალი,
ფინიასავით გაწოლილი შენს ფეხქვეშ.
როგორ აგიხსნა,
რომ ჩემს სახლში ფარდებიც კი ლაპარაკობენ
და შემიძლია, მესმოდეს ყველაფრის
და შენი - არა.
როგორ აგიხსნა,
ყველაფერი უკვე მოხდა პირველად
და ისღა დაგვრჩა, რომ უნიჭოდ გავიმეოროთ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები