ნაწარმოებები


“წერილების კონკურსი“     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე კონკურსების თემაში     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1517     * * *    

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
17 მაისი, 2020


ზიარჭურჭელი

წუხელ ჩემი მეგობარი ლიკა ყიფშიძე ფეისბუქზე წერდა, ბებიის დაზრდილი შვილიშვილები თავისებურად თამამები არიანო. იქ კომენტარის წერას შევყევი საკუთარ მაგალითზე და რომ მოვილიე, გამახსენდა. რომ სწორედ ამ თემაზე ძველად ლექსიც მქონდა. 
ვერ მივაგენი.
ახლა ვიპოვე.
ჯერ კომენტარს ვდებ, შემდგომ ლექსს.

“მე ვარ ჯერ ერთი და მერე - მეორე ბებიის გაზრდილი, დედაჩვენს უფროს დად აღვიქვამდით და-ძმანი.
დაბადებიდან მეშვიდე კლასამდე მთლიანად მამის დედამ გამზარდა და მანერებს, რეჟიმს, მკაცრ თვითდისციპლინას, საოჯახო საქმიანობას, მომჭირნეობას, სამართლიანობას დამაჩვია.
ამის მერე
დედის დედამ დამარწმუნა, რომ ეს ყველაფერი - არაფერია, მთავარია შინაგანად იყო თავისუფალი და თავი არ დახარჯო გარეგან რაღაცეებზე, გემრიელად, ის და იმდენი ჭამო, რაც გაგიხარდება და ადამიანები ისე გიყვარდეს, შენკენ მოუხაროდეთ და ასეთი რამეები.
სამართლიანობას რაც შეეხება, არც ეს მიაჩნდა მნიშვნელოვნად.
ადამიანები ცოდოები არიან, მკაცრად არ უნდა მიუდგე, უფრო მოწყალებით სჯობიაო.
დღეს იყავი ბედნიერი და ეცადე, შენი ბედნიერება და ხალისი რაც შეიძლება ბევრს გააწვდინო ირგვლივო, ხვალისთვის არაფერი შეინახო, იქნებ არც გათენდესო.
    პირველი ბებია წასაკითხ წიგნებს დიდი სიფრთხილით გვირჩევდა, წაკითხვის დროს და ფურცლების რაოდენობას მკაცრად გვაცვევინებდა,
  მეორე ბებიამ ყველაფერზე მიგვიშვა, გინდა დაიძინეთ, გინდა არ დაიძინოთ; გინდა შემოდით, გინდა გადით;
სკოლაში წასვლა გინდათ? წადით!
არ გინდათ? ნუ წახვალთ!
გინდა დეკამერონი იკითხეთ, გინდათ “ნიანგის” ბიბლიოთეკის გამოცემები, თუ გინდათ, სულ ნურაფერს წაიკითხავთ, ცოტა ხანში მიხვდებით, რა გირჩევნიათო.
პირველი ბებია ყველასთან სათამაშოდ არ გვიშვებდა, მეშვიდე თაობამდე ყველაფერს დააზუსტებდა ხოლმე,
მეორე ბებიას უსტუმრებოდ არსებობა, უბრალოდ, არ შეეძლო და ცა ეხსნებოდა, ჩვენი ამხანაგები რომ მოდიოდნენ.
ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს, რომელი ბებია გვერჩია.
ხოლო რა შედეგს იძლევა ასეთ ორ, რადიკალურად განსხვავებულ გარემოში ბავშვის აღზრდა, თავად შეგიძლიათ განსაჯოთ და დაასკვნათ.”

ნინო დარბაისელი

ზიარჭურჭელი
- - - -

კარგია, როცა ბავშვი ერთის ხელში იზრდება.
მე კი ორი ბებია მყავდა,
ერთი - გამზრდელი და მეორე - გამართობელი.

პირველი:
,,- ქალი საწოლიდან რომ წამოდგება,
ქვეშაგებს ერთი ნაკეციც კი არ ემჩნეოდეს!
მუხლი დაფარე,
მხრებში გასწორდი,
ნუკი გადმოყრი მაგ სავაშლე კბილებს უტიფრად,
თუ გეცინება, გაიღიმე!
შუბლშეჭმუხნული
დაძარღვულ მუშტს ზეაღმართავდა,
ან საჩვენებელ თითს ჰაერში შემოიქნევდა:
,,_ ყველაფერს თავის ადგილი აქვს,
თავისი დრო,
დაიმახსოვრეთ,
ამ მიდამოში უჩემოდ კენჭიც არ გადაბრუნდეს!

ხანდახან,
თავის დარგულ ვარდებს რომ შეხედავდა,
რაღაც,
სიჩვილისმაგვარივით მოერეოდა.
,,- მერმის ამ დროს თუ ცოცხალი დავრჩი...“-
- იტყოდა ხოლმე
და გარეგნულად მორჩილ ბავშვებს,
ო, რა სასტიკი იმედები გვეძლეოდა
,,მერმისამდროსი’’!

(გვიან გავიგე,
მაგრამ დღემდე მაინც არ მესმის,
დაძინებულებს რატომ გვკოცნიდა).

გამართობელი, - დედის დედა,
ზაფხულის ბაბო,
პომადიანი,
,,დადუხული’’ ,
როგორც ამბობდნენ, მიწის არ იყო.
სახლი რომ ძაან აერეოდა,
მეზობლის ქალებს მოიხმობდა,
თვითონ ბანტიან გიტარაზე ათამაშებდა
კოტიტა თითებს
ან წიგნით ხელში
სარწეველაზე მითვლემილი იღიმებოდა.
გაიღვიძებდა და იმ ქალებსაც გააზანტებდა:
,,- გეყოფათ ახლა,
ნამეტანსაც ნუ გადაყვებით! ‘’
ტახტზე მიწოლილს
კნუტებივით სულ ზედ ვეკვროდით.

არკი იმჩნევდნენ,
მაგრამ ვგრძნობდით,
სინამდვილეში,
ერთმანეთს როგორ ვერ იტანდნენ.

ჩემს ატირებას რა უნდოდა!
როცა ტოლები გულს მატკენდნენ,
ის, მკაცრი ბაბო
ხმაში ტყვიას ჩაისხამდა:
,, - მეორედ ასე,
თვალცრემლიანი არ დაგინახო,
ერთი ჩაგარტყა?!
ისეთი ხურდა დაუბრუნე,
აღარ მოუნდეს!’’

ჩემს ატირებას რა უნდოდა!
მეორე ბაბო:
,,- რა მოხდა, მერე,
თამაშია,
ხან შენ ატკენ,
ხან - შენ გატკენენ.
მოიწმინდე აწი ცრემლები,
გაიზრდებით და ქორწილამდე დაგავიწყდებათ''.

ჩემი ბავშვობის ძველი ბუდე - აი, ეს არის!
კარედებიან ამ სარკეში,
საუკუნეა, არ ჩამიხედავს:
ერთის - ანფასი, ერთის - პროფილი,
ერთის - ნიკაპი, ერთის - თვალები,
ხასიათი - ზიარჭურჭელი.
(ერთმანეთს როგორ ვერ იტანდნენ!)

ჩვენ სიკვდილამდე
უფროსებად გადაცმული ბავშვები ვართ:
მეც,
თქვენც,
ყველანი.

როცა არ ვიცი,
როგორ მოვიქცე,
გარდაცვლილთა ხმებს ვაყურადებ:

,, რა მოხდა, მერე...
...მეორედ ასე,
თვალცრემლიანი არ დაგინახო!“

სარკეში -
- ნინო მოქსუტუნე -
- ლოყებს იწმენდს და იღიმება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები