ნაწარმოებები


“წერილების კონკურსი“     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე კონკურსების თემაში     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1517     * * *    

ავტორი: თინა ნიკოლ
ჟანრი: პროზა
18 მაისი, 2020


გაუგზავნელი წერილები (*)

დღეს მურია გაქრა...
დილით აღარ დამხვდა. თოვლში პატარა თათების ნაკვალევი აივნიდან ეზოს კარისკენ მიდიოდა. პარმაღიდან უფრო შორს ვეღარ ვხედავდი.
სახლში შევბრუნდი, მხრებზე სქელი შალი მოვიხვიე და გაუბედავად გადავდგი ნაბიჯი თოვლში. ეზოს კართან მივედი და სივრცეს გავხედე. კვალი გრძელდებოდა, თუმცა ძნელი გასარჩევი იყო. ეტყობა ღამეც უთოვია.
რაც შენ წახვედი იმის მერე ეზოდან არც გავსულვარ. თითქოს ჩემი გასვლით შენ დაგკარგავდი. თითქოს სანამ აქ ვიყავი, შენც გაკავებდი, გიჭერდი... ორივე ხელით გებღაუჭებოდი.
ალბათ ამიტომაც არ წავყევი ხალხს დაზამთრებამდე. ყველა მარწმუნებდა გაგიჭირდება აქ მარტოსო...
როგორც ჩანს შენი გაშვება უფრო მიჭირდა...
ახლა კი ვიდექი ღობესთან და უმწეოდ გავყურებდი ტყეს.
ვერ ვბედავდი გასვლას...
იმედი მქონდა მურია თვითონ დაბრუნდებოდა.
თუ საჭირო იქნებოდა მთელი დღე და ღამე აქ ვიდგებოდი ფეხმოუცვლელად.
თუ მურია დაბრუნდება, შენც დაბრუნდები...
ცაცხვი მოვჭერი...
საკუთარი ხელებით...
იმდენხანს ვურტყი ცული, სანამ არ წაიქცა და მესერიც თან გადაიყოლა.
ცაცხვის ფოთლებმა კანკალი შეწყვიტეს და უღონოდ გადაეფარნენ თოვლს.
ახლა მე ვკანკალებდი.
მთელი სხეულით...
ტუჩის მარჯვენა კუთხე კბილებში მოვიქციე... არ უნდა მეტირა.
ახლოს მივედი უსასრულობამდე გადადებული ცაცხვის უსულო სხეულთან. ხელი შევმართე და გამეტებით დავარტყი.
მერე ისევ...
კიდევ...
და კიდევ...
მანამ, სანამ მასზე ამოკაწრული სიტყვა "ქვრივი" ბოლომდე არ ამოვძირკვე...
"აქედან უნდა წავიდე" - ცული იქვე მივაგდე და უღრან სითეთრეს გავხედე.
მურია არ დაბრუნებულა...
აღარც შენ დაბრუნდები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები