ნაწარმოებები


“წერილების კონკურსი“     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე კონკურსების თემაში     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1517     * * *    

ავტორი: ჯორდი
ჟანრი: პროზა
17 მაისი, 2020


რექვიემი 1

„ის მიდიოდა ქუჩაში ერთი,
 მას მიჰყვებოდა წვიმა და ქარი;
 მისთვის იმ წამში არ იყო ღმერთი,
 მისთვის არ იყო ქრისტე და ჯვარი“
                                              გალაქტიონი

                                            რეკვიემი 2

ცხელა, გაუსაძლისად ცხელა. უკვე შუადღეა, მზე ჯერაც არსად ჩანს, ღრუბლებს უკან იმალება, მაინც ცხელა. ღია ფანჯრებში ფარატინა ფარდებიც არ ირხევიან. ან კი როგორ შეირხევიან, როცა ჰაერის სიცხისგან მოთენთილი და მოდუნებული მოლეკულები ფიზიკის კანონებს იგნორირებენ და ბუნებრივი კონვექციის სავალდებულო პროცესსაც კი აღარ ასრულებენ.
ჩინეთს მაგონებს დახუთული ჰაერით და გაუსაძლისად მოსაწყენი დღეებით. ამბობენ, მზე ხალისის სტიმულატორიაო, ალბათ ამიტომაც ყველაფერზე ღიზიანდებიან და სულ ჯუჯღუნებენ ჩინელები რომ მზეს იშვიათად ხედავენ. ჩამოწოლილი სქელი სმოგის უკან გუმანით თუ მიხვდები მხოლოდ, დაახლოებით სად შეიძლება იყოს  მზის გავარვარებული დისკო, ესეც მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ წინასწარ დახედავ საათს  რომ დაახლოებით მაინც განსაზღვრო რომელ სეგმენტშია შესაძლებელი მისი „აღმოჩენა“. დღეში რამდენჯერმე იცვლი ოფლით გაჟღენთილ ტანსაცმელს, რომელიც ჩაცმისთანავე სველდება ისევ. გაჭირვებით უქცევ გვერდს ჩამწკრივებულ სავაჭრო ჯიხურებს და  ურიკა-დახლებს, ნახშირის ბრიკეტებზე საგულდაგულოდ დაბრაწულ მორიელებს და ვირთხებს, ძაღლის კბილებდაკრეჭილ თავებს, ჯერ კიდევ ცოცხალ გველებს, შენს თვალწინ რომ აძრობენ ტყავს  და ხმამაღალი ყვირილით იწვევენ მუშტარს, მიამიტ ტურისტებს, ყურებამდე რომ ჩამოუფხატავთ ფართო ფარფლებიანი, ფერად-ფერადი სომბრეროები თუ ბეისბოლის გრძელკეპიანი ქუდები. სასტუმროს გრილ ნომერში, ან სოკოებივით აგრერიგ მომრავლებულ, რომელიმე სოლიდურ რესტორანში თუ მოითქვამს კაცი  სულს. გარეთ კი ქაოსია, ყვირილი, ყაყანი, ბილწსიტყვაობა. ისევე როგორ ჩვენთან...თუმცა, უცნაური კია, ჩვენ ხომ უმზეობას არ ვუჩივით. მაღალმა ღმერთმა, ამ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნისთვის,  სტიმულატორებისგან გაფილტრული, სტერილიზებული სხივები თუ გაიმეტა სამადლოდ, მხოლოდ.
  სამზარეულოსკენ მივბარბაცებ, ლუდის დიდ კათხას ცივი წყლით ვავსებ, ბოთლის ძირში მორჩენილ, შემჟავებულ ღვინოს ვამატებ და ხარბად ვსვამ. წყურვილს მიკლავს, მაგრამ დროებით. რამდენიმე წუთში ეს სითხეც ოფლის სახით გაიწოვება გახუნებული, ბამბის მაისურის ბოჭკოებში, ტანზე რომ მეწებება დუბლეტი კანივით.
ტახტზე ვწვები გულაღმა, დიდხანს ვუყურებ ჭერს, მისხალ-მისხალ რომ მაქვს შესწავლილი და გამოკვლეული, დახეთქილ ბზარებში ვცდილობ რაიმე საინტერესო გამოსახულება გავარჩიო...თავბრუ მესხმის, თვალებს ვხუჭავ და სახეზე რაღაც ტილოს ვიფარებ, რაც ხელში მხვდება, ალბათ იმას, ცოტა ხნის უკან მტვერი რომ გადავწმინდე მაგიდიდან.
  თითქმის ერთი თვეა რაც ჩამოვედი. ცოლშვილი დიდი ხნის „გაევროპელებული“ მყავს. მე კი იმ „ახალი“ ქართველებისგან განსხვავებით, ერთ მშვენიერ დილას რომ გამოეღვიძათ და პირის დაბანისთანავე მიხვდნენ,  ძირძველი ევროპელები არიან თურმე, (თანაც გარკვეულად და კონკრეტულად: ერთნი ალბათ ფრანგული, მეორენი ბრიტანული ფესვებით...) ისეთივე აზიელად დავრჩი, როგორიც გამაჩინა განგებამ ოდესღაც, დიდი ხნის წინათ, როცა გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა.
„იქ“ ვცხოვრობ, მაგრამ ჩემი გონება სულ აქეთაა -  პლეხანოვზე, თავისი ლუდხანებით თუ სახინკლე-სახაშეებით, თითქმის ყოველ მეორე სარდაფში რომ იყო განთავსებული, ძველ მუშთაიდში, ბებერი ხეების ჩრდილში თუ საბილიარდოში, თამბაქოს ბოლი, ტყვიისფერი, მძიმე ღრუბელივით რომ იყო ჩამოწოლილი, ისეთი, თუ მოისურვებდი ზედ საფერფლეს რომ შემოდგამდი კაცი.
ვიხსენებ ნაცნობ და უცნობ სახეებს, ვიხსენებ მათ ნათლობის თუ მეტსახელებს. ხშირად ვჯდები სადმე კუთხეში, დაორთქლილი კათხიდან ვწრუპავ  ცივ ლუდს, თვალებს ვხუჭავ და ვიგონებ ოცდაათ კაპიკიან, წყალგარეული ლუდით, „გვარდიულად“ პირამდე გალიცლიცებულ მინის მძიმე კათხას, ლოყებღაჟღაჟა მიტოს, ცოლშვილს რომ იფიცებდა, კასრი ეს ესაა გავხსენი და წვეთი წყალი არ დამიმატებიაო, ჯერ...
  სევდა მეძალება, თამბაქოს ბოლივით რომ ჩამოწოლილა, როგორც იმ საბილიარდოში და სულს მიხუთავს. მენატრება ყველაფერი რაც უკან დარჩა, ასე სწრაფად რომ ჩაირბინა და ნაცრისფერ ნისლში გაუჩინარდა. ჯიუტად ვიცქირები უკან, ხელებს ვაფათურებ, ვცდილობ გავარჩიო რამე, გავიხსენო, უკან დავაბრუნო, ხელით შევეხო...
ძველი მეგობრებიდან თითქმის აღარავინ შემომრჩა. ერთნი „პერედოზიროვკით“ დაიღუპნენ, მეორენი ლოთობით, სხვები ავადმყოფობით. ვინც ცოცხალია, იმათაც ვეღარ ვხედავ,  ან „მოუცლელები“ არიან ან სახლში სხედან, საეჭვო წარმოშობის, თვითნახად ჭაჭის არაყს სვამენ, აცეტონის „საამო სურნელი“ რომ დაჰკრავს და გარეთ გახედვის ხალისიც აღარა აქვთ. ფანჯარასთან ზიან, მოთმინებით ელოდებიან ცოლის დაბრუნებას სანოვაგიანი ჩანთით,  უსიტყვოდ ისმენენ გაუთავებელ ბუზღუნს... მერე, გემრიელად შეექცევიან ღორის ქონში შებრაწულ კარტოფილს, დააყოლებენ ჭიქა არაყს და ტელევიზორის წინ მოიკალათებენ რომ არ გამოეპაროთ მორიგი უკბილო ანეკდოტები.
  -ყველას ჩემსავით ბაიყუშობის სინდრომი თუ შეეყარა. - ოდესღაც, იმ კეთილ დროს, მეხსიერებაში რომ გაიბჟუტებს ხოლმე ბუნდოვნად დროდადრო, რომელიმე ჩვენგანს, გაცრეცილი თუმნიანი თუ აღმოაჩნდებოდა ჯიბეში, დღესასწაული იყო, ყველას გვიხაროდა, დღეს კი, ეს ოხერი, ბლანტი  ბოღმა და შური დაგროვებია ყველას, სულშიც და გულშიც, წარმატებულების შურთ, რატომ მეც არა მაქვსო, მაგრამ თვითონ თუ მოახერხეს რაღაც მაქინაციებით, რაიმე ქონების დაგროვება, მერე უკვე  ბოღმა აღრჩობთ, სხვებსაც რატომ აქვთო...
  მაინც აქეთ მირჩევნია. შეძლებისდაგვარად ხშირადაც ჩამოვდივარ. აღარავინ მელოდება... მაინც ჩამოვდივარ.
ხშირად თავს ვიდანაშაულებ და ვნანობ, იმ ავადსახსენებელი წლების ქაოსს რომ ვერ გავუძელი და ვირთხასავით გავიქეცი ქვეყნიდან, ეს ხომ იგივეა რაც ავადმყოფი მშობლის მიტოვება...ფარ-ხმალის დაყრა და ბრძოლის ველიდან გაქცევა...იქნებ სჯობდა მეც მომეთმინა ეს ყველაფერი, მივყოლოდი დინებას, სხვებივით...- ან  მეც იარაღი ამეღო ხელში...- მაგრამ რომ არ ვიცოდი ვის გვერდში დავმდგარიყავი? - ვისთვის მესროლა? - იმ გონებაამღვრეული ახალგაზრდებისთვის, კრიმინალური წარსულის მქონე პოლიტიკანების ხუშტურებს აყოლილი რომ ბობოქრობდნენ? - თავის დროზე „ყვარყვარე“ ჭაჭიას ვერ დავახალე ტყვია, ჩემს დირექტორს, ერთ მშვენიერ დღეს რომ გამომიცხადა, მე, ჩემი ოფლით და დანაზოგით აწყობილი წარმოების უფროსს, სააქციო საზოგადოებად დავრეგისტრირდით და დღეიდან ყველა აქციის მფლობელი, მე და ჩემი როსტოველი პარტნიორი ვართო.
ჰოდა, იმის ნაცვლად რომ ცხვირიდან ამომედინებინა ეს სიტყვები, მივაფურთხე ყველაფერს და გავიძურწე აქედან. არა, შიშის გამო კი არა... პირიქით, რომ რომელიმე მომენტში არ გამწყდომოდა მოთმინების ძაფი და არ ჩამედინა ის, რაც მთელი ცხოვრება სანანებლად დამრჩებოდა.  შიშის განცდა ყველა ნორმალურ ადამიანსა აქვს, არც მე ვარ გამონაკლისი, მაგრამ როცა გული ბოღმას ვეღარ იტევს, თავში ავარდნილი ადრენალინით გაჯერებული სისხლი დოპინგივით მოქმედებს,  თრგუნავს შიშის იმპულსებს და აგზნებული თავის ტვინი, თავდაცვის რეფლექსის ნაცვლად, თავდასხმისა და აგრესიის, შურისძიების ბრძანებებს გასცემს. ესაა სტადია, როცა საღი აზრი იგნორირებულია სრულად.
  ძველი ამბავი მაგონდება შიშთან დაკავშირებით...- ახალი გაწვეულეი ვიყავი ჯარში, მაშინდელ საბჭოთა არმიაში. საველე კავშირგაბმულობის სასწავლო ბატალიონში მოვხვდი. ჩემს გარდა კიდევ ექვსი ქართველი იყო,  თბილისელები ყველა. ექვსთვიანი კურსის გავლის შემდეგ, თვლიდნენ რომ კურსანტები უკვე სრულფასოვან სპეციალისტებად ყალიბდებოდნენ და ანაწილებდნენ სხვადასხვა სამხედრო შენაერთებში. სწავლებაც და დღის რეჟიმიც იმდენად დატვირთული და ინტენსიური იყო, რომ დაღლილობისგან ზეზეურა გვაკანტურებდა ყველას. შუა გაკვეთილის დროს კაფანდარა კაპიტანი ბერგმანი, თავმოტვლეპილი ებრაელი, ვილჰელმ მეორესავით, სასაცილოდ აპრეხილი ულვაშები რომ ჰქონდა, ტირისტორების თვისებების ახსნა-განმარტებას წყვეტდა, საცოდავად მბჟუტავ კურსანტებს  თვალს შეავლებდა,  და ხმადაბლა, დამარცვლით იწყებდა: Внимание, приказ только для тех курсантов, которые спят...- ფილტვებს ჰაერით ბოლომდე შეივსებდა და მთელი ხმით იყვირებდა:  -Bстать!
მექანიკურად ფეხზე წამოიჭრებოდა სულ ცოტა, ოთხი ხუთი კურსანტი, სმენაზე გაჭიმულები, დაბნეულები აცეცებდნენ ნამძინარევ თვალებს. დანარჩენები, ვისაც ამჯერად გაუმართლათ და მათ შორის არ მოხვდნენ, მთელი ხმით ხარხარებდნენ და ხელის ზურგით იმშრალებდნენ ცრემლმომდგარ თვალებს. (სხვების დაცინვა ხომ სიამოვნებას გვანიჭებს ყველას!?)  დასჯილები ფეხზე რჩებოდნენ გაკვეთილის ბოლომდე, ჩვენ კი თვალებდაჭყეტილები ვიჯექით, ვცდილობდით მათ მსგავსად დაცინვის ობიექტები არ გავმხდარიყავით. 
პირველი სართულის ფლიგელში სამეურნეო მომსახურების ოცეული იყო განთავსებული თავისი იერარქიით, „სალაგებიდან“ დაწყებული, ეგრეთწოდებულ „დემბელებამდე“. სასწავლებლის კონტინგენტი ყოველ ექვს თვეში იცვლება, ამიტომ ჩვენც „სალაბონებს“ გვეძახდნენ. ვისაც გამოვლილი აქვს ჯარი, კარგად იცის როგორ დამცირებას იტანენ ახალწვეულები, კეფაში წამორტყმით დაწყებული, უმოწყალო ცემით დამთავრებული. ეს ჩვეულებრივი ამბავია და ოფიცერთა შემადგენლობაც თვალს ხუჭავს ამაზე, თვლიან რომ ეს ხელს უწყობს გარნიზორში წესრიგის დამყარებას. (დაახლოებით ისევე, როგორც ციხეებში ხდება, როცა ადმინისტრაცია პრივილეგირებულ პირობებს უქმნის ქურდებს, რომლებიც თავის მხრივ სასტიკად უსწორდებიან „რიგით“ პატიმრებს და მათგან უსიტყვო მორჩილებას მოითხოვენ).  ახალბედები მოთმინებით იტანენ ყველაფერს, ყოველ ექვს თვეში თითო საფეხურით იწევენ ზემოთ, უფრო თავდაჯერებულნი  ხდებიან, უფრო უხეშები და უტიფრები, უფრო სასტიკნი ქვემდგომთა მიმართ. ჯერ „სლონები“ ხდებიან (სლონი არ ნიშნავს სპილოს, ესაა აბრევიატურა უხამსი წინადადების, რომელიც ცენზურით დაახლოებით ასე  იშიფრება: ჯარისკაცი, რომელსაც უყვარს დიდი ტვირთის ზიდვა),  მერე „სტარიკი“, „ძედი“ და ბოლოს ღებულობს „დემბელის“ საპატიო“ წოდებას, ზუსტად იმ დღიდან როგორც კი გამოვა თავდაცვის მინისტრის ბრძანება დემობილიზაციის შესახებ და ცნობილი გახდება თადარიგში დათხოვნის საწყისი თარიღი. ამ დღიდან მოყოლებული დაახლოებით ორი თვის განმავლობაში აღარ ასრულებენ სავალდებულო მოთხოვნებს, მხოლოდ ოფიციალურად ითვლებიან ჯარისკაცებად,  ახალწვეულებს ავალდებულებენ საუზმე საწოლში მიართვან, ბათინკები გაუპრიალონ, უნიფორმა გაურეცხონ...
სამსახურს იწყებენ როგორც დამფრთხალი ბაჭიები და ამთავრებენ როგორც მუყაოს ლომები. სახლში ბრუნდებიან ოქროსფერი აქსელბანდებით,  მკერდზე ათასგვარი თითბერის ზიზილპიპილებით, სვამენ ბრაგას და დაუსრულებლად ყვებიან ლეგენდებს თუ როგორ გულაობდნენ ოფიცრების ცოლებთან, გენერლის ქალიშვილებთან...
ჩვენს შემთხვევაში არასტანდარტული ვითარება იყო, რამდენადაც კონტინგენტი სისტემატურად იცვლებოდა. მხოლოდ პირველი სართულის ფლიგელში იყო განთავსებული მომარაგება-მომსახურების ასეული, რომელიც სინამდვილეში სადღაც ოც-ოცდახუთ ჯარისკაცს ითვლიდა მხოლოდ. ჩვენ შორის გარკვეული დისტანცია იყო და მაინცდამაინც არ გვაწუხებდნენ, თუმცა არც მომენტს უშვებდნენ ხელიდან, რომ რამე დაევალებინათ, თუკი რომელიმე კურსანტს მოიხელთებდნენ მარტო.
ერთ დღეს სართულის მორიგე ვიყავი, დროებით შემცვალეს და სასადილოში გავრბოდი სადილზე. უკან სწორედ ეს ზემოთ ხსენებული ოცეული მომყვებოდა. წინა რიგები მწყობრი ნაბიჯით, უკან  სტარიკები მოაფრატუნებდნენ. ის იყო სასადილოს პირმაღზე ავედი რომ უკან ვიღაცამ იყვირა:
-Cтоять, cалага! Старики идут!
ერთერთმა ახალბედამ, წინა რიგიდან, „სტარიკებისთვის“ რომ ეამებინა, ორიოდე ნაბიჯი ამოირბინა და ჩექმის ქუსლში წამომკრა ფეხი. ეს გამოცდილი მეთოდია, ფეხს შენსავე ფეხს წამოსდებ და მთელ სიგრძეზე გაიშოტები, მაგრამ სულ რაღაც ნახევარი წამით შეაგვიანდა. ფეხი ამერია, წავიბორძიკე, მაგრამ მყისვე აღვიდგინე წონასწორობა. ქუსლზე შემოვტრიალდი და ვთხლიშე სახეში...სიტყვა „ვთხლიშე“, ძალიან ხმამაღლა ნათქვამია, ძლივას მივაწვდინე მუშტი ლოყამდე, მაგრამ ის უკან გადაიხარა, თუ გადახტომა დააპირა, ფეხქვეშ საყრდენი რომ ვეღარ იპოვა, ზურგით გადაეშვა კიბეზე და რა თქმა უნდა ექვსიოდე ჯარისკაცი, ვისაც კი კიბეზე ჰქონდა შემოდგმული ფეხი, თან გაიყოლა დომინოს პრინციპით. ეს ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა,  ნებისმიერ მნახველს აფიქრებინებდა რომ ერთი დარტყმით ათიოდე კაცი გავაცურე ზურგზე, მაგრამ მე თვითონ ხომ ვიცოდი რომ ეს მხოლოდ კიბის საფეხურების დამსახურება იყო და არა ჩემი. სხვა ვითარებაში ის მეტიჩარა ჯარისკაციც კი არ წაიქცეოდა ვისაც ხელი დავარტყი.
  ერთხანს ყველა დაიბნა, მერე არეულ ჯოგს, რომელსაც ვერ გაეგო რა მოხდა და უწმაწურად, უმისამართოდ იგინებოდა, ორი მათგანი გამოეყო, შუბლზე ჩამოშლილი ქოჩორით და გაღეღილი საყელოთი მიხვდებოდი, სტარიკობაზე რომ ჰქონდათ პრეტენზია და კბილების ღრჭიალით წამოვიდნენ ჩემსკენ. მარცხენა ხელი ქამარზე ჩამოკონწიალებულ ქარქაშს მოვკიდე, მარჯვენათი კი მოკლე ხიშტ-დანის ტარი ჩავბღუჯე... ამოღება აღარ დამჭირვებია, მალევე მიხვდნენ, თუ ამოვიღებდი არც მოქნევას დავიზარებდი. თვალების ბრიალით გაჩერდნენ ჩემგან ორ ნაბიჯში... კარები გამოვაღე და აუჩქარებლად შევედი შიგნით . - მწარედ ინანებო, კბილებში გამოსცრეს და დამადევნეს მუქარა...
დღესაც ვფიქრობ და ვეკითხები საკუთარ თავს, რომ არ შემდგარიყვნენ ვიხმარდი დანას? - არადა ხომ არც თავს გავალახინებდი, მძიმე კირზის ჩექმების მონაწილეობით,... პირზე შემხმარი ზრდილობიანი ღიმილით...
ყველაფერმა ისე უცებ ჩაიარა, შიში არ მიგრძვნია, არც საკმარისი დრო მქონია  ამისთვის, ისე სპონტანურად მოხდა. მაგიდას მივუჯექი, მათგან ზურგით, ვცდილობდი აღელვება არ შემტყობოდა, ბორშჩი ნაჩქარევად შევხვრიპე  და ყაზარმაში დავბრუნდი. მომდევნო დღეებში ვფრთხილობდი, ვერიდებოდი ისეთ ადგილებს, სადაც შეეძლოთ ჯგუფურად გამსწორებოდნენ, ესენი ხომ მაშინ არიან გულადები როცა ბევრნი არიან, ერთი ერთზე კი დარწმუნებული ვიყავი, არავინ წამოიწყებდა ჩემთან ჩხუბს. წამოიწყებდა და პასუხსაც ისეთს მიიღებდა, ცოტა ნამდვილად არ მოეჩვენებოდა. ერთ დღეს, სადილის შემდეგ, როცა თავისუფალი საათი გვქონდა, სიგარეტის მოსაწევ სკვერში, ერთი მათგანი გამომელაპარაკა, ტოლიკა ერქვა, სატვირთოს შოფერი იყო. ერთი მწითური ახმახი, კარტოფილივით ცხვირით და ბრიოლინით გაპოხილი, ცეცხლისფერი თმებით. იმ დღეს მე ქალაქში ვიყავი და  რა მოხდა მომიყევიო, მითხრა. - არაფერი, კიბეზე დაუცდათ ფეხი და ერთმანეთი წააქციეს მეთქი.
- ფრთხილად იყავი, სალაგა ხარ და ეგეთ რამეს არ გაპატიებენო.
-მადლობა, დროულად რო გამაფრთხილე მეთქი, ვუპასუხე და წკიპურტით მოვისროლე სიგარეტის ნამწვავი ურნაში. - ერთი ღერი კიდევ მთხოვა და დურგლის ფანქარივით გაიჩხირა ყურს უკან.
-მე ყოველდღე გავდივარ ქალაქში და რამე თუ გინდოდეს არ მოგერიდოს, მითხარი და გიყიდიო, - მეუბნება.
პროდუქტებს და ათას წვრილმანს ეზიდებოდა ცენტრალური საწყობიდან, რაღაც ათიოდე კილომეტრზე რომ იყო სამხედრო ქალაქის მიღმა. გზად მაღაზიასაც ჩაუვლიდა და მისთვის ეს არავითარ პრობლემას არ წარმოადგენდა.
ფეხზე წამოვდექი, მაინცდამაინც ნდობას არ იმსახურებდნენ მისი ახლოახლოს ჩამჯდარი, უფერული თვალები. ერთხანს ვყოყმანობდი, მერე ჩავიქნიე ხელი (ფიცის მიღებამდე ჩვენ გარეთ არ გვიშვებდნენ) და თბილისიდან შემორჩენილი უკანასკნელი თუმნიანი ამოვიღე ჯიბიდან.
-სამი ბოთლი ღვინო იყიდე, ერთი შენთვის დაიტოვე, ორი მე მომიტანე თავისი ხურდით მეთქი. მანეთი და ოცი კაპიკი ღირდა ბოთლი.
ფული გამომართვა და ჯიბეში გააქანა.
-დღეს საღამოსვე მოგიტანო,- შემპირდა.
მე ბიჭები გავაფრთხილე, საღამოს ღვინო მექნება, „კაპტიორკაში“ ჩავიკეტოთ და ცოტა გავიხალისოთ მეთქი საღამო.
ვახშმის შემდეგ ჩავაკითხე. ჩექმებიანა ნებივრობდა საწოლზე. - დღეს უკვე დაკეტილი დამხვდა მაღაზია და ვერ მოვიტანეო.- შორიდანვე მომაძახა. - გული დამწყდა, ხო ვიცი, ბიჭები მელოდებიან, ტუჩებს ილოკავენ...
მეორე დღესაც მომატყუა. ასე გავიდა რამდენიმე დღე. ვხედავ თავსაც მარიდებს. გული ბოღმით მევსება. ბიჭებს ვაგროვებ, მოდი ერთად ჩავიდეთ  იმათ ყაზარმაში და დაველაპარაკოთ მეთქი...სუყველამ შორს დაიჭირა თავი, სტარიკები არიან, ჩაგვიკეტავენ კარებს და სუყველას მიგვბეგვავენ, გიჟი ხარო, - მითხრეს.
-საჩხუბრად ხომ არ მივდივართ, ბიჭო, მემალება, ეხლა ყაზარმაში იქნება და უბრალოდ დაველაპარაკები მეთქი... - მოსმენაც კი არ უნდა არავის, არადა ღვნო რომ ვუხსენე, ყველანი საათზე დაიყურებოდნენ მთელი დღე და სიხარულისგან კუნტრუშებდნენ.
  კურსანტები ორასი კაცი ვართ, ეგენი კი დიდიან პატარიანად სულ ორი დუჟინი ხალხია, საქმე საქმეზე რომ მიდგეს ჩვენს დაკრულზე უნდა ცეკვავდნენ, რა თქმა უნდა, თუ ჩვენ არ ვიქნებით ქვეშაფსიები. - ვუთხრა? - მომისმენს კი ვინმე?...მარტო წავედი „კურილკისკენ“.
-მომაწევინებ? -ხელი დამადო ვიღაცამ მხარზე.
კალო იყო, მოლდაველი ბოშა. არწივისებური ცხვირი ჰქონდა და შავი, მეტყველი თვალები. ჩვენი ბატალიონიდან იყო, ოღონდ სხვა ოცეულში, საიდუმლო ინფორმაციის გაშიფვრას სწავლობდა. პირველად რომ ვნახე, მაშინვე მივხვდი ბოშა იქნება მეთქი და გული დამწყდა რომ თმები მასაც გადაპარსეს, გრძელი ხუჭუჭი თმები ექნებოდა ალბათ, ყორნისფერი.
  სიგარეტი მივაწოდე... გვერდით მომიჯდა, მხარზე წამომარტყა ხელი.
-შენი ამბავი ვიცი, ჯონიმ მომიყვა... და კიდევ ისიც მითხრა რომ შტერი ხარ.
-შენც ეგრე ფიქრობ?
-არა, მე ეგრე არ ვფიქრობ, შტერი არა ხარ, მაგრამ გიჟი კი ნამდვილად ხარ. - კეთილად მიღიმის, ალალი ღიმილით. - სიგარეტი მოქაჩა და ბოლი რგოლებად გამოუშვა. - ისე, ზომიერი სიგიჟეც არა მგონია ცუდი იყოსო, დაამატა.
-ჯანდაბას ყველა და ყველაფერი.
-მე წამოგყვები, გინდა?
-შენ?
-ჰო, რატომ გაგიკვირდა?
-რა ვიცი ისე.
-მე ვიცი რატომ,... შენები რო არ მოგყვებიან...
-დაივიწყე, მე თვითონ მოვაგვარებ ჩემს პრობლემებს.
-შენ კაი ტიპი ჩანხარ.
-არც ისეთი შენ რო გგონია.
-ჰო, შეიძლება...მაგრამ მაინც გამოგყვები.
-შენი სახელი ნიშნავს რამეს?
-კალო შავს ნიშნავს, შავგვრემანს, რა ფერიც დავიბადე სახელიც ისეთი შემარქვეს.
-მე მომწონს, კარგად ჟღერს.
-შენზე მომიყვნენ, მაგარი მუშტი აქვსო, მართალია?.
-არ დაიჯერო, ეგრე არ ყოფილა, ერთი წაიქცა, კიბეზე დაუსხლტა ფეხი... ჰოდა, სხვებიც თან გაიყოლა.
-მაინც მაგარი ხარ, სხვები ეგრე არ იზამდნენ.
-შენ როგორ მოიქცეოდი?
-მე მგონი, ისევე როგორც შენ... - როდის გინდა რომ ველაპარაკოთ?
-მე თვითონ მოვაგვარებ მეთქი, ხო გითხარი.
-ორნი უკეთ მოვაგვარებთ.
-მე ჩხუბს კი არ ვაპირებ, დალაპარაკება მინდა, მაგრამ შეიძლება მცემონ  კიდეც...შენ თუ წამოხვალ, შენც მოგხვდება, ორივეს ერთად გვცემენ ...თანაც დაუნდობლად...ხომ იცი...
-მაინც წამოგყვები...- მშვიდად მეუბნება, თითქოს სანაყინეში წასვლაზე ყოფილიყოს საუბარი.
მინდა თავზე გადავუსვა ხელი, გადახოტრილ თავზე, ერთი თვის უკან გრძელი, ყორნისფერი ხუჭუჭი თმით რომ ჰქონდა დაფარული.
-კარგი, თუ არ იშლი გამომყევი, მაგრამ ერთი პირობით: იმის საწოლი კარებთან ახლოსაა, ვეცდები ისე დავდგე რომ ზურგიდან ვერავინ მომეპაროს, შენ კარებს ხელით დაიჭერ და ჭრილში დადგები, გაუშვი იფიქრონ რომ გარეთ სხვებიც დგანან და შენს სიგნალს ელოდებიან. თუ დაინახავ რომ საქმე გამწვავდა, უბრალოდ გაიქცევი, გასაგებად აგიხსენი?
-მე არსად არ გავიქცევი, ჩვენ ერთად შევალთ და ერთად გამოვალთ,  გასაგებად აგიხსენი? - გამომაჯავრა და თეთრი, საღი კბილები გამოაჩინა...ყელში ბურთივით გამეჩხირა რაღაც, მისი გახეთქილი ტუჩებიდან ჩამოდენილი სისხლით შეფერილი კბილები რომ წარმოვიდგინე.
ჩექმის ყელიდან თვითნაკეთ დანას იძრობს და მაჩვენებს. წვრილი პირი აქვს და ძალიან მახვილი წვერი, ხერხის პირისგან თუ გააკეთა.
-ეს მე მომეცი ყოველ შემთხვევისთვის.
კალომ დანა მომაწოდა  და ორაზროვნად გაიღიმა, მეორე ჩექმის ყელზე მოიტყაპუნა ხელი.
-მეორეცა მაქვს, ბოშა უდანოდ იგივეა რაც უხელოდ...
-თუ საქმე ძალიან გამწვავდა, შეგიძლია ამოიღო, მაგრამ მხოლოდ შესაშინებლად, ხმარება არ გაბედო, შევთანხმდით?
-იმედია იქამდე არ მივა საქმე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები